მარიტა / Marita


"მარიტა / Marita " 
©Kakha Kolkhi


                           

ნახატის ახსნა:

ძველი ნახატია, მინდოდა ამ სურათის დამთავრება, მაგრამ კონკრეტული  მიზეზების გამო, ჯობია ასე დარჩეს, ნახევრად დახატული.
ამ დღეებში კულმინაციას მიაღწია ქალთა მკვლელობის შემზარავმა ფაქტებმა, ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა. ალბათ ასეთი კულმინაციები, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი და სულაც არ შემოიფარგლება რომელიმე ერის და ქვეყნის საზღვრებით, ადამიანის უნიკალური ერთბუნებრიობის მიზეზით.

ყოველ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ასეთი აგრესიის აფეთქებებს სხვადასხვა კოლექტიური, სოციალ-ეკონომიკური მიზეზი აქვთ, ამ ქვეყნის ისტირიული თავისებურებებიდან გამომდინარე, მაგრამ მოქმედებს გლობალური პრინციპი ყველა ერში და ყველა გეოგრაფიულ არეალში. ის რაც მოხდება დედამიწის ერთ ნაწილში, ადრე თუ გვიან, მოხდება დედამიწის სხვა ადგილშიც. ამ მხრივ, საქართველო არაფრით გამოირჩევა. მსგავსი პრობლემა ბევრ ქვეყანაში იყო, არის და იქნება, სადაც, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას, თავისი მიზეზთა ჯაჭვი აქვს.
ქართულ რეალობაში, გიორგი ლეონიძე იყო ის მწერალი, რომელმაც ,,ნატ5ვრის ხე,,-ში ღიად აღწერა ქართულ საზოგადოებაში, მის სუბ-კულტურაში ჩაბუდებული ქალზე და ზოგადად ადამიანებზე  ძალადობის ფსიქოლოგიური, სოციალური და მატერიალური მიზეზები, ტრადიციები, აგრესიის საწყისები. გიორგი ლეონიძის მარიტა, შეიძლება ითქვას, ლიტერატურული სიმბოლოა  ძალადობის მსხვერპლი ქალის. ამ ნახატსაც ,,მარიტა,, სიმბოლურად დავარქვი, რომელსაც, რა თქმა უნდა ლეონიძისეულ მარიტასთან მხოლოდ სახელი და სიმბოლური გამოხატულება აქვს მსხვერპლის იერსახის.
თვითონ ნახატის სიმბოლიკურ ენას რაც შეეხება:
პირველი იქედან დავიწყოთ, რომ ნახატზე ქალი არ არის, როგორც ბიოლოგიური სქესის მატარებელი არსება, ის არის სიმბოლო საზღვრების უქონლობის, რევოლუციის, ემანსიპაციის, პროგრესის იმპულსის.
ფრთები და სილუეტური ნათება სხეულის და ფრთების ირგვლივ, გაშიშვლებული (ტანსაცმელ შემოძარცვული) ქალი, დაბმული წითელი (სისხლიანი) თოკებით, ესაა ის, როგორი სახითაც ქართული, წარუმატებელი მამაკაცური, ფსევდო-აგრესიული საზოგადოება ლამობს ნახოს მისი თავმოყვარეობის შემლახველი მოგონილი მიზეზის - ქალის ფიზიკური მდგომარეობა მამაკაცის აქტიურობის საზღვრებში, ოჯახში, სოციალურ წრეში და ა.შ. , რისთვისაც წარუმატებელ, შეუმდგარ პიროვნებებს მხოლოდ წამების და დასჯის იარაღები დარჩათ საკუთარი ,,ეგო''-ს ვაკუუმის და თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად: თოკი, მუშტი და პირბადე.
აქ გამოსახულია სიმბოლო ორი საწყისის ბრძოლის: პიროვნული თავისუფლების და კოლექტიური ვალდებულების. ფრთებიანი ქალის დაბმა სიმბოლოა, რისკენაც კოლექტიური ძალადობრივი მორალი მიისწრაფვის, პიროვნული თავისუფლების მუდმივად კონტროლისკენ, ან მისი სრული განადგურებისკენ.
ეს ჩანახატი (რომლის მიხედვითაც შემდეგ სრული ნახატი მინდოდა გამეკეთებინა),  ჯობია დაუმთავრებელი სახით მიეწოდოს მნახველს, უფრო სწორად მკითხველს (რადგან აქ გამოსახულება უცფრო უნდა წაიკითხო, ვიდრე დაინახო) და მნახველის სიმბოლისტურ ინტერპრეტაციებს მიეცეს შესაძლებლობა, ფიქრისთვის, განჯისთვის, მკითხველისვე გონებაში ნახატის დასასრულებლად.

Comments