ზამთრის მზე - Soleil d'Hiver

ზამთრის მზე - Soleil d'Hiver


   



ელი, ელი! ლამა საბაქთანი !... 

რა სიწყნარე და სიმყუდროვეა... ვფიქრობ, სიყვარულიც დაფშვიტინებს ქუჩაში:))... ზიხარ ამ, ქვეყნიერებისგან დავიწყებულ ადგილას, ღმერთის და საკუთარი თავის პირისპირ, ყოველგვარი სიძულვილისგან, ფაშიზმისგან, რასისმიზგან, უკიდეგანო ტრაბახისგან და ''ღვთის რჩეულობისგან'' დასვენებულ სამყაროში და ნება-ნება შრომობ, ხალხი შეძლებული ცხოვრობს და შენც ამ უწყვეტ ეკონომიკურ ჯაჭვიდან იღებ იმდენს, რომ საღი და ჯანმრთელი ფიქრებისთვის მოიცალო. მე მაინც ზარმაცი ვარ, მაინც ნება-ნება საქმიანობა მირჩევნია, მერე ვინღა ''იფილასოფოსებს''?! :) ...მერედა, ასეთი ნება-ნებაობით დრო ბევრი დაგრჩება, რომ საღამოს სახლში მიხვიდე და ბუხრის პირას ზღაპრები დაწერო ბავშვებისვის. ბავშვები თუ არა, ისე ვინ გაიგებს შენს ნთქვამს?!... ბავშვის პირი თუ ჭეშმარიტებას ღაღადებს, ალბათ ბავშვის ყური უკეთ გრძნობს, რა არის სიმართლე და რა არის მოგონილი, ხელოვნური, არარსებული ამოტრიალებული მრუდე სიმართლე, რომელსაც სიცრუე ჰქვია. 

ზამთრის მზე ანათებს უსასრულო კოსმიურ ძილში ჩაძირული ზეცას, მოწყენილად, მაგრამ მაინც ანათებს, ზამთარშიც კი, როცა სიკვდილი და სიბნელე ერთნაირად გულისგამაწვრილებლად იწელება. თუმცა, ვისთვის ზამთარია, ვისთვის კი ზაფხულის სეზონი, გააჩნია სად ცხოვრობ, დედამიწის რომელ ნახევარსფეროში და სინანულით გახსენდება ჯორდანო ბრუნო, რომელიც დაწვეს სიმართლისთვის, დედამიწის საკუთარ ორბიტაზე ტრიალის გამო, დაწვეს იმიტომ, რომ რელიგიის ბრტყელ რეალობაში თავშეფარებული ადამიანები ფიქრობდნენ, რომ უცდომელები იყვნენ... 

რამდენი ასეთი აურაცხელი, ათეულ მილიონობით მსხვერპლი ახსოვს კაცობრიობას, ურთიერთხოცვა, ურთიერთჟლეტა, ვითომდა უცდომელობის დოგმატით გამართლებული... 

რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის? ის, რომ როცა ცხოველი მშიერია, ის აუცილებლად შეჭამს, ხოლო მშიერმა ადამიანმა შეიძლება არ შეჭამოს მსხვერპლი, გაუშვას და სიცოცხლე აჩუქოს. აქ არის ის ვიწრო და ფაქიზი ზღვარი, რომელიც ადამიანს ასწავლის, რომ თვითონაც თუ სუნთქავს, მაშინ ხელს ნუ შეუშლის სხვების სუნთქვასაც, რადგან ჰაერს, რომლითაც ყველა ვსუნთქავთ, არ გააჩნია არც რელიგიური, არც პოლიტიკური და არც ეთნიკური ელფერი... ჰაერი არის ჰაერი, ჟანგბადი, ზოგისთვის ქიმიური ფორმულა, ზოგისთვის ღვთაებრივი სიტყვა, ზოგისთვის ორივე ერთად. 

არა, ამ ღვთისნიერ ზამთრის დღეს, რა დროს ჯორდანო ბრუნოა, რა დროს ინკვიზიცია და კოცონია?!...შორს ჩემგან! :)... ისედაც მეყოფა ის სიმძიმე, რაც ირგვლივ მესმის. შემოქმედ-დამბადებელს დიდი მადლობა, რომ XXI საუკუნეში ვცხოვრობ, თორემ ახლა რომ დრო უკუღმა დატრიალდეს, ხალხმა ერთხმად რომ იხუვლოს და მოკვდავი ბელადები ღმერთად გამოაცხადოს, ადამიანთაგან კერპები შექმნას და საკუთარ თუჯივით მძიმედ ჩაზნექილ გულში უფალს ჩაანაცლოს, ზამთრის მზე კი არა, ინკვიზიციის კოცონები გაანათებდა ერთი პატარა სოფლის ტალახიან ორღობეს.

...არადა, მართლა რა სიმშვიდეა გარეთ. ხალხი შრომობს და შრომით ჭვრეტენ სამყაროს დიდებას, სადაც ყოველი კოსმიური უჯრედი შემოქმედის მშვენიერებითაა გაჯერებული, გაჟღენთილი!... გაჰყურებ ცივ ჰორიზონტს და გჯერა, რომ ზამთარი არც ისე მწველი ყოფილა თავის ყინულოვანი სიბასრით, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში გენახა ოდესრაც, წინა ცხოვრებაში, ნაცრისფერ, ბეტონისა და მძიმე ჟანგისფერი ფოლადის ქაოსურ უღრანში. გაზაფხულს ელოდები და არ გაშფოთებს თოვლზე მოლიცლიცე ტიტველი ხეების აჩრდილები, სიკვდილშიც კი ხედავ სილამაზეს, სიკვდილში, რომელიც უცილობლად სიცოცხლედ გარდაიქმნება და რწმუნდები, რომ ცოცხალი ენერგია არსად არ იკარგება, არ ქრება. თუკი შემოქმედი, ხის ფოთლებს აძლევს ახალი სიცოცხლის შანსს, მაშინ ადამიანსაც არ გაუქრობს ასეთ სიხარულს, ხელმეორედ გაღვიძების, ხელმეორედ გაცოცხლების, ხელახლა დაბადების!... განა ჩვენ იგივე კანონებს არ ვემორჩილებით, რომელიც მართავს კოსმოსს?... მინუს ოც, ოცდაათ, ორმოც გრადუსში ნაშობ ყინულის ლანდებს აკვირდები და ძველი ღვინოსავით ნელ-ნელა წრუპავ სიცოცხლის წამებს მელანქოლიურად მომღიმარე მზისგან ნაჩუქარს. 

ზიხარ თბილს სახლში და შეიძლება არც აცნობიერებდე, რომ მილიონობით ბავშვი დედამიწის ზურგზე, იტანჯება სწორედ იმის გამო, რომ ენატრება თავზე ჭერი და ფეხზე თბილი ფეხსაცმელი, რომელიც ვერა და ვერ აღირსა იმ საზოგადოებამ, რომელიც დღენიადაგ თვითტკობაშია ჩართული, გამოგონილ ''სიწმინდეებს'' პირუტყვულად ელაქუცება, სიმართლის ეშინია და გვერდით მყოფი, ხანდახან ბავშვად და ხანდახან მიუსაფარ მოხუცად მოვლენილი ქრისტე ავიწყდება, პურის მთხოვნელი, წიგნის მთხოვნელი, თბილი სახლის მთხოვნელი... და შემდეგ გაიკვირვებს ადამიანი, როცა უფალი ჰკითხავს: წყალი გთხოვეთ და არ მასვით, სითბო გთხოვეთ და არ გამათბეთ, პური გთხოვეთ და არ დამაპურეთ. სად იყავით ამ დროს? 

ამ დროს? ამ დროს მე წიგნს არ ვკითხულობდი, ამ დროს ისტორიას ვუყალბებდი საკუთარ თავს, ამ დროს მე ვტრაბახობდი იმით, რაც ცხოვრებაში არასდროს მიკეთებია, ამ დროს მე ჩემი თავი შენგან გამორჩეული მეგონა, უფალო!... ამ დროს მე ფიქრის მეშინოდა, ამ დროს მე საკუთარი თავისთვის კითხვის დასმისაც კი მეშინოდა, ამ დროს მე სხვისი დასმული კითხვისაც მეშინოდა და ვცდილობდი ჩამეკლა ის, ამ დროს მე ''მაყუთს ვღუნავდი'' ყოველი დაშვებული და დაუშვებელი ხერხებით, ამ დროს მე მშიერ და გაუნათლებელ ადამიანებს ვატყუებდი, რომ მე ვიყავი ერთადერთი ჭეშმარიტების მწვერვალი, ამ დროს მე ყოველგვარი მეცნიერული აღმოჩენის მეშინოდა და მეშინოდა საკუთარი სულიერი გაშიშვლების, ამ დროს მე მშიერ ბავშვებს ვაცეკვებდი, ამ დროს მე უსინდისოდ ვიტყუებოდი, რათა მეტი და მეტი ძალაუფლება მქონოდა, რადგან არ მყოფნიდა ბრბოს მორჩილება, ამ დროს მე ვიყავი ლაჩარი, რადგან მეშინოდა სიმართლის!... და ახლა ვხვდები, უფალო, რომ სიმართლე შენ ხარ, შენ დამანახე, რომ ყველას ერთი ფერის სისხლი გვაქვს, განურჩევლად იმისა, რა გვიწერია ბიომეტრულ პასპორტებში თუ ID ბარათებში.

მივხვდი, რომ რეაქტიულად გამეფებულ პოსტ-მოდერნისტულ სამყაროში, არის ადგილები, სადაც ადამიანთა ხელითვე ნაშენებ აპოკალიპტურ, ხელოვნურ, სუროგატულ სულიერებაში, თვითიდენტობის ველური შიშით ატანილ ადამიანებს, გართულებს მათთვის ყოფნა-არყოფნასავით მნიშვნელოვან კითხვებით, როგორიცაა ''კვერცხისა და ქათმის დაბადების უპირატესობა'' ან ''ანგელოზთა რაოდენობა ნემსის წვერზე'', ავიწყდებათ ის, რომ მოეშვან, დაისვენონ ფიქრებისგან, რომელიც მათ სულიერ მდგომარეობას აუარესებს და ზოგადად ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლის, გარდა იმისა, რომ ფუჭ სიმაყეში უსუსურ გონებრივ დეფექტებს კიდევ უფრო მძაფრად წარმოაჩენს. 


ერთი წუთით წარმოიდგინე, რომ დავიწყებულ ადგილას ცხოვრობ, ჩაგესმის ზამთრის მზესავით მშვიდი მუსიკა, იყურები ფანჯრიდან და მოწყვეტილი ხარ სასტიკ, სსრკ-ში წარმოებულ, დაჩლუნგებულ იდეებს ხალხების, ერების, ადამიანების, მოქალაქეების დაყოფაზე ''ჩვენიანებად'' და ''სხვისიანებად'', მოწყვეტილი ხარ რელიგიურ ფანატიზმს, დემონ-სტრაციებს, ხმაურს, ყვირილს, ლანძღვას, გინებას, არც არავინ გაინტერსებს და არც არავის აინტერსებ!... 

რა კარგია, მშვენიერია, რომ არავის აინტერსებ, ხარ შენთვის, შენ და ღმერთი, პირისპირ, სიშვიდეში, სიწყნარეში. ამ დროს, სულაც არაა აუცილებელი ბერის მკაცრ სენაკში ცხოვრობდე, შენი ცხოვრებაა თავად წირვა-ლოცვაც და სიყვარულის ზიარებაც, შრომა, სიკეთე, ხატვა, წერა, მუსიკა, საუბარი კეთილ ადამიანებთან სიკეთზე, შრომაზე, ბუნებაზე, გარშემორტყმული ღმერთის სიდიადის აღქმა და ჭვრეტა, ყოველგვარი მისტიფიკაციების, ''სასწაულების'', ''უხრწნელი'' გვამების და ფოკუსების გარეშე. აცნობიერებ, რომ ადამიანური ბედნიერებისთვის სულ მცირედია საჭირო, მცირე რწმენა სიკეთის, სილამაზის და ღვთაებრივი, ბავშვური გულწრფელობა.

ყოველ სიცოცხლეზე პატიოსნად ზრუნვა და შრომაა ღვთაებრივი ლიტურგიაა ყოველდღიური. 

ზამთარიც თბილი ხდება ამ დროს, ბუხრის პირას ცოცხლდება ზღაპრები, ადამიანთა მახინჯი რეალობისგან თავისუფალი სტეპები, ტყეები, მთები, კლდეები, ჭიუხები, მდინარეები, ზღვები, სადაც გმირი ან გმირები ათავისუფლებენ სამყაროს თითქოსდა სპეტაკ, თეთრ ფერებში გამოწყობილი ყინულის დედოფლისგან თუ მეფისგან, რომელიც ცდილობს ბავშვებს და ადამიანებს ზამთარი შეაძულოს. ზღაპრად იქცა მთელი სამყარო, სადაც გმირი ცდილობს ახირებულ გრინჩს მოპარული შობა უკან წაართვას და ისევ ბავშვებს დაუბრუნოს. ზღაპარია ადგილი, სადაც პრომეთე აუცილებლად აწყვეტს ჯაჭვებს და მზისგან უანგაროდ მიღებული, მანათობელი ცეცხლით ფსიქიკურ წყდიადს გაუნათებს ადამიანებს, რელიგიური თუ პოლიტიკური ვამპირების ნაკბენისგან დასნეულებულთ.

ამ ზღაპრულ სამყაროში გრძნობ, რომ ღმერთი სულაც არ ყოფილა პროკურორი, ავადმყოფურად მოხორხოცე ჯალათი, როგორადაც მას ერთი მუჭა ჭინკები  და გობლინები გიხატავდნენ და აცნობიერებ, რომ მას ბავშვის წრფელი თვალები აქვს, კეთილი ჯადოქრის, რომელიც გაამათრახეს, თავზე დაჩხავლეს, სკოლაში წკეპლა გადაარტყეს და სიცოცხლე დააყვედრეს, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა ღიმილს და მისმა ღიმილმა ააგიზგიზა სახლებში კერა, ზამთარში  - მზის სხივები.

ზამთრის მზე ყველაზე გმირი მზეა, ის იბრძვის მაშინაც, როცა ყველას სძინავს, როცა ზოგჯერ აღარ სჯერათ გაზაფხულის მოსვლის!... არადა იგი მოვა აუცილებლად, სულ რაღაც სამიოდ თვეში, ათასწლოვანი გაზაფხულის სიხარულად ქცეული, სამარისებულ სიშავეზე და ყინულზე გამარჯვებული ზამთრის მზე!


კ.კოლხი

09.01.2014წ.


Comments