კაცთა ჟლეტა კანონიერად !


გულგრილობა, ყველაზე სასტიკი და საშინელი იარაღია კაცობრიობის 
ისტორიაში თავად კაცობრიობის წინააღმდეგ.





უცნაური სათაურია, არა ? ...

კაცთა ჟლეტა როგორ უნდა იყოს კანონიერი ? - იკითხავს ხალხი, არადა ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ ისეთ სივრცეში, სადაც კაცთა მასობრივი მკვლელობა არათუ კანონიერი, არამედ საპატიო საქმიანობაა. მინდა გული დავწყვიტო საგმირო საქმეებს მოწყურებულ ზოგიერთ ცხელთავიანს, პარადოქსია, მაგრამ ასეა, ჩვენ დაკანონებული ბოროტების ეპოქასა და სივრცეში ვართ დიდი ხანია ...

ყოველი ბუნებრივი, ნებისმიერი პოზიტიური, რელიგიური და ადამიანური კანონის მიხედვით, კაცისკვლა ბოროტებაა. კანონი ჯერ ადამიანური უნდა იყოს და შემდეგ უნდა იყოს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი კანონი რომელიც ზნეობას და მორალს ეწინააღმდეგება, ტირანია და ჩაგვრაა ! ... მე არ მომიგონებია ეს სიტყვები, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამაარსებელს ეკუთვნის. არ შეიძლება აიძულო ადამიანი ჩაიდინოს მკვლელობა და დასაჯო იმის გულისთვის, რომ მან უარი თქვა მოეკლა კაცი.

დედამიწაზე ბევრი ნიღაბი არსებობს, ყველაზე საშინელი ამათგან ჰადესის ნიღაბია, რომელიც ალამაზებს იმ რეალობას, რაც დედამიწაზე არსებული ჯოჯოხეთი სთავაზობს კაცობრიობას.

მალე გაქრება საზღვრები და აღარ იქნება საჭიროება ომებისა და კაცისკვლის მასშტაბური აქციების. ადამიანები აღარ დაიყოფიან მოქალაქეებად და არამოქალაქეებად, ისინი განსხვავდებიან მხოლოდ სოციალური ან კულტურული კუთვნილების ნიშნით. იარსებებს საერთო საკაცობრიო მორალი და ამ მორალისგან გამომდინარე კანონები. ცუდია თუ არა ეს, ამას მომავალი გვიჩვენებს, ახლა კი, არსებულ რეალობაში ფაქტია, რომ ბევრი რამ არის ცუდი, რაც ყოველგვარი ადამიანური და ბუნებრივი კანონებიდან გამომდინარე, არ უნდა არსებობდეს. ერთ-ერთი ასეთი ბოროტებაა, ბევრისთვის ალბათ ჯერ კიდევ რომანტიკული საქმიანობა, ომი, რასაც მე პირადად კაცთა ,,კანონიერ,, ჟლეტას ვეძახი.

ერთი კარგად დააკვირდით, როგორი ,,რომანტიკა,, სუფევს ამ ფოტოებზე, არ მეთანხმებით ?! იქნებ მე ვცდები, აა ? 

 
 




***
ომი - მასობრივი მკვლელობაა, მასში არ არსებობს არანაირი ღირსება. ბრიყვები ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილის შემდეგ, მეომრებზე პოეტები შეთხზავენ ლეგენდებს და საგმირო სიმღერებსო. რა თქმა უნდა, პოეტები შეთხზავენ, კი ... ორი აზრი არ არსებობს, მხოლოდ მკვდრები ვეღარ გაიგებენ სიმღერის ხმას ! ... ომი არ არის რომანტიკული ვახშამი, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია და ყოველმხრივ პროპაგანდას ეწევა ადამიანთა მასობრივი მკვლელობისა, არამედ ესაა სისხლი, გახლეჩილი სხეულები, მორგი, ამყრალებული გვამები, შოკი, განადგურებული სახლი, დანგრეული კერა, გაუბედურებული ოჯახები, ცრემლი, დაობლებული ბავშვები, დაქვრივებული ქალები, შვილდაკარგული მშობლები ... მითხარით სადაა აქ რომანტიკა, ღირსება და სამართლიანობა ?! თუ ისაა სამართლიანობა, როდესაც გვამების ხარჯზე ერთი მუჭა პროვოკატორ ჩინოვნიკთა კლასი განაგრძობს ფეშენებელურ .. ელიტარულ ცხოვრებას და ტაშ-ფანდურს მსოფლიოს ელიტარულ კურორტებზე ?! 

დროა, კაცობრიობამ სამუდამოდ აკრძალოს საერთო საკაცობრიო კანონმდებლობით და ამ კანონის აღსრულების მექანიზმით, ომის პროპაგანდა, კაცისკვლისაკენ მოწოდებები და ნებისმიერი მინიშნება ადამიანთა ძალადობრივი ცხოვრებისადმი იძულების შესახებ უნდა დაისაჯოს მთელი კაცობრიობის, ადამიანთა რასსის მიერ, როგორც ადამიანისთვის და ადამიანობისთვის შეუსაბამო, არაბუნებრივი ქცევა ! წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს დაბადებას და სიცოცლეს, თუკი ის საკუთარი ან სხვისი მკვლელობით უნდა დასრულდეს ?! 

კაენის დროიდან დღემდე, ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ გმობდეს მკვლელობას, პირიქით, სახელმწიფოებრივ და საკანონმდებლო დონეზე ყოველგვარ პროპაგანდას უწევს მას. ადამიანები იმდენად ფარისევლები არიან, რომ ადგენენ მკვლელთა პრივილეგირებულ კასტას და ამას ეძახიან კანონით მინიჭებულ უფლებებს სხვების მკვლელობის შესახებ. თუკი ერთ შემთხვევაში ადამიანს მკვლელობისთვის სჯიან, მეორე შემთხვევაში - მკვლელობისთვის აჯილდოებენ კიდეც. იმის ნაცვლად, რომ ადამიანს მკვლელობის ჩადენისთვის რცხვენოდეს, .. ოფიციალურ მკვლელს, მსხვერპლია რა მახინჯი სოციალური კულტურის ზეგავლენისა, ეამაყება კიდეც, ითვლის იმას, თუ რამდენი ადამიანი გამოსალმა სიცოცხლეს, რამდენი ოჯახი გაამწარა, რამდენი ბავშვი დააობლა და რამდენს გაუნადგურა კერა, რამდენი გაატყავა, რამდენს მოაჭრა ყური, ხელი თუ ფეხი, რამდენს გაუხვრიტა გული და შუბლი ! აი, სადამდე მივიდა დღევანდელი მახინჯი სისტემა, რომელსაც ჰქვია ადამიანთა სახელმწიფო.

სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ჰუმანიზმს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არის ტირანია, რომელიც აჩაღებს მასობრივ ჟლეტას და აჯილდოებს ჯალათებს. ხოლო ყოველი რელიგიური იერარქი, რომელიც ლოცავს და თანხმობას აძლევს ადამიანებს ერთმანეთის მკვლელობისათვის, პირდაპირ ემსახურება ბოროტებას !

არც ერთი ომი და მკვლელობა არ არის გამართლებული არც რელიგიურად, არც სხვა ვითომდა კეთილშობილური მოტივებით. ყველანაირი სახის მკვლელობა უღირსობაა და არ არის მასში წვეთი კეთილშობილებაც კი ! ყველანი ცრუობენ და თვალთმაქცობენ, რელიგიის მსახურნი, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ უბრალო მეწაღეები, რომლებიც ამართლებენ ომებს სხვადასხვა სარეკლამო ლოზუნგებით და რაც ყველაზე ამაზრზენია, სხვასაც მოუწოდებენ დანაშაულის ჩადენას და რაც კიდევ უფრო მარაზმი და ამორალურია ისაა, რომ ადამიანებს სჯიან მკვლელობის არ ჩადენისათვის !

ქვეყნად არ შეიძლება იყოს ორი სამართალი, ისევე როგორც არ შეიძლება იყოს ორი მზე. მმართველები შეიძლება იყოს ბევრი, მაგრამ ყველა, მთელი კაცობრიობა უნდა მოქმედებდეს ერთიანი მორალური სამართლით, რომელიც გამორიცხავს ომსა და ადამიანის მკვლელობას, როგორც აუცილებელ ქცევას სხვა კეთილშობილური მიზნების მისაღწევად.


რა დროს ომია, ხალხო, გახედეთ სამყაროს, რა ლამაზია ! დატკბით და სხვაც დაატკბეთ სიცოცხლის თითოეული  წუთით ! 




 
 




მშვიდობას გისურვებთ,



. კოლხი
25.06.2012 .
მაკ-დონალდსის კაფე

Comments

Post a Comment