ზოდიაქოსოფია. თავი VIII. ღრიანკალი - ზღვარზე ...
თავი VIII. ღრიანკალი - ზღვარზე ...
,,ყოველთვის, როცა დაბერავს
ქარი, და ნისლს მთებისას განიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი
ლაშქარი, აფრიალდება უშორეს ზღაპრად...’’
გალაქტიონი
ერთ მშვენიერ, მზიანი შემოდგომის დღეს, თბილისში, რომელიც,
იმ ავადასახსენებელ XX საუკუნის
90-იან წლებში, სავსე იყო უკიდეურსი ნიჰილიზმით, ურთიერთ სიძულვილით, კაცთაკვლის დაუოკებელი
წყურვილით, სამოქალაქო და სამამულო ომებით, აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსვენებული ცინკის
კუბოებით, სიბნელით, შიმშილით, სიცივით, იმედგაცრუებით, არსებული წყობისა და სოციალური სისტემის ნგრევით, ეპოქაში, რომელშიც გაიარა
ჩემი სტუდენტობის წლებმა, ერთმა მშვენიერმა ღრიანკალმა რომანტიული ლექსი დაწერა და ერთ მშვენიერ ბიჭს მიუძღვნა J ... წესით ბიჭები უძღვნიან ხოლმე ლექსებს ქალებს, მაგრამ
არც ის ღრიანკალი იყო ჩვეულებრივი ქალი და არც ის ბიჭი - ჩვეულებრივი ბიჭი. ეს გავდა
ონეგინისა და ტატიანას სცენას, როდესაც პირველი
სიყვარულის სიწრფელით გულანთებული ტატიანა ცივი გამომეტყველებისა და ირონიული ნატურის
ევგენი ონეგინს წერილით უხსნის სიყვარულს ...
წარმოგიდგენიათ, ახალგაზრდა, უაღრესად სიმპატიური, ნარცისული გადახრების, სამყაროსგან
განყენებული, ძველი დროიდან გადმოფრენილი რაინდის, ცინიკოსი, ირონიული, თავის თავში
გრაფ მონტე-კრისტოსავით გამოკეტილი, ამაყი, განათლებული და ერუდირებული ახალგაზრდისთვის
რას ნიშნავდა მსგავსი ჟესტი ქალისგან, რომელსაც მაშინ ნახევარი რუსთაველი და უნივერსისეტი
მოგრეხილი კისრებით გაჰყურებდა და შორიდან ტკბებოდა მისი გრაციით?! ... ეს იყო გადატრიალება მის მსოფლმხედველობაში, წარმოსახვაში
და ფილოსოფიაშიც კი, რომელმაც შემდგომ წლებში თავისი ხელითშესახები ნაყოფი გამოიღო.
თუმცა იმ დროს, არც მეტი, არც ნაკლები მართლა ონეგინივით მოიქცა ის ყრმაწვილი ... იმ
ლექსის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თითქოს ცხოვრება თავის გზით წავიდა და ზუსტად
ისე, როგორც პუშკინის ცნობილ ნაწარმოებშია, გრაციოზულ და ელეგანტურ, პოეტ და ჟურნალისტ
ღრიანკალთან გზების გაყოფის შემდეგ, 7 წლის შემდეგ კვლავ გადაკვეთა ბედისწერამ
... ეს არ იყო პირველი და ყრმაწვილური სიყვარული, არც უაზრო ვნებები, ეს უფრო დიდი
ურთიერთობა იყო, ვიდრე სიყვარული, ეს იყო და არის კოსმიური ერთობა ორი ინდივიდის, რომელიც
ასე უნდა მომხდარიყო ...
... ჩემი უმცროსი შვილიც ღრიანკალია, ბედის განგებით
... J
...
ადამიანის ყველაზე დიდი სიხარული სიცოხლის განმეორებას,
დაბადებას უკავშირდება. ნებისმიერი, ვინც კი ყოფილა დედამიწაზე, ტირანი თუ წმინდანი,
ჩვეულებრივი ადამიანი უკვდავებისკენ მიილტვის. ყველაზე დიდი ნატვრა ყველასთვის არის
ის, რომ დაბრუნდეს სამოთხეში, გადააბიჯოს სიკვდილს და აღდგეს ფერფლიდან.
ადამიანის ჭეშმარიტი ძალა და ღვთაებრივობაც ამ ზღვარზე
ჩანს, სადაც სიცოცხლისა და სიკვდილის ილუზიას შორის მოძრაობს პიროვნების მუდმივად მაძიებელი
სული. ღრიანკალი კი ზღვრის მეუფეა ... ამაშია მათი ძალა, გამარჯვებაც, ცდუნებაც და
დამარცხებაც. ღრიანკლის სული ერთდროულად ცივი სამარეცაა და ხმაურიანი მზით გამთბარი
ოქროს ქვიშიანი პლაჟიც.
ღრიანკლების ნატურა ლომების არტისტიზმისა და მაგნეტიზმის,
თხის რქების ფოლადისებრი ნებისყოფის, ვერძების აგრესიის, კირჩხიბების ღრმა მგრძნობელობისა
და ინტუიციის, კუროს ავხორცობის და სექსუალობის, სასწორის გრაციის და თევზების ღრმა
ემოციური უფსკრულების ერთობლიობაა. ყველაზე ძლიერი თვისება, რაც ღრიანკალს გამოარჩევს
სხვებისგან, სიკვდილის სიცოხლედ გარდაქცევის უნარია. ღრიანკალი შეიძლება დავარდეს,
გაითელოს, სოციალურად მოკვდეს კიდეც, თავიც შეაცოდოს ვინმეს, მაგრამ ესაა მოჩვენება,
რომელიც მისი მტრებისთვისაა გამზადებული. გამოხატული
ინდივიდუალიზმის და მაგნეტიზმის წყალობით იგი ბევრ კონტაქტებს ამყარებს, მაგრამ ჭეშმარიტი
მეგობარი შეიძლება ყავდეს ერთი ან ორი, ან სულაც არ ყავდეს. ამაში ღრიანკლები დაცემულ
ანგელოზებს ჰგვანან, რომელთა სამოთხეში დაბრუნებას უსაზღვრო სიამაყე უშლის ხელს და
არიან მარადიულ ტანჯვაში, მარტოსულნი დააბიჯებენ უსაზღვრო სულის უდაბნოში, სადაც არ
სჩანს არსაიდან ნაცნობი და სანატრელი ადამიანის სილუეტი, ხმა და შეხება.
ჩემს გარშემო სულ ღრიანკლები ტრიალებენ ბავშვობიდან
დღემდე, ოჯახის წევრებიდან დაწყებული ჩვეულებრივი ნაცნობობით დამთავრებული. ეს განგების
საჭიროებაა, მე ასე ვაფასებ, რადგან თავიდანვე ავღნიშნე, რომ შემთხვევითობების არ მწამს.
ყველაზე დიდი სიყვარული, დიდი მეგობრობა და დიდი კონკურენციაც
კი ღრიანკლებთან მაქვს გამოცდილი. ამ ურთიერთჭიდილში იწრთობოდა პიროვნებების ხასიათი
და ინდივიდუალიზმი. მე ვიტყოდი, რომ თხის რქისა და ღრიანკლის პარტნიორობა ორივესთვის
ურთიერთსასარგებლოა, ორი ძლიერი ნებისყოფისა და ინდივიდის, ორი ღრმა აზროვნების მქონე
პიროვნების კავშირს შეუძლია სამყარო შეძრას, გადააკეთოს უკეთესობისკენ, ან საერთოდ
გაანადგუროს. ღმერთმა ნუ ქნას ღრიანკლისა და თხის რქის ჯანსაღი და მეგობრული კონკურენცია, შეჯიბრი სიკეთესა და მაღალი
სულიერი მწვერვალების მიღწევაში, გადაიზარდოს ორი ძალაუფლების მოყვარე, ორი ეჭვიანი,
ორი ტირანი და გავლენის სფეროებისათვის მებრძოლი, მარსით აღტკინებული პიროვნებების
მტრობაში ... სამყარო დაინგრევა და დაიწვება, თუმცა ეს იქნება მელანქოლიურ შემოდგომასავით მისტიურად ლამაზი. ორივეს, თხის რქასაც
და ღრიანკალსაც, ერთი ნეგატიური თვისება ახასიათებს, არც ერთს არ უყვარს დამარცხების
აღიარება და შესაბამისად საკუთარი იდეებისთვის ფანატიკური ბრძოლა შეუძლიათ, რამაც ორივე
შეიძლება ფატალურ შედეგებამდე და რეალურ განადგურებამდე მიიყვანოს. შეიძლება ითქვას,
რომ მიზანსწრაფულობაში და ამბიციებში ორივე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და თუკი ორივეს
ენერგია შენებისკენ იქნება მიმართული, სამყარო, სახელმწიფო შეიძლება იყოს გაცილებით,
ძლიერი, ლამაზი და სამართლიანი.
გადაჭარბებით არ იქნება ნათქვამი, რომ ღრიანკლებს ძალიან
ვუყვარვარ და პატივს მცემენ, ხანდახან ეს პატივისცემა რესპექტაბელურ დისტანცირებაშიც
კი გამოიხატება. რატომ ? ... იმიტომ, რომ უამრავ გარემომცველ ღრიანკალს შორის, ერთ-ერთი
ძალიან კარგი მეგობარი მყავს, ჩვენი მეგობრობა ძალიან დიდ წლებს ითვლის და ერთმანეთისთვის
ერთხელაც არ გვიკადრებია ჟარგონული, უწმაწური სიტყვები, ისეთი, ზოგიერთი ქართველი ერთმანეთის
მიმართ ვითომ ძალიან შეხუმრებულები რომ არიან, სინამდვილეში შეფარულად ერთმანეთს გულმართალად აგინებენ
და ამით განიცდიან ფსიქიურ თავისუფლებას, იმით, რომ ვიღაცას შეუძლია მისი გინება აიტანოს
და პასუხიც არ მოსთხოვოს ...
ყველას თავისებურად ესმის მეგობრობა და ბილწსიტყვაობით
სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის, მე პირადად, არ მწამს.
ზოგი ალბათ იკითხავს, ამდენ ღრიანკალში ნეტა როგორ ძლებო.
რა ვიცი, ბევრი მეთოდი არსებობს თავისუფლად და კომფორტულად იგრძნო თავი რომელიმე მავნე
არსებასთან, თუკი აკონტროლებ სიტუაციას, როგორც მათრახითა და ტკბილეულით აღჭურვილი
მწრთვნელი ლომების ან ვეფხვების გარემოცვაში ცირკის არენაზე J ...
... ან ალბათ, ორგანიზმში ანტიშხამების დიდი მოცულობა
მაქვს და ერთად-ერთი ვარ, ვისაც ღრიანკლის შხამი ვერაფერს აკლებს J ...
სერიოზულად კი, სამყაროს უნივერსალური კანონის მიხედვით,
მსგავსი იზიდავს მსგავსს. მიზეზი ასეთი ურთიერთმაგნეტიზმის ისაა, რომ არც მე და არც
ღრიანკლებს არ გვიყვარს არასერიოზულ და უპასუხისმგებლო პიროვნებებთან ურთიერთობა, მათი
გაცნობა, მოსმენა და საუბარიც კი. მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, მეც და ღრიანკლებს
საერთო ფილოსოფია გვაქვს, რომელიც დაფუძნებულია უპირველეს ყოვლისა სიყვარულსა და ინდივიდუალიზმზე,
თუმცა ზოგიერთ ღრიანკალთან განსახვავებული შეხედულება მქონია ძალადობასა და ჰუმანიზმის
საკითხებთან დაკავშირებით.
იძახიან ღრიანკლები წყენას არ ივიწყებენო ... მართალია,
ასეცაა. ძირითადად ჩაკეტილი ნატურები არიან, თავდაცვის ინსტიქტი აიძულებთ ასეთები იყვნენ,
მაგრამ უმშვენიერესი სამოთხის ყვავილივით იშლებიან იმასთან, ვინც გულითადად უყვართ.
თავგანწირული და ვნებიანი შეყვარებულები არიან, მაგრამ აქ ერთი საშიშროებაცაა მათი
პარტნიორებისათის. მამაკაც ღრიანკალში უფრო ძლიერად არის გამოხატული აბსოლუტური მბრძანებლობისა
და აგრესიის გამოვლენის სურვილი, ვიდრე მოსიყვარული მეუღლის ან პარტნიორის, შესაბამისად
ბევრი მინახია ოჯახში მოძალადე მამრი ღრიანკლებიც ... უაზროდ ეჭვიანები, საკუთარ ცოლებს
გზის გადაღმა, მაღაზიაშიც რომ ვერ უშვებენ გაუკონტროლებლად.
მდედრი ღრიანკალი კი საუკეთესოს და ძლიერს ემორჩილება
(თუმცა ემორჩილება არა კლასიკური გაგებით, არამედ საკუთარ თავს ჩუქნის) თავს ევლება,
პატივს სცემს და უყვარს ინტელექტუალი, მამაცი, ძიერი პიროვნებები და ასეც უნდა იყოს,
რადგან ქალ ღრიანკალთა უმეტესობა სულიერად სწორედ ამ მამაკაცური თვისებების მატარებელია.
მათზე დაყრდნობა ბოლომდე შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაში, ძლიერი მხარდამჭერია, თუმცა
მთავარია ღრიანკალი არ მიეცეს ხანგრძლივ მელანქოლიას და სასწრაფოდ დახუროს წარსულის
წარუმატებელი ფურცლები, თუკი უნდა, რომ ახალი მომავალი შექმნას.
აქვთ ღრიანკლებს ერთი სისუსტე მაინც, ესაა სულსწრაფობა,
გამოწვეული მოციურობისგან, რაც მათ გეგმებს შუა გზაზე შლის.
თხის რქა, განსახვავებით მათგან, უფრო გამძლეა ამ კუთხით.
სამაგიეროდ ღრიანკალი მალევე იღდგენს ძალებს, თხის რქა კი უფრო ზანტია და ესაა თხის
რქასა და ღიანკალს შორის ურთიერთძლიერი და ურთიერთსუსტი თვისებების დასაბალანსებელი
წერტილი. თხის რქისა და ღრიანკლის დუეტი პოლიტიკაში თუ გამოვიდა, ეს იქნება უძლიერესი
მმართველების ტანდემი, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ ერსა თუ სახელმწიფოს არნახული წარმატებები მოუტანოს, ცივილიზაციები შექმნას,
რელიგიური სამყაროში ახალი რეალიები დაამკვიდროს ( მაგალითად, მარტინ ლუთერი - პროტესტანტული მოძრაობის
მამამთავარი) და უდიდესი რეფორმები განახორციელოს. ... მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, პოლიტიკაში
მოსულმა ორმა მეგობარმა ძალაუფლება ვერ გაიყოს და ურთიერთკონტროლის სურვილი გაუჩნდეთ,
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალაუფლებით აღჭურვილი თხის რქისა და ღრიანკის კონფლიქტს
სახელმწიფოსა და ერების გაქრობა მოჰყვეს მაქსიმუმ, ხოლო მინიმუმ ურთიერთგანადგურება.
ღრიანკლებისგან ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ასეთი თვისება
მაქვს, რომ კონკურენციაში ჩემი მსოფლმხედველობა ფართოვდება და ჭკუა, ალბათ როგორც ყველა
სხვა ადამიანის, ილესება. მითუმეტეს ღრიანკლები ადამიანის განვითარების ისეთ საზღვრებს
შემოგთავაზებენ, რომ თუკი მათ დაძლევ, შეიძლება გენიოსობასაც გამოკრა ხელი J ...
ერთი სიტყვით, უაღესად ძლიერი, ჭკვიანი, მიმზიდველი
და ღრმა სულიერების პიროვნებები არიან. რაც ყველაზე მომაბეზრებელია მათ ხასიათში ისაა,
რომ ძალიან დიდი ემოციურობისგან უკიდურესობებში ვარდებიან და მოკლედ და კონკრეტულად
რომ ვთქვათ, ხანდახან ტვინს ბურღავენ, განსაკუთრებით ნასვამ მდგომარეობაში ... საერთოდ
ალკოჰოლი და ნარკოტიკები არის ის იარაღი, რასაც მათი სრული სოციალური ან ფიზიკური განადგურება
შეუძლიათ.
სამწუხაროდ სასმელისგან პათოლოგიურად გადაგვარებული
ღრიანკლის ნამდვილის სახეც მინახია, გამოფხიზლებული რომ ღვთისმშობელს შესთხოვდა პატიებას
... მერე ისევ იგივე - დათრობა თვითგანადგურებამდე, გამოფხიზლება - პატიება უფალს,
მერე ისევ - დათრობა ... და ასე უსასრულობამდე !
ღრიანკლში ერთდროულად ცოცხლობს დემონიც და ანგელოზიც,
სიყვარულიც და სიძულვილიც და ესაა მათი მაგნეტიზმის მიზეზიც. სიკვდილსა და სიცოცხლეს
შორის არსებული ზღვარზე ცხოვრობს ღრიანკალი, სადაც ადამიანი შიშვლდება სამყაროს შემოქმედის
წინაშე და ხდება ყველაზე უფრო ადამიანური !
უამრავი მეგობარი მყავს ღრიანკალი და ყველა მათგანზე
რომ მოკლე ეპიზოდები გავიხსენო, არ მეყოფა არც დრო და არც საწერი სივრცე. ხომ იცით,
ქორწილში ერთს რომ დაპატიჟებ, მერე სხვაც უნდა დაპატიჟო და ამდენი კაცი სად დავსვაო
... ასეა საქმე.
ადრე მაქვს სადღაც ნათქვამი, ღრიანკლებისთის თაფლი მაქვს
გულში ჩამარხული და ვიზიდავ მეთქი ... ასეცაა, არ ვაჭარბებ. ყველა ღრიანკალი მე მეძებს,
რატომ ? ბევრ მათგანს უეცრად უჩნდება სურვილი ჩემთან გულის გადაშლის, ძმაკაცობის
... ქალებს სიახლოვის, ერთობლივი დიდი ცხოვრებისეული პროექტების განხორციელების. შეიძლება
ვინმეს გაეცინოს, ურთიერთობებს როგორც პროექტს, რომ ვუყურებ, მაგრამ ასეა, პარტნიორების
ერთობლივი ცხოვრება ერთი დიდი პროექტია, თავის ემოციებით, შრომისა და დასვენების საათებით,
მოგებით, წაგებით და ა.შ. ... თუ ვინმე მკითხავს, რა მოვიგე მე და წავაგე ღრიანკლებთან
ურთიერთობით, რომელიც ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების თითქმის ნახევარ დროს შეადგენს, ვიტყვი,
რომ არაფერი წამიგია და პირიქით, უდიდეს მოგებაში ვარ, რადგან ერთად-ერთი ღირსეული
კონკურენტი, ინტელექტუალურად, საქმიანად თუ პირად ურთიერთობებში, იყო ღრიანკალი.
ღრიანკლებთან გადაჭდობილი მქონდა და მაქვს ყველანაირი
ურთიერთობა, შეჯიბრიც და უდიდესი მეგობრობაც, უღრმესი პატივისცემაც და ჯანსაღი ურთიერთკრიტიკაც.
ადამიანის სულიერი განვითარებისთვის ჰაერივით აუცილებელია კონკურენცია, შესაბამისაც
შეჯიბრში მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მითუმეტეს, როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ
და პატივს სცემენ, იციან ზომა-წონა ურთიერთობის, ზედმეტს არ აკადრებენ სხვას და არც
საკუთარ თავს, ანუ იციან ტაქტი, კულტურა. მაგრამ თუ ღრიანკლის უზრდელობას გადააწყდით,
გაუკეთეთ ის, რასაც იმ წუთში, საკუთარი ფსევდო სიძლიერის ხიბლში ჩავარდნილი თქვენგან
არ მოელის და მისი ამპარტავნება და უტაქტო ფამილარობაც წამში გაქრება, გაიფანტება
...
ჩემი თვალით შევსწრებივარ ერთ სუფრას, სადაც ორმოცდახუთწელს
გადაცილებული ღრიანკალი ერთ ოცი წლის ლაწირაკ ბიჭს ეოხუნჯებოდა საკმაოდ უზრდელად, აქაოდა
ცხოვრება მაქვს ნანახი, შენ რა გინახიაო ... ჰოდა, ერთ მომენტშიც აივსო ყრმაწვილის
მოთმინება და ამ ჭაღარაშერეულ და ე.წ. ქუჩის აკადემიადამთავრებულ ღრიანკალს ღვინის
ბოთლი თავზე გადააფშვნა ... შუბლიდან წამოსულმა თბილმა სისხლმა ღრიანკლის ცხელი შუბლი
უცებ გააგრილა და აზრზე მოიყვანა, უცებ, ეს ამხელა ტანკივით კაცი ცუციკივით გახდა და
რამე საპასუხო დარტყმის თუ მსგავსი რეაქციის ნაცვლად, მამა-შვილურ ეთიკაზე დაიწყო ლუღლუღი.
მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, ღრიანკალი იყო ნაცემი და დამცირებული, ვიღას რაში აინტერსებდა
მისი ეთიკა, მითუმეტეს მაშინ არ გახსენებია, როცა შვილის ტოლს ეუზრდელებოდა. არადა
რომ გეკითხათ ამ ღრიანკლისთვის, შემსრულებელი, ომგამოვლილი და რა ვიცი კიდევ, რითი
არ იქებდა თავს შთაბეჭდილების მოსახდენად ... ფაქტია, რომ ზოგიერთ ღრიანკლს ფაქტების
გაზვიადება და მსუბუქად რომ ვთქვათ, ფანტაზიორობა ახასიათებს ...
მე შემხვედრია განათლებული და გაუნათლებელი, უკულტურო
და კულტურული, მდიდარი და ღარიბი, ლამაზი და უშნო, კეთილი და ,,ახვარი,, ღრიანკლები,
თუმცა უინტერესო ღრიანკალი ნამდვილად არ შემხვედრია. ერთია კიდევ, უქონელმა ღრიანკალმა,
თუ უცებ იშოვა რამე ან სოციალურად უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, გასაგებად რომ ვთქვა
,,თავში უვარდებათ,, , ,,ვაჟნობენ,, და ივიწყებენ ბევრს, ვინც ამაში დახმარებია. მეტიც,
ზოგიერთი (დ არა ყველა) ფულს დახარბებული ღრიანკალის ნატურა იმისთანაა, რომ მისი კეთილისმყოფელი,
ნათესავი თუ ახლობელი, თუკი ეს ,,საქმეს,, დასჭირდა, შეიძლება ორ აბაზად გაყიდოს და
გაიმეტოს კიდეც. მსგავს მენტალიტეტს მაინცდამაინც ღრიანკლებსაც ნუ დავაბრალებთ, ალბათ
პროვინციალური, ვიწრო სოციალური გარემოს ბრალია, სადაც არასდროს შეღწეულა წიგნის ნათელი
სხივი J ...
კაცობრიობის ისტორიაში კი, ვინც ღრიანკლად დაბადებულა
და გამოჩენილი გამხდარა, ყველას წარუშლელი ემოციური კვალი დაუტოვებია, ადამიანის სულიერების
ევოლუციის მთელი ეპოქები შეუქმნია და ამიტომაც ვამბობ, რომ ღრიანკლების დამარცხება
მათ მატერიალურ დამოკიდებულებაშია. ღრიანკალი, როგორც დემონი და როგორც ანგელოზი, ორივე
შემთხვევაში მაინც ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია. ღრიანკალი თუ მატერიაზე ამაღლდა,
ტეტრამორფული ინიციაციის გზა წარმატებით გაიარა და არწივის საფეხურს მიაღწია, საბოლოოდ
თუკი დაამარცხა დემონი სულში, ემსგავსება ბრწყივალე მთავარანგელოზს, ტრანსცენდენტულ
არსებას, როემლიც მატერიას გადაასხვაფერებს, სამყაროს შემოქმედებაში მიიღებს მონაწილეობას
ან სულაც ახალ სამყაროს შემქნის. ღრიანკლის გამარჯვების გზა მის სულიერებაშია და არა
მის მატერიალიზმში. მატერია ჭაობში აგდებს და სულს უბორკავს ღრიანკალს, აშავებს მის
არსს. აქ ზოგი შემედავება, რა შუაშია ღრიანკალი და ზოდიაქო, ყველა ადამიანს უშავებს
არსს მატერიალიზმიო. არაა ასე, ზოგიერთი ადამიანის ენერგეტიკა მატერიალიზმით იკვებება,
იმიტომ, რომ ასეა დაწესებული, ღრიანკლების სული მატერიალიზმით ვერ გამოიკვებება და
შესაბამისად დეგრადირდება, რაც ცხოვრებაში უამრავ წინააღმდეგობებს, ქრონიკულად გადაუჭრელ
პრობლემებს წარმოშობს. ამიტომაც ვამბობ, თუკი ვინმე მინახავს დაცემული და დეგრადირებული,
მკვეთრად უარყოფითი ტიპაჟის ღრიანკლები, მატერიის ჭაობში არიან ჩაფლულები, ეს ალბათ
აღზრდის ბრალია, მათი ბუნებისგან ნაბოძები დიდი ენერგიის არასწორ კალაპოტში მიმართვის.
მაღალგანვითარებული ღრიანკალი იყო დიდი ილია ჭავჭავაძე,
რომელსაც იმავე ერის ვიღაც ნაბიჭვარმა, რომელ ერზეც იგი ზრუნავდა, ინახავდა, დასტიროდა
და დასთათანებდა, შუბლი გაუხვრიტა. მსოფლიო ისტორიაში ასეთი ფაქტები ბევრია და ,ხოლოდ
ქართველებს ნუ დავაბრალებთ უმადურობას. იგივე მაჰათმა განდი ავიღოთ, ანა პოლიტკოვსკაია,
ან თუნდაც იესო ქრისტე, თავისივე თანამემამულეებისგან მოკლული და ჯვარცმული. ამ ამაზრზენი
ფაქტებით არც ქართველი ერის, არც რუსების, არც იდნდოელებისა და არც ებრაელების სხვა
დადებითი მიღწევები არ კნინდება, ყველას ყავს საკუთარი ხორცმეტები და ჯალათები, რომელთაც
ეროვნება არ გააჩნიათ. მე ბევრჯერ მითქვია და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ ქვეყნად
ორ ეროვნებას ვაღიარებ, ადამიანებს და არაადამიანებს. შესაბამისად ილია იყო ადამიანი,
მისი მკვლელი - არაადამიანი, მორჩა და გათავდა.
უმეტესობა ღრიანკლების საკუთარ ინტერსებს არ თმობს სხვებისთვის
და არც ძალიან შეიწუხებს თავს სხვის დასახმარებლად, თუკი დახმარება საკუთარ ინტერსებთან
არ იკვეთება მოცემულ მომენტში ... მაგრამ ღრიანკალი თუ გულისხმიერი გამოვიდა, დედა
ტერეზობისგან არაფერი უკლია. ყველას ის უნდა დაეხმაროს, ყველას დაუთმოს, თან გადაჰყვეს
... არადა, ბევრი არც იმსახურებს ამას და ხანდხან ასეთი ყველაზეგადაყოლილი ადამიანების
ქცევა ნერვებს მიშლის, სიბრიყვედ მივიჩნევ. მე არ ვთვლი, რომ ყველა იმსახურებს დახმარებას.
ქრისტემ თქვა - არ მიუყარო ღორებს მარგალიტიო და ვითვალისწინებ ... შეძლებისდაგვარად,
თუმცა ხანდახან არც მე გამომდის. წყენას ადვილად ვივიწყებ და ესაა ჩემსა და ბევრ ღრიანკლს
შორის სხვაობა. არ გეგონოთ, ღრიანკალი ვერძივით დაუნდობელია, არა, იცით როგორაა, მთავარია
ფეხი უშნოდ არ დაადგა და იქნება თავისთვის, არც შეგაწუხებს.
ერთხელ მე და ერთმა ღრიანკალმა ვიკამათეთ. ჩემთვის,
მეგობრებს შორის კამათი ჩვეულებრივი ატრიბუტიკაა ცხოვრების, სადაც შეიძლება ერთმანეთს
რაღაც ასწავლო და საერთო ჯამში ოპტიმალურ პოზიტიურ იდეებამდე მიხვიდე. ამ შემთხვევაში
სხვანაირად იყო, ვიკამათეთ იმაზე, რომ მე ვამტკიცებდი,
რომ ერთ-ერთი ქვეყნის ერთ-ერთ ძალზედ ცნობილ პოლიტიკურ პერსონას უყვარს ქალები, ღვინო,
ჭამა-სმა და რა მოხდა მერე ამაში ცუდი, ვერ გამიგია ღმერთმანი. კაცია და აბა კაცები
უნდა უყვარდეს ?! J
... ჰოდა, ამ ღრიანკალმა გინდა თუ არა, არარსებობს რომ ეგ მასე იყოსო, რას ქვია შენ
მაგაზე მასე ლაპარაკობო. კაი ჯანდაბას, გინდა კაცები უყვარდეს, თუკი მას ასე უნდა,
მაგრამ ამხელა ზრდასრულ ადამიანებს, მეგობრებს შორის, ამ ბანალურ თემაზე პატარა ბავშვივით
გაბუტვა ძალიან არაბუნებრივად მიმაჩნია J ... რას იზამ, ზოგიერთ ღრიანკალს ახასიათებს მსგავსი
რადიკალური ქცევა. გარედან არასერიოზულად ჩანს. ცუდია, რომ ადამიანები სხვის ადამიანურობას
აფასებენ საკუთარი პოლიტიკური გემოვნებების ჩარჩოებით, სადაც უფლის ნაცვლად გაკერპებული
ყავთ რომელიღაც გვამი. კერპთაყვანისმცემლებთან მეგობრობას ისევ იმ იდეებთან ვიმეგობრებ,
რასთანაც ვმეგობრობდი მუდამ. ჩემი სალოცავი რაც იყო ის დარჩა და ის იქნება მუდამ -
ღმერთი, მამული და მეფე. მეფე და მეფობა არა, როგორც კერძო ადამიანი, არამედ როგროც
ადამიანის სულიერი მდგომარეობა. ჰოდა, ზოგიერთ, უწინ მეფობაზე მეოცნებეთ და ახლა კერპთთაყვანისმცემლობაში
ჩავარდნილებს მოვუწოდებ, ან ისევ მეფურ სულიერებას დაუბრუნდნენ, ან არადა გზას დავულოცავ,
მეგობრობის შეთავაზება მე ერთხელ ვიცი და მყარად, რომელიც ყოველგვარ ბანალურ პოლიტიკასა
და რელიგიურ დოგმებზე მაღლა დგას. ადამიანს გამარჯობას რომ ეტყვი, სიკეთეს რომ უსურვებ და პასუხად ბუტიაობას
მიიღებ ... მეტი რაღა ვთქვა ... ცხოვრება ყველას თავის გზაზე გაიყვანს J.
ბევრი ღრიანკალი, მაგრამ არა ყველა, სტერეოტიპული აზროვნებით და კლიშეებით
გამოირჩევა, კონსერვატორია. მათთვის მთელი სამყაროში დასაყრდენი მხოლოდ სიყვარულია,
იდეალური და ცეცხლოვან-ვნებიანი სიყვარულისთვის იბადებიან, რადგან მათთვის სასიყვარულო
ურთიერთობები იგივეა, რაც მანქანისთვის საწვავი. მტრისას თუ ღრიანკალს სიყვარულის ობიექტი
არ ყავს ან თვითონ არ არის ვინმეს ტრფობის საგანი, მათთვის ეს სამყაროს დასასრულს გავს,
ფრთანათელი ანგელოზებიდან უცებ იქცევიან ცბიერ, გაბოროტებულ და შურისმაძიებელ დემონებად.
შურისძიების დროს კი ღრიანკალი ერთი გამოცდილი პრინციპით მოქმედებს, რომელსაც ე.წ.
ცივი კერძის პრინციპი ჰქვია, ამიტომ ყოველგვარი შხამის ანტიშხამი არსებობს და ყველაზე
კარგი ანტიშხამი ღრიანკლების საწინააღმდეგოდ მოთმინება, სიფხიზლე და დისტანციის დაცვაა!
... ნუ, არსებობს კიდევ ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ანტიშხამი, მაგრამ ეს რომ
გავამხილო, მერე ანტიშხამის ანტიშხამს გამოიგონებენ, კარგად ვიცნობ მაგათ ნატურას J ...
ასეა ... ღრიანკლების თემა პრაქტიკულად ამოუწურავია
და ახლა დროა გავჩერდე J
... ამ მოკლე სივრცეშიც საკმარისი ითქვა.
ისევ დიდი ღრიანკლის და ჩემი სულიერი პაპის სიტყვებით
დავასრულებ:
,,დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,
და ყვავილების არის მრავლობა,
დღესავით არის ჩემთვის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამოვალობა’’
...
არ გემშვიდობებით, ღრიანკლებო, ჩვენი შეხვედრა გარდაუვალია
მაინც J ...
კ. კოლხი
15.07.2012
წ.
ფრანჯისტანი,
აკლდამასავით ცივი სიმშვიდე.
Comments
Post a Comment