მორალური დეკლარაცია
დღეს მძიმე დღეა. 19 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი ... ამაზე აღარ გავაგრძელებ, რადგან ისედაც ბევრი დაიწერა და დაიწერება კიდევ. მე კი, ისევ და ისევ ის ფაქტები არ ამომდის
თავიდან, რამაც წინა კვირაში შეაძრწუნა საქართველო. დღეს ჯვართამაღლებაცაა და სულის ასამაღლებლად კიდევ და კიდევ, ადამიანი მარადიულად უნდა ესწრაფვოდეს სიმართლეს, რადგან სიმართლეს არ გააჩნია ძილისა და მოსვენების ფუფუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის სულს დემონი გამოხრავს და სანაგვეზე მოისვრის.
როგორც ანტიკური ხანის დიდი მოაზროვნე და
ფილოსოფოსი, პლატონი ამბობდა:
“ტირანი თავდაპირველად ყველას თავს
მოაწონებს და დაპირდება კარგ ცხოვრებას, შემდეგ კი, როცა მის კეთილდღეობას არაფერი
დაემუქრება, მისი პირველი საზრუნავი ომში ხალხის ჩათრევა იქნება, იმისათვის რომ
ხალხი გააღატაკოს ისე, დღიდან დღემდე თავი ძლივს გაჰქონდეთ და შეთქმულებებზე
ფიქრიც აღარ შეეძლოთ. ეცდება შეუქმნას მტრის ხატი, რათა ხალხს მუდმივად ბელადის
საჭიროება შთააგონოს. თუ შენიშნავს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებსაც არ
უნდათ მის მორჩილებაში ყოფნა, ბრალად ღალატს დასდებს და სიკვდილით დასჯის. ტირანი
ყოველთვის იძულებულია დააფრთხოს ხალხი, რომ მისი შიში ჰქონდეთ. მაგრამ ასეთი
საქციელით სულ უფრო აზიზღებს მოქალაქეებს თავს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ის
ყველას მუსრს გაავლებს მეგობრების ჩათვლით. რაც უფრო საძულველია მოქალაქეთათვის,
მით უფრო ერთგული მცველი სჭირდება და მათ ფულით მოისყიდის ან კიდევ მონებს
გაათავისუფლებს და მცველებად დაიყენებს. ბოლოს ტირანს თაყვანისმცემლებად
თანამზრახველები ეყოლება, მეგობრებად კი მცველად დაყენებული მონები, პატიოსანი
ხალხისთვის კი ის საძულველისა და ზიზღის მომგვრელი იქნება”.
აქვე გავიხსენოთ ნეტარი
ავგუსტინეც:
„რა
არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“
...
და მართლაც, სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას, ვინც ბოროტების დამკანონებელ
უზნეო ადამიანებს ამართლებს და კიდევ ეფერება, საკუთარი კონფორმისტული
უსინდისობის გამო ენას იჩლიქავს, მე პირადად ვემიჯნები მათ, ნათესაობიდანაც და
მეგობრობიდანაც !
ნაღდად არ მარგია კაცნი, ბოროტებისა და
უზნეობის შემოქმედთა ტაშის მკვრელნი. რა საერთო უნდა მოვძებნო ასეთ ადამიანებთან,
ან რა თემაზე უნდა ვესაუბრო ? რა გულით უნდა გავიღიმო და რა განწყობით უნდა
გავტეხო მათთან პური და შევსვა ღვინო, ქრისტეს სისხლი ?! .... აქ არ არის საუბარი
პოლიტიკურ გემოვნებებზე, მე მძულს ყველა პარტია, რადგან პარტია თავისთავად დაყოფას ნიშნავს, ხოლო ღმერთი აერთიანებს. აქ საუბარია სამყაროსეულ ბოროტებაზე, რომლის
სისტემატიზირებულ დამკვიდრებას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ყოფა-ცხოვრებაში
ცდილობდა ამ ბოროტების იდეური მოთავეები და შემდეგ მათი შემსრულებლები,
პრეზიდენტიდან დაწყებული წვრილფეხა ჯალათობით დამთავრებული ! ... თუმცა ეს არ
ნიშნავს იმას, რომ სხვა, უპორთფელო და ქუჩის კრიმინალებს ვამართლებდე. არავითარ შემთხვევაში
! ორი ბოროტება, რომელიც საქართველომ უნდა მოიშოროს სამარადჟამოდ, ჩემის ღრმა
რწმენით ესაა: ქურდულ-კრიმინალური, ფეოდალური მენტალიტეტი და პარტიული, მონური
სული, იქნება ეს ნაცმოძრაობის ბელადების მეხოტბეობა თუ ,,მეოცნებეთა,,
განდიდება.
მე არ მსურს მართლა ისეთ ქვეყანაში
ცხოვრება, სადაც ორად გაყოფილი მონების ბრბო ერთმანეთს ქვებითა და კეტებით
დასდევს, სადაც მთავრობა და მთელი სახელმწიფო სისტემა კი არ მიცავს დანაშაულისგან,
არამედ თავად ხდება მოძალადე და დამნაშავე, სადაც სახელმწიფო მოხელეები
დაკავებულნი არიან საკუთარი მოქალაქეების გაუპატიურებითა და წამებით, სადაც
სოციალურ ვენდეტას უწყობენ ადამიანებს მათი თავისუფალი აზროვნების გამო და
შემდეგ ამ ბოროტებაზე კომფორმისტი მონები კიდევ ტაშს უკრავენ თავიანთ კერპებს !
... არ მინდა იმის ყურება, სადაც გამოდიან აშაკრა ფარისევლები და ბურტყუნებენ, რომ
არაფერის სცოდნიათ დანაშაულზე, რომელზეც ვალდებულები იყვნენ, რომ სცოდნოდათ
კანონისა და საკუთარი სინდისის წინაშე და თუ მაინც არაფერი იცოდნენ, მაშინ ბრიყვები იყვნენ ? ფაქტია, რომ ქვეყანის განვითარებასა და პროგრესს ბრიყვები არ სჭირდება და მითუმეტეს არც კაბინეტებში მოკალათებული დამნაშავენი. ერთი მაგათმა არ იცოდნენ რა ხდებოდა ციხის
ჯურღმულებში და მეორე სტალინმა ან ჰიტლერმა – საკონცენტრაციო ლაგერებში ... არ
მინდა ცხოვრება იქ, სადაც ხალხი მონურად თავს უკრავს ღმერთის, ბუნებისა და
სამყაროს მოწინააღმდეგე ფიურერებს, პარტიის გენ. მდივნებს, პრეზიდენტებსა თუ
ახლადგამომცხვარ ,,მესიებს,, ! ... არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არჩევანი
მუდამ ცუდსა და უარესს შორისაა ...
მე მსურს შევცალო სამყარო, მე მინდა ჩემი სამშობლო გადაიქცეს თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის ბრილიანტად, რომელსაც საქართველოს ხალხი, მოქალაქეები ნამდვილად იმსახურებენ ! ... პირველ რიგში
საკუთარი აზროვნება და ზნეობა მინდა შევცვალო, რადგან არ მომიბრუნდება ენა და არ ვიტყვი, რომ
ხალხის აზროვნების შეცვლა მინდა, ეს იქნებოდა იგივე მენტალური ძალადობა სხვებზე,
რადგან ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, მათ შორის აზროვნებაშიც და მე
ვალდებული ვარ ეს მოვითმინო.
დადგება დრო და მიუხედავად დამნაშავეთა
მხრიდან გამოვლენილი სატანური სისასტიკისა, უხამსი სიცრუისა, ნათელი მაინც
დაანგრევს სიბნელეს, ყველა დამნაშავე აუცილებლად გასამართლდება სიმართლითა და
ცივილიზებული მეთოდებით. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ყველამ საკუთარ
გულებში ჩავიხედოთ და ვთქვათ, დიდი მორალური გარდატეხის ჟამს და ახლა სწორად
ქართველ ერს აქვს დიდი მორალური გარდატეხის მომენტი, სად ვიყავით თითოეული ჩვენთაგანი, რომელს ვემსახურებოდით, ღმერთს თუ სატანას ?! ... ახლა არჩევანია საკუთარი სულისთვის და მე ამას არანაირად არ ვუკავშირებ
არჩევნების პროცესს, რადგან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს როდის მოხდა ამ ფაქტების
გამომჟღავნება, როცა არ უნდა მომხდარიყო, ადამიანის არსი ბოროტებასთან ბრძოლა,
მისგან გამიჯვნა და სიმართლის თქმაა ყოველთვის დროულია.
და ბოლოს მინდა პოზიტიურ ნოტაზე
დავამთავრო. ყველაზე მეტად რაც შეცვლილი დამხვდა სამშობლოში, ესაა ბრწყინვალე
ახალგაზრდობა და სტუდენტობა ! ... ახალგაზრდობას მე დავარქმევდი საქართველოს
სინდისს, რომელმაც ერს უნდა მოსწმინდოს ის სამარცხვინო სახელი, რაც მას ევროპაში
აქვს გავარდნილი, ქართველი ერი საბოლოოდ უნდა განწმინდოს საბჭოთა კონცლაგერული
მენტალობის მქონე უკეთური მემკვიდრეობისაგან. მსოფლიოში ყველა ქვეყანა ვითარდება,
დასავლური ცივილიზაციის ქვეყნები განსაკუთრებით, მშენებლობების ბუმი ყველგანაა, შესაბამისად საქართველოში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს ასეც უნდა იყოს, უნდა იყოს, გზებისა და ზოგადად ინფრასტრუქურის მშენებლობა გასაკვირი არ უნდა იყოს XXI საუკუნეში, პირიქით, ეს სავალდებულო და ჩვეულებრივი დავალებაა ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, რომელიც მოქალაქეების მიერ დაქირავებულ მუშაკთა ჯგუფს წარმოადგენს და არა რაღაც ფარაონის ხელშეუხებლობამდე ზეაღტაცებულ უკვდავ ჰიპოსტასს, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია თუ იცვლებიან ადამიანები შინაგანად ! ...
ყველაზე დიდებული განძი რაც ამჟამად საქართველოს აქვს და რისი რეალური პოზიტიური
პროგრესირებაც მე დავინახე, ესაა მისი გენოფონდი, მისი ახალგაზრდობა, რომელნიც
დაიბადნენ და გაიზარდნენ დამოუკიდებელ საქართველოში, რომლისთვისაც უცხოა წითელი
კონცლაგერული, კრიმინალური მენტალობის უნარ-ჩვევები და რომლებიც მომართულნი არიან
სწავლისაკენ, თავისუფლებისკენ და მსოფლიო ცივილიზაციის უკვდავი ფასეულობებისკენ, რომელთა გვირგვინს და ზე-ფასეულობას წარმოადგენს თავად ადამიანი, მისი თანამდევი ყველა ბუნებრივი უფლებებით.
ყველაზე მთავარი გზავნილი, რაც შემიძლია
გავაკეთო საქართველოს ახალგაზრდობის მიმართ, ესაა ის, რომ ყოველთვის და ყველაგან
მხოლოდ სიმართლე გაგათავისუფლებთ .... Veritas Vos Liberabit !
ღმერთმა დაიფაროს საქართველო განსაცდელისგან, გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს ...
კ. კოლხი
27.09.2012 წ.
Comments
Post a Comment