ზოდიაქოსოფია. თავი II. კურო - რომანტიკული სურეალისტი

ზოდიაქოსოფია

ავტობიოგრაფიული კომიკური პუბლიცისტიკა



შესავალი
აღნიშნული პუბლიკაციების კრებული არის კონკრეტული პერსონაჟების შესახებ მოკლედ გადმოცემული დახასიათებები, რომლებიც ძალიან სუბიექტური თვალთახედვაა, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და შესაბამისად არ გააჩნია არავითარი პრეტენზია ასტროლოგიის ზუსტ ცოდნაზე. ამ შემთხვევაში ასტროლოგიური ალეგორიები უფრო ლიტერატურულ ხერხადაა გადმოყენებული. უფრო მეტიც, ასტროლოგიას იმ სახით, რა სახითაც ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება საზოგადოებაში, ცრუ მეცნიერებად მიიჩნევ. რა თქმა უნდა არსებობს პლანეტებს შორის უერთიერთზეგავლენის სრულიად ცხადი კანონზომიერება, ეს აშკარაა, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნებით და თუნდაც პირადი ასტროლოგიური რუქებით ადმიანის შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია, ვინაიდან მტკიცედ წამს, ყოველშემთხვევაში ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
... ასევე, არ მაქვს პრეტენზია ლიტერატორობაზე, ამიტომაც აქ ბევრია სლენგი და ჟარგონი. უბრალოდ დრომ მოიტანა და მინდა რაც სათქმელი მაქვს კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ზოგის მიმართ დადებითი და ზოგიც უარყოფითი, ვთქვა თავისუფლად და ყოველგვარი ფილოლოგიური ფორმალობების გარეშე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი გნსაკუთრებული პრეტენზიული ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველს. თავიდან არც ვაპირებდი ეს ყველაფერი რაიმე კანონზომიერი ფორმით შემეკრიბა და სისტემატიზაცია მიმეცა. ასე გამოვიდა, რომ ერთ სათქმელს მეორე მოჰყვა და ასე გაჩნდა ერთიანი დასახელებაც და სხვადასხვა თავებიც. 

კ. კოლხი



თავი II. კურო - რომანტიკული სურეალისტი




მაშ ასე, მეგობრებო, გადავედით კუროებზე ... მართალია ისეთი მწვავე არ გამომივიდა, როგორც ვერძების აღწერა, მაგრამ არ მაძლევენ კუროები სიმწვავის საბაბს, პირიქით ჩემს მარსს კუროების ვენერა ალერსით ათრობს და ამშვიდებს ხოლმე :).





თქვენ გჯერათ უბრალო, ლოგიკურ მეცნიერულ ახსნას ვერ დაქვემდებარებული და უცნაური დამთხვევების ? მე მაგალითად იმის მჯერა, რომ დამთხვევები არ არსებობს და რადგან ზოგიერთი მოვლენის ახსნა რეალისტურ საზომებს არ ექვემდებარება და სურეალისტურ სივრცეშია მისი არსი საძებნარი.

რა არის ჯოჯოხეთი ? ალბათ ამაზე ბევრი დაფიქრებულა და ბევრსაც თავისებური წარმოდგენა აქვს. ერთ-ერთ სიუჟეტს ვუყურე ტელევიზიით, სადაც აჩვენეს ვიღაც ამერიკელთან ინტრევიუ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან ღვთის დაშვებით დატოვა სხეული და ნახა ჯოჯოხეთის მთელი საშინელებები. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ღმერთზე, მის ყოვლისშემძლეობაზე და გვწამს კიდეც ამის, მსგავსი მოვლენა სავსებით შესაძლებელია, რატომაც არა ?!

ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ სიყვარულის არარსებობა არის ჯოჯხეთი, რომელიც მე გამოვცადეო. მართალიცაა, განა მეტი რა უნდა იყოს ჯოჯხეთი, თუ არა უსიყვარულობა, მისი გაზიარების შეუძლებლობა და მარადიული მარტოობა. ეს ბიჭი, რომლისათვისაც სამყაროს სასტიკი რეალობის შემსუბუქება სურეალისტური ალტერ-სამყაროა და რომლისთვისაც სამოთხე კონკრეტულ ადამიანში განხორციელებული სიყვარული იყო, ზოდიაქოთი კუროა. საკმაოდ მგრძნობიარე და ემოციურია. უყვარს ხელოვნება და დიდი სული აქვს. რაც მთავარია ძალიან კეთილშობილია.

მიუხედავად იმისა, რომ კუროებთან ჯიგრული ურთიერთობა მაქვს, ხანდახან უაზრო სიჯიუტით ნერვებს მიშლიან ხოლმე, თან კიდევ მაგათი სიჯიუტეც იმაში გამოიხატება, რომ ერთი და იგივეს თქმა უყვართ მილიარდჯერ, ეგაა რა.

ჩემი შვილიც კუროა, გოგოა, უყვარს პრანჭვა და ლაპარაკი, ყელის იოგები განვითარებული აქვს, იმდენს ლაპარაკობს ხანდახან, ვფიქრობ ტვინში რაღაც ზუზუნი ჩამესმის და საიდან არის მეთქი ... ლაპარაკობს კი არა, ყური რომ დაუგდო, მაგის ლაპარააკი არის ზუზუნი ... დადის და დზუზუნებს თავისთვის. რომც არ უსმენდე, მაინც. არ აინტერსებს უსმენ თუ არა, წუხდები თუ არა, იოგებს ენერგია ხომ უნდა დაახარჯინოს. კიდევ კარგი ჯერ პატარაა, სულ რაღაც 8 წლის და 6 თვის შემდეგ ზუზუნებს. წარმომიდგენია, ეგ რომ უკვე 40 წლის იქნება, მტრისას, საწყალი მაგის ქმარი ... იმედია ცეცხლის ნიშანი არ ეყოლება ქმრად,  თორემ ვერ ავიტან შვილის ჩაგვრას :)).

ბებიაჩემი კურო იყო, თანაც ქართლელი, გაზრდილი დუშეთში, ანუ მთიულეთში...წარმოგიდგენიათ ? სამმაგად კურო იყო, უფრო სწორად დედალი ბოჩოლა, ლამაზად რომ ვთქვათ :). სანამ თავის ერბოიან წვნიან კერძს არ მაჭმევდა, მანამდე ტვინს მიბურღავდა: ,,ჭამე ქაა, კერძი... ,, , ,,კერძი ჭამე, ქაა... ,, , ,,ქაა, კერძი ჭამეეე? ...,, და რა ვიცი, ათასნაირად იყენებდა ამ საკრალულ სიტყვებს. მეც ბოლოს ტვინი რომ დამილურჯდებოდა, იძულებული ვიყავი ერთი-ორი კოვზი მაინც გამესინჯა. 

წყევლა იცოდა იმისათანა, მტრისას, ადგილზე გაგაშრობდა თაბაშირის მუმიასავით. აბა ახლა თქვენ ქართლელი ტეტია წყევლის გარეშე წარმოგიდგენიათ ? მე არა, უფრო სწორად ვერა და რა ვიცი.

ჰო, კიდევ ის იცოდა: ,,თქვენა ქაა, დასავლეთელებმა რა საჭმელი იცით, კერძი არ გიყვართ, ქაა...,, , ანუ ჭეშმარიტ საკვებად მხოლოდ ქართულ-აღმოსავლური ერბოიანი, ან ზოგადად ცხიმით გაჯერებული წვნიანი მიაჩნდა, რომელიც ნაწლავებს არ ახმობს ! იმერლებმა ან რაჭველების  შემწვარი წიწილა, ლორი და ხაჭაპური ... მაგის აზრით საკვებად უვარგისი იყო. ისე, ბებიაჩემმა 90 წლამდე კი იცოცხლა თავისებური კვების რაციონით და ასე 83-84 წლამდე კბილებს ჯაგრისითაც იხეხავდა, მერე ცოტა კი მოტყდა...

ქალებს პრანჭიაობის ჩვევა ღრმა სიბერემდე შერჩებათ ხოლმე. დადგებოდა ეს მოხუცი ქალი სარკის წინ და იმეორებდა ჩვენს გასაგონად: ,,უი ქაა, იმ დღესა, ერთმა კაცმა შამამხედა ქუჩაში, ასე მითხრა: 16 წლის გოგო მეგონეო, ქაა ... იი, მეხიმც მაგას დაეცეს, ეგ გაოხრებული ეგა, რაღა დროს ჩემი გოგოობაა,, , პრანჭიკელურად ჩაიღიმებდა ხოლმე და მერე გვკითხავდა: ,,მიხდება ე კაბა, აბა შამამხედეთ ... ,, : ) :). აი, ასეთები არიან კუროები, დიდ ყურადღებას აქცევენ ზოგადად სილამაზეს. სხვანაირად არც შეიძლება, ისინი ხომ ვენერას შვილები არიან, თანაც მარსისგან გაჩენილები ... სავარაუდოდ ... ნუუ, ჭორის დონეზე ასე ამბობენ :)).

უყვართ კუროებს სამზარეულო და რაც მასთანა რის დაკავშირებული. გურმანები არიან, ქალები საოცრად ნატიფი და თბილი გულის პატრონები არიან, იციან სიყვარული ძალიან ძლიერად. კურო ქალზე სხვა რა ასოციაცია უნდ აგამოჩნდეს, თუ არა ოდრი ჰეპბერნი - ქალური სითბოს, სილამაზისა და სინატიფის უბადლო შედევრი !

კაცები დიდი სულის პატრონები არიან, ხელოვნებისა და ფილოსოფიის ხალხია. ბაბუა, იმერელი კაცი, აზნაურისშვილი მყავდა, ისიც კურო იყო. მაქსიმუმ რაც მას შეეძლო გაბრაზებისას ეთქვა და თანაც ძროხისთვის, ეს იყო უწყინარი ,,უხ, შე შობელძაღლო, შენ მიაკვდი შენს პატრონს,,-ო, ისიც მაშინ როცა ძროხა თავისი დაუმორჩილებლობით თუ ნერვებს მოუშლიდა, მაგალითად იქეთ კი არა, აქეთ გაუხვევდა, ან კიდევ კარალიოკის ხეს მიადგებოდა და ფოთლებს მიწვდებოდა დრუნჩით.

საოცრად ინტელიგენტი კაცი იყო ბაბუა, უსაზღვრო განათლების და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული. უმშვენიერესი ხმა ჰქონდა, ნამდვილად არ ვაქებ, იმიტომ რომ ბაბუაჩემია, მაგრამ ჰამლეტ გონაშვილს მაგაზე უფრო ხარისხიანი ხმა არ ჰქონია. კაცი იყო საოცრად ერთგული ბუნების, ძალიან უყვარდა მეუღლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 10 წელიწადში, ახალგაზრდა მიყვა იმ ქვეყნად, დარდისაგან კიბო გაუჩნდა...

კუროები აზარტული ხალხია, ტემპერამენტი ხელს უწყობთ, ხელოვნებაში და ფილოსოფიაში ძალიან ინდივიდუალური წარმოდგენები აქვთ. შეუძლიათ ღრმა და ყოვლისმომცველი სიყვარული,  პლანეტა ვენერას გავლენით. ღრმა და ყოვლისმომცველი აზროვნება და ფილოსოფია აქვთ. სიყვარულის დაკარგვას სამყაროს დასასრულად აღიქვამენ და მიდრეკილი არიან მელანქოლიისაკენ, რომელიც ღრმა დეპრესიაშიც შეიძლება გადაიზარდოს და რასაც მათ ფიზიკური ჯანმრთელობის ასპექტში ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ერთი მეგობარი მყავს კურო, ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ბოჰემური აზროვნების ტიპია, რაც ხანდახან სიზანტეში გადასდის, ამავდროულად ძალიან ემოციურია. ზოგადად კუროები კომფორტის მოყვარული ხალხია, შესაბამისად მდიდარი ფანტაზიაც აქვთ. მხატვრობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურო იყო - სალვადორ დალი. შეხედეთ დალის ფანტაზიებს და მიხვდებით თუ რითი ცხოვრობს კურო - ემოციებით, განცდებით, სილამაზით, სიყვარულით, სინატიფით.

ვფიქრობ, რომ რამე გავიხსენო უარყოფითი კუროებზე, ან ვინმე უარყოფითი ტიპაჟის კურო მსოფლიო ისტორიაში. ვერაფერი გავიხსენე. ერთად-ერთი შეიძლება ლენინზე მსჯელობა, თუმცა ესეც სადაოა, რადგან ახალი სტილის კალენდრით იგი 22 აპრილსაა დაბადებული და კუროა, ხოლო ძველი სტილით გამოდის ვერძი. მიდი და გაიგე ახლა ვერძია თუ კურო. ორატორობა კუროსი ჰქონდა ლენინს, ხოლო ნგრევისადმი და დასჯისკენ მიდრეკილება კი ვერძის. ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ ლენინის ძმა მეფის რუსეთის სისტემამ შეიწირა, ნიკოლოზ II-ზე, მეფეზე თავდასხმის გამო ჩამოახრჩვეს. გამოდის, რომ ლენინს, ამხელა ინტელექტუალური ენერგიის პატრონს, შური უძიებია საკუთარი ძმისათვის. ჯერ რევოლუცია მოაწყო და მერე მეფის ოჯახი დახვრიტა კიდეც.

კურო ქალებზე რა ასოციცია შეიძლება შეიქმნას კაცმა ?! ... მე მაგალითად კურო ქალზე მახსენდება ვარდის ფურცლები მიმობნეული თეთრეულზე, რომელზეც ნატიფი, კეთილთვალება, თბილი და რა თქმა უნდა სექსუალური დედალი ბოჩოლა წევს, რომელიც ელოდება ასევე სიყვარულს, ალერსს, კეთილშობილებას, სიკეთეს ... თითქოს სხვა ქალი მათრახს ელოდებოდეს, თუმცა მეორეს მხრივ, მაზოხისტებს რა დალევს :).

არა რა, საოცრად კეთილი ხალხია კუროები და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ აღმოვაჩინე მათში რაიმე სახის განსაკუთრებული ნეგატიური თვისებები. ვიხსენებ და ვინმე უარყოფითი კურო მინდა გავიხსენო, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია ... ვერავინ გავიხსენე.

მაგრამ ... მაგრამ,  ყველას გირჩევთ, არ გააბრაზოთ კურო, თორეემ...მტრისას ! თუ ნამეტანი წითელი ნაჭრები უფრიალეთ თვალწინ, აი, მერე ეს უწყინარი ბოჩოლები ნამდვილ მინოტავრებად იქცევიან ხოლმე. ასე რომ მოფერების მეტი არაფერი დაგრჩენიათ, მოეფერეთ ბოჩოლებს ! 

მე მინახია კუროს აფეთქება. მაგარი სანახაობა იყო, ცოტა კომიკურიც.

ერთი ბიჭი, კურო, თავისთვის რაღაცას ფუსფუსებდა, საქმიანობდა, შრომობდა. ერთი ვიღაც შეუჩნდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტვინის ნერვი გამოღადრა თავისი უზნეო საქციელით. ეს კურო-ბიჭი, ტანმორჩილი ბიჭია, დიდი მუსკულატორული მონაცემებით არ გამოირჩევა, მაგრამ საკმაოდ მკვრივი აღნაგობა აქვს. ეს მეორე კი აყლაყუდა ტიპი იყო, გრძელ ხელ-ფეხება. უთმინა კურო-ბიჭმა ამ ტიპს, უთმინა და უთმინა...იმანაც უკვე ჩათვალა რომ ეს ბუნჩულა კაცი ბარემ ჩემს ენასაც აიტანსო და მიაყოლა ლანძღვა...მოკლედ, ეს კურო-ბიჭი აფეთქდა, მარა რა აფეთქდა .... იმხელა ლეწა ყურის ძირში ამ ამბალს, რომ ტიპი შეტორტმანდა, მოულოდნელობისაგან გაოგნებული დიდხანს ვერ გამოერკვა თუ რა მოხდა, ბოლოს ამხელა კაცი, არც მეტი არც ნაკლები ... გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით :). სამწუხაროდ არ ვიცი, ზოდიაქოთი რა იყო ეს ამბალი იმბეცილი, მაგრამ ბოგანოებს ზოდიაქო არ აქვთ, მაგათი ზოდიაქო არის თოხი და ყანა. ასე იყო ამბავი კუროთ მრისხანებისა :) ...

გრეგორი პეკი და რომაული არდადეგები თუ გახსოვთ, ვერძი იყო ეგ კაცი, რა ინტელიგენტურია, ოდრი ჰეპბერნი ბოჩოლინაა ... ეგ ფილმი კურო-ვერძის ბენეფისია ნამდვილი ! ... დაკვირვებული ვარ, კურო და ვერძი კარგად ეწყობიან ერთმანეთს.

ჯოჯრ კლუნი - ერთ დროს პლანეტის ყველაზე მამაკაცური და სექსუალურ ტიპად აღიარებული - კუროა …

გენიალურ ალ პაჩინოზე აღარაფერს ვამბობ, ჩემზე უკეთ იცნობთ ... რომელი ერთი როლი ჩამოვთვალო მის მიერ შესრულებული, დაიბნევა კაცი ...

ერთი ფილმია, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვუყურებ ხანდახან, იმდენად მძიმედ მთავრდება. ესაა ფრანგული კინოს შედევრი, ორი ლეგენდარული მსახიობის მონაწილეობით, ჟან გაბენისა ( კურო )  და ალენ დელონის ( მორიელი ). ჟან გაბენი აქ ბრწყინვალეა, თუმცა სად არ ბრწყინავს მისი გენია ...

სპარსული პოეზიის თვალსჩინო ვარსკვლავი, ომარ ხაიამი, კურო თუ იქნებოდა არ ვიცოდი ... თურმე ყოფილა !

მახსოვს ბავშვობაში ერთი იტალიური ფილმი გადიოდა, მაფიაზე, ასე ერქვა: ,,რვაფეხა,, , რომელშიც ერთი იდეალისტი გმირი იყო, კომისარი კორადო კატანი, მარტოხელა მებრძოლი უზარმაზარ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან. მის როლს ასრულებდა მიკელე პლაჩიდო. სულ მომწონდა ეს ტიპი, მყარი მორალური პრინციპების ადამიანი ჩანდა და არც შევმცდარვარ, ისიც კურო ყოფილა ... მსახიობი და არა გმირი, თუმცა მისი გმირიც დიდად არ განსხვავდება კუროს ტიპაჟისგან.

მხატვრებიდან უკვე მოგახსენეთ, სალვადორ დალი, ასევე ეჟენ დელაკრუაც კურო იყო.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოების ავტორი - მიხაილ ბულგაკოვიც კურო ყოფილა. დააკვირდით მის ,,ოსტატი და მარგარიტას,,-ს და მერე შეეცადეთ ჩაწვდეთ ბულგაკოვის სურეალისტურ სამყაროს, ბულგაკოვს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სალვადორ დალი ლიტერატურაში !

მეცნიერებაში მარტო ერთ სახელს დაგისახელებთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულის, რომელიც თქვენში უსიამოვნო შეგრძნებებს გააღვიძებს და იმწამსვე სოკო და იაპონია გაგახსენდებათ ასოციაციურ ჯაჭვში, ესაა -  ჯულიუს რობერტ ოპენჰეიმერი, ებრაელი ფიზიკოსი. ვინც ვერ ხვდება რა კავშირშია ოპენჰეიმერი, სოკო და იაპონია, ვიტყვი იმას, რომ ეს კაცი, კურო, დაბადებული 1904 წლის 22 აპრილს, არის ე.წ. ,,ატომური ბომბის მამა,, და ,,მანჰეტენის პროექტის,, ხელმძღვანელი. ახლა ხომ ხედავთ, რომ კუროების ღრმა ნიჭი რა მრავალმხრივ შედეგებს იძლევა - კომიკოსი ფერნანდელიდან ატომისტ ოპენჰეიმერამდე !

მოკლედ კუროებს რა გამოლევს, სამწუხაროდ არც დრო და არც ვირტუალური ფურცლები არ ეყოფა მათ ჩამოთვლას, ამიტომ აქ შევჩერდები.

… მუზები ისე ჩამიქროლებენ ხოლმე, თუ არ დაიჭირე, მერე მომიწევს სპრინტით სირბილი ...

უცებ გადახვევას გავაკეთებ.

მაშ ასე...

დედამიწაზე ორი მადლიანი მიწა ვიცი მე, სადაც სული იკვებება, ესენია - საქათველოს და პალესტინის მიწა ! რატომ გავიხსენე ეს ? ახლავე მოგიყვებით.

კურო და ხელოვნება განუყოფელია, თუმცა კურო პოლიტიკოსები ცნობილები არიან თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით ამა თუ იმ ქვეყნისათვის. მაგალითად ისრაელის ( რომლის დამოუკიდებლობის გამოცხადებაც კუროს ზოდიაქოში მოხდა, ანუ 1948 წლის 14 მაისს ) ლეგენდარული ქალი პრემიერ-მინისტრი გოლდა მეირი, ბოჩოლა იყო ( ქალს როგრ დავუძახო კურო ?! ), რომლის დროსაც ისრაელის სახელმწიფოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო გამყარდა. მის პერიოდში ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა, მოსადმა ჩაატარა მსოფლიოში უნიკალური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით ,,ღვთის რისხვა,, , რომელიც მიზნად ისახავდა მიუნხენის 1969 წლის ოლიმპიადის დროს არაბული ტერორისტული ორგანიზაცია ,,შავი სექტემბრის,, მებრძოლების მიერ ებრაელი სპორტსმენების დახოცვის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დასჯას, რაც შეასრულეს კიდეც. გოლდა მეირის დროს ისრაელმა, 1967 წლის 6 დღიანი ომის შემდეგ, მეორედ დააჩოქა არაბული სამყარო, როდესაც ამჯერად 18 დღიანი ე.წ. ,, იომ-კიპურის,, ომი მოუგო. ამ კონფლიქტზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ გოლდა მეირი ბოჩოლა იყო და მეტი არაფერი ... :).

საერთოდ ისრაელის სახელმწიფოსთან ძალიან აქტიური კავშირი აქვს კუროს. მე არ მჯერა შემთხვევების და ე.წ. უბრალო დამთხვევების თეორიის, მაგრამ ეს ასეა. როგორც მოგახსენეთ, გარდა იმისა, რომ ისრაელის დამოუკიდებლობის დღე მაისში აღინიშნება, მსოფლიო სიონიზმის ფუძემდებელი - თეოდორ ჰერცლიც კურო იყო. ჰერცლის იდოლოგიასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დოგმებზე დაფუძნდა ისრაელის სახელმწიფო.

პოლიტიკა და კუროები ძალიან მგრძნობიარე თემაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, კარგი იქნება თუ პოლიტიური ძალაუფლების მოპოვების ნაცვლად, საკუთარ ნიჭსა და ღრმა აზროვნების უნარს პოლიტიკური ლიტერატურის შექმნაში დახარჯავენ.  მაგალითად პოლიტიკური აზროვნების ,,მამა,, - ნიკოლო მაკიაველი კურო იყო და სხვათაშორის თეოდორ ჰერცლი და მაკიაველი ერთ დღეს, 3 მაისს არიან დაბადებულები.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კუროებისგან, ჩამორჩენილ და გაუნათლებელ საზოგადოების პირობებში ხშირად ყალიბდებიან ისეთი ლიდერები, რომლებიც შემდგომ ძალიან საძულველი და მარაზმატიკული დიქტატორები ხდებიან. უბრალოდ ისრაელის შემთხვევაში გამორიცხულია დიქტატორის არსებობა, რადგან რაც უფრო განათლებულია საზოგადოება და ისრაელის საზოგადოება სწორად ასეთია, მით უფრო გამორიცხულია ამ საზოგადოებაზე ვინმემ ერთპიროვნულად იბატონოს. როგორც წესი, დიქტატორები ევლინებიან უპრინციპო, უზნეო, უდისციპლინო, ქაოსისაკენ მიდრეკილ და გაუნათლებელ, ბნელ ხალხს.

მარაზმატიკი კურო დიქტატორებიდან საკმარისია გავიხსენოთ ლენინი და სადამ ჰუსეინი, რომ უნებლიედ ჩნდება მავზოლეუმის ასოციაცია. ლენინი ხომ ისედაც მკვდარი მუმიაა და ეს მუმია დღესაც კი უამრავი ადამიანის ( და რაოდენ გსაკვირი არ უნდა იყოს, მათ შორის ბევრი თანამედროვე ფრანგი კომუნისტის ) მსოფლმხედველობას მართავს და მათ პოლიტიკურ გემოვნებას აყალიბებს.

სადამ ჰუსეინს და მის თვითშეყვარებული ,,ეგო,,-ს ისტორიას თქვენც კარგად იცნობთ. მახსოვს სადამის ცნობილი კადრები ორლულიანი თოფით ხელში და მისი ამაყი, კომფორტისგან გაფუფუნებული სახე თვითდარწმუნებული ეგოიზმით აღსავსე ... გავიდა დრონი და მისი ამაყი სახე შეცვალა მისივე საცოდავმა, დასაკლავად გამზადებულმა მოზვერისებულმა მზერამ, რომელიც ამაოდ ეძებდა თანაგრძნობას მისივე ახირებებით გამწარებული ხალხისაგან. ერთ დროს შუამდინარეთის ცეცხლოვანი ხარი საწყალობლად ეკიდა ჩამომხრჩვალი და ენაგადმოგდებული თოკზე, რომელიც ერთმა ტეხასელმა კირჩხიბმა ( რომელზედაც მომდევნო თავებში ვისაუბრებთ ) კოვბოიმ სასტიკი და სისხლიანი როდეოს წარმოდგენზე ოსტატურად ჩამოცვა თავზე.

ისე რა სიმბოლურია არა ? გავეშებული არაბული ხარი დაიმორჩილა ტეხასელმა კოვბოი კირჩხიბმა ! ...

მოვრჩეთ დიქტატორებს და პოზიტიურზე ვისაუბროთ.

როგორც იძახიან, საქართველო კუროს ნიშნის ქვეშ არისო, ამიტომაც ხარის კულტი ძალიან მოდაში იყო ჩვენთანო. რა ვიცი, შეიძლება ასეცაა, ახლა ისეთი დროა, ლამის ყველა ფოთლის შრიალს თავისი ასტროლოგიური ახსნა მოუძებნონ და მეც ვღადაობ რა, მეტი რა საქმე მაქვს :). 

მე არ ვიცი, რატომ აღნიშნავენ თამარობას საქართველოში მაისში, ამ დიდი გვირგვინოსანი დედოფლის დაბადების დღე უცნობია, თუმცა მის ტიპაჟს თუ დავაკვირდებით, შეიძლება კუროც იყო, ანუ მაისშიც შეიძლება დაბადებული ყოფილიყო. ამაზე აღარ ვიდავებ, აზრი არ აქვს. ასეთივე წარმატებით დიდი თამარ მეფის თანაზოდიაქოობა შეიძლება კირჩხიბმაც მიითვისოს და სასწორმაც, თუმცა მე მაინც კურო მგონია, რადგან კუროსნაირად არც ერთ ქალს არ გამოსდის ლეგენდად ქცევა, თამარიც ხომ ლეგენდაა, თანაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიში, მახლობელ აღმოსავლეთში და ცივ რუსეთშიც კი ! 

ჰოდა, როგორც მოგახსენეთ, ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობაც 14 მაისს გამოცხადდა და გადახედეთ ახლა მას ! უდაბნოში წალკოტია გაშენებული და რამ გააშენა იგი ? ხარისებურმა შრომამ, შეუპოვრობამ და ღრმა პატრიოტიზმმა. მე არ დავიწყებ დღევანდელი საქართველოს ავ-კარგიანობაზე საუბარს, მაგრამ ფაქტია რა, ორივეგან მადლიანი მიწაა, საქართველოშიც და ისრაელშიც. მე პირადად ნამყოფი ვარ წმინდა მიწაზე და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი სულის საკვები დედამიწაზე ორგანაა, საქართველოშიც და ისრაელშიც.

...მაშ, ასეა საქმეები, მეგობრებო ... დღეს დავიღალე, საკმარისია. ტკბილად და უკოფლიქტოდ ჩავამთავრე კუროებზე ამბების მოყოლა. არც ოხუნჯობა გამომივიდა, რადგან კუროებს სასაცილო არაფერი აქვთ, არც გაბზარება გამომივიდა, რადგან არ           მაბრაზებენ.

დროა დავასრულო ამხელა არზა, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, შოთიკო გვეუბნება, ასე რომ … 

არრივედერჩი ტყუპებამდე !

კ. კოლხი
16.10.2012
ფრანჯისტანის ნესტიანი ვილაიეთი

Comments

Post a Comment