ლიბერალური კავკასია და ფრანგული გაკვეთილები


ლიბერალური კავკასია  და ფრანგული გაკვეთილები



,,სიმართლე გაგათავისუფლებთ’’

,,Veritas Vos Liberabit’’


სკაიპის ჩართვა აღარ მინდა, მირეკავენ საქართველოდან და გმინვის და კვნესის მეტი არაფერი მესმის, დამტენიან ნეგატიურად, დამემშვიდობებიან, გამორთავენ სკაიპს... მერე ისევ, ჩავრთავ, დამირეკავენ, ტვინს გამომიწოვენ ვამპირივით, დამემშვიდობებიან და ასეა სულ... ერთი და იგივე, გმინვა, კვნესა, ღმუილი, ბღავილი და რაზე არ იკითხავთ ? თურმე კანონი ზოგადად სრულდება და იმიტომ ! თურმე გადასახადებს იხდიან და იმიტომ ! თურმე რაღაც-რაღაცეები მოწესრიგდა და ამიტომ ! თურმე ძვირია ცხოვრება და იმიტომ ! ფული არ იშოვება ! შიშია ! უსამართლობაა სასამართლოებში ! არ არის წამლის ფული ! არის ხვალინდელი დღის შიშის განცდა და სრული დაუცველობის შეგრძნება ! ...

ჰო, კიდევ რაღაც წნეხებზე მესაუბრებიან ხოლმე... ალბათ ზოგადად სახელმწიფოს წნეხზე.

ხალხნო, ვინმეს სხვა რამე ჰგონია ევროპა ? აქაცაა გადასახადები, თანაც საკმაოდ სოლიდური წილი შემოსავლისა მიაქვს.

ევროპა არის დასუფთავებული, გალამაზებული და რეკლამით კარგად შეფუთული, მოწესრიგებული ტოტალური კონტროლი ხალხის მასსებზე. აქ რომ წნეხია, ისეთი არ დაესიზმრება საქართველოს ჯერ, თუმცა აქაური შხამი ტკბილია და ვერ გრძნობ სიმწარეს, გგონია რომ არავინ გწნეხავს.

აქაცაა კანონის სიმკაცრე ზოგადად, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამერიკის და საქართველოს კანონმდებლობასთან შედარებით, სისხლის სამართლებრივი სანქციები გაცილებით ჰუმანურია. მაგალითად, აქ 10-15 წელს ძალიან მძიმე კატეგორიის დანაშაულებებზე იძლევიან. კორუფცია აქაცაა ალბათ ზემო ელიტაში, ეს მე არ ვიცი, მაგრამ პროტექცია და ნაცნობობა მოსულა აქაც, თუმცა არაა აქ მასობრივი ნეპოტიზმი, როგორც საქართველოშია. ძვირია აქაც ცხოვრება, თუ ფული არ გაქვს ! .... ფული კი არ იშოვება ადვილად. ამერიკის სპეციფიკას არ ვიცნობ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ორივე კონტინენტზე ცხოვრობდნენ, ამბობენ, რომ ამერიაკში ფული იშოვება ევროპასთან შედარებით. ფულის შოვნაში ვგულისხმობ შრომას, ლეგალურსაც და არალეგალურსაც. ისე საერთოდ შრომის, როგორც ცნების და ადამიანის საქმიანობის, დაყოფა ,,ლეგალურად,, და ,,არალეგალურად,, არასწორად მიმაჩნია. როგორ შეიძლება შრომა ითვლებოდეს არალეგალურად ? ეს დაუშვებელია, არაბუნებრივი და ამორალურია ადამიანის ამ აქტივობის - ზოგადად შრომის ასეთი დაკნინება მორალურად და იურიდიულად. ეს იგივეა, რომ დაადგინონ - ,,ლეგალური,, და ,,არალეგალური,, ქურდობა !

.... მაგრამ არის რამდენიმე დიდი სხვაობაც:

1. აქ არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული და ადამიანის პიროვნული პოტენციალის თავისუფალი განვითარების ძალიან დიდი ხნის კულტურა, რომელიც უკვე საუკუნეებს ითვლის, რაც ადამიანს აქ დაცულობის და მომავლის სიმყარის შეგრძნებას აძლევს.

2. აქ არის მეტ-ნაკლები სოციალური სამართლიანობაც, რაც ასევე ხვალინდელი დღის შიშს გამორიცხავს.


სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის სოციალურ გარანტიებს. თუ ავიღებთ აპრიორად, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ცივილიზაციის განვითარების საფუძველთა-საფუძველი არის ადამიანის პიროვნების განვითარება, რაც შეუძლებელია ადამიანის სოციალური პრობლემების გადაუჭრელობის პირობებში, აქვე ლოგიკურად უნდა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარება მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრის გარეშე, ესაა აქსიომა და არანაირი დავა არ შეიძლება ამაზე !

საფრანგეთში მოსახლეობის უდიდესი ნაწილს 100% სამედიცინო დაზღვევა აქვს, რომელსაც უნივერსალური დაზღვევა ეწოდება და ყველნაირ სამედიცინო მომსახურებას მოიცავს, დაწყებული წამლებით, დამთავრებული ძვირადღირებული გამოკვლევებით, ოპერაციებითა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯებით.

მაგრამ ეს ყველაფერი აქ ციდან არ ჩამოფრენილა ! ამისათვის ხალხმა და კონკრეულმა პიროვნებებმა იბრძოლეს, რომ ადამიანების სოციალური გარანტიები კონსტიტუციურად, ორგანული კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით ყოფილიყო დაცული და მათი სავალდებულო შესრულება უზრუნველყოფილი სახელმწიფო აპარატის მიერ. ამ ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითი იყო ჟონ ჟორესი, სოციალისტური მოძრაობის ლიდერი,  რომელიც XX ს. 10-იან წლებში მოკლეს. სწორედ ასეთმა მსხვერპლმა და წინააღმდეგობების დაძლევამ დაამკვიდრა საფრანგეთში სოლიდარული და ლიბერალური მენტალიტეტი საზოგადოებაში.

მე არ ვიძახი, რომ აუცილებლად მსხვერპლია საჭირო, არამედ ფაქტის კონსტატირებას ვაკეთებ.

ნუ გეგონებათ, რომ  ვინმე ძალაუფლების მქონე ჩინოვნიკი უცებ კეთილი გახდა და ხალხს უფლებები ჩამოურიგა, რითაც თავისი უფლება შეზღუდა. არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში არც ერთი ჩინოვნიკი, მმართველი, რომელიც თავისით რამეს დათმობს. ქართველი მამები ელემენტარულად თავის დამკვიდრებულ მორალურ ძლაუფლებას არ თმობენ შვილებისა და მეუღლეების წინაშე და როგორ გგონიათ, ვიღაც უცხო დაუთმობს რამეს ვიღაც უცხოს ? განსაკუთრებით ძალაუფლებას და უფლებებს ?

ყოველგვარი დათმობა იძულების, ზეგავლენის წესით მოხდა. ესაა ფაქტი, არაფერს ვიგონებ.

...მე ვსაუბრობ ჩინოვნიკთა 99%-ზე, თორემ ისტორიას გამორჩეული პიროვნებებიც ახსოვს, ვისაც საკუთარი ნებით უჩუქებია ხალხისათვის რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები და უფლებები.

ახლა გამახსენდა ლუცუიუს კორნელიუს სულა, რომელიც რომის ისტორიაში პირველი მუდმივი დიქტატორი იყო და რომელმაც გარკვეული მიზეზის გამო თავად დათმო საკუთარი დიქტატორობა. ერთხელაც გამოვიდა ხალხის წინაშე და განაცხადა, მე აღარ ვარ დიქტატორიო ... ხალხი ჯერ გაოცებული შეჰყურებდა, მიჩვეული იყო მის ტირანულ ცბიერებას ... მერე კი ვიღაც პატარა ბავშვი გამოვიდა ხალხის მასსიდან და ყველას გასაგონად შესძახა სულას - ,,მკვლელო !,, ... სულამ მწარედ ჩაილაპარაკა და ისტორიას შეუნახა მისი ცნობილი ნათქვამი, რომ - ,,ამიერიდან არც ერთი დიქტატორი საკუთარი ნებით აღარ დათმობს ძალაუფლებასო,, და ასეც ხდებოდა ხოლმე. იყო მეორე შემთხვევაც, მაგალითად: ფრანცისკო კაუდილიო ფრანკო, რომელმაც ძალაუფლობა ესპანეთის ახლანდელ მეფეს ხუან კარლოს I-ს გადაულოცა ... ახლა ყველას ვერ მოვყვები.

აბა რა გეგონათ, ასეთ კეთილდღეობის მისაღწევად ფრანგმა ხალხმა მსხვერპლიც გაიღო და არა მარტო ჟონ ჟორესი შეეწირა ამას !

საქართველოში კი ელემენტარული სოლიდარული აზროვნება არ არსებობს.


3. აქ არის სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთკონტროლი, რაც ზოგადად აქაური საზოგადოების დამსახურებაა და არა რომელიმე ჩინოვნიკ-ბიუროკრატის, რომლისთვისაც ადამიანი ქაღალდებზე ასახული ციფრია მხოლოდ და არა რაღაც ზე-მატერიალური სულიერი არსება.

4. აქ არის ადამიანთა ტოტალური კონტროლის სისტემა, ისეთი, რომ ვერც იგრძნობს ვინმე პირად ცხოვრებაში. ყველაფერი იწერება ერთ-ერთ ცენტრში, ტელეფონის საუბრები, მიწერ-მოწერაც და ესეც კი, რასაც ახლა ვწერ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უამისოდ ვერ აკონტროლებს ვერავინ ამხელა ბირთვულ სახელმწიფოს და ამხელა ხალხის მასსას. თუმცა არავინ არ ერევა ვინმეს პირად ცხოვრებაში და არც არავის აინტერსებს იგი. უბრალოდ ყველა ძლიერი სახელმწიფო ინფორმაციებით იმართება და ესაა სულ .... ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით. ეს არცაა დამალული , ამაზე სპეციალური სატელევიზიო გადაცემაც კი იყო. ხალხი ამას აღიქვამს ჩვეულებრივ და იციან, რომ სახელმწიფო უშიშროებისათვის კეთდება ეს. თუმცა ამასთან ერთად ადამიანის ელემენტარულ უფლებებს არავინ ზღუდავს და ადამიანთა პირადი ცხოვრება წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია.

5. ადამიანის უფლებები აქაც ირღვევა და მერე როგორ ! მაგრამ აქ ხალხი, პიროვნებები, საზოგადოებაა ძლიერი და არსებობენ სამოქალაქო და სამთავრობო სტრუქტურები, ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ და აღასრულებენ ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირებას და დამნაშავე ჩინოვნიკთა დასჯას, ვინც არ უნდა იყოს იგი, პრეზიდენტი  თუ მიყრუებული სოფლის მერი.

ამ თემაზე სხვა დროს უფრო ვრცლად მოგიყვებით, ახლა უბრალოდ სპონტანურად რაც მინდოდა, ის ვთქვი, რომ იცოდეთ რეალობა ზედაპირულად მაინც.

მთავარი რეალობა კი ისაა, რომ აქაური კეთილდღეობა ია-ვარდების კრეფით კი არ დაწყებულა, არამედ ნამდვილი, სისხლიანი რევოლუციით, ადამიანთა თავების კვეთით, გილიოტინით, უამრავი საზოგადოებრივი მოძრაობებით, მანიფესტაციებით კონკრეტულ სოციალურ საკითხებზე, რასაც მოჰყოლია კიდეც იმაზე უარესი მსხვერპლი, ვიდრე ეს თქვენ საქართველოში გინახავთ და გიკვირთ.

1981 წელს, ფრანსუა მიტერანის, სოციალისტი პრეზიდენტის, დროს გააუქმეს აქ სიკვდილით დასჯა, რომლისათვის გილიოტინას იყენებდნენ ... რა, არ იყო საფრანგეთი 1981 წლამდე დემოკრატიული ? ვერ ცხოვრობდა ხალხი ?

ყველაფერი დრომ და ევოლუციამ მოიტანა და ნუ ელით, რომ საქართველო 8 წელიწადაში გადაიქცეოდა მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის დონის ქვეყნად, ლიბერალური პოლიტიკით და ასე თუ ისე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემით.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ 200 წელი ქართველს არ უაზროვნია სახელმწიფოებრივად და სრულად რომ განიწმინდოს იგი კონცლაგერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნებისაგან, ამას თაობების ცვლა სჭირდება. მოვა ახალი, თავისუფლებაში და ლიბერალურ ფასეულობებზე გაზრდილი თაობა და ხელისუფალიც ამავე წრიდან იშვება.

ახლა კი რაც არის, ეგ არის. კავკასია ოდითგანვე იყო ტოტალური მორალურ-ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთი კერა დედამიწაზე. სულ ომები, სულ შემოსევები, სულ სისხლი ... ეს იყო კავკასიის ისტორია, რომელიც გენეტიკაში აყალიბებს შესაბამის გარემოში ადამიანის თავის გადარჩენის შესაბამის უნარ-ჩვევებს.

ბოლო 200 წელი მონღოლურ-სლავურ რასსის ხალხმა ამ რეგიონში ააყვავა და უსასტიკეს ფორმებამდე აიყვანა კავკასიელების ისედაც მძიმე ხასიათი, რაც უფრო და უფრო სასატიკ ფორმებში ვლინდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა გინდათ ახლა ? ასე უცბად ეს სისხლი და ჩვევები არ განიწმინდება ... ესაა რეალობა.

ყველაზე კარგი, რაც შეიძლება დღეს ბევრმა გავაკეთოს, არის ის, რომ შვილები ავღზარდოთ ლიბერალურ ღირებულებებზე, შემწყნარებლობის და სხვების სოლიდარობის პრინციპებზე , თუ გინდათ რომ მომავალი თაობა უკეთესი იყოს და უკეთესი მმართველები შვას.

მოკლედ, დღეს ეს მეყოფა და მერე უფრო ვრცლად დაგისაბუთებთ რაღაც-რაღაცეებს.

 ა ბიან ტო, მონ ამის ! :)


კ. კოლხი
10.05.2012

ფრანჯისტანის რომელიღაც ვილაიეთი



Comments