სახლში დაბრუნება


                        


დღევანდელი დღე, 27 ივნისი, დღეიდან და მომავალში, ჩვენს ოჯახში დამკვიდრდა, როგორც დღესასწაული, რომელსაც ყველამ ერთხმად დავარქვით ''საქართველოს ევროპაში დაბრუნების დღე''! ... მართალია ჯერ კიდევ წინაა ამ ისტორილუ მოვლენის სრულყოფილი აქტის - საქართველოს ევროპკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანების განხორციელება, მაგრამ ეს შეუქცევადი პროცესი დღეიდან დაიწყო და ალეგორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენ უკვე ევროპული სახლის ჰოლში ვართ შესული, მალე კი ჩვენი ''საძინებელიც'' გვექნება ამ უზარმაზარ, ბრწყინვალე და კაცობრიობის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული სოციალურ-კულტურული ცივილიზაციის ციხე-სიმაგრე-სასახლეში :) ...

ხუთი საუკუნე, 500-ზე მეტი წელი, ელოდა ამ დღეს საქართველო, როგორც ერთ დროს 400 წელი თბილისის დაბრუნებას და დამკვიდრებას ერთიანი საქართველოს დედაქალაქად!... მოყოლებული XV საუკუნიდან, როცა ოსმალთა სულთანმა მეხმედ II დამპყრობელმა კონსტანტინეპოლი აიღო და საბოლოოდ დასცა რუქაზე ერთ პაწაწა წერტილად დარჩენილი ბიზანტია, შემდგომ კი მას ტრაპიზონის იმპერიაც მიჰყვა და ბალკანეთზე და მცირე აზიაში ევროპული ცივილიზაციის სივრცე შუაზე გაირღვა, რომლის ერთ ნაპირზე დასავლეთ და ცენტრალური ევროპა აღმოჩნდა, მეორე უკიდურეს ნაპირზე კი დასაშლელად გამზადებული ქრისტიანული საქართველო. ევროპულ ოჯახთან და ცივილზიაციასგან ჩვენი სამშობლოს მოწყვეტამ საქართველოს უაღრესად მძიმე და სამკვდრო-სასიცოცხლო ომები არგუნა, როგორც ქვეყნის შიგნით (თუმცა შიდა დეინტეგრაცია მაინც მოხდებოდა და ეს სხვა განხილვის თემაა), ისე საგარეო ასპარეზე, მარტო, იზოლირებული, ყოველგვარი ალიანსების გარეშე უმკლავდებოდა რა უზარმაზარ მტრულ ცივილიზაციასა და გარემოცვას. რომ არ ყოფილიყო ეს გეოპოლიტიკური იზოლაცია და საქართველოს მსგავსი კულტურულ-ცივილიზაციისგან მოწყვეტა, ჩვენი სამშობლო, ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, უფრო ადვილად გაუმკვალდებოდა მისივე შიდა ფეოდალურ დეინტეგრაციას და შინააშლილობას, რომელიც საბოლოოდ მაინც საქართველოს ერთიანობით დამთავრდებოდა ამა თუ იმ ქართველი მმართველის თუ დინასტიის ქვეშ, როგორც იგივე ისტორიული პროცესები მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ გადაიტანა და ამის გამო მათი არსებობა-არარსებობის საკითხი არ დამდგარა კითხვის ქვეშ იმ გეოპოლიტიკური გარემოცვის პირობებში, როდესაც მსგავსი კულტურული ფესვების მქონე სახელმწიფოები თანაარსებობდნენ ერთ უწყვეტ გეოგრაფიულ სივრცეში. 

მსოფლიო ისტორიულ-გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული ცვლილებებით გამოწვეული მიზეზებით, დასუსტებული საქართველოს იზოლაცია, მის ბუნებრივ სოციალ-კულტურულ გარემოსგან, მოწყვეტის შედეგად, ჯერ ირან-ოსმალეთის, შემდეგ კი რუსეთის მიერ ნაწარმოები მტრული პოლიტიკით შეიცვალა და აი, მას შემდეგ, ხუთი საუკუნის შემდეგ ჩვენს სამშობლოს კვლავ მიეცა თავისუფალი სუნთქვის საშუალება. ევროპა საუკუნეების წინ დაკარგული პოზიციებს და საკუთარი ცივილიზაციის გავრცელების საზღვრებს დღეს აღდგენს, არა ომით, არა ცეცხლითა და მახვილით, როგორც ამის მცდელობა ჰქონდა თუნდაც იგივე ჰიტლერს, არამედ მშვიდობით, ეკონომიკური ძლიერებითა და სარგებლით, გახსნილი პოლიტიკით, ჭკუით, ინტელექტით, უსაფრთხოების გარანტიებით, საზღვრების ნებაყოფლობით გაფართოებით და რაოდენ ირონიული და პარადოქსალურია ისტორიული კანონზომიერება, ერთ დროს ევროპული სივრცის გამრღვევი და საქართველოს იზოლაციაში მომქცევი ოსმალეთი (შემდგომ კი ერთმორწმუნეობის დროშით კავკასიონი სამხრეთით შემოთრეული ოქროს ურდოს ისტორიული მემკვიდრე ჭაობიანი მოსკოვის რუსეთი), დღეს კი თურქეთი იქეთ ითხოვს ეკონომიკურად წარმატებული ევროპისგან ევროპულ ოჯახში მიღებას...ჩვენგან განსხვავებით, თურქეთი ითხოვს არა დაბრუნებას, არამედ მიღებას, ჩვენ კი უბრალოდ სახლში ვბრუნდებით!

შეიძლება ითქვას, ცივილიზაციათა ჭიდილში, საუკუნეებს მიღმა დაწყებულ ისტორიულ შეჯიბრში, ევროპა დღეს იმარჯვებს და მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინაა, როცა თურქეთიც შეაბიჯებს ევროპკავშირში, ხოლო ევროპის საზღვარი ურალის ქედზე რეალურად გაივლის. 


ასე, რომ, ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, სამშობლოს დაბრუნების და სამშობლოს სიცოცხლის გაგრძელების დღეს, საქართველოს მის ბუნებრივ სახლში დაბრუნების და მასში ღირსეულად დამკვიდრების დასაწყისის დღეს! 

საქართველო იწყებს ცხოვრებას იმ ოჯახში, სადაც ერთმანეთს უსმენენ და არავინ არავის პირს არ უკრავს განსხვავებული აზრების გამო, სადაც არჩევანის თავისუფლება უმაღლესი ფასეულობაა, სადაც ეკლესიებში უბრალოდ კი არ დადიან, არამედ ქრისტიანული ცხოვრების წესი მათი ბუნებრივი საქმიანობაა ყოველდღიურ რუტინულ ფუსფუსში და სადაც განათლებაზე, კეთილდღეობაზე და მედიცინაზე ორიენტირებული სახელმწიფოები არ ილესავენ კბილებს ერთმანეთზე და არავის ემუქრებიან მიწის პირიდან აღგვით!... სადაც ადამიანები პატიოსნად შრომობენ და რეალურ სოციალურ სარგებელს იღებენ საკუთარი შრომისგან, სადაც შურიანი მეზობლები ერთმანეთის თავს არ ესხმიან ტანკებით ფოჩიანი კამფეტების წართმევის მიზნით, რადგან უბრალოდ შურიანი მეზობლები არ არსებობენ! ... სადაც ადამიანი დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს, სადაც ადამიანებს არ დასცინიან და არ ამცირებენ მათი ფიზიკური ნაკლის თუ ინვალიდობის გამო, სადაც სკოლებში ბავშვები უსაფრთხოდ დადიან და არ გეშინია, რომ სკოლის ბუფეტში ნაყიდი საკვებით არ დაიწამლებიან, სადაც კრიმინალი და ქურდობა ითვლება ცოდვად და ელემენტარულად სასირცხვილო საქციელად, ხოლო შრომა საპატიოდ! ... საქართველო ბრუნდება რეალურად ქრისტიანულ საზოგადოებაში, სადაც ინვალიდები კი არ ეწყობიან უმრავლესობის უზნეო ახირებებს, როგორც წინა დღეებში თბილისში, დიდუბეში, რომელიღაც სკვერში ჰქონდა ადგილი, არამედ უმრავლესობა ეწყობა ინვალიდებს, სადაც ნებისმიერ ადამიანი სრულფასოვან მოქალაქედ და საზოგადოების სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს, მიუხედავად მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა!... სხვა რაღაა ქრისტიანობა, რითაც ასე გამუდმებით ტრაბახობს ბევრი ქართველი, თუ არა სოლიდარობა და ჰუმანურობა, სიყვარული და მოთმენა მოყვასის, რითაც ევროპა დღეს ცხოვრობს და ვითარდება და სადაც ახლა საქართველო ბრუნდება?! 

საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ღია საზოგადოებაში არ არსებობს ტაბუდადებული თემები, სადაც ღიად მსჯელობენ შეცდომებზე, დანაშაულებს არ ჩქმალავენ და დაუმსახურებელი პრივილეგიებით არ სარგებლობენ, იქ, სადაც სახელმწიფო სახელმწიფობს, ყველა თავის გულში იმარხავს რწმენას და არავინ არავის არ სცემს აღმსარებლობის თუ ჭრელა-ჭრულა მაისურების ჩაცმის გამო... საქართველო ბრუნდება იმ ოჯახში, სადაც გზაზე მიმავალი მანქანები ჩერდებიან და დიდსულოვანი მოთმინებით გზას უთმობენ მათ წინ, ე.წ. ''ზებრაზე'', მწვანე შუქნიშანზე, გზაზე გადამსვლელ მოხუცსა თუ ბავშვს, ქალსა და თუ კაცს, ფეხით მოსიარულეებს. ... იქ, სადაც ყველა წესებს იცავს არა იმიტომ, რომ ამას ვინმე აიძულებს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ამის სულიერი და პრაქტიკულ-მატერიალური მოთხოვნილება არსებობს, უბრალოდ იმიტომ, რომ სახელმწიფომ და სამშობლომ წარმატებული განვითარება გააგრძელოს, რომელი წარმატებაც თითოეული ინდივიდის, მოქალაქის ჯიბეზე  და უსაფრთხოებაზე აისახება. 

საქართველო ბრუნდება იქ, სადაც ყველა, ვინც ლოცულობს ღმერთზე, თუ ყველა, ვინც არ ლოცულობს, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ერთმანეთის გვერდით და ყველა მლოცველსა თუ ათეისტს, კათოლიკესა თუ ორთოდოქს-მართლმადიდებელს, პროტესტანტსა თუ იუდეველს, მუსლიმს და ინდუისტს თავისი საკმარი სივრცე აქვს საკუთარ ღმერთთან ურთიერთობისთვის და ამისთვის მათ არავინ დევნის და ავიწროებს!...

საქართველო ბრუნდება სახლში, სადაც მედიცინის სერვისები აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია, სადაც ჭერის და კვების გარეშე უსახლკაროებს არ უწევთ ცხოვრება და ბავშვების გარეთ, ღია ცის ქვეშ  დატოვება კანონითაა აკრალული, სადაც ადამიანის ცხოვრების სტანდარტებს სახელწმიფო აწესებს და ასრულებს კიდეც, სადაც უბრალოდ ჰუმანური და კაცთმოყვარე ხალხი ცხოვრობს, სადაც არ გიღრენს არავინ შენი ინდივიდუალობის გამო, სადაც პოლიცია არსებობს იმიტომ, რომ ემსახუროს მოქალაქეებს და არა მათი დაშინების მიზნით.

საქართველო ბრუნდება ოჯახში, სადაც ქალაქის მერები დაცვით და უზარმაზარი ჯიპებით არ დაგრიალებენ ქუჩებში შეურაცხადი სახეებით, სადაც დიდი ჩინოვნიკები პურზე თუ პროდუქტებზე მძღოლებს არ აგზავნიან და ფეხით გადაადგილდებიან არასამუშაო დღეებში, სადაც  ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანები მოთმინებით ელიან საკუთარ რიგს ექიმის კაბინეტთან თუ სხვადასხვა სამოქალაქო დაწესებულებებში, ტრანსპორტსა თუ კინოს ბილეთების სალაროებთან, სადაც შრომის კანონმდებლობა ჰუმანურია და არა მონურ-კაბალური, სადაც უბრალოდ ადამიანებს არ ჩაგრავენ და არ სარგებლობენ მისი უმწეო მდგომარეობის გამო, საზოგადოებაში, რომლის მიერ აშენებული სახელმწიფო სისტემა და ჩვეულებრივი ადამიანები წაცეულს წამოაყენებენ და არავინ ჩაწიხლავს გართობისა და საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მიზნით ... ასეთ საზოგადოებაში ბრუნდება საქართველო თავის უძველესი ისტორიითა და კულტურით, რომელიც, დამეთანმხებით ალბათ, რომ ბოლო საუკუნეში საგრძნობლად შეირყა და ახლა კი ღრმა სულიერ კრიზისს განიცდის, რომლის მიზეზებზე საუბარი ამ დიდებულ დღეს უბრალოდ არ მსურს... ნურავინ იფიქრებს, რომ Homo Sovieticus-ებს, ე.წ. ''37 მანეთიანებს'', რუსული ტოტალიტარიზმის გადმონაშთებსა და ტუ ბრალოდ ''კაი ცხოვრების ნოსტალგიაში'' ჩაძირულ ხელმოცარულ ლოთებს, საქართველოში ამ ბოლო დროს გააქტიურებულ ე.წ. ''მეხუთე კოლონას'' და მათი იდეოლოგიური ძუძუს მწოვებელ ევრაზისტ ''მამებსა'' თუ ''დედებს'',  ანაფორებში გადაცმულ თუ ე.წ. ''გრაჟდანსკებში''  გამოწყობილ ''პაგონიან'' და სტაჟიან სამშობლოს გამყიდველ ქორ-ვაჭრებს, რაიმე შანსი აქვთ ამ დღესასწაულის გაფუჭების და ოდესმე საქართველოს დაბრუნების კვლავ ტოტალიტარიზმის რუსულ ჭაობში ... ისტორიის კანონზმიერების შეაცვლელად მათ უბრალოდ ძალა არ ეყოფათ, რადგან მტილს არასოდეს ყოფნის ძალა დროის შესაჩერებლად!... ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა თავისუფლებისკენ, სამართლიანობისკენ და კეთილდღეობისკენ სწრაფვა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, ხალხი, უბრალოდ მოქალაქეები (ჩემი და ჩემი მეგობრების ჩათვლით) სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს საქართველოს მომავალს, მის ბუნებრივ განვითარებასა და თავისუფლებას, რომელსაც სხვა გზა და სხვა პესრპექტივა არ გააჩნია, გარდა მისი ბუნებრივი და ისტორიული ადგილისა დიდ ევროპულ ოჯახში! თავისუფალი ადამიანები, ძლიერნი თავის არჩევანში, პიროვნებები იბრძვიან არა იმიტომ, რომ მათ ვინმე უბრძანებს, არა იმიტომ, რომ ასე უნდათ მათ მონურ ყელსაბამში ფულის გადამხდელ პატრონებს, არამედ იმიტომ, რომ ასე გვინდა ჩვენ, თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს!... ამიტომაც, დღეს ბრიუსელში აღმართული საქართველოს ამაყი ხუთჯვრიანი დროშა ჩემთვის ტოლფასია ერთ დროს, საუკუნეებს მიღმა წმინდა ქალაქ იერუსალიმში შეგრიალებული ქართული მხედრობის მიერ ამაყად  აფრიალებული ქართული ხუთჯვრიანი დროშისა!... ჩვენ ვიბრუნებთ დაკარგულ ისტორიას და ვიწყებთ წერას ახალი ქართული, წარმატებული ისტორიისას!.. ამ ამაყი და თავისუფლების დროშის წინაშე კი, როგორც დიდი მეფე დავითი იტყოდა დიდგორის ბრძოლის წინ, უძლურია არა მხოლოდ ''სატანა'', არამედ ''სატანის ურიცხვი მიმდევარიც'' და წარმომიდგენია რა უსუსურად ისმის იმ თითზე ჩამოსათვლელი გვარით ქართველი ევრაზისტი ჭიაღუების ღნავილი, ამ ბოლო დროს რომ ბეჭებზე რუსულ დროშებს იხვევდნენ საკუთარი საცოდავი მონობის და სამშობლოს ღალატის დასტურის ნიშნად.

დიახ, ყველას და ყველას საკუთარი რეალური სახელი რომ ჰქვია, სწორედ იმ სახლში ბრუნდება საქართველო!... საქართველო ბრუნდება სახლში, სადაც შრომა, პასუხისმგებლობა, რეალური, საქმიანი პატრიოტიზმი და პატიოსნება ამარცხებს აპათიას, სიღარიბეს, ტყუილს, სიცრუეს, კრიმინალური აზროვნების ტოტალიტარიზმის გადმონაშთებს, სადაც უბრალოდ ჩემს სამშობლოს წარმატებული არსებობის მომავალი აქვს გარანტირებული!

ერთი სიტყვით, უამრავი სიკეთის ჩამოთვლა შემიძლია, ეკონომიკურის, სოციალურის თუ პოლიტიკურის, რითაც ჩემი ახლა უკვე ევროპული სამშობლო ისარგებლებს ამ დღესასწაულიდან, 27 ივნისიდან დაწყებული მომავალში, წინ სრული სვლით ევროპისკენ, შრომით, პატიოსნებით და პატრიოტული პასუხისმგებლობით!

ღმერთი ფარავდეს საქართველოს და თითოეულ თქვენგანს!


კახა კოლხი

27.06.2014წ.



Comments