ორსახოვანი იანუსი ფრანგული არომატით
ორსახოვანი იანუსი ფრანგული არომატით
,,სიმართლე გაგათავისუფლებთ’’
,,Veritas Vos Liberabit’’
უცხოეთში ადამიანის ყველაზე დიდი მოკავშირე და მეგობარი არის ზუსტი ინფორმაცია,
სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ხშირად შემხვედრია მოტყუებული და პირში ჩალაგამოვლებული,
ორიენტაციადაკარგული ქართველები, სამუშაოს საძებნელად ჩამოსულები, ღამეებს რომ ათევდნენ
საავადმყოფოების მისაღებებში. ხშირად ისიც მინახია, როგორ რეკავდა თბილისში ზოგიერთი
მათგანი და ოქროს კოშკებს უგებდა მსმენელს, ვიღაც მორიგ მსხვერპლს ცრუ ოცნებებისა.
ესაა ჭირი ჩვენი ერის, ტყუილში ცხოვრება და ბაქი-ბუქი იმის შესახებ, რომ თურმე რა
მაგრები ვართ ქართველები ! ... ვიღაც დამწამებს უიმედობას და პესიმიზმს, მაგრამ მე
სიმართლეში ცხოვრება მირჩევნია, სიცრუე შემოდგომის ჯიბეგახვრეტილი აზნაურებისთვის დამითმია,
მათთვის, ვისთვისაც საკუთარი ბოგანო მუცლის ამოქოლვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერის სულიერი
სიჯანსაღე ან თუნდაც მოყვასისათვის მინიმუმ სიმართლის თქმა.
ერთი ქართველს ისეთი რამეც უთქვამს ჩემთვის, ყურებს არ ვუჯერებდი, ჯერ
გამეცინა, მერე კი ტირილის ხასიათზე დავდექი სიმწრისგან, იმ დონემდე დაეცა ზოგიერთი მოტყუებულის სოციალური მდგომარეობა, რომ ერთი მეორეს ასწავლიან პარიზში, საავადმყოფოში თუ რომელიღაც ღამის ავტობუსში, რომელი სკამი
ჯობია დაძინება, ღამის გასათევად. ესე იგი, იმ ,,პრესტიჟულ,, სკამზე რომ გაათენებს
ვიღაც ღამეს, ის დღე წარმატებულად ითვლება მისთვის. ესეც შენი ჯიგიტი ლომები, შემოდგომის აზნაურები.
ამ დროს კი ... სახლში, საქართველოში
ორსართულიანი, წამოჭიმული სახლები აქვთ დატოვებული ზოგს, ფრანგები სიზმარში რომ არ
ნახავენ, ზოგს სულაც გაყიდული აქვს, მაგრამ ხომ ჰქონდათ, სანამ ვიღაც უსინდისოს ზღაპრებს
დაიჯერებდნენ ... რა თქმა უნდა, ასეთი ღრმად დაცემული სოციალური მდგომარეობა მუდმივად
არ გრძელდება, მაგრამ რამდენიმე თვე ასე სკამებზე უწევთ ,,ცხოვრება,, , ზოგჯერ 1-2 წელიც კი. წარმოგიდგენიათ, უცებ თბილი საწოლიდან მოხვდეთ რომელიმე საავადმყოფოს,
სუპერევროსტანდარტებით მოწყობილ, მაგრამ მაინც საავადმყოფოს მისაღების რომელიღაც სკამზე
ღამის გასათევად, მთელი დღე ქუჩაში ნახეტიალებს რომ ჩაგეძინებათ და ძილის წინ გაიფიარებ, დღეს რა კარგი დღე მქონდა, კარგი სკამი შემხვდაო ...
ბევრს არ უმართლებს, უპატრონოდაა. ზოგს კი უმართლებს და ახლობელი ყავს და სანამ რამე
თავისას იშოვნის, მანამდე ახლობელი უყოფს ჭერსა და პურს. თუმცა ეს ევროპაა, აქ ფული ყველაფერს
თუ არა, ბევრ რამეს წყვეტს, ხოლო დრო კი ყველაფერს. ასე, რომ მუდმივად ახლობელს კი
არა, საკუთარი დედ-მამას მობეზრდება უსაქმური შვილის სახლში გორაობა.
ევროპაში ყველაფერი
ციფრებია, მატემატიკური განტოლებაა. მთავარია ვინ ხარ შენ ამ განტოლებაში - X,Y
თუ ZERO, ანუ ნული. ციფრები წყვეტენ ყველაფერს, არაფერი არ
არსებობს სენტიმენტალური. არ არის ცრემლი, არ არის სიანანული, არ არის სულიერება, არ
არის აღმატებული ფასეულობები. არსებობს მხოლოდ ფულის ბანკნოტებზე დაბეჭდილი ციფრები
და ადამიანთა ბედიც ციფრებით განისაზღვრება. ციფრებით იზომება ადამიანის არსებობა ან
არარსებობა. ... და ეს ყველაფერი ვიღაც იანუსივით ორსახოვანი ჩინოვნიკის თავში ტრიალებს,
მაგალითად რომელიღაც რეგიონის ლოყებღაჟღაჟა, კრუასონისა და ,,კარტ ნუარის,, ყავის სურნელით აფუებული პრეფექტის გასიებულ გოგრაში ...
ჩინოვნკისთვის ადამიანი ფარატინა ქაღალდია.
არა, ბატონო ჩინოვნიკო, რომელსაც ათასობით ადამიანის
ბედი გაბარია, ადამიანი ქაღალდი არ არის, ადამიანი სულია, ადამიანი სუნთქვაა, ადამიანს
გული აქვს და სისხლი ისეთივე ფერის, როგორიც შენს ძარღვებშია. შენც ისეთივე ჭკნობად
და გახრწნად გვამში გაქვს სული ჩაბუდებული, როგორც ვიღაც უკანასკნელ ბომჟს, ვიღაც პატარა
იმმიგრანტ აფრიკელის შიმშილს ან კანიბალებს გამოქცეულ ბავშვს, შენი სულისგამყინავი ქვის სასახლის ალაყაფის კართან აყუდებულს, რომელიც
გთხოვს იმას, რაც მას ეკუთვნის ყოველგვარი ადამიანური წესითა და კანონით. ხოლო შენ,
შენივე ქვის სარკოფაგის განსახიერებავ და მჭმუნვარე ავატარო, კეთილი უნდა ინებო და
ადამიანებს იცნობდე არა მხოლოდ ქაღალდებით, არამედ მზერით და შენი სინდისით, რომლის
მიჩქმალვასაც საგულდაგულობ ლამობ.
სასწავლო საგანი ,,ადამიანოლოგია,, არსად არ ისწავლება,
არც ოქსფორდში, არც სორბონაში. მას, ამ სასწავლო დისციპლინას ან ოჯახში ასწავლიან,
თუ არადა იგი, ადამიანოლოგია, ყოველ ჩვენთაგანში დევს, უბრალოდ ხშირად უნდა ვუსმინოთ
საკუთარ სინდისს ...
... და ისევ ციფრები და იანუსი, ისევ სიკეთის მოლოდინით
აღსავსე, გაწელილი დრო, დღეები, თვეები, საათები, წუთები და წამები, აღსავსე იმედებით,
ელემენტარული, ადამიანური ყოფის მოლოდინით.
ჩინოვნიკისთვის, ისევე როგორც ნიღბიანი ჯალათისთვის,
არ არსებობს კარგი ადამიანი და არ არსებობს ცუდი ადამიანი, არსებობს მხოლოდ ციფრი,
რომელიც ავსებს განტოლებას და თუ რომელიმე ადამიანი სასურველი ციფრი აღმოჩნდება, ორსახოვანი
ღვთაება იანუსი ძალად მომღიმარი სიფათით მას გადასცემს დაფნის გვირგვინს - ერთ
ფარატინა ქაღალდს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ვინმე, მასსავით ორფეხა, ორთვალა, ორხელა,
წითელსისხლიანი არსება, თურმე ისიც ადამიანი ყოფილა და რაღაც უფლებები აქვს ! ...
,,არასწორი ციფრები,, კი უბრალოდ საშლელით იშლება ... სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დღეს
,,უსარგებლო,, , ,,გამოუცნობი,, ან უბრალოდ ,,არასწორი ციფრია,, , რომელიც ამა თუ იმ
ჩინოვნიკის განტოლებებით სავსე გონებაში თავის ადგილს ვეღარ პოულობს და ეს ადამიანი
ფარატინა ქაღალდებით იხვრიტება ამავე ჩინოვნიკის ხელმოწერილი სოციალურად სასიკვდილო
თუ ნახევრად სასიკვდილო განაჩენით.
არადა, რა მადლი იქნებოდა ღვთაება იანუსს რომ თავი გაეთავისუფლებინა
მტანჯველი განტოლებების მონობიდან, გამოსულიყო სუფთა ჰაერზე, უბრალოდ დაესვენა და ადამიანებისთვის
თვალებში ჩაეხედა. ... რას იზამ, თავად ქაღალდისთვის საფრანგეთის რესპუბლიკა და მთელი
სამყაროც კი საქაღალდეა ... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ...
იანუსი - უსულო ქაღალდი !
... ვინმეს მოსწონს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ დღევანდელი
ფრანჯისტანი აღარაა ის ძველი, კეთილი საფრანგეთი, რომელიც საბჭოთა რეჟიმში მცხოვრებ
ადამიანს აოცნებებდა თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, რომანტიკაზე და კანონის სამართლიანობაზე, დღეს
ის მართლა ფრანჯისტანია. რა იგულისხმება ამ ალეგორიულ ტერმინში, თავად განმარტეთ ...
...
პრაქტიკულად ქუჩაში (საავადმყოფოებს და საბომჟეებს მე
ქუჩას ვეძახი) სძინავს ათასობით იმმიგრანტს,
რომელთაგან სჭარბობს აფრიკელები და მაღრიბელი არაბები. ასევე ბევრია ქურთი, რუმინელი და სომეხი
წარმოშობის იმმიგრანტებიც.
რას ეძებენ ისინი ? ზოგი სამსახურს, ზოგი უფასო მკურნალობას,
ზოგი თავისუფლებას ... ვერ გაიგებ, ყველას რაღაც შარმი იზიდავს აქ, ამ ტკბილ და ლამაზად
გაფორმებულ ჭაობში. უმეტესობა კი ეძებს თავისუფლად, მშვიდად ცხოვრების გარანტიას, სადაც
მას ექნება საშუალება უშიშრად გავიდეს ქუჩაში, არ იქნას შევიწროვებული საკუთარი შეხედულებების
გამო, გაერიოს ტოლერანტულ და არააგრესიულ საზოგადოებაში, იპოვნოს კანონიერი შემოსავლის
წყარო და უბრალოდ იყოს მშვიდად ... მაგრამ უბრალოდ რომ იყოს მშვიდად, ამის მისაღწევად
დამამცირებელი ყოფის მოთმენა უწევთ 5-7-10
წლის მანძილზე, ზოგს კი მალევე უმართლებს, რადგან ეს ყველაფერი ბრიყვების ლოტოტრონია,
სადაც არ არსებობს არავითარი ლოგიკა და კანონი.
ნუთუ ეს ელემენტარული სურვილები, რაც ყოველ ადამიანს
აწუხებს ამ დალოცვილ დედამიწაზე, ასეთი მიუღწევადი და სანატრელი უნდა იყოს ამა თუ იმ
ქვეყანაში ?! ...
საფრანგეთი ორაზროვანი ქვეყანაა, მთელი მისი ისტორია,
მისი კანონებიც კი, ხშირ შემთხვევაში ორაზროვნების, უფრო სწორად ცინიკურად მოხითხითე
იანუსის ამორალობის კლასიკური ნიმუშია. ორაზროვნება კი გულისხმობს მუხთლობას, ღალატსა
და ზურგში დანის ჩაცემას.
ფრანგული წესი და კანონი იმმიგრანტისათვის საშინლად დამამცირებელია (ნუ, ვისთვის როგორ),
ეწინააღმდეგება რა ყოველგვარ ადამიანობასა და მორალს. ეს იგივეს გავს, ვინმემ კარები
რომ გაგიღოს, სახლში შეგიშვას, მაგრამ აგიკრძალოს ძილი, ლოგინში წოლა, საჭმლის ჭამა მაგიდასთან და თქვენ წარმოიდგინეთ სახლის იატაკის მოწმენდა, ანუ ელემენტარული შრომაც კი.
ფრანგული წესები, ალბათ როგორც ბევრი ევროპული ქვეყნის,
ცალი ხელით მწარე სილას აწნავს და სცემს პრეფექტურის კარებთან ატუზულ, ზამთრის ყინვიან
ღამეში გათოშილ უცხოელს, რომელიც ითხოვს მუშაობის უფლებას, მეორე ხელით კი ფოჩიანი კამფეტივით ტკბილი დაპირებებით მშიერი
ძაღლივით აწკმუტუნებს, რომ გულისგამაყრუებელი და ადამიანის ღირსებისათის შეუფერებელი წკმუტუნის შემდეგ, ერთი-ორი კამფეტით გაუსველოს პირი, რათა ეს ,,მახინჯი,, და მეასეხარისხოვანი
,,სორტის,, უცხოელი, როგორადაც მას ადგილობრივ ბიუროკრატთა უმრავლესობა თვლის, ამდენი
სილის გაწვნისაგან არ მოკვდეს, რათა მისი დაბეჩავებით კიდევ და კიდევ დატკბეს საკუთარი
უპირატესობით ორსახოვანი იანუსი - უსულო ქაღალდი, მისი აღმატებულება - ჩინოვნიკი
!
...
რა თქმა უნდა ზოგიერთი გამოკალისების გარდა, მაგალითად სტუდენტებისთვის, მაღალი კლასის სპეციალისტებისთის, ჩინელებისთვის, თურქებისთვის და ბევრი არაბისთვისაც ევროპა სასწავლო და ბიზნეს გეგმების რეალიზაციის ადგილია, რომელნიც არსად ატუზულები არ არიან, მაგრამ უცხოელთა 80% სწორედ იმ დღეშია, როგორც ავღწერე. მაპატიოს ზოგიერთმა, ძალიან უხეშად ვიცი სიმართლის თქმა, მაგრამ მაინც სიმართლის და არა სიცრუის, რათა ბევრი არ გაბრიყვდეს ...
მშვიდობას გისურვებთ, საკუთარ სახლებში და საკუთარ ოჯახთან ყველას,
კ. კოლხი
27.06.2012 წ.
ფრანჯისტანი
Comments
Post a Comment