ზოდიაქოსოფია. თავი V. ლომი - გული, რომელიც იტევს სამყაროს.
ზოდიაქოსოფია
ავტობიოგრაფიული კომიკური პუბლიცისტიკა
შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული
არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც
ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად
არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური
ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით,
რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად
მივიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი
კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური
რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს,
ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია
ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა
რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც
უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც
ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს.
თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია
მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც
და სხვადასხვა თავებიც.
კ. კოლხი
თავი V. ლომი
- გული, რომელიც იტევს სამყაროს.
მე, რომელიც
ქრისტიანულ კულტურაზე გავიზარდე, ვერ ვიტყვი, რომ ვარ რომელიმე კონფესიის ურყევი მდევარი.
მე ვარ მე, მე ვარ ის, ვინც ვარ, მე ვარ ძალა, რომელიც მოქმედებს ან უმოქმედობს, მე
თვითინ ვარ დრო.
ლომებზე რა
მახსენდება ? ბევრი რამ, მათგან კი რამოდენიმე სიტყვა: მეფე, მზე, ბრწყინვალება, დიდსულოვნება.
ამხელა, უზარმაზარ
სასტიკ სამყაროში, სადაც ბოროტება სიკეთის გვერდით დაძრწის მსხვერპლის ძიებაში, თუკი
მე პირადად, სიყვარული გამაჩნია ჰუმანიზმის, ადამიანის, ღმერთისა და სინათლის, ესაა
ერთი ადამიანის დამსახურება და არავის სხვისი. ეს ადამიანი ლომია, ზოდიაქოს ნიშნითაც
და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სულიერად. ბუნებამ უხვად დამანათლა სხვადასხვა ნიჭი,
მაგრამ ერთია ნიჭი, ადამიანის ბუნებითი, გენეტიკური მორალი და მეორეა მფარველი ანგელოზის
მიერ შენი პოტენციალის სწორი გზით წარმართვა. დედამიწაზე ადამიანებს ამ მფარველი ანგელოზის
ერთი განსხეულება ყავთ, ესაა დედა ! ... დედაჩემია ლომი.
პრინციპში
აქ უკვე მეტი სიტყვები საჭირო აღარ უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც შევეცდები ორიოდ სიტყვა
მოვახსენო საზოგადოებას ლომებზე, რომელსაც მე ყველაზე უკეთ ვიცნობ.
ლომების გახსენებაზე
კიდევ რამდენიმე ასოციაცია მიჩნდება ხოლმე, ესენია: დედა, ნაპოლეონი და ვერსალის სასახლე.
საქართველოში თითქმის ყველასთვის, დედა განსაკუთრებული ადამიანია, ყველა დედა ზრუნავს
შვილზე იმაზე მეტს, რასაც ეს შვილი იმსახურებს. მე უძღები შვილი ვარ, არც და მყავს,
არც ძმა და ორმაგად უძღები ვარ. ისე, გამოვიდა, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები
საზღვარგარეთ გავატარე, მაშინ როდესაც უმჯობესი იყო ეს წლები სხვანაირად, უფრო ჰუმანურად
მომეხმარა ოჯახისთვის და განსაკუთრებით დედაჩემისთვის. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ალბათ
ასე იყო საჭირო, რადგან ჩემი სელენას ზეგავლენით, რომელმაც ლილიტისგან მიხსნა, ასე
უნდა მომხდარიყო. მაგრამ ახლა მე ამაზე არ მექნება საუბარი.
ლომები და
გული განუყოფელი ცნებებია. უგულო ლომი მე არ მინახავს. ამაყები არიან, მაგრამ უხდებათ
მათ ეს სიამაყე. სხვა ნიშნებს სიამაყე ზოგს მარაზმში გადასდის, ზოგს სისასტიკეში, ზოგს
საცოდაობაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლომიც ცეცხლოვანი ნიშანია ვერძის მსგავსად,
მე სასტიკი ლომი არ მინახია, კეთილშობილი კი უხვად. როგორც ყველა საგანს და მოვლენას,
მედალს ორი მხარე აქვს. არის განათლებული და განვითარებული ტიპები და არის განუვითარებელი
ხალხი, რომელიც ყოველივე იმ სიმახინჯეს გამოხატავს, რაც შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ
მოვლენას, საგნის არსს. საგნის არსი კი ისეთია, რომ სანამ სამყაროში იარსებებს ბოროტი,
მანამდე საგნის არსში იქნება ჩრდილიც და სინათლეც ერთდროულად.
მადლობა უფალს,
უმეტესწილად წილად მხვდა ისეთ ლომებთან ურტიერთობა, რომლებიც მაღალი სულიერი განვითარებით
გამოირჩევიან. ასევე მადლობა უფალს, რომ ობიექტურობის განცდა მეუფლება ხოლმე განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებზე მაქვს საუბარი. ცხოვრებისგან მძიმე დარტყმების მიუხედავად,
დედაჩემი დარჩა სინათლის ადეპტად, უფლის ქურუმად და ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ დედაა,
არამედ სრულიად ობიექტურად. მას ასეთი ავტორიტეტი აქვს ყველგან, საზოგადოებრივ ასპარეზზე
და სანათესაოშიც. პროფესიონალიზმის განსახიერებაა, 40 წლიანი უწყვეტი სტაჟით.
ლომები მამცები
არიან და ლომებს შორის დედაჩემი ალბათ ყველაზე მამაცია, რადგან კაცებს შორისაც ვერ
ვნახე ის შემართება ცხოვრების მიმართ, რაც ამ ჩვეულებრივ ქალში აღმოჩნდა. ცხოვრებამ
მას ყველაზე ახლობელი ადამიანები ახალგაზრდა ასაკშივე გამოაცალა, ბევრი მის ადგილას
ღმერთს განუდგებოდა და დასწყევლიდა მას, მთელს თავის პოტენციალს სიბნელეს მოახმარდა.
მე ხანდახან ნერვი რომ მღალატობს, შემიძლია ღმერთი ძიუდოს ტატამზე გამოვიწვიო და ამპარტავნულად
ვიფიქრო, რომ იპონით ზურგზე დავცემ. დედაჩემს საიდან გააჩნია ამხელა მოთმინება, არ
ვიცი.
ახლა ვრწმუნდები,
რომ ადამიანი, ინდივიდუალურად ყველა ,,ეგო,, სამყაროა. ეს ,,ეგო,, - მზეა, რომლის გარშემო
ტრიალებენ სხვადასხვა მოვლენები, საგნები, არსებები, სხვა ადამიანები, ამ ყველაფერს
წარმოსახვითი პლანეტების და მეტეორების სახე აქვს. ზოგიერთის ორბიტა კი მჭიდროდ არიან
გარდახვეულნი ერთმანეთს, როგორც განუყოფელი ინდივიდები. ასე ვართ მე და დედაჩემი, ისევე
როგორც ყველა სხვ დანარჩენი. არასოდეს დედაჩემი ვიწრო პროვინციალური დამოკიდებულებით
არ გამირჩეოდა ჩემს მიმართ, არ მოქმდებდა პრინციპით ,,რაც ჩემია, კარგია,, ... ბევრჯერ
საშინლად გავუკრიტიკებივარ და დღემდე მაკრიტიკებს, როდესაც უვარგისად ვიქცევი. არასოდეს
ხელი არ დაუფარებია, თუმცა ხომ ვგრძნობ, ამ მომენტში რამხელა ტკივილი ჩაუკლავს გულში.
შეიძლება პირიქითაც ითქვას, მზრდიდა, როგორც მეფე ( და არა დედოფალი ) თავის პრინცს,
მხოლოდ ვინმე ჰერცოგზე მიბარებით. ეს ე.წ. ინტელექტუალური ,,ჰერცოგი,, ბიძაჩემი იყო,
ხოლო ,,ძველი ბარონი,, ბაბუაჩემი :)). მაგათ ხელში გავიზარდე ფაქტიურად. რას აკეთებდა
ამ დროს ქალი-მეფე-ლომი ? მეფობდა თავის პროფესიაში, ,,სახელმწიფოს,, მატერიალურ საფუძვლებს
ამყარებდა და ჰერცოგისა და ბარონის ნამუშევარს, ანუ მე მამოწმებდა, აბა როგორ ჩავაბარე
გაკვეთილი, რა ნიშანი მივიღე, როგორ ვიქცევი საზოგადოებაში და ა.შ. :). დედაჩემი ჩემს
მიმართ ნაკლებად ავლენდა ქალურ სენტიმენტალიზმს ... ადრე მიკვირდა, მაგრამ ახლა ვხვდები
რა მართალი იყო. ქალური სენტიმენტალიზმის გამოვლინება, მაშინ როცა ქალს კაცის და ქალის
მოვალეობის შესრულება ოჯახში ერთდროულად უწევს, მავნეა აღსაზრდელი მამაკაცისათვის და
მასში ნეგატიურ, ე.წ. ,,პაბოჩნი,, თვისებებს, სულიერ სიმსივნეებს იწვევს. გარდა ამისა,
რაც დედაჩემს უწინასწარმეტყველებია, ყველაფერი გამართლებულა და ბოლოს მინანია, რომ
არ დამიჯერებია მისთვის.
აქვე მინდა
განვმარტო რა არის აღზრდა, იმიტომ რომ ბევრს ეშლება ეს ტერმინი აღსაზრდელის მატერიალურ
უზრუნველყოფაში. არა, ბატონებო, აღზრდა ესაა სულიერი ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა
აღსაზრდელისათვის, მისი პიროვნული საფუძვლების ჩამოყალიბება, ხოლო შემდგომში პიროვნებად
ადამიანი საკუთარ თავს თვითონ აყალიბებს. თუკი ვინმე მეტყვის, თუ ვინ ჩამომიყალიბა
მე პიროვნული საფუძვლები, ვინ, გარდა ქალი-მეფისა, ჰერცოგისა და ძველი ბარონისა
J.
ყველა დანარჩენს ჩემს აღზრდაში სულიერი სახით მონაწილეობა არ მიუღია, რა თქმა უნდა
გარდა მატერიალური დახმარებისა. ამ პუბლიკაციის შესავალში კი მიწერია, რომ ჩემი ხედვები
სუბიექტურია მეთქი, მაგრამ ერთად-ერთი გამონაკლისს, ამ მხივ, ახლა ვუშვებ. ყველას და
ყველაფერს თავის სახელი ჰქვია და საშინლად არ მიყვარს, როცა ობიექტურობას ერთი წვეთიც
კი აკლია, როცა საუბარი ჩემს ოჯახის წევრებზეა.
ისევ ობიექტურობისათვის,
ამაყად ვიტყვი, რომ საქართველოში დედაჩემი არის ერთ-ერთი უდიდესი პროფესინალი თავის
საქმეში, ენერგეტიკაში. საქართველოს არ ყავს დედაჩემზე და ზოგიერთი კიდევ ერთი-ორი
ადამიანზე უკეთესი ენერგეტიკები. შესაბამისად დღემდე დამსახურებულად მუშაობს ერთ-ერთ
კომპანიაში. თუმცა იყო ისეთი მომენტიც, როცა ერთხელ, ერთ დაწესებულებაში, ახალი მთავრობის
კაცი მოვიდა, ენერგეტიკისგან შორს მდგომი, რომ იტყვიან ბალზე იჯდა და ტყემალს ჭამდა.
კაცს ვერ დავარქმევდი ისეთ ლაწირაკს, რომელსაც საქმის ნაცვლად საკუთარ კაბინეტებში
ან მის გარეთ, ახალგაზრდა მდივნებთან რეზინობანას თამაში ერჩივნა. მაშინდელ ე.წ. შემცირებებს
დედაჩემის მსგავსად ბევრი სხვა სპეციალისტის სამსახურიც შეეწირა. საქმე იმაშია, რომ
ის ზრდადაუსრულებელი ტიპი კვლავ ახალგაზრდა მედროშეთა რომელიღაც ნაწყალობევ თანამდებობაზე
მუშაობს და დედაჩემიც ასევე სხვა სამსახურშია, მაგრამ განსხავება ისაა, რომ მამრი კურდღელი
მაინც კურდღლად რჩება, მდედრი ლომი კი მაინც ლომია !
ერთი სიტყვით,
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ასე იყო. ქალი, რომელმაც ცხოვრებაში პირადი დათმო ჩემო
გულისთვის, ესაა ლომი და უკანასკნელი გარეწარი უნდა ვიყო, რომ ეს არ დავაფასო ! აგერ
ამდენი ადამიანი წაიკითხავს ამას და ყველას უფლებას ვაძლევ, დედაჩემის არ დაფასებისათვის
იუდასავით მომკვეთონ.
***
მამრებზე
რა მოგახსენოთ, ლომები ცნობილი კოლორიტები არიან. ერთი მეგობარი მყავს, რომ შეხედავ,
შუბლზე აწერია:
,,მე ვარ ლომი კოლორიტი,
მიყვარს ღვინო, მიყვარს ფლირტი,
ქალთა სქესი, ნარდის გაშლა,
სიმღერა და ჩიტი-გვრიტი !,,
ამ კოლორიტ
ლომს, გენები თავადის აქვს დედის მხრიდან, ჯავახიშვილების. თვითონ იძახის ბაგრატიონების
უმცროსი შტოს რომელიღაც კიდევ უმცროსი შტოს დამდაბლებული გვარის შთამომავალია, მაგრამ
მე პირადად ეგ ყველაფერი ლომური და განსაკუთრებით იმერული კუდაბზიკობა მგონია, ტიპიური
ლომური წარმოსახვა J. კაცს შეხედავ იტყვიმ - ,, ა, რანაირი დარბაისელია
! რა არისტოკრატულია ! ,, ... ჩემი შვილის
ნათლიაა და ბაგრატიონთა შთამომავალობის გარეშეც უყვარს ყველას და პატივს სცემს. ჯერ
მარტო შემოკლებული სახელი ჰქვია იმისთანა, რომ სულში რომ არ ჩაიჯინო, დანაშაულია. ვთქვი
უკვე ბარემ სახელიც და გვარიც და რაღა გავაგრძელო J ... ეგაა, რომ ეს მეფური კაცი კი გადაცდა 40 წელს და დღემდე უცოლოა,
ეტყობა ვერ ნახა შესაფერისი ძუ JJ.
ისე, ახლა,
ექსპრომტად ერთი გოგო გამახსენდა, ვისაც სჯერა, რომ დღემდე ვუყვარვარ, ან უნდა რომ
ასე სჯეროდეს, რომ იდეალური ვარ და ამიტომ. ლომია და ბარე ბევრი კაცი ლომი შეედაროს
ტაშ-ფანდურში, ყარაჩოღელ გოგოებს რომ ეძახიან, ისაა. ფიზიკურად მშვენიერია, ნემცები
რომ იტყვიან ,,შლანკე მედჰხენ,, J, მაგრამ რათ გინდა, ცანცარა და ცალტვინაა. ესეც უაღრესად ალალი
გულით მოსდის, რადგან სჯერა რომ როგორც თავად უყვარს სამყარო, ასევე სამყაროსაც უყვარ
ის, ყოველგვარი დაუნდობელი ანგარიშის გარეშე, არადა ასე ხომ ზღაპრებში ხდება მხოლოდ.
ამ გოგოსაც ჰგონია, რომ ზღაპარში ცხოვრობს, სადაც თვითონ დედოფალია, ქვეყანა - მდიდრული
სასახლე და ყველა დანარჩენი არსება - ნაზირ-ვეზირი. ნუ, მე ალბათ წილად მხვდა რაღაც
ანომალიური პატივი და მის სამყაროში მეფე ვარ, თუმცა არა ლომური წარმოშობის JJ ... რეალურად კი სამყარო არაა ისე მოწყობილი,
როგორც მას ჰგონია და ამის გამო ცხოვრებაში ბევრ შეცდომებს უშვებს, ბევრი წინააღმდეგობა
შეხვდა, ამიტომაც მუდმივად გულის პრობლემა აწუხებს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.
იმპულსურია, როგორც ლომების უმეტესობა და სხვების მოსმენაც ნაკლებად იცის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ძალიან იშვიათად, რომ ლომმა
ვიღაცას რჩევა დაეკითხოს. ამავდროულად, თავისი იმპულსურობის წყალობით ადვილად ექცევა
სხვების გავლენის ქვეშ. ერთი ბიჭია, ლომი, ჩემი ნათესავი, რომელსაც ალალად სჯეროდა,
რომ მისი ცოლი ყველაზე მართალი არსება იყო დედამიწაზე, რადგან რასაც ეუბნებოდა სჯეროდა
ყველაფერი. რეალობა კი ისაა, რომ ამ ცოლმა ( მერწყულმა ) ამ ღვინის და არყის მოყვარულ
ლომს, დააკარგვინა რამდენიმე ნათესავი, საკუთარი ოჯახის წევრიც კი და ბოლოს თვითონაც,
3 შვილის დედა, გაექცა, ვიღაც იტალიელს გაეკიდა კუდში. ასე დარჩა ეს ჩვენი ლომუკა გამწარებული
და მოტყუებული, რას იზამ, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე. ზოგი ლომია, ზოგიც
ლომზე დამყნობილი ყეყეჩი ბატი.
არსებობენ
ველური და სახლის ლომებიც. ველურ ლომებს არ ვიცნობ, სახლის ლომს ვიცნობ რამოდენიმეს.
ერთი კეთილი გოგოა, ჩემი ყოფილი თანამშრომელი. მშრომელი, პატიოსანი, ნათესაობის გული, სამსახურის
კოლორიტი.
მეორე კი
თავის საქმის პროფესიონალი ქალი, იორდანელი არაბი ყავს ქმარი და ისიც ლომი. მაგრამ ოჯახში ქართველ
ძუ ლომს მიყავს სტოსი. რატომღაც რომ არ წაიყვანოს, ჯერ ერთი რომ ქართველია და ქართველები
ტრადიციულად მართავდნენ არაბებს ეგვიპტეში, ერაყში, მერე ის, რომ ლომია და მესამე ის,
რომ ბოლო-ბოლო რაჭველი ქალია ! J ... ასე
რომ რაჭველ ქალს დაპყრობილი ყავს არაბეთი ! ... რამდენჯერ მიმახია, როცა სტუმრადაა ეს წყვილი და მუჰამედა ტრადიციულად
ღვინოში იხრჩობა, ეს უცებ გავეშებული სახლის ქართველი ძუ ლომი სვარკასავით მზერას სტყორცნის
ქმარს და კოდირებულ ბრძანებას გასცემს: ,,Мухамеед ! ... Мухамед ! ну хватит уже, не мучай мозгов,
не чувствуеш, что ерундой занимаешся ?!,,
- მუჰამედაც, ეს ამხელა ამბალი ლომი კაცი უცებ ცუცქნა ფისოდ იქცევა ხოლმე, საწყქლი თვალებით შეხედავს ცოლს და ტკბილი არაბული აქცენტით პასუხობს
რუსულად: ,, ну, ладно, Льяльи (
არბილებს ,,ლ,,-ს ) ..... ,, და ეგაა სულ, მეტს ვეღარ უგრძელებს J, მართლა
კოლორიტი წყვილია, შვილები კი ულამაზესები ყავთ, შერეული ქართულ-არაბული სისხლით
- მაჰმუდი, ომარი და პატარა ანა, სულ რაღაც 2 წლის იქნება. ბიჭებს ჯერ რომ შეხედავ
არაბული ჯიშის კვიცებს გვანან, სითეთრე დედის
აქვთ გამოყოლილი, შარმი და სიმპატიურობა მამის, მერე კი ზრდილობა გესიამოვნება, მოკლედ
კარგი ბავშვები არიან. ეს პატარა ანა კი საოცრებაა, მომწვანო მოცისფრო თვალები აქვს
და ძალიან დახვეწილი ნაკვთები, მაგრამ აღარ იცის ბავშმა, დაიბნა, რა ენაზე აიდგას ენა
- რუსულზე, ქართულზე, ფრანგულზე თუ არაბულზე და ჩუმადაა ჯერ J.
ერთი კია,
რომ ძუ ლომმა თუ დაინახა, რომ კაცი ჩვარია, ტინგიცაა, არასერიოზულია, ან სათანადოდ
უყურადღებოა, დიდი ყოყმანის გარეშე უქრება სიყვარული და მერე ის ოჯახი, ჩემის აზრით
ემსაგავსება საცოდავ სანახაობას. თუკი ამას საერთოდ ოჯახი ჰქვია. ოჯახი თუ ადამიანის
ცხოვერებაში სიხარულის
წყაროს ნაცვლად, ტანჯვის წყაროდ გადაიქცა, რაღა აზრი აქვს ასეთ ოჯახის ფორმალურ
ყოფას, არ ვიცი.
ისე, ერთი
ნაკლიც აქვთ ლომებს, თუ აცანცარდნენ, მტრისას ! თავს მოაბეზრებენ ყველას ცანცარით,
უტაქტო ტინგიცობით, რომელიც ჰგონიათ, რომ ყველაზე გენიალური ხუმრობაა, რომელიც ოდესმე
თქმულა. მსუბუქად ახუნტრუცება ან ატინგიცება არ უხდებათ ( არადა ზოგიერთი არ იშლის
), თან მარაზმში გადასდით და ასევე ალკოჰოლისადმი ძლიერი მიდრეკილებაც აქვთ. ლომი თუ
გალოთდა, გულის აჩუყებამდე კეთილად საწყლდება. მაგალითად, თენგიზ არჩვაძე, უბრწყინვალესი
ნიჭის მსახიობი, ქართული კინოს ლეგენდა და ქალების უსაყვარლესი კერპი, მამაკაცურობის
ეტალონი, ლომია. მისი შესრულებული მუშნი ზარანდია ალბათ ყველა დროსა და ეპოქაში უდიდეს
რესპექტს იმსახურებს ! მაგრამ, როგორც ავღნიშნე, ბატონ თენგიზს ვინც იცნობს, ვისაც შეხვედრია ქუჩაში, ხშირად მთვრალი, სინანულით შეუხედავთ და
ყველას ერთი ფრაზა წამოსცდენია - ,, ... საწყალი, როგორ მოტეხილა ... სვავს ,, ...
მერე რა, სვავს კაცი. სვავს იმიტომ, რომ ტკივილი ჩაიხშოს, იმიტომ რომ ირგვლივ ბევრი
სისასტიკე სუფევს, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებაში არ უნდა სუფევდეს. ლომის ე.წ.
ალკოჰოლიზმიც კი არისტოკრატულია. მაგალითად კირჩხიბის ალკოჰოლიზმი ბომჟურია, ვერძის
- ტირანული, მორიელის - პათოლოგიური, სასწორების - საცოდავი და ლომების კი, მართლა
მეფური ! მეფურად გამოსდით სიმთვრალე J. ნუ, ახლა მთვრალი ლომის უტაქტობა ცეცხლის ნიშნიდან მოდის და
ამას ვერ გაექცევიან. ისე კი ერთია, თვითკმაყოფილების სისუსტეც აქვთ.
ასეა, ლომი
და სიფაფუკე, კომფორტი, სიფუნმფულე, ბრწყინვალება ერთია. ვერსალის სასახლე მეთქი, რომ
ვახსენე ზემოთ, ლომის გული ვერსალის სასახლეა, მდიდრული და ნათელი, არისტოკრატული.
საერთოდ ლომებს ძალიან ვუყვარვარ, არ მინახია ლომი, ვისაც არ ვყვარებოდი, ეტყობა ტანზე
ლომის სურნელი ამდის და ,,თავისიანად,, მიღებენ . ვერძებისგან განსხავვებით, შემიძლია
ვთქვა, რომ მთლად იდეალური არა, მაგრამ მათთან კარგი ურთიერთობა მქონია და მათგანაც
ვგრძნობდი პატივისცემას, რესპექტაბელურ დამოკიდებულებას. ლომს უყვართ ნიჭიერები და
ძლიერი ხალხი. სხვანაირ იმბეცილებს ლომი უბრალოდ სრისავს.
ამაყ ლომს
იმდენად აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ ოჯახისათვის ისეთ სამსახურზე
იმუშავებენ, სადაც ზოგიერთი ვითომ ,,სვეტსკი,, და სინამდვილეში მართლა უგვანო გოიმი
უკადრისობს. მე ადამიანში დავმდაბლობას ვაფასებ. ხომ ამხელა სიამაყე აქვთ ლომებს, მაგრამ
იმხელა სიყვარულიც აქვთ გულში, რომ ეს სიყვარული მათ კიდევ უფრო აკეთილშობილებს, როდესაც
დავმდაბლობის მაგალითებს აძლევენ გარშემომყოფებს და სწორედ მათი სიდიადეც ამაშია. ქრისტე
ამბობს, ვინც თქვენგან პირველია, უკანასკნელი იქნება და ვინც უკანასკნელი, პირველიო.
ასეა, ეს არისტოკრატიზმის ოქროს წესია. ჩემს თვალში ყველა ორმაგად ამაღლებულია, ვინც
მიუხედავად საკუთარი სიმაღლისა, არ ყელყელაობს და გოიმურად არ ამპარტავნობს. ამაღლება
თავმდაბლობას მოაქვს და არა უგვანო, ბოგანო ამპარტავნობას. რა არის სიძლიერე, თუ არა
ის, რომ გეყოს სულიერი ძალა აპატიო დამარცხებულს, მიიღო სინანული, იყო დარწმუნებული
საკუთარ ძალებში და არასოდეს აგრძნობიბო სხვას შენი მეტობა. ერთი მაგალითი მინდა გავიხსენო,
რომელმაც ჩემს თვალში იმ ადამიანის პიროვნება ერთი-ორად აამაღლა.
ეს ბიჭი ლომია,
ჩემი მეგობარი და ჩემი კურსელია. წარმოშობით დიდგვაროვანი ქართველია, თავადიშვილი,
განათლებით იურისტია და სულით ქრისტეს გლახაკი. თვისებების აი, ეს კომბინაცია ქმნის
ცნებას, რასაც ჰქვია ,,არისტოკრატიზმი,, , რაც ნიშნავს ,,კარგის ფლობას,, , ,,საუკეთესოთა
მმართველობას,, , ,,კარგის, სიკეთის ძალაუფლებას,,. ... მე-2 კურსზე ვიყავით და მაშინ
თბილისში ისეთი პერიოდი იყო, რომ ბნელოდა, ყველანაირი მნიშვნელობით. ეს იყო 90-იანი
წლებში, მამამისი რუსეთში იყო მაშინ და იქედან ინახავდა ოჯახს. მოხდა ისე, რომ თანხის
გადმორიცხვა ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო. ეს ბიჭი, ყველასგან ჩუმად, პროფილაქტიკაში
მუშაობდა მალიარად და ისე ინახავდა ოჯახს. ქართულ მახინჯ რეალობაში მსგავსი საქციელი
მაშინ გასაკვირი იყო და დღესაც ალბათ. არადა აქ ჩემთვის გასაკვირი კი არა, ასე უნდა
იქცეოდეს ადმიანი და ის ბიჭი ადამიანია დღესაც ! ... არისტოკრატი მალიარი - იტყოდა
ვიღაც დამცინავად, ვიღაც, რომელიც გუშინდელი ბოგანოა და დღეს ფუყე თავთავივით ზემოდან
უყურებს ხალხს, იმიტომ რომ გუშინ ეს ვიღაც, ,,პადხალიმურად,, , ლაჩრულად, ყოველგვარი
სინდისის, კეთილშობილებისა და რაინდობის გარეშე ვირთხასავით შეძვრა ხვრელში, სადაც
უხვად არიგებენ ასეთ თაგუნებზე სახელმწიფო თანამდებობებს. ეს ბიჭი, არისტოკრატი, ლომი,
რომელმაც ერთ დროს მალიარობით ოჯახი გამოკვება, არც ერთ ხვრელში არ შემძვრალა. ისეთ
ორსახოვან ეპოქაში, რომელიც დღეს საქართველოშია, ამ უაღრესად დიდი პასუხისმგებლობით
აღსავსე და განათლებული ადამიანის ადგილი არ გამოიძებნა რატომღაც არსად ! ესაა დღეს
საქართველო, ლომებს განზე სწევენ, სამაგიეროდ თაგვებს აწინაურებენ. ფრთხილად იყავით,
ფრთხილად, ეგ თაგვები იქნება ბოლოს ფეხსაცმლის ქუსლებსაც რომ გამოგიღრნიან....
ვისთვის როგორ,
მაგრამ ჩემთვის, რომლისთვისაც ყოველგვარი ფიზიკური მუშაობა ერთ დროს მეზარებოდა და
არ ვკადრულობდი, ახლა კი ჯანმრთელობის გამო უბრალოდ არ შემიძლია, ეს კაცი ადამიანობის
განსახიერებაა. იმ დღეს მეუბნება ლომი თავადიშვილი, ყველამ მიმატოვა კახა, აღარავის
ვჭირდებიო ... დეპრესიაში იყო. ზოგიერთ გავლენიან ადამიანს გულისხმობდა, პირში რომ
მეგობრობას იფიცებიან, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მწყურვალს წყალს არ მიაწვდიან.
... არა უშავს, ჩემო ლომო, არა უშავს ! ... ისე ამხელა ლომი კაცი თაგვების გამო ნერვებს
როგორ უნდა იშლიდე ?! J ... მადლობა უფალს, ეს ქვეყანა მარტო თაგვებით არაა
დასხლებული და ყველას არ მიუტოვებიხარ, არსებობენ მგლებიც, რომლის თვალში ამაღლებული
ხარ შენი ვაჟკაცობით, შენი დიდი გულით, შენი ქრისტეს გლახაკისეული თავმდაბლობითა და
დიდსულოვნებით. თაგვები არ გიდგანან გვერდში, სამაგიეროდ მგლები არ მიგატოვებენ ! J
***
მეგობრებზე
სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა, ახლა კი არ შემიძლია არ შევეხო მსოფლიოს ორ უდიდეს ლომს - ნაპოლეონ ბონაპარტს და ალექსანდრე მაკედონელს
! ... საერთოდ მსოფლიოში ბევრია ბრწყინვალებითა და ქარიზმატულობით გამორჩეული მეფე,
პრეზიდენტი თუ დიქტატორი ლომები, მაგალითად იგივე ნაპოლეონი, ფიდელ
კასტრო, ბენიტო მუსოლინი, ლეონიდ
კუჩმა, ალექსანდრე მაკედონელი (ასე ამბობენ ლომი იყოო ... ) ... საფრანგეთის დღევანდელი
პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ლომია და დარწმუნებული ვარ იგი იქნება ერთ-ერთი ქარიზმატული
ლიდერი არა მარტო საფრანგეთში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ცეცხლს ახასიათებს ქარიზმა.
ლომიც ცეცხლოვანი ქარიზმაა პოლიტიკაში, რომელიც გრანდიოზული რეფორმების ავტორია ყოველთვის.
მაკედონელმა იმის გარდა, რომ მახევარი მსოფლიო დაიპყრო, საფუძველი ჩაუყარა იმდროინდელი
მსოფლიოს პირველ გლობალიზაციის პროცესს, ამერისა და იმერის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის
კულტურათა დიალოგს, ცივილიზაციათა პირველ დიდ ზიარებას. აზიაში, მაკედონელის შემდეგ აღმოცენდა ბევრი ელინისტური სახელმწიფო, მათ შორის იბერიის
( ქართლის ) სამეფოც. მაკედონელი აზიელებისთვის დასავლეთიდან ამოსული და აღმოსავლეთში
ჩასვენებული მზე იყო. ამიტომაც ბევრი ფანატიკოსი ქრისტიანი, მაკედონელს ანტიქრისტეს
წინარე სახედ აღიქვამს.
დღევანდელი
საფრანგეთის სახელმწიფოს საფუძვლები ჯერ კიდევ ნაპოლეონის დროს ჩაეყარა, თავისი ადმინისტრაციული
მმართველობითა და სამოქალაქი სამართლის კოდიფიკაციით. საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსს
ნაპოლეონის კოდექსსაც უწოდებენ. ნაპოლეონი - კაცი, რომელსაც არავისთვის გამოუცხადებია
ომი, რომელსაც მთელი ევროპა ებრძოდა და რომელიც მთელს ევროპას ამარცხებდა. კაცი, რომელსაც
ბოლოს ყველამ მიატოვა და სადღაც დასალიერში, ექსორიაში მყოფი, წმ. ელენეს კუნძულზე
გარდაიცვალა სრულ მარტოობაში, ერთ დროს ლომი, რომელიც მსოფლიოს აზანზარებდა, ტყვედ
შეიქმნა დროის, ეპოქის და ბედის ირონიის. ყოველთა ფრანგთა იმპერატორი, რომელიც უხვად
არიგებდა ტიტულებს, აცამტვერებდა მტრებს, ემსახურებოდა ომის ღმერთს და სულით ერთი უბრალო
კორსიკელი იყო, რომელსაც უნდოდა თავის სახლში - ევროპაში ჰქონოდა ბრწყინვალე წესრიგი,
მაგრამ არ გამოუვიდა, რაც არ უნდ აგენიოსი იყო, მთელს მსოფლიოს მაინც ვერ მომართავ !
პოლიტიკას
ყავდა და ყავს თავის ლომები, მხატვრობასაც და ყველა სფეროს. მსოფლიო კინემატოგრაფის
მართლა ლომები - რობერტ დე ნირო, ლუი დე ფიუნესი ( აცანცარებული ლომი J ), პიერ
რიშარი, პიტერ ო’ტული, კევინ სპეისი ... და რა თქმა უნდა, ქართველი ლომი, მსოფლიო თეატრის
თანამედროვე ,,მამა,, - რობერტ სტურუა ! თავის სფეროში ყველა ესენი მეფეები არიან,
რომლებიც ქმნიან ეპოქებს, დაუვიწყარ გმირებს. მათი შემოქმედება გაჟღენთილია ნატურალობით.
თუკი ალ პაჩინოზე ვიტყვი, რომ ის ,,მაგრად თამაშობს,, როლს ( და ის მართლაც მაგრად
თამაშობს ), დე ნიროზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან დე ნიროს თამაში არ სჭირდება. ის სცენაზე
იქცევა ისე, როგროც იქცევა ცხოვრებაში. ამიტომაცაა მისი როლები გაცილებით ბუნებრივი,
ვიდრე სხვების. გახსოვთ ის ეპიზოდი ფილმიდან ,,ერთხელ ამერიაკში,, , როცა ლაფშა ( რ.
დე ნირო ) წლების უნახავ შეყვარებულს ნახავს და რომანტიკული საღამოს შემდეგ, ტაქსში
გააუპატიურებსავით ? ლომები ვერ იტანენ პირობის გატეხვას სხვისგან და განსაკუთრებით კი გაცემული სიყვარულის აუხსნელად
უარყოფას, რასაც დამამცირებლად აღიქვამენ და მზად არიან საპასუხო დამცირების მიზნით
მსგავსი საქციელიც ჩაიდინონ, რაც ლაფშამ დებორასთან ჩაიდინა....
პიტერ ო’ტულის ლოურენს არაბიელი და პრიამოსის როლები მომწონს. პრიამოსის
როლში ნამდვილი მეფეა, თავისი ბრზყინვალებითაც და თავისი ადამიანურობით.
ასეა, მეგობრებო,
დღეს ბევრს აღარ გავაგრძელებ, თორემ ლომებს ჯუნგლებში რა გამოლევს. მაპატიეთ, ლომებო,
როგორც იტყვიან დრონი მეფობენ და არა მეფენი, ასე რომ თქვენი დროც ამოიწურა. ბრწყინვალები
ხართ, მაგრამ არა უსასრულოები. მე კი კრონოსი ვარ, რომელიც სადილად ღმერთებს სჭამს.
მომავალში
მორიდების გარეშე გავიხსენებ ქალწულებს და შევეცდები მათი სიმორცხვის მიღმა დაფარულ
ნატურალურ სახეს ფარდა ავხადო J.
ახლა კი,
შეისვენეთ, მე გავალ ყავას დავლევ, გადავიღალე.
კ. კოლხი,
16.06.2012
ფრანჯისტანი,
თბილი ამინდი.
Comments
Post a Comment