ქალთა უფლებებზე საქართველოში

"მარიტა / Marita " ©Kakha Kolkhi


ამ ბოლო დროს, საქართველოში, ქალთა უფლებების დარღვევის, ქალებზე ძალადობის და დისკრიმინაციის შესახებ აქტიური და საჯარო დებატები მიმდინარეობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში, როგორც ევროპის უძველეს ქვეყანაში, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ღრმა ფეოდალიზმის ეპოქაშიც კი, იმ ეპოქასთან ადაპტირებული კანონმდებლობის პირობებშიც კი დაცული იყო თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებებში. ევროპულ და ქრისტიანულ სამყაროში, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფოს უმაღლესი მონარქიული ძალაუფლება მემკვიდრეობითობით ერგო ქალს - მეფე თამარს. XII საუკუნის შ. რუსთაველის დიდებული ქმნილება "ვეფხისტყაოსანი" სხვა არაფერია, თუ არა ოდა სიყვარულის, თანასწორობის, ძმობის და ერთობის, იმ იდეალების, რომლებზეც დღეს ევროკავშირი და მსოფლიოს დემოკრატიული სამყარო დგას და არსებობს. სხვადასხვა ენებში  და კულტურებში, ქალ მონარქს, თუნდაც დამოუკიდებელს, დედოფალს უწოდებენ, საქართველოში კი პირიქით, ქალისა და კაცის მემკვიდრეობითი თანასწორობის პრინციპის ხაზგასმით, მეფეს უწოდებენ, ხოლო დედოფლად მოიხსენიებდნენ მმართველი მონარქი მამაკაცის მეუღლეს. სხვა ევროპულ კულტურებში კი მაინც დიფერენციასთან გვაქვს საქმე, მაგალითად იხსენიება: დედოფალი ელისაბედი, დედოფალი ეკატერინე და არა როგორც ქართულშია - "მეფე თამარი", "მეფე რუსუდანი" და ა.შ.

ამრიგად, ქალის როლი ქვეყნის ისტორიაში და ცხოვრებაში, საკანონმდებლო და სახელისუფლებო დონეზე მაინც, თანასწორი იყო მამაკაცთან. ქართულ ენაშიც კი მკვეთრადაა ხაზგასმული სქესთან შორის გენდერული თანასწორობა. როგორც ვიცით, სხვა ევროპული ხალხების ენებისგან განსხვავებით, ქართულში არ გვხდება არსებითი სახელის სქესი და მისი დაყოფა მდედრობით, მამრობით და მითუმეტეს საშუალო სქესებად. ქართველის მსოფლმხედველობაში, კოსმიურ ფილოსოფიაში და სამყაროსეულ ხედვაში, ყოველი სიმყარე, პოზიტიური, სიცოცხლის არსებითი მოვლენები, ცნებები და საგნები, რაც კი რამ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში, ქალთან, კონკრეტულად კი დედასთანაა დაკავშირებული. არ ვიცი, სხვა ენებში როგორ ითარგმნება და თუ გვხდება საერთოდ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა - "დედაბოძი", "დედამიწა" (სხვა ენებში ჩვენი პლანეტა უბრალოდ "მიწად" მოიხსენიება: Terre, Earth, Земля და ა.შ.), "დედაენა", "დედაქალაქი", "დედაკაცი", "დედაბუნება" და ა.შ. 

ერთი სიტყვით, ქართულ კოსმოგონიაში დედის და ქალის როლის შესახებ საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, პირველი ქართული რესპუბლიკის პირველ კონსტიტუციაში, რომელიც 1921 წელს მიიღეს, სრული თანასწორობა იყო გამოცხადებული ქალსა და მამაკაცს შორის პოლიტიკურ უფლებებში, ქალებს ხმის უფლება ჰქონდათ მინიჭებული ჯერ კიდევ მაშინ, როცა დღევანდელი ამერიკის და ევროპის ზოგიერთ ქვეყნაში, რომლებიც დღეს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან, მე რამდენადაც ვიცი, 50-იან წლებში მიაღწიეს უფლებრივ თანსწორობას საზგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მთელ რიგ მიმართულებებში, მათ შორის ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლებასაც. 

საქართველოში მომხდარი ისტორიული კატაკლიზმის - საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, ქალთა და ზოგადად ადამიანის უფლებები ქაღალდზე დარჩა, როგორც ფორმალობა. საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდიდან დაწყებულმა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების რღვევამ  და შემდეგ, 90-იან წლებში, კვლავ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში სრულმა მენტალურმა, ფსიქოლოგიურმა და მატერიალურმა აპოკალიფსმა (რომელიც დღემდე გრძელდება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში), როდესაც სრული ქაოსი სუფევდა კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, სოციალურ და სუბ-კულტურულ ცხოვრებაში თავი იჩინა ისეთმა აზიურმა სიველურემ, რომლის ფესვებიც ჩრდილეთშია საძებნი, ჯერ კიდევ მონღოლთა მომთაბარე, სტეპის ხალხების და ასევე ისლამური კულტურის ზეგავლენაში უნდა ვეძებოთ (ქალის და ალაფის მოტაცება) და ისეთმა ფეოდალურმა გადმონაშთებმა, როგორებიცაა ქალის იძულება ქორწინებისთვის. ქალს განიხილავდნენ (და ახლაც საკმაოდ ხშირია ასეთი შემთხვევები), როგორც საგანს, რომელსაც არავითარი დამოუკიდებელი ცხოვრება და ზოგადადამიანური უფლებები არ გააჩნდა. პრინციპში, მშბლებისგან დამოუკიდებელი ცხოვრება არც მამაკაცებს გააჩნდათ და დღემდე ბევრი მამაკაცი, ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი ეკონომიკურად მიჯაჭვულია მშობელს, რომელიც თითქოსდა ვალდებულია შვილი კმაყოფაზე ყავდეს. საქართველოში საერთოდ პიროვნული დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ადამიანის უფლებები არათუ 90-იან ბნელ წლებში, არამედ დღესაც ბევრისთვის "ჩინურია". 

ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ქალის  და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევისა, არის აღწერილი გიორგი ლეონიძის მოთხრობაში "ნატვრის ხე", სადაც თვალნათლივ წარმოჩენილია ქართულ სოფლებში არსებული მძიმე, აგრესიული, კოლექტიური, ჯოგური ტიპის სოციალური სუბ-კულტურა, რომელიც ულმობლად სრესს და სპობს ინდივიდებს, პიროვნებებს, რომლებიც გაბედავენ დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ცხოვრებას, თვითიდენტიფიკაციას და ა.შ.

ყველაზე სამარცხვინო კომპონენტი, რაც ქალთა უფლებების დარღვევას ახლავდა და ახლავს ახლაც, ესაა ე.წ. მამა-პაპური ტრადიციის ნიღაბს ამოფარებული, ფაქტიურად დაკანონებული და ლეგალიზებული პედოფილია, როდესაც არასწრულწლოვნები, ან სრულწოვანი მამაკაცი და უფრო ხშირად კი არასრულწლოვანი ქალი, ქმნიდნენ ოჯახებს მშობლების მდუმარე თანხმობით და კმაყოფილებით იმ ფაქტით, რომ ''შვილი პატრონს ჩააბარეს". მსგავსი დანაშაულებრივი, კოლექტიური ოჯახური ძალადობა ქართულ რეალობაში, ახლაც, XXI საუკუნის გლობალური ინფორმატიკული ეპოქის პირობებშიც კი არც თუ იშვიათია, განსაკუთრებით პროვინციებში. მახსოვს, 90-იანი წლებში, ქუთაისში, 12 წლის გოგონაც კი მოუტაციათ მასთან ოჯახის შექმნის მიზნით. 

ხშირად კი ასეთი ე.წ. "ბედნიერი ოჯახები" არასწრულწლოვან ქალთან ძალადობრივი გზით სექსუალური ურთიერთობის დამყარების შედეგად იქმნებოდა. თავზეხელაღებული მამაკაცი, მისი მეგობრების დახმარებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, იტაცებდა არასრულწლოვან ან თუნდაც სრულწლოვან გოგონას, ფაქტიურად აუპატიურებდა მას და შემდეგ, ქალის მშობლები (მიუხედავად მისი სრულწლოვანებისა, ქალის დამოუკიდებელ უფლებებზე და ცხოვრებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო), საზოგადოების სუბ-კულტურული ე.წ. ''ტრადიციებიდან" გამომდინარე, იძულებულები იყვნენ, სახელის არშერცხვენის მიზნით, დათანხმებულიყვნენ მოძალადე "სიძესთან" დამოყვრება-დანათესავებას. 

მე პირადად ბევრჯერ შევსწრებივარ ასეთი "დაოჯახების" ამბებს იმ ავბედით 90-იან წლებში. მახსოვს, ერთხელ, 1994 წელს, შუა თბილისში, დღისით-მზისით, უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოდან გაიტაცეს ერთ-ერთი სტუდენტი, პირველკურსელი გოგონა, მისი ცოლად მოყვანის მიზნით. თუმცა ეს ისტორია, იმ გოგონასთვის საბედნიეროდ კარგად დამთავრდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მამამისი პროკურატურის მაღალი რანგის ჩინოვნიკი იყო და იმ დღესვე, პრატქიკულად რამდენიმე საათში მოხდა გამტაცებლების განეიტრელება და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც. ... მაგრამ, წარმოვიდგინოთ, რამდენი ასეთი პოტენციურად და რეალურად გაუბედურებული, გაუპატიურებული და გატაცებული გოგონას ცხოვრება, უფლებები და მომავალი გათელილა ფეხქვეშ, ვისი მამიკოც არ გამოირჩეოდა არც სოციალ-პოლიტიკური თუ თანამდებობრივი გავლენით?!... ასეთი "ბედნიერი" ოჯახების შედეგია ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ: საყოველთაო აგრესიული და გაბოროტებული კოლექტიური სული, ამოფარებული ფარისევლურ და ყალბ რელიგიურ თვითდამშვიდების ნიღბებს, არაფრისმომცემ და ირაციონალურ ფასეულობებს. 

კანონის უზენაესობა და გარდაუვალი სასჯელის არარსებობის ილუზია, საზოგადოებაში ათწლეულების მანძილზე ჩაბუდებულ ბოღმას, ეკონომიკური პრობლემები და სოციალური უპერსპექტივობა გასაქანს აძლევს ისეთ ძალადობის სცენებს ოჯახებში, როგორსაც ვაწყდებით თითქმის ყველგან. თუმცა  ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები არ გამოირჩევა მისი მომატებით, ყოველწლიური სტატისტიკა იგივე იყო რაც 2000-20013 წლებში.  

ბოლო 2 წელიწადში, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც საზოგადოებას ღია, საჯარო დებატებისთვის მანამდე არსებული შიშის ფაქტორი მოეხსნა და თითქმის ყოველი ინფორმაცია გამჭვირვალე გახდა ფართო მასების სამსჯელოდ და საფიქრელად, ნათლად წარმოჩნდა მოქალაქეების, როგორც ღირსებები, ისე ჩვენი საზოგადოების ბნელი მხარეებიც და იმ ძალადობის ისტერიაში, რაც ბოლო პერიოდში ქალთა მკვლელობებით გამოიხატა, იმ მშობლებსაც მიუძღვით თავისი წილი პასუხისმგებლობა, რომლებიც ერთ დროს დუმდნენ და არც იცავდნენ თავის არასწრულწლოვან თუ სრულწლოვან შვილებს, დებს თუ ბიძაშვილებს, უცხო მამაკაცის ძალადობისგან.

ტერმინი "ქალის უფლებები"-ის დიფერენცირება და დისტანცირება ადამიანის უნივერსალური უფლებებისგან არასწორი მგონია. თუკი არსებობს "ქალის" უფლებები, მაშინ ცალკე საგნად უნდა ჩამოყალიბდეს "მამაკაცთა" უფლებებიც, რა დააშავეს "ბებიების", "ბაბუების", "პაპების", "წინაპრების", "ყრმების", "ბიძაშვილების" და .. უფლებებმა, რაც დამეთანხმებით, რომ უკიდეგანო აბსურდია იმ კრეტინიზმს შორის, რომელიც ხშირად გვესმის ირგვლივ! რა საჭიროა ამდენი დიფერენცირება და იმთავითვე ძირშივე უთანასწორობის მუხტის ჩადება ადამიანის უფლებებში, დაყოფა სხვადასხვა ლოკაციებად და საფეხურებად. სანამ საზოგადოება და მისი თითოეული წევრი არ ამოიგდებს ტვინიდან ტერმინებს "ქალის" უფლებებს, "კაცის" უფლებებს და .., მანამდე მუდამ იქნება ძალადობის კიდევ ერთი ფესვი ადამიანებში, რომლებიც არ დაეთანხმებიან ასეთ უფლებრივ და მენტალურ უთანასწორობას, ძალთა ბალანსის დარღვევას ამა თუ იმ სქესის სასარგებლოდ. ჩვენ არ უნდა ვაშენებდეთ არც პატრიარქატს, არც მატრიარქატს, ჩვენ უნდა ვაშენებდეთ უნივერსალურ, თანასწორ, კანონზე დაფუძნებულ სამოქალაქო ცივილიზაციას, სადაც ყველა, ქალიც და კაციც იგრძნობს თანასწორ პასუხისმგებლობას როგორც პირად, ისე მომავალი თაობების და ქვეყნის მომავალზე. სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ერთიანი, უმკაცრესად დაცული სტანდარტები ადამიანის უფლებების და პირადი ცხოვრების. დამატებით შეიძლება იმ სოციალური შეღავათების შემოღება, რომელიც ბიოლოგიური ნიუანსებიდან გამომდინარე ახასიათებს ქალებს და არა, ვთქვათ, მამაკაცებს. სხვათაშორის, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების და მისი ასოცირებული წევრობის პირობებში, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდართებთან ჰარმონიზაციის შედეგად, შრომის კანონმდებლობაში მნიშვნელოვნი შეღავათები დადგინდა ორსულ ქალებზე. მთავრობის მიერ შემოღებულმა უნივერსალური (საყოველთაო) ჯანდაცვის სისტემამ კი საქართველოს მოქალაქე ქალებისთვის პრაქტიკულად უფასო გახადა მშობიარობა. ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა კი  ყოველგვარი უთანასწორობა გამორიცხა, როგორც ქალთა უფლებებში, ასევე სხვა უმცირესობების მიმართაც

როგორც ვხედავთ, საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი რიგზეა, ყველა თანასწორია და არავითარი გენდერულ დისკრიმინაციას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს, რასაც ვერ ვიტყვით სოციალურ წრეებში, განსაკუთრებით პროვინცეიებში ჯერ კიდევ არსებულ ადათ-წესებზე, რომლებიც მტრულ დამოკიდებულებაშია არათუ არსებულ კანონმდებლობასთან, არამედ ზოგადად თანამედროვე ეპოქასთან, ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან და მოგვაგონებს პირველყოფილური, კოლექტიური ინსტიქტის დონეზე არსებულ გვაროვნული წყობილებისთვის დამახასიათებელ ველურ ქცევებს

ერთი ისტორია კი, რომელიც სამტრედიაში მოხდა, მძაფრსიუჟეტიანი თრილერებისთვის სანიმუშო სცენარადაც კი შეიძლება იქცეს და ვფიქრობ, შექპირისეულ "რომეო და ჯულიეტას" ანტი-ნარატივადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს ისტორიაც იმ ავბედით 90-იან წლებში განვითარდა, როდესაც საქართველოში კრიმინალური მენტალიტეტი, კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. "უფროსი კაცები" და "ბიძები" წყვეტდნენ არა მარტო სახელმწიფოებრივ საკითხებს, არამედ ადამიანის სოციალურ-კულტურული და პირადი ცხოვრების ყოველ დეტალს, ისე, როგორც ზემოხსენებულ გიორგი ლეონიძის "ნატვრის ხე"-ში კოლექტიური ციციკორიზმი აკონტროლებდა ქალის საწმერთულის თუ ვაჟის შიბაქის წვრილმან საკითხებსაც კი.  

სამტრედიასთან ახლომდებარე ერთ-ერთი სოფელში მცხოვრებ ერთ სოფლელ ბიჭს, პირობითად - "გურამს", შეუყვარდა მისივე კლასელი და თანასოფლელი გოგონა, პირობითად - "ნინო". გოგონას კი სხვა უყვარდა და იმ სხვასაც, პირობითად - "დათოსაც" უყვარდა "ნინო", ანუ ერთმანეთი უყვარდათ. სკოლის დამთავრებისას, გურამმა ნინო მოიტაცა, გამოაცხადა ცოლად და 3 თვე სამტრედიაში ყავდა ნათესავის ბინაში გამოკეტილი. ნინოს მშობლები თითქოს შეურიგდნენ ფაქტს, მაგრამ მისი ორი ბიძა, მამის მხრიდან, ძალ- ღონეს არ იშურებდა ნინოს გამოსასხნელად. ბოლოს და ბოლოს, არც ნინოს უყვარდა გურამი და ბიძების დახმარებით, მის ნაძალადევ ქმარს ბინიდან გაეპარა და მშობლების ოჯახში დაბრუნდა. გავიდა რამდნიმე წელი, ნინო გათხოვებას აპირებდა მისივე შეყვარებულზე, დათოზე. გურამი კი, შერცხვენილი და დამცირებული, დაუბრუნდა მის ჩვეულ ცხოვრებას. ერთი შეხედვით, თითქოს არც არაფერი მომხდარა გარეშე თვალისთვის, მაგრამ ადამიანის ტრაგედიის და ამ ტრაგედიის გამომწვევი ფიქრების, ვნებების, სურვილების მიზეზები არავინ იცის რეალურად, გარდა მათივე პატრონისა და იმისა, ვისი მიზეზითაც ხდება ძალადობრივი მისწრაფებების გაჩენა ადამიანის სულში. ვერშემდგარი ოჯახის და ნინოს ტყვეობიდან გამოხსნიდან ორი-სამი წლის შემდეგ, სამტრედიის ერთ-ერთ სასადილო-რესტორანში, დარბაზის ორ საპირისპირო კუთხეში მდგარ მაგიდასთან თანმესუფრეების ორი ჯგუფი იმყოფებოდა, პირველ მაგიდასთან ნინოს ბიძები, მამა, მამის მეგობარ-ნათესავები ისხდნენ, ხოლო მეორე კუთხეში, მაგიდასთან - გურამი და მისი ბიძა, ასე ვთქვათ, რუსეთში მოღვაწე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, პირობითაც - "თენგიზ სლეპოი". 

გურამის ჭრილობიან სულში კვლავ გაიღვიძა წარსულის ბნელმა აჩრდილებმა. ბიძამისმაც შეაგულიანა, რომ თუკი ის (გურამი) მოინდომებდა, ნინოს ხელახლა "დაპყრობაში" და საბოლოოდ "ოჯახის" შექმნაში დაეხმარებოდა. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს შელაპარაკება მომხდარა "ორი მაგიდას" შორის. როგორ დაიშალნენ, რა ისაუბრეს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მეორე დილით სამტრედიაში მეხის გავარდნასავით გაისმა ხმა, რომ მატარებლის რელსებზე დაგდებული ახალგზარდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, თავმოჭრილი! ... თავი და ტანი ცალ-ცალკე ეგდო. ამოცნობის შემდეგ, დადგინდა რომ ცხედარიც და თავიც "გურამს" ეკუთვნოდა. ...სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თუ არა, არც ეს ვიცი, მაგრამ არც არავინ დაუსჯიათ ამ ფაქტის გამო, უბედურ შემთხვევად ჩათვალეს და გურამის სიმთვრალეს დააბრალეს ყველაფერი. ... ასე დაესვა წერტილი ამ პატარა პროვინციულ თრილერს. ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური დასკვნები სპეციალისტებისთვის მომინდვია. მე კი, ლ. ტოლსტოის სიტყვებით დავასრულებ "ანა კარენინა"-დან, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყოველ ოჯახურ გაწევ-გამოწევას და პირადი ცხოვრების ტრაგედიას ამა თუ იმ მთავრობას ან კრიმინალის მომატებას აბრალებს, მისივე პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, რომ:

"ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს გავს, ყველა უბედური ოჯახი კი უბედურია თავისებურად...".

კრიმინალი სხვაა და პირადი ტრაგედია - სხვა, პირველის მიზანი ხშირად მატერიალური სარგებელის მიღებაა კანონდარღვევის და დანაშაულის გზით, მეორის მიზანი კი ღმერთმა და ეშმაკმა უწყის მხოლოდ!.. ცოლ-ქმრის პირად ტრაგედიაში პასუხისმგებლობა შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს (გააჩნია ინდივიდუალურ შემთხვევას), აქ არ არსებობს ცალმხრივი მსხვერპლი, განსხვავებით კრიმინალისგან, სადაც ცალსახად არსებობს მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქმედი დამნაშავე და მისი მსხვერპლი.

ამას წინათ, ილიას სახელობის უნივერსიტეტში მომხდარი ახალგაზრდა ლექტორი ქალის საზარელი მკვლელობა მისი ყოფილი ქმრისგან, ჩემი მოკრძალებული აზრით, პირადი ტრაგედიაა ორი ადამიანის, რომელთაგან ერთი მეორის მსხვერპლი შეიქმნა, მეორემ კი (თავმდამსხმელმა), ამ საქციელის გამო, თავი მოიკლა. ამიტომაც, ვერ გავიზიარებ იმ ისტერიას, რომ აქ ქალის უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე. პირიქით, რომ მომხდარიყო და ყოფილ ცოლს ყოფილი ქმარი მოეკლა, მაშინ "კაცის უფლებების" დარღვევასთან გვექნებოდა საქმე?... სხვათაშორის, მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა ქართულ რეალობაში, როდესაც ცოლს მოუკლავს ქმარი ან შვილი ნაგავში მოუსროლია. ასე, რომ ქალის, როგორც თითქოსდა ადამიანის რასისგან ცალკე მდგომი ბიოლოგიური ინდივიდის, იდეალიზება უნდა შეწყდეს. არ არსებობს ცალ-ცალკე მდგომი არც კაცთა და არც ქალთა ბიოლოგიური ინდივიდები, არსებობს ადამიანთა უნივერსალური ცივილიზაცია, სადაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს, სადაც ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები და ყველას უნდა გააჩნდეს თანაბარი პასუხისმგებლობებიც კანონის წინაშე.

ამიტომ, როგორც ყოველთვის, ჩემი ბლოგის დევიზი: "სიმართლე გაგათავისუფლებთ" კვლავ ძალაშია, ვისაუბროთ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მიეცით გზა სიყვარულს, თანასწორობას, სილაღეს, სიცოცხლეს, თავისუფლებას და ნუ ვიქნებით კოლექტიური ციციკორიზმით დაავადებულები. ეს იქნება ჩემი რჩევა დღეისთვის. 


კ.კოლხი
26.10.2014წ.



Comments