უძღები შვილის სინდრომი
უძღები შვილის სინდრომი
ეს რამდენიმე დღეა რაღაცნაირად ძალით იბღვირება ხალხი, შეიძლება მეჩვენება კიდეც, გეგონება კომპრაჩიკოსებმა მარადიულად გადაუნასკვეს შუბლის კუნთები, ღიმილს ვეძებდი და ვერსად დავინახე ჯერჯერობით .... უკანალში პეროგაყრილ ფარშევანგებს გვანან და სახეზე აწერიათ : ,,იცით მე ვინა ვარ? არაფერი შეგეშალოთ !'' ... მანქანების ქალაქში მოძარობის მანერაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ყოველმა მეორემ ლოზუნგად უნდა დააწეროს საკუთარ მანქანას – ,,გამატარეთ, გამატარეეეეეეთ ... ვიღუპები 2 წამით თუ მოვიცადე, გამატარეეთ !'' ... ნეტა სად ეჩქარებათ ასე ? ან ეს დაბღვერილი და არაადეკვატურად ცხვირაბზუებული სიფათებით სიარულით საკუთარ პრობლემებს მოაგვარებენ, ნუთუ ღიმილი რამეში ხელს შეუშლის ამ ხალხს ?! ...
ევროპა უნდათ ... ერთი ყაჩაღის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ამათ ევროპა ,,ლობიოობა,, ჰგონიათ, ერთმა ვირმა უნდა იმუშაოს და დანარჩენები უნდა ხელმძღვანელობდნენ მედიდური ღაბაბებით და სოლიდური ღიპებით დამშვენებულებმა. ვირმა დანარჩენ მუქთახორებს ხონჩით უნდა მიართვას საჭმელ-სასმელი და სოციალურად დაცული ცხოვრება, ხოლო ბრიგადირების პატრიოტიზმს სუფრის მასშტაბებიც ეყოფა.
სიბნელეა ჯერ კიდევ ირგვლივ ...
რაც შეიძლება უნდა გაიხსნას ინფორმაციული საზღვრები, ხალხი ჯერჯერობით თუ ვერ ჩაისუნთქავს ევროპის ჰაერს, ინფორმაციას მაინც უნდა ღებულობდეს თავისუფლად და შეუზღუდავად თუ რისკენ უნდა ისრწაფვოდეს საქართველო, რა ღირებულებებისკენ. ბევრს ევროპა, ძალიან ბოგანურად რომ ვთქვათ, გარყვნილება ჰგონია, არადა არაა ასე. ევროპა მყარი მორალური ფასეულობების სისტემაა და არავინ ზღუდავს არავის პირადი ცხოვრების არჩევანში. ადამიანს განვითარებისთვის რჩება პირადი, ინტიმური თავისუფალი სივრცე და ეს სივრცე არავის აწუხებს სხვას. საერთო სამოქალაქო ასპექტში კი ევროპა არის პასუხისმგებლიანი ადამიანების საზოგადობა, სადაც ბატონობს შრომისადმი პატივისცემა, რაც ესოდენ აკლია დღევანდელ საქართველოს, ადამიანის უფლებების რეალური პატივისცემა და ელემენტარული კანონის სამართლიანობა. კანონის უზენაესობა ტირანიად იქცევა, თუკი კანონი ასცდება სამართლიანობისა და მორალის საყოველთაო, ცივილურ პრინციპებს. ჰიტლერისა და სტალინის დროსაც იყო კანონის უზენაესობა ზოგადად მასსისთვის, მაგრამ იყო მათი კანონები სამართლიანობასთან, ჰუმანიზმთან და ელემენტარულ ადამიანობასთან მიახლოებული? რა თქმა უნდა არა ...
ბევრი დადებითი ცვლილებებია, უდაოდ პროგრესია ბევრ სფეროში, რომელთა სათითაოდ ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა არის სერიოზული პრობლემებიც და იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება, ევოლუციურად, ხალხის მენტალიტეტის განვითარების კვალდაკვალ. ყველაზე ძნელი ტრანსფორმირებადი კი ადამიანის ჩვევებია, ამას სისხლის ცვლა, თაობების განვითარება სჭირდება, ახალი თაობა კი ტოტალურად უნდა მოსცილდეს ძველ, დაჟანგულ საბჭოური კონცლაგერის ფსიქოლოგიურ შტრიხებს, მენტალურ ციხეს და უნდა განაგრძოს სვლა თავისუფალი სამყაროს მშენებლობისკენ, ხოლო ადამიანის მორალური აღზრდა ოჯახზე უნდა იყოს დამოკიდებული.
ძალიან იმედინად ვუყურებ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესაძლებლობას, ბევრს ეცინება, მეც მათ შორის, როდესაც ბევრ ბარიერს ვხედავ ამ გზაზე, მაგრამ არსებობს ბარიერის გადალახვის გზებიც. ევროპის გახსნა ბევრ სარგებელს მოუტანს ქართველებს უპირველესად მენტალურ დონეზე, ეს იქნება საქართველოს დაბრუნება მის კუთვნილ ისტორიულ ოჯახში, რომლის წევრი იგი დიდი ხანია უკვე არის თავის ისტორიული და კულტურული წარსულითა და თუნდაც დღევანდელი მტკივნეული რეალობით. ევროპა არის საქართველოს ხსნა წარსული წითელი ურჩხულის კლანჭებისგან, ხსნა სიბნელიდან და სვლა სიმშვიდისკენ, ფსიქო-ემოციური პროგრესისკენ, ხოლო მატერიალური სარგებელი თავისთავად მოჰყვება ამ ტრანსფორმაციებს.
1989 წელს ჯერ კიდევ ბევრს არ სჯეროდა საბჭოთა კავშირის დაშლის, მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი მაინც დაიშალა, ასე რომ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა პროცესი უკვე დაძრულია შეუჩერებლად. ისევე, როგორც მთიდან დაშვებულ ზვავს ან მდინარეს ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ ვერ ააბრუნებ უკუღმა ზევით, ასევე შეუძლებელია საქართველოს შეჩერება ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
კიდევ გავიგონე ასეთი მოსაზრებებიც, რომ თურმე ვიღაც ვიღაცას ართმევს სარწმუნოებასა და მორალს, რაც ტოტალური აბსურდია. არავინ არაფერს არ ართმევს. ჩემი აზრით კი, საკუთარი უზნეობა ართმევს ადამიანს უფლის რწმენასაც და მორალსაც. საქმე იმაშია, რომ გარეგნული ფასადურობაა რწმენაშიც, მორალი კი სუფრის უწესობამდეა დაცემული და ამას მორალი აღარ ჰქვია უკვე, ამას ქვია შიზოფრენია.
ფაქტია, რომ საქართველოში არის მასსა, რომელიც აზროვნებს ისევ ძველი, საბჭოური ფსევდოფასეულობებით, რომლისთვისაც უცხოა ადამიანის პირადი თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რომლისთვისაც უცხოა ელემენტარული წესრიგიც კი, რიგის დაცვა, მოთმინება და რაც მთავარია ბევრმა არ იცის სად და როგრორ დახარჯოს საკუთარი პროვნული პოტენციალი, ნიჭი. ამდენი მიწებია აუთვისებელი, ამხელა მადლიანი სივრცეა ადამიანების ირგვლივ, წელიწადის ოთხივე დროით და ადამიანებს მათხოვრად მუშაობა ურჩევნიათ ,,გოროდში,, ან სადმე უცხოეთში, ვიდრე მიწის მოფერება, რომელიც უცილობლად გამოიღებს ნაყოფს და არათუ მშიერს, არამედ უბარაქოდ არ დატოვებს მიწისმიყვარულ მშრომელ კაცს.
ზოგისთვის ევროპა სულიერი ინიციაციის ეკლიანი გზის გავლაცაა, რაღაცას ითმენ, არ არღვევ მორალს და მტკიცედ დგახარ იმ პრინციპებზე, რომლითაც აღიზარდე და სამაგიეროდ ზემოდან იღებ მოთმენის საფასურს, მადლს ... თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია.
უძღები შვილის სინდრომით შეპყრობილ ადამიანს ოდესმე მაინც ეწვევა სინანული, იმედი მაქვს ... ისევე, როგორც მე მეწვია დროულად.
კ. კოლხი
04.09.12
საქართველოს მადლიანი მიწა
Comments
Post a Comment