ზოდიაქოსოფია. თავი VI. ქალწული - თეთრი ზეწარი ვარდების გარეშე.





ზოდიაქოსოფია

ავტობიოგრაფიული კომიკური პუბლიცისტიკა





შესავალი

აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გამაჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მივიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადამიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ მწამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. 

კ. კოლხი





თავი VI. ქალწული - თეთრი ზეწარი ვარდების გარეშე.




ვინმეზე რამე რომ დავწერო, რაღაც კონკრეტულ ემოციას მაინც უნდა იწვევდეს ჩემში, ან უნდა მიყვარდეს, ან მაღიზიანებდეს. დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა ქალწულებზე ზოგადად. რადგან ერთ სათქმელს მეორეც მოჰყვა და ასე გაგრძელდა, ბუნებრივია ქალწულების გულისთვის ამ წამოწყებას არ შევწყვეტ და მათი უემოციურობის გამო ხასიათს არ გავიფუჭებ J.


კი, როგორ არა, ქალწულები ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში, მაგრამ არც ერთ მათგანს ჩემში ღრმა ემოციური კვალი არ დაუტოვებია, გული საფუძვლიანად არ შეურხევია, რომ იტყვიან, განსხვავებით სასწორისგან, კუროსა და მორიელისგან. ქალწულები ცხოვრებაში უფრო მეტად მყარი და ერთგული კოლეგებივით არიან, ვიდრე გულის ამაჩქროლებელი საყვარლებივით. აქვთ შარმი, როგორ არ აქვთ, მაგალითად დღემდე ბევრის გემოვნებით სოფი ლორენი ულამაზესი ქალია, მაგრამ მე პირადად მაინცდამაინც არ მიმაჩნია რაღაც, აი, როგრო ვთქვა ... ვნებების გამომწვევ და ისეთ ქალად, რომელიც მე ცხოვრების ვექტორს შემაცვლევინებდა.  ან კიდევ, სინდი კროუფორდი ... ბევრი აფანატებდა მასზე, აქვს თბილი სილამაზე, მაგრამ არა მწველი. ნუ, ეს ინდივიდუალური გემოვნების საკითხია.

ვიცი ახლა, ეს აღიარება რამოდენიმეს (კერძოდ რამდენიმე ,,ქალწულ,, ქალზე მაქვს საუბარი) ეწყინება, მაგრამ ასეა. მოვიდა დრო ილუზიების ქრობის და ჯობია სიმართლე ითქვას. ყოველთვის ვიყავი გულწრფელი ყველასთან, მაგრამ  როგორ ვთქვა, მათ                 (ქალწულების) არსებობას ჩემს ცხოვრებაში არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. თუკი ერთ დროს გატაცებული ვიყავი, დღეს მათთან მეგობრული განცდის გარდა არაფერი მაკავშირებს. მიუხედავად ემოციების სიმწირისა, მოსაგონარი ბევრია და თუკი ქალწულს ჩემში დადებითი ემოცია გამოუწვევია, ალბათ უფრო მათი ინტელექტისა და ფიზიკური გარეგნობის გამო, რომელიც მუდამ მიზიდავდა, ალბათ მიწიერი მაგნეტიზმის გამო. ისინი პოზიტიურად მაგონდება, მაგრამ არ მწვავს, არ მაცოცხლებს, ვინაიდან ის რაც წვავს, ის აცოცხლებს კიდეც.

ქალწულების სიყვარული არ გავს სხვების (კუროს, ლომის, მორიელის ... ) ნაკვერჩხალს, რომელიც წლების შემდეგაც შეიძლება გაღვივდეს, მათი ემოციური აფეთქებაც სწრაფი, ხმელი და მოკლე დროზეა გაწერილი, დანარჩენი კი უკვე ემსგავსება ბუღალტრულ დოკუმენტს, რომელშიც ციფრები უნდა ითვალო, გამოაკლო ან მიუმატო და მიიღო ცხოვრების ბალანსი. ქალწულის სიყვარული გავს თეთრ, ფითქინა ზეწარს, მხოლოდ ვარდის ფურცლების გარეშე და აუცილებლად პეწენიკად შემოკეცილს, გასწორებულს, დაუთოებულს.

ბევრ მათგანს ისეთი თვისებები ახასიათებს, რაც ზოგჯერ მაღიზიანებს ხოლმე, მაგალითად ზედმეტი ფორმალურობა, მაშინ როცა ამის საჭირობა სრულიად არ რის, რაც გამოწვეულია მათი შინაგანი სიმორცხვით, საკუთარი თანამდებობრივი უპირატესობის ხაზგასმით და ემოციების ნაკლებობით. კიდევ - სიმშრალე, ხელოვნურობა, ანგარიშიანობა და რაღაც ფანატიზმამდე მისული, სრულებით მოსაბეზრებელი პედანტიზმი. ქალწულის პედანტიზმს შუძლია მთლად ანგელოზი ადამიანი მიწასთან გაასწოროს, დაამციროს, სულ რაღაც იმის, გამო, რომ  იმის გამო, რომ ფეხსაცმლის თასმა არ ჰქონდა ლამაზად და კოხტად შეკრული. მათ პედანტიზმს შეუძლია ქალწულს ობიექტურობაც დააკარგვინოს და ადამიანს ისეთი რამ დააბრალოს, რაც მას ცხოვრებაში არ გაუკეთებია, ანუ ცილისმწამებელი ქალწულიც მინახავს, თუმცა ახლა ამაზე არ დავკონკრეტდები. კიდევ, კარგი, რომ დადებითი თვისებები უფრო ბევრი აქვთ და ესაა ის, რომ ზოგადად კეთილები არიან, მაგრამ არა უთავბოლოდ, როგორც მაგალითად ლომები, აქვთ უდიდესი ინტელექტი, სხარტი გონება, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ღრმა და ყოვლისმომცველიც, ვიდრე ტყუპებს, რადან ტყუპებს, განსახვავებით ქალწულებისგან, კონცენტრირება უჭირთ ბოლომდე. ქალწულების გონება არ არის ჰუმანიტარული მიმართულების, არამედ უფრო მათემატიკურია, აქვთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი მოვალეობების მიმართ.

სისუსტე რაც ახასიათებს ქალწულებს, ისაა, რომ არ აქვთ მტკიცე, რკინისებური ნებისყოფა, მოთმინება, როგორც თხის რქას, კუროს, ლომს ან მორიელს, ლამაზებიც რომ იყვნენ, მაინც აწუხებთ ფიზიკური კომპლექსები (საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ), ეს კი მათი დამარცხებების მიზეზი ხდება ცხოვრებაში. მე ვიცნობ ერთ ქალწულ ტიპს, ინტელექტუალურს რა თქმა უნდა, რომელიც, სრულიად პატიოსანი ბიზნესით სხვათაშორის, შოულობდა მართლა დიდ ფულს, მაგრამ მოუთმენლობისა და ქალწულისათვის უჩვეულო მფლანგველობის გამო, ალბათ მისი ფილანთროპული ხასიათიდან გამომდინარე, მალევე დაკარგა. მართალია ამ ფულის არც თუ ისე მცირე ნაწილი ძმაკაცებში, ბორდელებში და კაზინოებში დახარჯა, მაგრამ მათი გამოკლებითაც საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდა იმისთვის, რომ დღეს ის და მისი შვილები უბინაოდ არ დარჩენილიყვნენ.

ქალწულ ქალების მსგავსი მწარე ენით ბევრი ვერ დაიკვეხნის, ალბათ მერკურის ზეგავლენით, მაგრამ ამას თავის ჭკუაში კეთილი მიზნებით სჩადიან, რომ შეცდომის გამოსასწორებლად  მიუთითონ ვინმეს. თუმცა ხანდახან ავიწყდებათ, რომ თვითონაც არ არიან იდეალურები და ბუნებრივია, უფრო ემოციური ადამიანებს გულის სტკივათ მათ ენამწარობაზე.

ქალწული ცოლის ტიპაჟი ვის მაგონებს იცით, ერთ საბჭოთა ფილმში (,,ბრილიანტის ხელი,,) რომ ნიკულინის ცოლს თამაშობს. თაბაშირით ხელშეხვეული ნიკულინი დილით სახლიდან გასასვლელად ემზადება, გადის უკვე და ამ დროს ცოლი შეაჩერებს, რაღაც დაგავიწყდაო ანიშნებს. შებრუნდება ცოლი და კუხნაში (უკაცრავად, ... სამზარეულოში), თაროზე შემოდებულ თუნუქის ბანკიდან მაკაროვის პისტოლეტს ამოიღებს, ,,тщательно,, გაწმინდავს სუფთა ნაჭრით, სულსაც შეუბერავს და ქმარს მიაწვდის შემართული, საბჭოთა კოლმეურნის სახით! აი, ეგაა ტიპიური ცოლი-ქალწული სახლში ... სხვათაშორის ნიკულინი მშვილდოსანი იყო, კლოუნი, მასხარა, იმპულსური, ფილოსოფოსი, მაგრამ გულით დიდი ადამიანი, ცოტა დაბნეულიც, პისტოლეტს ჯერ თავიდან რძის ბოთლებიან გამჭვირვალე სეტკაში-ჩანთა რომ ჩადებს, მერე           ქალწული-ცოლი შეუბღვერს, ეგ რა შეცდომა მოგივიდაო და ესეც, ეს ბალბესი, ადგება და თეთრ, ტილოს ნაჭრისგან შეკერილი თხელი ქუდის ქვეშ ,,შეინახავს,, თავზე J J ... 

ქალწული კაცები კი, უფრო სწორად ახალგაზრდა ყრმაწვილი ვაჟწულები ... ნუ, რა უნდა ვთქვა ამ ხუმარა არსებებზე, რომლებიც ხანდახან ეჭვს იწვევენ ჩემში, ქალი აინტერსებთ საერთოდ ?! J … კი, გამოსდით ენამოსწრებული სიტყვა-პასუხი, მაგრამ მარტო ამით ხომ არ შეიძლება 24 საათი დაკავებული იყო ?! ... სულ ხომ არ შეიძლება იღრიჯებოდე, შე კაცო  ?! ღრეჯვა, სმა, ღრეჯვა, სმა და კვლავ ღრეჯვა, სმა !

... ერთ პატარა ბიჭზე ვლაპარაკობ, 20 წლისაა, ჩემი ნათესავია, რომელსაც ტვინი თავიდან გადმოსდის, მაგრამ რათ გინდა, ვერ იყენებს ...

გადი, ბიძიკო, ამდენ ენერგიას რომ ხარჯავ ფეისბუკზე ოხუნჯობებში, დღე და ღამე ვიღაც ბუნებისგან მახინჯების სურათებს რომ აქვეყნებ და კვდები სიცილით, ახალგაზრდა ხარ, ცოტა რაღაცა ნახე, გაიხედ-გამოიხედე ქუჩაში, ათასი შოლტივით გოგო დადის, წადი ცოტა ფიზკულტურით დაკავდი, შე კაცო ! მაინც და მაინც ამდენი ხალხში უნდა გითხრა ყველაფერი, რომ გაიგო, აა ?! J ... ვაახ, ეს ვინ ყოფილა ! ვერ ხვდები, რომ ხალხი კაიფობს შენზე? თავმოყვარეობა არ გაქვს? ვიცი, ახლა ამასაც წაიკითხავ და მოკვდები ისევ ღრეჯვით, ბროცკის ვაშლივით გაგიწილდება ლოყები ... ფიზიკურად მშვენიერი, მაღალი, სიმპატიური ბიჭი ხარ, ზრდილობიანი, კარგად აღზრდილი, ინტელექტი გაქვს და მოეშვი ამ ცანცარს, არ გიხდება, არაა ... გეიგევიი ! JJ

... ნუ, რას ვიზამთ, ასეთები არიან ქალწულები, მორცხვი დედიკოს ბიჭები. რა იყო, დედა არ გიშვებს, ჯერ პატარა ხარო? ... ბიჯო, გუშინდელ დღესავით მახსოვს შენი დაბადება, უცებ გახდები ჩემ ხელა მაგ ღრეჯვა-სიზარმაცეში (თან არც მუშაობა უნდა ... ცანცარი ურჩევნია), არც ცოლი გეყოლება, არც შვილები, არც კარიერა, არც ფული და ისევ დედიკოს შესციცინებ თვალებში - ,,დე, შეიძლება დაბლა ჩავიდე ? დე, შეიძლება ფისი-ფისი ვქნა,, ... ან დედა რომ დაგიცახცახებს ეზოში, სასწრაფოდ სახლში ამოდიო, ამხელა კაცს შენ შენი ცხოვრება უკვე გაზომილი და არჩეულიც უნდა გქონდეს, რომ იცოდე სად რა როდის გააკეთო და არ გჭირდებოდეს დედის ჩარევები. შენზე ცოტა დიდი ასაკის ხალხს 2-3 ცხოვრება გავლილი აქვთ უკვე ... აგერ, დავით მეფე, ისიც ქალწული, 16 წლის ასაკში ლიპარიტ ბაღვაშს და მთელს ოპოზიციონერ ერისთავებს დედას ახევდა! ... ჰეი, შენ, ნამეტნავად ქალწული ხარ თუ ვაჟწული, ბიძიკო, დროა განაგდღაჟღაჟა, უზრუნველი ვაჟიშვილობა და შესდგე გზასა მამრისა ტკბილისა და საამურისა !!! J ... მთელი ნათესაობა შენ გიყურებს ... არ შეიძლება ამისთანა მკაცრი ასკეტიზმიც J  ...

  ... ისე, მგონი ახლა უფრო დაიმორცხვებს, ამ საჯარო გათათხვის გამო L ... მაგრამ არც პრივატული საუბრები რომ არ შველის, მაგაშია საქმე. მაპატიოს მკითხველმა, უნებლიეთ ნათესაური დრამის მოწმე რომ გავხადე, მაგრამ ასეთ მორცხვ ვაჟწულებზე საჯარო შემოლაწუნებების შედეგად მიღებული ყინულივით ცივი შხაპი ამართლებს, ექიმის წამალი უცნაური და მწარეა, მაგრამ დადებით შედეგებამდე მიდის, როგორც წესი.

არადა, რისკენ ვუბიძგებ ,,ბოვშვს,, ! ვინ იცის, შეიძლება ახალი ნეტარი ავგუსტინე, თომა ასიზელი ან ეფრემ ასური ეზრდება მსოფლიოს და არც ვიცი J ...

სხვათაშორის დედამისიც ქალწულია, ოოოოხ რა ენამწარე მთიულია, მტრისას ! ... მარა კეთილია და საუკეთესო აღმზრდელია, ბავშვებთან მუშაობს. როგორც ქალწულებს შეეფერება, მტკიცე მორალი აქვს და უაღრესად განათლებულია. როგორც წესი, საუკეთესო დედები გამოდიან ქალწულებისგან.

სხვათაშორის ქართლელი ქალწული განსაკუთრებული პრუტუნა ენამწარობითაც გამოირჩევა ხოლმე, ზოგჯერ რომ ხალისობ, გიხარია და გულღიად ხარ, ისეთი რამ შეიძლება გითხრას, რომ გაგაოცოს და გული დაგწყვიტოს. მაგალითად ქალწულებს აქვთ ერთი თვისება, რომ ეჭვიანები არიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ დიდი ემოციები უბრმავებთ თვალებს, ან რაიმე ობიექტური მიზეზი აქვთ ამისთვის. არა, უბრალოდ საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულნი და სხვისი ნდობაც უჭირთ, განსაკუთრებით ემოციური ხალხის, რადგან ემოციების ბუმში ქალწული იბლანდება და იბნევა ადვილად. შესაბამისად, მათი გაურკვევლობა უნდობლობაში გაგადის, რადგან ქალწული არ არის რისკიანი, ვერ ენდობა იმას, რაც მას არ ესმის და რაშიც ლოგიკას ვერ ხედავს. ცოტა უმადურებიც არიან, რადგან ჰგონიათ, რომ ერთხელ თუ რაღაც მატერიალური გაიღეს, ამის სანაცვლოდ სხვამ მელი ცხოვრება უნდა დაუთმოს. ფულის ყაირათიანად გამოყენება უყვარ, სესხზე არასოდეს უარს არ ამბობს, თუკი აქვს საშუალება და საერთოდ ქალწულებს შორის სტატისტიკურად ყველაზე ბევრი მდიდარი ადამიანი მოდის მსოფლიოში და ამავდროულად ყველაზე მეტი ფილანთროპი ქველმოქმედიც: უორენ ბაფეტი, ლეონიდ ნევზლინი (,,იუკოსის,, ერთ-ერთი დამაარსებელი), თემურ კულიბაევი (,,ყაზენერჯი,,-ს თავმჯდომარე), გი ლალიბერტე (კანადაში ,,მზის ცირკი,,-ს დამაარსებელი) და ა.შ. ... თუმცა, ჩემის აზრით, უფრო მეტი მდიდარი ადამიანი თევზების, მერწყულისა და კირჩხიბის ნიშნისაა.

სიმართლე რომ გითხრათ, მკვეთრად უარყოფითი ტიპაჟები ქალწულებს შორის არც შემხვედრია და არც მახსენდება ამ ეტაპზე. აქვთ ქალწულებს რაღაც ცბიერების მსგავსი, მაგრამ მაინც არ გამოსდით, ვერ ქაჩავენ მორიელის ან თხის რქის ინტრიგებამდე.  ქალწულის ტვინი უფრო ცივად, ლოგიკურად გამთვლელია, ვიდრე ფსიქო-ემოციური კვანძის მხლართავი. ქალწულის ტყუილი მალევე ვლინდება. მაგალითად თხის რქას შეუძლია ისეთი ტუილი თქვას, ისეთი ჰიპერილუზორული სამყარო ააშენოს, რომ მთელი ცხოვრება გაივლის და მისი გარემოცვა ათასი წელი ვერც წარმოიდგენს იმას, რომ ეს ყველაფერი ტყული ყოფილა ( თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თხის რქა მატყუარაა, უბრალოდ თუ დასჭირდა გააკეთებს ... ). მორიელისაც კი არ შეუძლია თხის რქას დაეწიოს ილუზიონისტობაში და მითუმეტეს ახლა წარმოიდგინეთ ქალწულის ტყუილისაგან აღაჟღაჟებული ლოყები რა სასაცილო სანახავია J. ქალწულებს ვურჩევ, ტყუილად ნუ დახარჯავენ დროს ტყუილებზე, არ გამოუვათ და გააცინებენ ხალხს J. საქმე იმაშია, რომ ქალწულე შინაგანად მომართულები არიან ძალიან მარტივი სიმართლისაკენ, არ არიან რთული ხალხი და რაიმეს გართულება მათ არ უხდებათ, პირიქით, ხანდახან სიმსუბუქე და მეტი ღიმილი შვენით. რაც არ უნდა იყოს, ქალწულები, უმეტესობა მათგანი შინაგანად კეთილები, ხანდახან კი მელანქოლიურები  არიან.

ერთად-ერთი ქალწული, რომელიც ჩემში აღტაცებას იწვევს და მივიჩნევ ქალწული მამაკაცის სრულყოფილად დადებით ტიპაჟად, არის დავით აღმაშენებელი. მართალია არ არის დაზუსტებული, თუ როდისაა დაბადებული ეს უდიდესი პიროვნება, მაგრამ ფსიქო-ემოციური დახასიათებით, მასზე ,,პრეტენზიას,, ზოდიაქოს ორი ნიშანი აცხადებს: ქალწული და მერწყული. ... მერწყულები ალბათ იმიტომ, რომ დავითი გენიოსი იყოო, კი ბატონო, მაგრამ მე არ ვარ თანახმა, რადგან მარტო გენიოსობა ვერ გააკეთებინებდა დიდ საქმეებს.

დავითი, არა მარტო გენიოსი, არამედ იგი იყო სრულებით ანგარიშიანი მმართველი, რომელმაც ზუსტად იცოდა რას როდის და სად აკეთებდა. მან იცოდა, როდის უნდა გამოეჩინა მრისხანება და როდის უნდა დაეღვარა ქართველთა სისხლიც კი. მესიის მახვილად წოდებული მეფეთ-მეფე, ბიბლიური დავითის შთამომავალი, ქრისტეს ნათესავად ჩათვლილი, რომელიც პროვანსელი მეროვინგების მსგავსად, თმაზე კოწოლს ატარებდა, იყო უდიდესი მოშახმატე, რომელმაც მთელი მაშინდელი დასავლეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკა დააშამათა! ... ეს იყო ტიპიური ქალწული, თავისი ზუსტი გათვლებით, დაუნდობელი, მაგრამ გარდაუვალი სასჯელით მტრების მიმართ და ამავდროულად უდიდესი ქველმოქმედი, საოცრად თავმდაბალი მეფე, რომელიც მკაცრად განსჯის საკუთარ ცხოვრებასაც. მე პირადად დარწმუნებული ვარ, მან საკუთარი დიდებაც გათვალა, თუმცა კი, ღმერთმა შეარგოს, მთავარია, რომ საქართველო ზე-სახელმწიფოდ აქცია. დღეს თუ რუქაზე საქართველო ისევ ჩანს, მათ შორის დავითის დამსახურებაცაა. ადრე საუბარი იყო იმაზე, რომ დავით აღმაშენებელს სტრატეგები და ჯარის სარდლები თხის რაები და მორიელები ჰყავდაო ... არ ვიცი ნამდვილად, რაც დამტკიცებული არაა, თუმცა გამორიცხული არაფერია. 

დიპლომატია და ინტრიგები ქალწულების საყვარელია სფეროა. ბუნებრივი სიმორცხის გამო, ქალწულები ნაცრისფერ კარდინალობას ამჯობინებენ და არ აქვთ მაინცდამაინც დიდი სურვილი სცენაზე ბწყინვალების, კარდინალი რიშელიე ამის ნათელი მაგალითია. მათგან გამოდიან ბრწყინვალე ადმინისტრატორები, რეფორმატორები. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სფერო მანდვილად არაა ქალწულების სფერო, უდიდესი რუსი მხედართმთავარი მიხეილ კუტუზოვი ქალწული იყო. 

საფრანგეთის ისტორიაში ალბათ ყველაზე უდიდესი მონარქი თუ ვინმე ჰყოლია, ეს იყო  ,,ქალწული,, მეფე-მზე, ლუი XIV დიდი, რომელმაც 72 წელი იმეფა!  მის დროს საფრანგეთი გადაიქცა ყველაზე მძლავრ სახელმწიფოდ ევროპაში და ფრანგული ენან საერთაშორისო ენის ფუნქცია მოიპოვა.  ლუი XIV-ის ცნობილი გამოათქვამიც ისევ წესრიგს, კანონს უკავშირდება - ''L'état, c'est moi !'' - ''სახელმწიფო, ეს მე ვარ !''

ქალწულები საუკეთესო მეგობრები, თანამშრომლები და კოლექტივში უაღრესად საჭირო, საქმის ე.წ. დამზღვევები არიან. მე ვიცნობ ორ ძალიან ძლიერ პოზიტიურად განვითარებულ ქალწულს, როგორც ადამიანურად, ასევე პროფესიულად. ორივეს სამსახურის ხაზით დავუკავშრდი და გავიცანი. ორგანიზებულნი, ყოველთვის, რომ იტყვიან ,,безупречно,, მოწესრიგებულნი. იურისტების კოლექტივი ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომ იტყვიან, ინტელექტუალური მოტორია, მაგრამ ამ სამსახურში თუკი კურო, თხის რქა და ქალწულია შეკრებილი, საუკეთესო, ჰარმონიული თანამშრომლობა გამოდის და საქმეც ბუნებრივია წინ მიდის, წარმატება წარმატებას მოსდევს. ქალწულების ჯანსაღი და ობიექტური კრიტიციზმი ხელს უწყობს საქმეში იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც სხვებს შეიძლება მოუვიდეთ, მაგალითად უეცრად ღრმა ფიქრებში წასულ კუროს ან თხის რქას. მე პირადად უნივერსიტეტში არაფერი მისწავლია იმდენი, რაც პრაქტიკაში ვისწავლე. სანამ რამე არ მჭირდება, მანამდე საგნის თუ მოვლენის არსის წვდომაში ტვინს არ ვღლი და დროს არ ვხარჯავ, ხოლო კურო და ქალწული სხვანაირად არიან. კუროს არ ეზარება დროის ხარჯვა სქელტანიან ნაშრომზე, რომელიც შეიძლება ათი წლის მერე ან სულაც არ გამოადგეს პრაქტიკულ ცხოვრებაში, ქალწულს კი არ ეზარება მშრალი და უსულო დოკუმენტების გაზეპირება. ჩემთვის მათი ასეთი ქცევა ძალიან არაპრაქტიკულია დროისა და ენერგიის ხარჯვის თვალსაზრისით. ცხოვრებისეულ ზოგიერთ საკითხს მე ვუდგები პრინციპით ,,ხვალემ იზრუნოს ხვალისა,, და შესაბამისად, მე რაც ვისწავლე ჩემს პროფესიაში, თუკი მე პროფესიულად დღეს რამეს წარმოვადგენ, ყველაფერი მაინც ქალწულის დამსახურებაა, რომელიც ჩემი უშუალო ხელმძღვანელი იყო. ყველაფერი შევითვისე რეალური პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე. თუკი რაციონალურად მივუდგებით, ვისაც რამის სწავლა უნდა და სამსახურში პროფესიონალი ყავს ქალწულის სახით, ვურჩევ მისი ტვინი გამოიყენოს საქმეში საკუთარი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, საქმის არსში საფუძვლიანად გასარკვევად და საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად.

ქალწულები და ნაყოფიერება ერთმანეთთან ასოცირდება და ყველაზე მეტად მოსავალი, ქალწულის ნაყოფიერებისა, შრომაში, სამსახურში იხუნძლება. ქალწული გავს პროფესიონალ კოლმეურნეს, რომელიც თვალყურს ადევნებს ყანას, სარეველას აცლის, ამოწმებს, რამდენად კარგად იზრდება, თუ საჭიროა წყალსაც დაუსხამს, მოუვლის, როგორც საკუთარ შვილს, შეგირდს კი პროფესიონალურად წინ წასწევს მოსავლის პროცესს.

ნაკლოვანებები ყველას აქვს, მაგრამ ქალწულის ნაკლოვანება არაა ისეთი, რომ ვინმეს დაუშავოს რამე, ისევ საკუთარ თავს თუ ავნებს. ესაა ადამიანი, ადამიანობის სრული კომპლექტით და უფრო მეტად ადამიანი, ვიდრე ხალხისა და ისტორიისთვის საშიში უარყოფითი თვისებების მატარებელი ვერძი, კურო, მშვილდოსანი, თხის რქა, მორიელი თუ ლომი, რომელთა შორის დაიბადა სტალინი (მშვილდოსანი), მაო ძედუნი (თხის რქა), ფრანკო (თხის რქა), ტროცკი (მორიელი), ფიდელ კასტრო (ლომი), მუსოლინი (ლომი), პინოჩეტი (მშვილდოსანი) ...

საერთოდ, წინასწარ არაფერს ვგეგმავ, რასაც ვამბობ, უცებ რაც მახსენდება სულ ეს არის, დღეს მეტს ვეღარ ვაგრძელებ, ქალწულები მეტ ემოციებს ვერ ღძრავენ ჩემში. ჩემთან, სამსახურში ერთი ქალია, ბუღალტრების შეფია, შესახედავად არის გამხმარი და გამოფიტული შეშა, მაღალი, თხელი, მუდამ მხრებში მოხრილი და მორცხვად მობუზული, თმებიც წვრილი ფიჩხივით გაშეშებული და თან თავის ჭკუაში ,,კარე,, აქვს შეჭრილი, ფიქრობს, რომ უხდება ... სათვალის ქვემოდან იცის ხოლმე რაღაც უემოციო სახით გამოხედვა, თითქოს, ზედმეტად ნუ მაწუხებთო, ყველას ეუბნება. გაურჭია პირში თხელი ,,დამსკი,, სიგარეტი და პირის ღრუსაც საფუძვლიანად იხმობს. წეღან გვერდით ჩამიარა და რა აზრებიც მაწუხებდა, ეგრევე შემახმა, ერთი შემომხედა უტყვი, უფერული შეშის თვალებით და გაიარა ამაყად, გეგონება ეგეც მყავდეს ახლა სემირამიდას ბაღივით აბიბინებული ირინა შეიკი ... ამის მერე რაღა დაწერა მომინდება, გავშრი კაცი ... ეს ჩვენი ბუღალტერიც ქალწულია J … მაგრამ იმ ბუღალტერზე გამწარებულმა ქალწულებმა მთლად მიწასთან რომ არ გამასწორონ, დავამშვიდებ, რომ კიდევ კარგი მსოფლიოში ფერ-ხორციანი ქალწულებიც დადიან, როგორებიცაა: ჟაკლინ ბისე, რეიქელ უელში, ზემფირა ( დიდი არაფერი, მაგრამ იყოს), სალმა ჰეიეკი, მილენ ფარმერი, ... იმედია ცოტა გაგინათდათ სიამაყის ვარსკვლავი J.

ეეჰ, ქალწულებო, დასველდით ცოტა, რა იქნება, აა

ქალწულების კომიკური შესაძლებლობები, იუმორი და თავისებური სატირიკული ფილოსოფია ნათლად გამოიკვეთა გიორგი დანელიას შემოქმედებაშიც. მისივე საყვარელი მსახიობი იყო ევგენი ლეონოვი, ისიც ქალწული ... გახსოვთ ,,იღბლიან ჯენლტმენებში,, როგორი ბუნჩულა ბაღის მასწავლებელია,  აქცენტი  წესრიგზე აქვს გაკეთებული, ავაზაკ-ქურდებს შახმატს ასწავლის, უწესო სიტყვებს გადააჩვევს, ფიზკულტურას შეაყვარებს ... ტიპიურად ქალწულურად იქცევა.

ჯერემი აირონსი, კეანუ რივზი და რიჩარდ გირი რომ შევადაროთ ერთმანეთს სამსახიობო ოსტატობაში, მე ამ სამი ქალწულიდან ჯერემი აირონსს მივანიჭებდი პირველობას, თუმცა ვისთვის როგორ.



ყველაზე უდიდესი საესტრადო ვაჟწული, რომელიც ოდესმე დაბადებულა, ეს იყო მაიკლ ჯექსონი - ,,პოპის მეფე,,. მის შრომისმოყვარეობასა და საქმისადმი ერთგულებას, ბავშვურ, ინფანტილურ ხასიათს მთელი მისი ცხოვრება ნათელს ხდის. თუმცა აქ ერთი გაფრთხილებაცაა, რომ ადამიანი, ვაჟწული იქნება თუ ქალწული, არ უნდა დაავადდეს ფანატიკური პედანტიზმით, საკუთარი კომპლექსებით და მეტისმეტი სიმორცხვით, რადგან ყოველივ ეს იწვევს  ცხოვრების ხელოვნურობას, ბუტაფორიად გადაქცევას, როგორც მორალურ, ისე ფიზიკურ ასპექტებში, რისი ნატელი მაგალითიც ჯექსონის ფიზკური სხეულის ანტურაჟი გახდა მისი სიცოცხლის ბოლო დეკადაში. კაცი იმდენად იყო დაკომპლექსებული საკუთარი კანის ფერით, რომ მიზნად დაისახა 150 წელი სიცოცხლე და კანის ფერის შეცვლა, შედეგად მთელი თავისი ენერგეტიკა მოახმარა ამ აბსურდულ იდეებს, რაც რითიც დამთავრდა თქვენ უკეთ უწყით. ბუნებრივად რომ ეცხოვრა მეფე მაიკლს, შეიძლება მართლაც მიეღწია ას წლამდე მაინც, თანაც ქალწულებს მიწის სტიქიის გავლენით, ჯანმრთლეობა და გამძლეობა არც თუ ისე სუსტი აქვთ, თუ ძალით არ მოირყიეს. საერთო ჯამში დადებითი ნიშანია, უბოროტო, მაგრამ ზედმეტად ბავშვური, მორცხვი, რაც იწვევს მისი ხასიათის ,,დამძიმებას,, , ჭირვეულობას და უსაფუძვლო ეჭვიანობებს.

...

გარეთაც გავყურებ ვიკინგური ზაფხულის ჰორიზონტს, თუკი ამას ზაფხული ჰქვია, ტემპერატურა +15-18 გრადუსს არ სცილდება და რატომღაც ძალიან ჰგავს ქალწულების გულს ...

ყველაზე დიდი მოაზროვნე ქალწული მაინც გოეთე იყო იყო თუ ტოლსტოი ? ამაზე თქვენ იმსჯელეთ ...

... მოკლედ, ემოციაო, კი გავიძახდი თავიდანვე და მაინც იმდენი დავწერე, დავიღალე სიმართლე გითხრათ.

მომავალ შეხვედრამდე უკეთესის მოლოდინში.

კ. კოლხი

18.06.2012
ფრანჯისტანი, რქიანების ქალაქი

Comments