ილიჩის ნათურა
მხატვრულ-დოკუმენტალური
ფობიოგრაფია
იყო
და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა, სადაც ,,...ყველაზე ჰუმანური კანონები იწერებოდა
და ყველაზე კეთილშობილი ხალხი ცხოვრობდა მთელს დედამიწის ზურგზე’’ ...
ასე
გვასწავლიდნენ ბავშვობაში... მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის დე-ფაქტო რელიგია ნეკროფილური
ნეკრომანტია იყო და სახელმწიფოს მთელი პროპაგანდაც ერთი აყროლებული გვამის სწორებაზე
იყო აგებული. დიადი ლენინისა და სტალინის სიბრძნით განათებულ გზაზე საბჭოთა ბავშვს
სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ საფუძვლიანად ერწმუნა მისი ცხოვრების ვარდისფერი მომავალის.
ოფიციალური
პროპაგანდისა და ტვინის გამორეცხვის უსასტიკესი მეთოდების მიუხედავად, წითელ კონცლაგერში
მაინც იბადებობდნენ და იზრდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ სადღაც, ცხრა
ზღვასა და ცხრა მთას იქით, არსებობს ,,აღთქმული ქვეყანა’’, სადაც უხვად მოედინება
თაფლი და რძე, სადაც ადამიანი ნანატრ თავისუფლებას ეზიარება... და მთელი ცხოვრება გადიოდა
იმაზე წარმოსახვით და ოცნებით, რომ ოდესღაც, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ახალგაზრდა მიაღწევდა
მყუდრო ნავსაყუდელს, სადაც არასდროს ფეხქვეშ არ გასთელავდნენ ადამიანურ სილამაზეს და
ღვთის ხატებას.
მაშინდელი ცივი ომის ეპოქის, ხალხების მსოფლიო ციხის, ხანდახან ჯადოსნური
ქარით შეღებული, სარკმელიდან მომზირალი ადამიანისთვის ლამის სანატრელი გახდა თავისუფლად
მონავარდე მერცხლების ბედი, რომლთათვის არ არსებობდა ხელოვნური რკინის ფარდები და საბჭოთა
ბელადების ნეკრომანტური რელიგია. მენტალურ ტყვეობაში მყოფი, მაგრამ მუდამ დაუმორჩილებელი
და ურჩი საბჭოელისთვის თავისუფალებისა და დასავლური ცივილიზაციის ლიდერის როლს, რა
თქმა უნდა, ამერიკა ასრულებდა, თავისი კინოინდუსტრიის ჯადოქრობითა და საბჭოთა საყოფაცხოვრებო
მოდის ავანგარდში მყოფი საყოველთაო მოხმარების საგნებით: გახეხილი ,,ლევისის’’ ჯინსებით,
,,პედროს’’ და ,,დონალდოს’’ საღეჭი რეზინით, ,,კოკა-კოლით", ,,პეპსით’’, როკით,
ჯაზით, ბლუზით, ჰოლივუდით და 80-იან წლებში ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით, საბჭოთა მშრომელების
საყოფაცხოვრებო ატრიბუტად შემოსული ვიდეომაგნიტოფონებით. ეს ყველაფერი მაშინდელი საბჭოთა მოქალაქისთვის სამართლიანად ითვლებოდა ისეთ თავისუფლების
სიმბოლოებად, რომელზეც ლამის ლოცვაც კი შეიძლებოდა, როგორც საკულტო ნივთებზე, რადგან
მათ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თავისუფლების, რომანტიკისა და ახდენილი ოცნებების
სუნი ასდიოდა.
საბჭოთა
წარმოების ,,ელექტრონიკა’’-ს და მითუმეტეს იმპორტული "Akai"-ს, "Panasonic"-ის, "TOCHIBA"-ს თუ "SHARP"-ის მარკის ვიდეომაგნიტოფონის შეძენა საბჭოთა რიგითი მშრომელისთვის,
პატიოსანი შრომითა და ოდენ 120-150 მანეთი ხელფასით, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა. მაშინ ,,ფირმაში’’
ხშირად დადიოდნენ კომუნისტური სახელმწიფოდან ნებადართული შემოქმედების ჯგუფები, ცეკვის, თატრალურ, მუსიკისა და სპორტულ ღონისძიებებზე. სანუკვარი ვიდეომაგნიტოფონების ჩამოტანასაც ისინი უფრო ახერხებდნენ ხოლმე. შემდეგ იყო
ერთმანეთის ოჯახებში შეკრებები, თავყრილობები, კოლექტიური ვიდეოსეანსები, ზოგი ამ ღონისძიებით
არალეგალური შემოსავლის მიღებასაც ახერხებდა.
"გამოსულ ტიპად", პრესტიჟულად ითვლებოდა ის, ვისაც კარატეზე
ან სექსზე "იმპორტული" ფილმები ჰქონდა ნანახი, ზოგჯერ კი ჰოლივუდის იშვიათი ფილმების
ნახვას იშვიათი განათლების კრიტერიუმადაც მიიჩნევდნენ ხოლმე, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ
საქართველოს და სრულიად საბჭოეთის ე.წ. განათლებული ხალხის დიპლომების 80%-ი "ქეში" ფულით იყო ნაყიდი, რისი საშინელი შედეგებიც შემდგომში მთელი სიმკაცრით იწვნია ქვეყანამ,
დამოუკიდებლობის წლებში, ტრაგიკული ხასიათის მედიცინისა თუ სამართალდამცავი სისტემების
საზარელი მოღვაწეობით. მანამდე კი, საბჭოეთის ყველაზე "რომანტიკული" პერიოდის ახალგაზრდობა
და ძველგაზრდობაც, სანამ პარტია მათ მაგივრად ფიქრობდა, თავისუფლად შეიძლებოდა მისცემოდა
ვიდეოფილმებით ტკბობას, თან კარატე, როგორც სპორტის სახეობა იმ პერიოდში აკრძალული
იყო და ამიტომაც შაოლინის, კუნგ ფუ-სა და ბრუს ლის ფილმებს ორმაგი მნიშნელობა ჰქონდა
საბჭოური იატაკქვეშა ვიდეოაუდიტორიისთვის, რომლისთვისაც აკრძალული ხილის გასინჯვა ჩამყაყებული
წითელი კონცლაგერისადმი პროტესტის აშკარა აქტი უფრო იყო, ვოდრე ნამდვილი ესთეტიური
სიამოვნება.
დღეს,
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ვიდეომაგნიტოფონი არასაჭირო, უსარგებლო ნივთია, მაშინ
კი, ფუფუნების საგნად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში. მას ხშირად მხოლოდ რჩეულები ფლობდნენ, ისინი, ვინც პირდაპირ
რომ ვთქვათ, იპარავდნენ სახელმწიფო სახსრებს, ანუ ე.წ. "დელეცები", საქმოსნები, წვრილი
თუ მსხვილი კალიბრის, არალეგალური კერძო მეწარმეები, სპეკულიანტები, კონტრაბანდისტები
და გადამყიდველები. ეს ადამიანები სახელმწიფოს ძარცვის ხარჯზე ცხოვრობდნენ, სახელმწიფო საკუთრების,
უმაღლესი განათლების დიპლომების, უფლებებისა თუ პრივილეგიების, უკანონო ყიდვა-გაყიდვით
იყვნენ დაკავებულნი და ყველაზე ზნეობრივად საშინელი ის იყო, რომ ასეთი ცხოვრება, იმ "დიადი და ნათელი" გვამების სიბრძნით გაჟღენთილ სახელმწიფოში, სრულიად ნორმალური და მოწონებული მოვლენა იყო, რადგან საზოგადოებას, ქართველსა და რუსს, უზბეკსა და უკრაინელს, სომეხსა
და მოლდაველს, ეს ყველაფერი, ქურდობა და პრინციპი - "სახელმწიფოს თუ არ მოპარე, მაშინ
რაღაა ეს ცხოვრება", ან "მოიპარე და სხვასაც აჭამე", სწორად მიაჩნდათ, საქებარ საქციელად თვლიდნენ და მეტიც, ვინც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა და ქონებას აგროვებდა,
საზოგადოების საპატიო წევრებად იღებდნენ, განსახვავებით იმათგან, ვინც პატიოსნად ცხოვრობდა,
რომლებიც პირიქით, დაცინვის ობიექტებად და მარგინალებად იყვნენ ქცეულნი.
საბჭოეთის და მსგავსი ტოტალიტარული
რეჟიმების არსებობა ყველაზე დიდი და საზარელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა არ დაკარგოს
ადამიანმა საკუთარი "მე", ის, რასაც ზნეობრივ ჩარჩოებში აქცევს მის ცხოვრებას და რასაც
მეტაფორულად "ღვთის ხატებას" ვარქმევთ, რისი ფეხქვეშ გათელვის შემდეგაც იწყება ადამიანის ტრანსფორმაცია
გავეშებული ცხოველური ინსტიქტების მქონე მონსტრად.
ერთი
სიტყვით, იყო დრო, როდესაც კარგს ერქვა ცუდი, ხოლო ცუდს - კარგი! უკუღმა იყო, ჩემო
ასინეთა, უკუღმაო, როგორც იტყვიან.
სამწუხაროდ, არც დღეს შეცვლილა ამ ხრივ მაინცდამაინც
ჩვენებური ადამიანების ფასეულობათა გარყვნილი შიგთავსი... უკუღმართობის დემონი მართავდა ხალხის მასებს, თაობებს და ატომურ ზესახელმწიფოს, რომელსაც მე, ხშირად წითელ კონცლაგერს
ვეძახი. ის, რასაც საბჭოთა "ყოვლადჰუმანური" საზოგადოების საპატიო ელიტის წევრი,
ანუ ჰალსტუხიანი თუ უჰალსტუხო ქურდი, შეწვდებოდა საკუთარი კომფორტის დასაკმაყოფილებლად,
საწყალი, პატიოსანი მშრომელი რიგითი მოქალაქე, მთელი ცხოვრება რომ ფინანსები დაეზოგა,
ვერასდროს დართავდა საკუთარ თავს ნებას შეეძინა ვიდეომაგნიტოფონი. წარმოიდგინეთ, რა
მაღალ თამასაზე იწეოდა მისი საზოგადოებრივ-სოციალური პრესტიჟი, ვისაც საშუალება ჰქონდა
საკუთარ სახლში, საკუთარ ვიდეომაგნიტოფონით გასცნობოდა დასავლური კინოინდუსტრიის ნაწარმს
საკუთარსვე ფერად ტელევიზორში.
მახსოვს,
1985-86 წლებში, გორბაჩოვის "გარდაქმნის" ეპოქასთან ერთად, ე.წ. დათბობის პერიოდი
დაიწყო ორ ზესახელმწიფოს, საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩემს თაობაში, სხვა ბევრ საკულტო სიმბოლოებთან ერთად,
მოდაში იყო ბრუს ლი, სამანტა სმიტი, ალენ დელონი, რეიგანი, მაიკლ ჯექსონი და აფრიკაში
მოშიმშილე ბავშვებისთვის შექმნილი მუსიკალური ჰიტი ამერიკელი ესტრადის ვარსკვლავების
შესრულებით - USA FOR AFRICA, we are the world. ჯექსონის გამოსვლაზე, სადაც მას სვაროსვსკის თვლებით
შემკული ხელთათმანები უკეთია, თვალწინ ცოცხლდებოდა "ამერიკული ოცნება", რომელიც კიდევ
უფრო მყარდებოდა თქმულებით, რომ ჯექსონს
150 წელი უნდა ეცოცხლა. იმდენად გვყავდა მობეზრებული საკუთარი ნეკრომანტური და ნეკროფილური საბჭოური რეალობა, რომ ამის საპირისპიროდ გაფეტიშებული გვქინდა დასავლური სამყარო, ამერიკა, სადაც ყოველი ამერიკელის "უკვდავების" შესაძლებლობა სრულად არ გვეჩვენებოდა არარეალურად. პირადად ჩემთვის
კი, ჯერ კიდევ იდუმალი სამყაროს, ვიდეოფირზე გაცოცხლებული პერსონაჟების გაცნობა, მოზარდის
ფსიქიკისთვის ფრიად არაადექვატური კუთხით მოხდა, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი.
1984 წელს, როდესაც რვა წლის ვიყავი, ერთი შეძლებული ნათესავის სახლში, ეკრანზე პირველად ვნახე ისეთი კინოგმირები და ჩვენი სკოლის სადისკუსიო გარემოცვაში ჰიტებად აღიარებულ
ფილმები, როგორებიც იყვნენ შაოლინის ისტატები, ბრუს ლის "დრაკონის გამოსვლა", ალ პაჩინო და მისი ტონი
მონტანა ფილმიდან "ნაიარევი სახე". ჩვენი თაობა მაინც ერთგვარ რომანტიზმში გაიზარდა,
უკიდეგანო გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც ჩვენი პროფესიული მომავლის საასპარეზოდ უნდა
ქცეულიყო, ემატებოდა დასავლეთიდან შემობერილი ჰოლივუდის სიოც, რომელიც თავგადასავლების
ბურუსში ახვევდა ჩვენს ისედაც ცხოველ ფანტაზიებს, ოდესმე ხალხთა ციხიდან თავისუფალ
სამყაროში გაქცევის შესახებ. ტონი მონტანაც მოგვწონდა არა იმიტომ, რომ ის ხალხს ხოცავდა ან ნარკოტიკებით სუნთქავდა, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა კუბიდან ამერიკაში მოახერხა გადასვლა. ეს იყო მთავარი საბჭოეთში გამომწყვდეული მოქალაქისთვის, გაღწევა წითელი კონცლაგერიდან...
თუმცა, ზემოჩამოთვლილ კინოგმირებსა და ფილმებს, არც ერთს,
ისეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე, როგორც ერთ ცნობილ ჰიტს, რომელსაც ახლა მოგიყვებით.
ოკეანის გაღმა, იქ სადაც ჰოლივუდი ადამიანის ფიქრებზე მბრძანებლობს, უკუნი ღამეა, არემარეს უხვად ეფინება სავსე მთვარის მაგიური სხივები. სადღაც ამერიკის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში, ქუჩის ნაპირას კაბრიოლეტი გაჩერდა და ახალგაზრდა, აფრო-ამერიკელი მომხიბვლელი გოგონა მძღოლს, ასევე აფრო-ამერიკელ სიმპათიურ ყმაწვილს, მიუბრუნდა:
- ახლა რა ვქნათ?
- გოგონას გაეღიმა და მის ელვარე თეთრ კბილებზე სავსე მთვარის შუქმა გაირბინა.
მძღოლმა
ირიბად გადმოხედა, მასაც წამით გაეღიმა, თავით ანიშნა მანქანიდან გადასვლა და წყვილი
ფეხით გაუყვა გზას. საუბარი, ძალზედ ენერგიული მიხვრა-მოხვრის მქონე ყმაწვილმა კაცმა
ოფიციანტის კაბაში გამოწყობილ გოგონას სიყვარულიც აუხსნა და საქორწინო ბეჭედიც გადასცა,
გოგონა ყელზე ჩამოეკიდა და სიხარულისგან ცქმუტავდა.
მაგრამ უცებ, შავტუხა სასიძო ჩაიკეცა და უცნაური ხმით, სრულიად მოულოდნელად ამცნო საცოლეს,
რომ ის მთლად ჩვეულებრივი ბიჭი არ არის და ურჩია კი არადა, უბრძანა ამ ადგილიდან სასაწრაფოდ წასულიყო, გაქცეულიყო!
-
რა თქმა უნდა, შენ არ ხარ ჩვეულებრივი, შენ ჩემთვის არაჩვეულებრივი ხარ, ჩემი პრინცი
ხარ, მაგრამ სად უნდა წავიდე ან რატომ? ...რა გჭირს, ცუდად ხარ?
- სასიძოს უცნაური ქცევით დაბნეული გოგონა ცდილობს სახეზე ღიმილი შეინარჩუნოს.
შავტუხა
ყმაწვილი ელდანაკრავივით ჩაიკრუნჩხა, ოთხად მოიკეცა, სახეზე მწარე ტკივილი დაეხატა
და უკვე მკვეთრად შეცვლილი, დაბოხებული, გიტარის სიმებივით ბგერებდაწყვეტილი ხმით განწირულად
დაუყვირა შეყვარებულს, დაუყვირა კი არა, უკვე ღრიალ-ხრიალით გააფრთხილა, რომ თუ სიცოცხლე
მისთვის ძვირფასი იყო, უკანმოუხედავად გასცლოდა იქაურობას. მაგრამ, რას იზავ, როცა
ადამიანის სულის ჯურღმულების "აქილევსის ქუსლი" - ცნობისმოყვარეობა, სისუსტე, რომელმაც
სამოთხე თავზე დაამხო კაცობრიობის პირველ მშობლებს, მთელი სამყაროები გაანადგურა და
ძირს დასცა, ისევე აქცევს ადამიანს ცხოველის საკბილოდ, როგორც მარიხუანის ნეტარებაში
ჩაძირული ჭია სპილოს ფეხის გულის თვალიერებისას. გოგონაც, ნაცვლად იმისა, რომ წარმოუდგენელი
სანახაობით შოკირებულს მოეკურცხლა, ბიბლიურ ევასავით დამორჩილებოდა ცნობისმოყვარეობის
მარწუხებს, ადგილზე გაქვავდა და ზარდაცემული
თვალებით აკვირდებოდა საყვარლის გაქრობისა და მონსტრის დაბადების ირაციონალურ პროცესებს.
შავტუხა
ყმაწვილი კი სრულიად დეგრადირდა, სხეულის მეტაფორფოზებმა ადამიანის სხეულის ნაწილებს
გროტესკული ფორმები მისცა... თვალების მემბრანამ ფერი იცვალა და მკვეთრად მუქი ყვითელი,
ფოსფორისებული ფერი მიიღო, თვალის გუგები უკვე აშკარად კატისას დაემსგავსა, ვერტიკალური
და წვრილი ფორმები გამოეკვეთა. ტანჯვიან კრუნჩხვებში და ღამის სიჩუმეში ისმოდა ძვლების
მტვრევის ხმა, თითქოსდა რაღაც არამიწიერი საიდუმლო მექანიზმი საგულდაგულოდ გადამალული
ფორმების გამოკვეთას ლამობდა "ღვთის ხატების" ნაჭუჭიდან, რომლის რაციონალურ ფორმებსაც
მივეჩვიეთ და რომელიც ლამაზად მიგვაჩნია, ხოლო ყოველგვარი გადახრა ჩვენი ესთეტიური
ჩარჩოებიდან, დემონური სიმახინჯის აღქმას იწვევს ჩვენში. ასე, ნელ-ნელა იქცა "ღვთის ხატება" უცნაური ფორმის მქონე ურჩხულად!
არ მახსოვს რა ერქვა იმ გოგონას. იმ წუთში ის იყო კოლექტიური ირაციონალური "ეგო",
ჩემთან ერთად, ევას სინრდრომით ერთ ადგილას გაქვავებული, რომელსაც იზაბელს დავარქმევ
და რომლის დაზაფრული თვალებითაც ვუყურებდი, ჩემთვის პარალელური სამყაროდან გადმოსულ,
გაუგებარი არსების შობას...
ვუყურებდი, თუ როგორ ეზრდებოდა რამდენიმე წუთის წინ სრულიად ნორმალურ,
სიმპათიურ ახალგაზრდას თეთრად მოელვარე ეშვები ჩვეულებრივი კბილების ადგილზე, რომელსაც
მე ზედმიწევნით ვიხეხავდი დილა-საღამოს და რომლის ფორმასაც არ ვაქცევდი დიდ მნიშვნელობას,
რადგან მიმაჩნდა, რომ ადამიანის კბილები უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორსაც სარკეში ვხედავდი.
ადამიანი თანდათან დიდი კატისმაგვარ მტაცებელს დაემსგავსა, ეზრდებოდა წვეტიანი ყურები,
სახე ეფარებოდა შავი და ხშირი ბალნით, ხელის თითები საშინელი ძალის მარყუჟებივით მოეგრიხა,
წვეტიანმა ბრჭყალებმა თითების კანი გამოხეთქა. კატა-მაქციის საშინელი, ზაფრისდამცემი
ღრიალი ბზარს უჩენდა ეკრანსა და ჩემს ყურთასმენას. როგორც იქნა, იზაბელი გაიქცა და
კატად ქცეული სასიძოც უკან გამოედევნა, გზა და გზა ყველა წინაღობას ლეწავდა, წამოეწია
და ის ის იყო მსხვერპლი უნდა გაეგლიჯა, მაგრამ ამ დროს... ისევ სრულიად მოულოდნელად,
ეკრანზე სცენა შეიცვალა. იგივე ახალგზარდა, ამჯერად ჩვეულებრივი, ადამიანური სახით,
ხალხით სავსე კინოთეატრის დარბაზში, საკუთარ საცოლესთან ერთად უყურებს საშინელებათა
ფილმს საკუთარი ორეულის მონაწილეობით, მხიარულად იღიმება და პოპკორნს არხეინად მიირთმევს.
როგორც იქნა მეც ამოვისუნთქე, სიმწრის ოფლი სახეზე შემაშრა, ვიფიქრე არც ისე ჩალით
დახურული ყოფილა ქვეყანა მეთქი. მეხსიერების წარსულს ჩავაბარე ადამიანის კატად გადაქცევის
ილუზიური შესაძლებლობა და არც ისე მყარად, მაგრამ მაინც ფიქრებში დავასკვენი, რომ ასეთი
რაღაცეები არარეალურია!... თუმცა, რა ვიცოდი წინ რა მელოდა...
გოგონას
თხოვნით, წყვილმა ფილმის ყურებას თავს დაანება და გარეთ გავიდა. ისევ ღამეა, ისევ სავსე
მთვარე ანათებს და მერე იწყება რაც იწყება, კიდევ უარესი... ბიჭი ამჯერად ზომბების
მეთაურად მოგვევლინა და საფლავიდან ამოსული მკვდრების ჯგუფთან ერთად საკუთარ საცოლეს
შესაჭმელად გამოეკიდა... ღმერთო ჩემო, ნუთუ ასეთი რამეები მართლა არსებობს?!... ამჯერად
უკვე საფუძვლიანად შეშინებული ვეკითხებოდი თავს ბზარგაჩენილი სულის სიღრმიდან, რომლის
იდილიურ სიწკრიალეში ზებუნებრივი მოვლენების ბუნდოვანი ჩანჩქერი ჩაიღვარა. ვიცოდი,
რომ სადღაც მოსკოვში, "ცოცხლად შენახული" გვამის სანახავად, იმოდენა ხალხი უზარმაზარ
რიგებში იდგა, მათთვის ერთგავარად აუცილებელი, ნეკროფილური საკულტო რიტუალის ჩასატარებლად,
მაგრამ აქამდე, სანამ ეკრანზე მოსიარულე ზომბებს ვნახავდი, ნამდვილად დარწმუნებული
ვიყავი, რომ მკვდრები არ ცოცხლდებოდნენ, თუნდაც ეს საბჭოეთის დიდი ბელადი, ლენინი ყოფილიყო!...
არ გეგონოთ, რომ მაშინ ვიცოდი ტერმინები "ნეკრომანტია", "რიტუალი" ან "კულტი",
მაგრამ მინდა ახლანდელი ცოდნით მიახლოებით ავღწერო რვა წლის ბავშვის ფიქრების საბრუნავ-საზრუნავი.
ჩემთვის ეს ყველაფერი, მკვდარი ლენინი და მთელი მისი შავი ოკულტური რიტუალები იყო აბსურდი,
თუმცა მახსოვს, მაშინ ბევრი ამაყობდა, რომ ერთხელ მაინც ყავდა ნანახი ბალზამით გაჟღენთილი
ლენინის მუმია. სკოლაშიც ნეკროფილიას და ნეკრომანტიას გვასწავლიდნენ, რომ ლენინი არ მომკვდარა, არამედ მუდამ ცოცხალია!
წლების შემდეგ კი, ყველა მიხვდა, რომ ის რაც ჩვენ არა ეკრანებზე, არამედ
ცოცხლად გამოვიარეთ, ეს იყო ქვეყნის ბობოლა ნეკრომანტების მიერ შექმნილი, ნამდვილი
დემონური რეალობა, რომელიც ათეულ მილიონობით ადამიანმა, მთელმა თაობებმა, პირდაპირი
მნიშვნელობით, საკუთარ ტყავზე გამოსცადა.
პარადოქსალური
ის იყო, რომ მიუხედავად შოკისმომგვრელი შიშისა,
მაინც დატყვევებული ვიყავი მთელი ამ სანახაობით. ბოლომდე, სამჯერ ხელახლა, დეტალურად ვუყურე ცნობილ "ტრილერს" მაიკლ ჯექსონის მონაწილეობით და არც ერთხელ არ გამჩენია სურვილი, რომ მაგნიტოფონი
გამომერთო. ავდგებოდი, ვცდილობდი მივახლოებოდი ტელევიზორს გამოსართავად, მაგრამ თითქოს
უკან მაგდებდა ეკრანიდან მომზირალი ყვითელთვალებიანი მონტსრი და მისი ზომბების რაზმი.
უფროსები მეორე ოთახში იყვნენ, სტუმრიანობდნენ და ჩემთვის არც არავის ეცალა. ერთადერთი
რაც შიშს ძლევდა და სანახაობას ერთგვარად მიმსუბუქებდა, ეს იყო ისევ და ისევ ცნობისმოყვარეობისგან
გამოწვეული ჰიპნოზი. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მეხსიერებისა და ფსიქიკის
უფსკრულებში ჩაბუდებულ, ჩვენივე ფიქრებით შობილ მონსტრებსა და დემონებს, კაცობრიობისთვის
გაცილებით უარესი შიშის შეჰყრა შეეძლო, ვიდრე ეკრანზე გამოსახულ გრიმიან მსახიობებს.
წლების შემდეგ, ჩემს უკვე რაციონალურად ჩამოყალიბებულ ფასეულობებში, მეხსიერებაში ჩარჩენილი,
ბავშვობისდროინდელი ჯექსონის მრისხანე კატა-მაქციაც უწყინარ ფისუნიად გადაიქცა, ადამიანები
კი პირიქით - ნამდვილ, საშინელ მონსტრებად! ..ატომური იარაღი, ომები, ნარკოტიკები,
ხელოვნური ეპიდემიები, ადამიანებით ვაჭრობა, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები, საბჭოთა
გულაგების სისტემა და ეთნიკურ-რელიგიური გენოციდი, სისტემური კანიბალიზმი და უსინდისოდ,
სიღატაკეში ჩახრჩობილი ბავშვების მთელი თაობები დედამიწის სხვადასხვა ადგილებში...
მეტი შემზარავი სანახაობა სადღა უნდა ეძიოს ადამიანმა, ჰოლივუდის რომელ ხელოვნურ პავილიონში?!...
ვერცერთი რეჟისორი და მწერალი ხელოვნურად ვერ გამოიგონებს ე.წ. "ჰორორის" ჟანრის
ნაწარმოებს, რადგან მთელი კაცობრიობის ისტორიაა ერთი დიდი, საშინელებათა ფილმების სერიალი,
რომლის ჩვენებაც ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და რომლის მონაწილეებიც ჩვენ თავად ვართ, ადამიანად შობილი, მაგრამ არჩევანით მონსტრები!...
და
მაინც: დედამიწის ყველა მაქციებიდან და დემონებიდან, ყველაზე სასტიკი და საზარელი ადამიანების
გულგრილობაა!... რამდენი ერთი ჩამოვთვალო სხვა იმ დემონთა სახელები, რომლებიც არა რაღაც
ზებუნებრივი ძალების ბრძანებებს, არამედ ჩვეულებრივი უსინდისო მოკვდავების, ვიღაც სულით
მახინჯი ჩია კაცუნების გარყვნილ ფობიებსა და პათოლოგიებს ემსახურებიან?!... ჩვენს სურვილებში
შობილი დემონებისგან, გულგრილად იმუსრება ადამიანის შვილები, პარტახდება პლანეტა და
ყველაზე სანუკვარი სამიზნე - ღვთის ხატება ადამიანის სულში!
მანამდე
კი, სანამ ამ ყველაფერს გავაცნობიერებდი, სანამ ამ ყოველივეს ჩემი მსოფლმხედველობის
კოსმოლოგიის ნაწილად ვაქცევდი, სანამ მონსტრისა და მაქციის სახე ჩემთვისაც კი, ლამის
მშობლიური გახდებოდა, მაშინდელ დღეს, აპრილის მიწურულს, როდესაც ბუნება სიცოცხლით ხარობს
და ღვთის უნივერსალური გენიალურობით დახატული გარესამყაროს საოცრებებით წარიტაცებს
სულსა ადამიანისას, მე ჩემი დამემართა! ჩემი ფსიქიკა ჯექსონის "ტრილერმა" წარიტაცა
და ვეღარ ვამჩნევდი ღვთის გაზაფხულის სანეტარო სურნელებაში გაცოცხლებულ ბუნების სილამაზეს. გადაბმულად
სამი დღის მანძილზე, ოცდათვრამეტგრადუსიანი ჩაუქრობელი სიცხით დავიტანჯე, სკოლაშიც
ვერ დავდიოდი, ვცდილობდი ნაკლებად დამეხუჭა თვალები და თუ მაინც მეძინებოდა, ღამით "ნაჩნიკის" შუქზე ვიძინებდი, რადგან ეს იყო ის შემთხვევა, როცა "ილიჩის" ნათურას, მისი
სახელობის ბალზამირებული გვამისგან განსხვავებით, სიკვდილის სუნი ნამდვილად არ ასდიოდა.
კახა
კოლხი
18.08.2013წ.
Comments
Post a Comment