მოპარული ალერსი პარიზიდან
ყოველთვის, როცა ავარჩევ შხამს, მინდა მას ერქვას პარიზი !
ახლა, დღეს უკვე ფოტოებიდან და ვიდეორგოლებიდან ვუყურებ პარიზის ქუჩებს და ისე, თითქოს ჩემი მეორე სამშობლო ყოფილიყოს, გული მეკუმშება, როდესაც ჩემში შემოდის ევროპის ამ საოცარი ქმნილების - პარიზის ქუჩების შარმი.
ყველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რამდენჯერ მის ქუჩებში ფიქრით და ნერვის შეტოკებით მივლია სამშობლოზე ფიქრით, მინდოდა ეს ხალისი, ამ ქალაქის თავისუფლების ჰაერი ყოფილიყო ჩემს თბილისშიც.
მინდოდა და ახლაც მინდა, ხალხი თბილისიდან გაღებული ფანჯრიდან პარიზის ქუჩებში სასეირნოდ თავისუფლად მიმოდიოდეს.
თბილისის ზოგიერთ უბანსაც პარიზული აურა აქვს, ხოლო პარიზის ზოგიერთ ქუჩას კი - თბილისის სუნი ასდის. შეიძლება მე ვიყავი და ახლაც ვარ ნოსტალიგიური ტიპაჟი ზოგადად, მელანქოლიის ბუკეტი სულში აღმოცენებული, რომ ვერ ვარჩევ ხანდახან ერთმანეთისგან პარიზსა და თბილისს.
ევროპაში არ დაიკარგება ადამიანი, მითუმეტეს თუკი ენა იცის, მაგრამ შეიძლება ყველაფერი გქონდეს და ამ დროს არაფერი გქონდეს, რადგან ეს ყველაფერი არის შენი სამშობლო, რომლის გარეშეც თვით პარიზიც კი ღარიბია შენთვის.
რამდენჯერ ყოფილა და რამდენი ემიგრანტისგან მიმისმენია, რომ რომ დავიძინებთ, საქართველოს ვხედავთ, ჯერ კიდევ ქაოსში მყოფსა და დაულაგებელს, გვიხარია სიზმარში, გამოვიღვიძებთ და ისევ ამ დალაგებულ, მშვიდ და მშვენიერ საფრანგეთში ვართ, ძალაუნებურად ტირილი გვეწყებაო ...
ასე მიდიოდა დღეები, ღამეები, წუთები, წამები და წამება ჩატეული მონატრებაში და ცრემლებში, მარტოობის უსასრულობის განცდებში. გენატრება ოჯახი, გენატრება ქუჩა, სადაც გაიზარდე, გენატრება კუთხე, სადაც ლოცულობდი, გენატრება მშობლიური ჰაერი, თუნდაც მძიმე და არც ისეთი გამჭვირვალე, როგორც იმპრესიონისტების ნორმანდიული ზეცა, მაგრამ მაინც გენატრება ...
მარტოობითა და უსამშობლობით დაღლილს პარიზი გეფერება, საკუთარ მკერდს გიხსნის რევოლუციონერი მარიანასავით ჟან ლუი დავიდის ცნობილი სურათიდან, ამ დროს შეგეძლია დრო საერთოდ გააქრო და უთავბოლოდ იბოდიალო მის ქუჩებში, ესთეტიკის მსოფლიო დედაქალაში ჩაიკარგოს შენი მოშხამული სულიც. ბოლოს კი ღამით, ძილის წინ ისევ თბილისი ამოტივტივდებოდა გონებაში და აღმოგხდება უსაშველო პილიგრიმივით - ,,როდის ... როდის გვეღირსება ჩვენ, ქართველებს, საკუთარ, ევროპულ ოჯახში დაბრუნება !'' .
და ასე გავა კვლავ შემოდგომა, გაყვითლებული ფოთლებით მოფენილი სენის ნაპირი, ზამთარი - ფრანგულ ნიავქარში გაზაფხულის მომლოდინე ხეების რტოების შრიალით, გაზაფხული - თეთრი ფერიასავით გაშიშვლებულ მკერდზე ვარდისფერი ნუშის ყვავილებივით მორთული და შემდეგ ისევ ზაფხული - საქართველოსკერ გულის გამოწევის ცხელი თვეები ....
მერე უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდები მონატრებულ სამშობლოში და ახლა უკვე პარიზი მოგენატრება, ისევ მოგშხამავს ჩვეული ალერსით, ვერაგულად, მოპარვით, მოფერებით.
და ასე გავა წელიწადები, თვეები, დღეები, წუთები და წამები, ასე ჩაივლის ეს ცხოვრებაც, სამარადჟამოდ ესთეტიკის ნოსტალგიებში განჭვრეტილი ნისლის ღრუბლებში ჩაძირული, განივთებული ...
კ. კოლხი
24.10.2012 წ.
თბილისი
Comments
Post a Comment