ძმა, ტკბილი შხამი, პარიზი


ძმა, ტკბილი შხამი და პარიზი


მალე კვლავ შეიყრებიან ძმები, ქართველნი, აფხაზნი,
განიმრავლებენ სიყვარულს, სათქმელი დარჩათ ათასნი ...


პარიზზე რა უნდა დავწერო ისეთი, რაც არ დაწერილა, რაც არ თქმულა ... ყველას თავისებურად უყვარს პარიზი.

პარიზზე რომ რამე დაწერო, პარიზს უნდა ეკუთვნოდე და პარიზი უნდა გეკუთვნოდეს, გულში უნდა ფართხალებდეს და არ გასვენებდეს. სწორედ ასეთია პარიზი, არ გასვენებს, უცნაური ხიბლი აქვს. რამდენი წელიც არ უნდა იცხოვრო პარიზში, ყოველი გათენებული დილა მაინც ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებს და მიგახვედრებს, რომ ,,არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვითა ღვთის,, , რომ ცხოვრება შეიძლება გაატარო სილამაზის ჭვრეტით, ფაკირის დუდუკის ხმაზე გაშეშებული კობრასავით.


ფრანგული ტელევიზიით გადაცემა გადიოდა საფრანგეთისა და კერძოდ, პარიზის მულტიკულტურულ ცხოვრებაზე. საფრანგეთი ყოველთვის  გამოირჩეოდა ემიგრაციის ერთ-ერთი მაღალი დონით, სადაც თითქმის მთელი მსოფლიოს ყოველი კუთხიდან ჩასულ ემიგრანტებს ჩაჰქონდათ თავიანთი რელიგიისა და ეთნიკური სუბ-კულტურული ტრადიციები, რაც შემდეგ საერთო ფრანგულ ტილოს თავისებურ შტრიხებით ამდიდრებდა, თუმცა ტილო ისევ ფრანგული რჩებოდა მუდამ. საფრანგეთში არ არსებობს ეროვნული უმცირესობის ცნება, რადგან ყველა ფრანგია, თუმცა რელიგიურ დიფერენციაცია ვერ წაიშალა, რადგან თავად ფრანგების უმეტესობა ათეისტია. ერთ-ერთ ფრანგ საზოგადო მოღვაწეს, ფოტოგრაფსა და ჟურნალისტს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ტოლერანტული პოლიტიკის შესახებ კერძოდ ისლამური კულტურის წარმომადგენლების შესახებ, რომ თუ იყო შესაძლებელი პარიზი გამხდარიყო ისლამის კულტურის ერთ-ერთი ცენტრი. რეპსოდენტი არ დაიბნა და უპასუხა ფრანგული ტაქტით, ღიმილითა და თავაზიანობით, რომ თუ ვინმეს უნდა პარიზი გადააქციოს ქაბულად, მაშინ იქნებ აჯობებდეს ქაბული გადააქციოს პარიზადო... ასეთია თავად ფრანგული დიპლომატიაც, თავაზიანობა, ღიმილი და მოჩვენებითი კეთილგანწყობა გამყარებული ატომური იარაღით!
.....
ახლა, ამ წუთას რას დავაკვირდი თუ იცით? მიხარია პარიზზე წერა. 
არ ვიცი რა მახარებს. რეალურად რომ ვიმსჯელოთ აქ არაფერი ჩემი არ არის, მაგრამ მაინც მიხარია! 
პასტელურ განწყობაზე ვდგები, მკვეთრი ფერები იცრიცება ნახევარტონებში და ვხდები, რომ სამყაროს მართლაც სილამაზე გადაარჩენს. 
ადამიანია თავად სამყარო, ხოლო პარიზი ადამიანის სულია, ქვაში გაცოცხლებული სილამაზე!... 

თუ კარგად დააკვირდებით, ჰაერში სავსეა იმპრესიონისტული პალიტრის ფერები. მონეს, დეგას, სინიაკს, სეზანს, გოგენსა და სხვებს უბრალოდ უნდა დაენახათ და ტილოზე გადაეტანათ პარიზის ზეცის მრავალფეროვნება და კაცობიობისთვის დაეტოვებათ უკვდავი შედევრები.

პარიზის ქუჩები, სახლების აივნები, სადარბაზოები და ეზოები სავსეა ღიმილით და მშობლიური სითბოთი, რომელიც თურმე, გულის სიღრმეში, სულ გენატრებოდა. დღევანდელ კოსმოპოლიტურ მეგაპოლისს 21-ე საუკუნეშიც არ დაუკარგავს ის პეწი და შარმი, რომელიც საბჭოთა სულიერ კონცლაგერში დაბადებულებს ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-80-იანი წლების პოპულარული ფრანგული ფილმებიდან გვახსოვს, რომელიც თავისუფლებას, რომანტიზმს, ესთეტიკას, სინატიფეს გვანატრებდა და გვაყვარებდა უხეშ, მრუმე, საზარელ საბჭოთა ნაცრისფერ ქვაბში, საიდაანც ისე ვლამობდით ამოხტომას, როგორც მოსახარშად განწირული თევზები და ველტვოდით თავისუფლების უსაზღვრო, მსოფლიო ოკეანეს. 

თუმცა სიმართლესაც თვალი რომ გავუსწოროთ, პარიზის არქიტექტურაში, მეხსიერებაში ჩარჩენილი, იმ ჩემი ბავშვობის დროინდელი რომანტიკული ეპოქიდან  არაფერი შეცვლილა, გარდა ხალხისა და კულტურული მრავალფეროვნებისა.

პირველად რომ მოვხვდი პარიზში, ასე მეგონა უზარმაზარ ისტორიაში ჩავიკარგე, სადაც ფეთქავდა ევროპის გული, სადაც ერთმანეთს ცვლიდა კელტურ-რომაულ-გალური ეპოქისა თუ შუსაუკუნეების კადრები, ჯვაროსნებისა და ტამპლიერების აჩრდილები, გოთიკური მწუხრი და როკოკოსებრ ფუფუნებაში ჩაძირული ეროტიკული ორგიის მხიარულება, ქუჩის მუსიკოების მიერ აკორდეონზე შესრულებული შანსონები და ფეშენებელური ლაფაიეტის გალერიის ლუქს-მაღაზიების ხმაურიანი, ცხოვრებისეული, მიბნედილი ბლუზისა და მელანქოლიურად ტკბილი ჯაზის აკორდები.  

ყველას თავისებური განცდა ეუფლება, ყველა თავისებურად რაღაცას ადარებს ამ შესანიშნავ ქალაქს, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ისტორია აქვს, სადაც გადაჭდობილია სხვადასხვა ეპოქის, ძველი და თანამედროვე მოდერნისტული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები.


ისტორიკოსები პარიზის დაარსებას ერთ-ერთ კელტურ ტომს მიაწერენ (რომელთაც "პარისიებს" - "parisii"-ს ეძახიან), ჯერ კიდევ ქრისტემდე III საუკუნეში. გაიუს იულიუს კეისრის მიერ გალიის (ძველი საფრნაგეთის ტერიტორიას ასე ერქვა) დაპყრობის შემდეგ, ძვ.წ.აღ-ის I საუკუნიდან იწყება რომაელების ჩასახლება სენ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. იმხანად პარიზს ლუტეცია ერქვა, ხოლო შემდეგ გალურის გავლენით ლუტეს’ -ს (Lutèce) ეძახდნენ. პარიზის განვითარება რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, გერმანული ტომების, ფრანკების შემოსევების პერიოდში შეჩერდა. სწორედ რომაელთა ბატონობის ბოლო პერიოდში ეწოდა ლუტეციას პარიზი.

არის კიდევ ლეგენდა, რომ პარიზი დაარსებულია ტროადან გამოქცეული პრიამოსის უმცროსი ვაჟის, ჰექტორის ძმის – პარისის მიერ. თუმცა ამ ლეგენდას არანაირი კულტურულ-მატერიალური დადასტურება არ გააჩნია, გარდა კერძო და გეოგრაფიული სახელების ფონეტიკური მსგავსებისა.

იმდენად მრავალფეროვანია პარიზის ისტორია, რომ მას ამ მოკლე სტატიაში ვერ ამოვწურავთ. დაწყებული რომაული ეპოქიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე მასში ბევრია სისხლი, აღფრთოვანება, აღმაფრენა, რევოლუციები, სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირებები, გროტესკული, რომანტიკული, სასიყვარულო და კომიკური ისტორიებიც, ჩემთვის კი პარიზი ერთი დიდი ბოჰემაა, კრუასანისა და კარტ-ნუარის სუნით, ედიტ პიაფის, შარლ აზნავურის, მირეი მატიეს, დალიდას, პატრიკ ბრუელისა და ჯო დასენის გულიანი შანსონების ჰანგებით გაჟღენთილი, ალენ დელონისა და ჟან გაბენის, მიშელ მერსიესა და ბრიჟიტ ბარდოს, ემანუელ ბეარის, ჟან-პოლ ბელმონდოს, რობერ ოსეინის, პიერ რიშარისა და ლინო ვენტურას ტიპაჟებით გაცისკროვნებული, რომელსაც დღევანდელი ბაბილონის აღრეული ჰიპერკულტურულ ვითარებაშიც კი, არ დაუკარგავს თავის უნიკალური შარმი, კოლორიტი და უძველესი დროიდან დღემდე ჩაკირული რომანტიზმის აურა. 

პარიზი ჩემი მარადიულად ახალგაზრდობის სულის განმეორებული ისტორიაა, როგორც იტყვიან სიყრმის დედაქალაქი, ერთადერთია და დაუვიწყარი, რომელიც მარადიული სიყმაწვილის სასიამოვნო მოგონებების ჩაჭედილი ლურსმანივით ტვინში შეუხორცებელ ჭრილობას ტოვებს და გულში კი ნოსტალგიის უზარმაზარ უფსკრულს ... ნოსტალგიას – იმიტომ, რომ არაფერი ისე მწარედ არ უყვარს ადამიანს, როგორც საკუთარი მარადიული ახალგაზრდობა და პარიზი სწორედ ამ ახალგაზრდობას გჩუქნის, სურვილს გიჩენს უსასრულოდ იბოდიალო და საყვარელი ქალის სხეულივით დეტალურად შეისწავლო, დატკბე მისი სიშიშვლითა და ყოველი უჯრედით. ქალის სხეულივით რბილია და თბილი მისი ჰაერი, გრაციოზული და მაცდური, ამიტომაც ვეძახი მას ტკბილ შხამს...

ერთი პატარა ისტორია გამახსენდა, რომელიც სავსეა სიხარულით და ამავე დროს ირონიული ტრაგიზმით. პარიზში ვიყავი რაღაც საქმეზე და ერთ-ერთ ბისტროში შევედი თურქული ქებაბის შესაკვეთად. გამყიდველი თურქი ბიჭი იყო, ტიპური ოსმალო, შავტუხა, სხარტი მოძრაობებითა და თურქული აქცენტით. ქებაბი რომ შევუკვეთე, გამოველაპარაკე კიდეც, შენი მეზობელი ვარ მეთქი, გურჯი. თვითონ გირესუნიდან ყოფილა წარმოშობით. ამ ლაპარაკში შიდა ოთახიდან ერთი კაცი გამოვიდა, ასე 50-55 წლისა, მაღალი, ჭაღარა წაბლისფერთმიანი, ნათელი სახით, ცისფერი თვალებით. გვიყურებდა და გვისმენდა ყურადღებით. მაგრამ ეს კაცი თურქს არ ჰგავდა აშკარად. ცნობიმსოყვარეობამ მძლია და ვეკითხები ამ კაცს, ლაზი ხომ არ ხარ მეთქი. გაეღიმა, არაო ... თუმცა არც არაფერი მიპასუხა და ღიმილით მიყურებს ისევ. მეც უფრო ინტერესში ჩავვარდი და ახლა ვცდილობ გამოვიცნო საიდანაა, რა ჯიშისაა. გურჯი თუ ხარ მეთქი და არაო ... აბა რუსი ხარ მეთქი და შევატყვე ეწყინა ... არადა არ მეუბნება საიდან არის.

რა ჯიშისა და ჯილაგის ადამიანი არ მინახავს, ჩუქჩით დაწყებული, აზიისა და აფრიკის ჯუნგლებიდან გამოქცეული პაპუსებით დამთავრებული, მაგრამ არა ფრანგი, არა არაბი, არა ებრაელი, არა თურქი, არა ლაზი, არა გურჯი ... აბა ვინ ხარ, რა გაცინებს მეთქი და ყველაზე მოულოდნელი რაც შეიძლებოდა შუაგულ ევროპაში გამეგო, ის იყო  – აფხაზი!

გამიხარდა!... ასე მეგონა, ჩემს ძალიან დიდი ხნის დაკარგულ, გადახვეწილ, ღვიძლ ძმას შევხვდი. ახლა ამ წუთას, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, ალეგორიულად მას ერქვა – ძმობა და სიყვარული, მონატრება და ცრემლი, სიხარული და ბედნიერება!

... დამსვა, სტუმართმოყვარედ გამიმასპინძლდა, მომიყვა, რომ მისი დიდი პაპის პაპა გადმოსახლებულა საქართველოდან, ოჩამჩირიდან, აფხაზეთიდან თურქეთში, ხაზი გაუსვა საქართველოდანო. ხოლო თვითონ 25 წელია საფრანგეთში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ფრანგულად ვსაუბრობდით, ის თურქული, მე კი მწარე ქართული აქცენტით. მოჯაჰირი იყო პაპაშენი მეთქი და კიო, მიპასუხა. ერთხელ ვარ ნამყოფი ჩემი წინაპრების სამშობლოშიო, საქართველოშიო, სოხუმი და ქუთაისი ვნახეო, თბილისიცო.

...რასსას თავისებური  ვულკანური თვისებები აქვს და დრო-და-დრო მძლავრი ამოფრქვევები ხდება ხოლმე სულიერ დონეზე.  ის რაც სისხლშია, სანამ ამ სისხლის ბოლო წვეთი არ დაიღვრება ცოდვიან დედამიწაზე, ვერ გადააჩვევ ადამიანს ისტორიულად გამომუშავებულ ქცევებს. ჩემი და იმ აფხაზის შეხვედრა, ჩვენი ერთმანეთისადმი მონატრებული საუბარი სწორედ ამ რასსობრივი იდენტურობისა და სისხლის შემადგენლობის მსგავსების დამსახურებაა, რომლის წინაშე ნადგურდება და ინგრევა წითელი ჯალათების მიერ, ერთი შეხედვით, უმტკიცესად აშენებული გამყოფი რკინის კედლებიც კი. 

სიყვარული ყველანაირ ბნელს, დრომოჭმულსა და ტირანულს აცამტვერებს და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზივით უფკრულში დასცემს სატანისტური კულტის მსახურ ნებისმიერ ბოროტებას, ხელოვნურ მტრობასა და გაუცხოებას !

ვისაუბრეთ და ის დღე ისე ჩამთავრდა, რომ გაოგნებული გამოვედი ბისტროდან. ყელში ბურთი მეჩხირებოდა სიხარულისა და ამევე დროს, სიმწრისა და სიბრაზის. ეიფორიისგან აღარც მისი სახელი მახსოვდა უკვე, თუმცა მახსოვს, რომ გვარი ,,იფა,,-თი მთავრდებოდა და არც ის მომაგონდა, რომ  კოორდინატები დამეტოვა. განცდა დამეუფლა, რომ ინტრიგანი  და ნესტიანი გადამთიელის ენის ტლიკინით წაკიდებულ ძმებს, სენა, პარიზი, საფრანგეთი და ევროპა ისევ გვაერთებდა, თითქოს გვეუბნებოდა: "ჰეი, თქვენ, ერთი დიდედის შვილიშვილებო, თქვენი საერთო მომავალი აქაა, ევროპის ჭერქვეშ!"

როგორ მინდოდა იმ წუთას სენის კი არადა, რიონის, ენგურისა ან მტკვრის პირას გვესერინა ჩვენ, მონატრებულ ძმებს და ერთად გვეშენებინა ბედნიერი, ერთიანი ქვეყანა!

ამ შეხვედრიდან გავიდა დრო. 
ისე გამოვიდა, რომ პარიზში კაი ხანი აღარ ვყოფილვარ და ერთი წლის შემდეგ ისევ მივაკითხე იმ ბისტროს, წინასწარ კარგი განწყობა მქონდა, ახლა კი ნამდვილად ჩავიწერდი მის კოორდინატებსაც და აღარ დავკარგავდი, მაგრამ იქ ახლა სხვა თურქები დამხვდნენ. ჩემი სულიერი და ჯიშიერი ძმა რომ მოვიკითხე, ასე მითხრეს ანტვერპენში გადავიდა სამუშაოდ, იქაც აქვს ბისტრო გახსნილიო... ხასიათი და განწყობა ისე გამიფუჭდა, პარიზის თბილი, გაზაფხულის სისხლით ადუღებული ქალივით მომზირალმა მზემაც ვეღარ მიშველა ...  

სადაც არ უნდა იყოს ჩემი აფხაზი ძმა, ის ჩემს გულში იქნება მუდამ! მისმა სიკეთემ, სტუმართმოყვარე ღიმილმა, იმ დღეს სამშობლო გამიერთიანა!...

გული მიგრძნობს, ახლოა დრო, როდესაც ჩვენ, ჩემო ძმაო, ჩემო კეთილო აფხაზო, ისევ შევხვდებით და უკვე ვროპული სოხუმისა და ფაზისის მზიან ზეცას ვაჩუქებთ ღიმილსაც და ძმობის ყიჟინას! ... კოლხეთი ბებიაა ჩვენი, აფხაზეთი და ეგრისი – ჩვენი დედები, ხოლო საქართველო – ჩვენი ჭაღარა და ომებში დაქანცული, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც გაუტეხელი, მუხლჩაუხრელი და მარად ცოცხალი მამა, რომელსაც ჩვენ, მისი უძღები შვილები, ქართველები და აფხაზები, ერთგული ძმობითა და სიყვარულით, აუცილებლად ერთად მოვეფერებით, ერთად მოვუვლით, ერთად დავამშვენებთ და ერთად ავაშენებთ!
 
 

კ. კოლხი

30.07.2012 წ.
მდინარე სენის სანაპირო.
პარიზი, საფრანგეთი.

Comments