თავისუფლების სუნთქვა





ძალიან დიდი ხნის წინ, ანტიკურ ეპოქაში იქმნებოდა ქართული წარმართული ცივილიზაცია, შენდებოდა ქართლის სამეფო, შენდებოდა ციხე-კოშკები, აბანოები, სასახლეები, მართალია შუშის არა, მაგრამ მაინც ... იქმნებოდა არმია, ქვეყანა ცენტრალიზებული გახდა, ფარნავაზმა ქართული ანბანის რეფორმაც კი განახორციელა, შემოიღო ერთიანი რელიგია და როგორც იტყვიან ქვეყანა ქვეყანას დაამსაგავსა, რეგიონის მიგდებული გეგოგრაფიული სივრციდან სახელმწიფო ჩამოაყალიბა თავის მტკიცე ინსტიტუტებითა და ატრიბუტებით.

მოკვდა ფარნავაზი და არ გაცოცხლებულა და დღეს, XXI საუკუნეში არც არავის უნდა მისი შეწუხება და იმქვეყნიდან გამოხმობა, რადგან მიუხედავად მისი დიდი დამსახურებებისა ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში, ჩვენს საუკუნეში ფარნავაზის სახელმწიფო მენეჯმენტის უნარ-ჩვევები სრულიად უსარგებლოა, რადგან ჩვენ წინსვლა გვინდა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ

გავიდა დრო და წმინდა ნინომ ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში, ფარნავაზის დროინდელი კერპები დაამხო და ქართლის მეფე მირიანი ქრისტიანობის უპირატებაში დაარწმუნა, რაც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით დაგვირგვინდა. მირიანი იყო პირველი ქრისტიანი მეფე საქართველოში, სპარსი, მაგრამ საქმითა და გულით ქართველი

მოკვდა მირიან მეფე და აღარ გვინდა მისი მობრუნება, რადგან არც მისი სახელმწიფოებრივი მენეჯმენტის უნარ-ჩვევები გამოდგება XXI საუკუნის საქართველოს ასაშენებლად

ვახტანგ გორგასალმა თბილისი დაარსა და აღაშენა, მაგრამ მოდი ნუ შევაწუხებთ, დავუფასოთ ღვაწლი და მოვასვენოთ, რადგან გავიხსენოთ, რომ XXI საუკუნეში თავად დაიტანჯება და შეწუხედება იალბუზის ამაზანზარებელი გოლიათი მეფე.

XII საუკუნეში დავით მეფემ საქართველო უძლიერეს ქვეყნად აქცია, მაგრამ არც დავით მეფეა იმ ქვეყნიდან გამოსახმობი, რადგან XXI საუკუნეში მოძველდა მისი ფეოადალური მართვის მეთოდებიც.

XIX საუკუნეში რუსეთმა დაიპყრო საქართველო, ებრძოდა ჩვენს ეკლესიას, თვითმყოფადობას, ქართულ ენას, დაამყარა კოლონიალური რეჟიმის და ჩაგვრა, მაგრამ ააშენა გზები, რკინიგზა, ქალაქები, განვითარდა ვაჭრობა, კაპიტალიზმი, ქარხნები, საამქროები, დაარსდა ბანკები, სკოლები, საავადმყოფოები ... მაგრამ საქართველოს, ქართველ ერს მაინც თავისუფლება სწყუროდა. რა უნდა ექნა ერს ? ქალაქების, ევროპული შენობების, რკინიგზის, კაპიტალიზმის, ატონ-ყმობის გადაგდების, სკოლების, ბანკების და სხვა მატერიალური სიკეთის გამო მაინც რუსეთის რეჟიმს უნდა ჩაბღაუჯებოდა, სანამ არ გასძვრებოდა სული ? ....

1918-21 წლებში მცირე ხნით, მაგრამ მაინც მოუწია ქართველ ერს თავისუფალი სუნთქვა. ისევ დაგვიპრეს, ისევ რუსებმა, მხოლოდ ამჯერად წითელმა წარმართებმა, ბოლშევიკებმა და ისიც ქართველების აქტიური თამადობით

ბოლშევიკებმაც შექმნეს ქვეყანა, თუნდაც ვასალური, მაგრამ თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით, მაგრამ არა სრულყოფილი სახელმწიფო ატრიბუტებით. ელექტროენერგიით გაგვანებივრეს, ააშენეს ასევე მრავალი შენობა, ქალაქები, უნივერსისტეტი და სხვადასხვა ინსტიტუტები, ქარხნები და კოლმეურნეობები, პორტები და სპორტული ნაგებობები, ასფალტიანი გზები და მარავლსართულიანი სახლები ... მაგრამ მაინც გადავარდნენ კომუნისტები, რადგან თავისუფლებამ იმარჯვა, მომავალმა იმარჯვა და კომუნისტების მართვის წესები ვეღარ უძლებდნენ დროის გამოძახილს. რა ვექნა, დაგვეტოვა კომუნისტები მათი ლამაზი შენობების, ქალაქების, უნივერსისტეტებისა და სხვადასხვა ინსტიტუტების, ქარხნების, ფაბრიკებისა და კოლმეურნეობების, პორტებისა და სპორტული ნაგებობების, ასფალტიანი გზებისა და მარავლსართულიანი ხლების გამო ? ... უარი გვეთქვა თავისუფლებაზე ? ... არა, მაინც ვამჯობინეთ თავისუფლების სუნთქვა

აქვე მცირე გადახვევას გავაკეთებ და გავიხსენებ. ჰიტლერმა რომ გერმანია ააშენა, ისე ალბათ არსად არაფერი აშენებულა. სტალინმა რომ სსრკ ააშენა, შეედაროს ბევრი, მაგრამ რა უნდა ექნა მსოფლიოს ? მშვიდად ეყურებინა ჰიტლერის ავადმყოფ ტვინში დაბადებული იდეების ბოლომდე ხორცშესხმას ? თუ ბარემ სტალინიც ,,წამააყენონ,,  როგორმე, თორემ დაიღუპება ხალხი, წინ ვერ წადგავს ნაბიჯს ... სხვათაშორის, სტალინისგან განსხვავებით, ჰიტლერი და გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიაც სრულიად კანონიერად, დემოკრატიულად არჩეული იყო ქვეყნის სათავეში და რა უნდა ექნა გერმანელ ერს, სამარდჟამოდ ნაცისტური იდეების მსხვერპლად და მძევლად დარჩენილიყო ? ... ერებსაც მოსდით შეცდომა, ისევე, როგორც ადამიანს, მაგრამ, შეცდომების გამოსწორება ისეთივე ვალდებულებაა ნებისმიერი ერისთვის, როგორც მათი დაშვების უფლება.

მოვიდა საქართველოში გამსახურდია და ისიც დაამხეს. იყო მისი მონატრება და ამ მონატრებისა და უკანონობის წინააღმდეგ სამართლიანი პროტესტის  გამო დახვრეტლი ხალხიც, მაგრამ ვერც გამსახურდიასაც დავაბრუნებთ, რადგან ელემენტარულად უნდა მოავსვენოთ საფლავში, რადგან მან ისტორიაში მისი ბედისწერით დაკისრებული როლი უკვე ითამაშა ...

გამსახურდია შევარდნაძემ შეცვალა და შევარდნაძე კი მისივე აღზრდილმა ახალგაზრდა ხალხმა სააკაშვილის მეთაურობით. მათაც ააშენეს გზები, ფანრავაზისგან განსხვავებით, აწ უკვე შუშის შენობები და ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსეს, მათაც ითამაშეს საკუთარი ბედისწერით დაკისრებული როლი, მაგრამ რა ვქნათ, ჩავბღაუჭებოდით სიკვდილამდე  ედიკას და მიშას ? ვერა, რადგან თავისუფლების სუნთქვა ჯობია ათასგვარ მშნებლობას, რადგან მათი უნარ-ჩვევებიც მოძველდა უკვე, მორალურად დახავსდა და არ შეესიტყვება XXI საუკუნის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის სამოქალაქო  დაკვეთას ! ...

არ დაივიწყოთ, ისრაელში, მკვდარი ზღის პირას დღესაც დგას ქვის სვეტი, რომელიც ბიბლიური ლეგენდის თანახმად მართალი ლოტის ცოლია გაქვავებული და რატომ ? იმიტომ, რომ მაინ უკან მოიხედა, მიუხედავად ღმერთის გაფრთხილებისა, რომ არ მოეხედა უკან, როდესაც სოდომსა და გომორას ანადგურებდა ზეციური ცეცხლით ... უკან მოხედვისათვის დაისაჯა ის ქალი, წარსულის დანანებისთვის

განა სოდომსა და გომორაში, მამა აბრაამის ძმისშვილი, მართალი ლოტი შიმშილს განიცდიდა ? განა იმ ქალაქებში არ იდგა ლამაზი შენობები ? განა იმ ქალაქებში არ იყო მოკირწყლული ქუჩები და საქარავნო გზები ? ... მაგრამ დროის გაკვეთლი ის იყო და ისაა დღესაც, რომ თავისუფლება, მორალი, სინდისი, სამართლიანობის ბუნებრივი სურვილი არ იყიდება არც ერთი გრანდიოზული მშენებლობით, თუნდაც ეს დიდებული პირამიდები იყოს ან მისტიური სფინქსი ... დღეს უდაბნოს ქვიშას ქარი ფანტავს და სადღა არიან ძველი ეგვიპტელები ?! ... 

ყოველი ცივილიზაცია გადაშენდება, რომელიც საკუთარ მაღალ და შთამბეჭდავ შენობების საფუძვლად უზნეობას, უკანონობას, უსინდისობას, უსამართლობას იყენებს, ისევე, როგორც განადგურდა სოდომი და გომორა, რომის ცივილიზაცია, ეგვიპტელები, ინკებისა და აცტეკების იმპერიები და იგივე მოელის საქართველოს, რაც მართალი ლოტის ცოლს მოუვიდა, თუკი წარსულის გაფეტიშებას, დრომოჭმულ უნარ-ჩვევებს ანაცვალებენ ერის მომავალს, ერის განვითარებასა და პროგრესს, აუცილებელ და სააჭირო ცვლილებებს, რადგან თავისუფალ სუნთქვას ვერანაირი ბრჭყვიალა ფოკუსებით და ე.წ. მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით ვერ იყიდი.

დღეს ჯერ კიდევ ახალი, რომელიც უცილობლად  მოძველდება როდესმე ... როდესმე პროგრესს ეს დღევანდელი ახალიც დაამუხრუჭებს, რადგან ასეთია ბუნების უცვლელი კანონი და ისიც წარსულს ჩაბარდება უცილობლად.

ასე იტრიალებს ცივილიზაციის პროგრესის ბორბალი, წარსულის წარსულში ჩაბარებითა და მომავლისკენ სრული სვლით !

ასე, რომ მე პირადად ქვად ქცევა არ მიღირს არანაირ შუშის ნაგებობად, წინ ვიყურები.



. კოლხი

15.10.2012 .
თბილისი

Comments