ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი



“Tempora mutantur et nos mutamur cum illis” – დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად, მაგრამ არ იცვლება ადამიანის გრძნობები და კიდევ უფრო იზრდება მანკიერებები. ჩვენმა დიდმა პოეტმა, ბუნების მგოსანმა ვაჟამ-ფშაველამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწერა, რომ: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი”,
მსგავს აზრს ავითარებს დავით გურამიშვილიც და აქვს გამოძახილი მწერალთა უმეტეს ნაწარმოებებშიც. კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი პრობლემა “ab ovo usque ad mala” – კვერცხიდან ვაშლამდე, როგორც რომაელები იტყოდნენ, იყო შურის, ღვარძლისა და გაუტანლობის სენი. ადამიანი ცდილობდა და ცდილობს ჩაძიროს, დაღუპოს და ბოლო მოუღოს თავისზე წარმატებულ პიროვნებას, რომელმაც მიაღწია იმას, რასაც თვითონ ვერ შეწვდა. ასეთი დამოკიდებულების გამო სამყაროს ბევრი დიადი ადამიანი დაუკარგავს და მხოლოდ მათ ნაწილს თუ მოუხერხებია მოშურნეთა ინტრიგებისგან თავის დაღწევა, დიდების ფიალიდან უკვდავების შესმა... ბევრი ადამიანი წარმატებისკენ სხვა, ფარული გზებით მიისწრაფვის, რადგან იცის, რა შეუძლია შურით აღვსავსე ხალხის მასთან დაპირისპირებას. ამ ბრძოლაში ის შეიძლება დამარცხდეს ან გამარჯვებამ შეცვალოს და დააკარგვინოს საუკეთესო თვისებები, ამიტომ არის, რომ პატიოსანი და სამართლიანი ადამიანები ყოველთვის უამრავი მტრით არიან გარშემოტყმულნი.

ისინი ლაპარაკობენ სიმართლეს და არ უშინდებიან ხალხის რეაქციას. ამის კარგი მაგალითია ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, ადამიანისა, რომელმაც ხალხის გამოსაფხიზლებლად ლუარსაბ თათქარიძის სახე შექმნა, “ბედნიერი ერი” დაწერა. მას უამრავი მტერი ჰყავდა, მაგრამ თვითონაც ძლიერი იყო და გულმხურვალედ იბრძოდა ქართველი ხალხის თვითმყოფადობის გადასარჩენად. საბოლოოდ, მტრებმა მოკლეს ილია, მაგრამ მისი სახელ-დიდება და ნამოღვაწარი სამუდამოდ დარჩა და ნაყოფი გამოიღო.
ქართველებს განსაკუთრებულად ახასიათებთ შური და ბოღმა მოყვასის მიმართ. ჯერ ის რად ღირს, რომ საქართველოდან განდევნილი ნიჭიერი და წარმატებული პიროვნებები ბიზანტიაში იმპერატორთა მთავარსარდლები იყვნენ, ირანის შაჰის მრჩევლები და დიდი ფეოდალები. ამის მშვენიერი მაგალითია დაუდ და ალავერდი-ხან უნდილაძეების ისტორია ირანში, რომელთაც დიდი თანამდებობები დაიკავეს და შაჰ-აბასის წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ასეთივეა გიორგი სააკაძის მაგალითი, საქართველოდან მოშურნე დიდებულების მიერ განდევნილი დიდი მოურავი ირანის ჯარების სარდალი გახდა, რადგან შაჰმა იცოდა, რომ “ქართველები ყოველთვის თვითონ აგდებენ თავიანთ უბასრეს იარაღს”. 
“დათა თუთაშხიას” ისტორიის ერთ-ერთ ნაწილში საინტერესოდაა აღწერილი დუხაბორების ცხოვრება, თუ როგორ შეშურდებათ მეზობლებს ერთი ოჯახის, რომელთაც მეწველი ძროხა ჰყავთ და ბოროტებას გაუკეთებენ, თავიანთ ღვარძლსა და ბოღმას ამოანთხევენ.

ისტორიას ახსოვს ადამიანები, რომელთაც მოშურნეებმა ვერაფერი დააკლეს და მათ შეძლეს, მიეღწიათ მწვერვალებისთვის. ასეთები იყვნენ ნაპოლეონი, სტალინი, ჰიტლერი, რეიგანი და სხვები, მაგრამ მათ ჰქონდათ ცბიერება, მოხერხებულობა, ცივი გონებით აზროვნების უნარი და იღბალი, რომელთა საშუალებითაც დასძლიეს ყოველი წინაღობა და საწადელს მიაღწიეს. 
ადამიანის აზროვნება გარკვეულ საკითხებზე შეიცვალა, მაგრამ ძირითადად ისევ ისეთივე დარჩა, ისევე როგორც ადამიანური თვისებები, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და მისი აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა, პიროვნება თვითონ უნდა ებრძოლოს გრძნობებს და დაამარცხოს თავისი უარყოფითი ალტერ-ეგო.


ნიკა ხოფერია

Comments

  1. შესანიშნავია, ნიკა !!! მადლობა სტატიისთის !

    ReplyDelete

Post a Comment