თავი II. წმინდა თაგვი
იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი
სურეალისტური საუბრების კრებული
ნაწილი I. რწმენა და რელიგია
------------------------------------------------------------------------------------------------------------
თავი II. წმინდა თაგვი
საზოგადოების
ფსკერზე, იქ, სადაც ადამიანის ექსტრემალური ფსიქიკა ნისლიან მოჩვენებად გარდაიქმნება,
სადაც ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ ჯოჯოხეთს და ისე ძალუმად ეშინია სინათლის, როგორც
სისხლმოწყურებულ ვამპირს, ცოცხლობს მანამდე ჩემთვის უცნობი ერთი ,,სასწაულის’’ ისტორია,
სულიერი ისტერიისა და რელიგიური ექსტაზის ნაყოფი. ნებისნიერი ისტერია კი რეაქტიული
დესტრუქტივიზმისა და ობსკურანტიზმის დედაცაა, მამაც და დეიდა-ბიცოლაც.
-
ჩვენი წმინდანი, ჩვენი იმედი და ბოლო ჟამის
პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია, თურმე როდესაც ქადაგებს და სწირავს, სამების
ტაძრის რომელიღაც კუნჭულიდან, მის მოსასმენად თაგვი მოცუნცულდება ხოლმე, დადგება უკანა
თათებზე, წინა თათებს გულზე მიიბჯენს და სულგანაბული უსმენს ილიას ხმასა და სიტყვებს.
ამ დროს, ამ სასწაულის დროს, ასევე საიდანღაც უხილავი ტრედი მარჯვენა მხარზე აჯდება
პატრიარქსა და ამით გვანიშნებს კათალიკოსის წმინდანობას. ეგ კიდევ არაფერი, როცა ილია
რუსეთში ჩასულა, მაგადნიდან ჩამოსულა ხალხი ,,ცოცხალი წმინდანის’’ სანახავადა, კაცოო!...
იციან რუსებმა, რომ თუ ილია არ დაადებდა ხელს რუსეთის პატრიარქსა, კირილეს, მისი პატრიარქობაც
ფუჭი და ტყვილი ყოფილა!... კიდევ ისა, რომა ილიამა, ცოცხალმა წმინდანმა რადგანაცა თქო,
რომ სტალინი მაგარი კაცი იყოო, ,,ზნაჩიტ ეგრეა, ბრატ’’!... – დაასკვნეს ქართველმა
და მაშასადამე მართლმადიდებელმა ლუმპენპროლეტარებმა და ღვინოდ მონათლული შეღებილი სითხე
ბოლომდე ჩასცალეს. ,,ნადიმის’’ შემდეგ, მათ სულის სალხინოდ ელოდათ ,,ნაკურთხი’’ კაზინო,
თავის ,,ნაკურთხი’’ ე.წ. ელექტრორულეტკით, რათა ასე ,,მადლმოსილებსა’’ და ნაკურთხებს
,,ნაკურთხი ჯეკ-პოტი’’ მოეხსნათ!...
ეს
პაწაწინა ამბავი, თბილისის ერთ-ერთ მუშურ-გლეხურ რაიონში, საყოფაცხოვრებო ნივთების
დახურული სავაჭრო ტერიტორიაზე სახელდახელოდ გაშლილ ,,სუფრასთან’’ მსხდომი ლუპენპროლეტარიატის
,,საუკეთესო’’ ნაღებისგან მოვისმინე, ახლგაზრდა ხალხისგან, რომელთაც წიგნი, საბჭოთა
დროის საუკეთესო ,,ქართული’’ ტრადიციების მიხედვით, თაროებზე სტუმრის თვალის გასართობად
შემოდებულ, რესპექტაბელური იმიჯის ატრიბუტად აქვთ ნანახი და ცხოვრების ,,პრასვეტის’’
უმაღლესი მწვერვალი ,,დილას ხაში, ზედ ლავაში’’, შუადღეს არაყი და შვამპალა ღვინისმაგვარი
სითხე, ხოლო საღამოობით და ზოგჯერ მთელი ღამე, დილამდე კაზინოში ელექტრონული ,,რულეტკის’’
თამაშია. რა თქმა უნდა, ამ ,,სასწაული’’ ისტორიის მოყოლას გულმხურვალე სადღეგრძელოები
მოჰყვა ეკლესიის მეთაურისა და შემდეგ, ინერციის ძალით დიდი ქართველების, განსაკუთრებით
კი სტალინის ქება-დიდებაც.
სრულიად
შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ადგილას და დამერწმუნეთ, ადამიანების ფსიქიკის უკეთ შესასწავლად,
უკეთესს ადგილს ვერ იპოვით, ამიტომაც არც მიფიქრია გვერდით ჩამევლო და გზა გამეგრძელებინა.
ვერც ერთ ბიბლიოთეკაში, ვერც ერთ უნიკალურ წიგნში ვერ ამოიკითხავთ საჭირო ცოდნას, ვიდრე
იქ, სადაც ცხოვრება შენს წინაშე, ,,ლაივში’’ გადაშლის ადამიანის სულის ბნელ და ნათელ
მხარეებს. ამ ადგილს, მთლიანად ამ ქვეყანას, სადაც მსგავსი ,,წმინდა გადმოცემები’’
იბადება და იხარშება, მე დავარქმევდი მსოფლიოს სოციალური ჯოჯოხეთის ერთ-ერთ ყველაზე
უფრო ღრმა სოციალურ გეენას, სადაც ვერ აღწევს თანამედროვე მსოფლიოს პროგრესული სამეცნიერო,
ე.წ. პრომეთესეული ცოდნა და სინათლე. ამიტომაცაა, რომ ჩვენებურ ამირან-პრომეთეს დღემდე
ვერ აუწყვეტია ის შავი ჯაჭვი, რომლითაც ღვთისა და ბუნებრივი პროგრესის მტერმა, ცხვრის
ქურქში და სუნში გახვეულმა, სულით წარმართმა ცრუმორწმუნე ქიმერამ და გარეგნული შესამოსელით
კი ქრისტეს სპეტაკი ჯვრით გულდამშვენებულმა ბიზანტიურ-რუსოფილმა რეტროგრადებმა, კაცთა
ვნებების რელიგიურმა ორდენმა, კავკასიონს მიაჯაჭვეს მისი პოლიტიკურ-სოციალური და მატერიალური
ძალაუფლებისთვის ყველაზე საშიში ტიტანი - ცოდნა და სიმართლე, რათა მისი ცეცხლოვანი
ძალით სიცრუისა და უცოდინრობის მონობისგან გათავისუფლებულ და სიბნელეში თვალახელილ
ადამიანებს არ დაემხოთ XXI საუკუნეში გამეფებული, მოდერნიზებული ფეოდალიზმი.
მსოფლიოში
ბევრი ასეთი სოციალური უფსკრულია, აფრიკაში, ჯუნგლებში, პაპუასეთსა და ამაზონის ხეობებში
და თბილისი, მეტადრე თავის გარეუბნებითა და საქართველოს კიდევ უფრო ჩამორჩენილი პროვინციებიც,
ასეთ ადგილებს მიეკუთვნება, სამწუხაროდ, სადაც ადამიანებს ჯერ კიდევ გამჯდარი აქვთ
წარმართული ცრურწმენები, აღტკინებული წეს-ჩვეულებები, სადაც ჭორი ინფორმაციის სარწმუნო
წყაროდ უფრო მიაჩნიათ, ვიდრე საკუთარი თვალით ნანახი და გადამოწმებული.
ჭკვიან
ადამიანს უთქვამს, ჩვენ გლახები და მონები ვართ არა იმიტომ, რომ ღარიბები ვართ, არამედ
ღარიბები ვართ, იმიტომ, რომ მონები ვართო. მე დავამატებდი, რომ მონობა სულისა და შემდეგ
სხეულისა, სიმართლისა და შესაბამისად ცოდნის დამახინჯებით იწყება, რომელიც თავის მხრივ
ნატურალური, ყოვლადუსახური ბოროტების საფუარია. სიბნელე და ბოროტება კი სხვა რაა, თუ
არა ღმერთისგან, სიყვარულისგან და სიმართლისგან დაშორება.
გამრუდებული
სარკეებით მართული მსოფლიო ოდითგანვე არსებობდა და არსებობს დღესაც. ქურუმები, მოგვები,
ვარსკვლავმრიცხველთა ადეპტები, ათასი ჯურის მჩხიბავები და ავატიურისტი შარლატანები,
სხვადასხვა რელიგიური იერარქები, მათივე მოკავშირე და დამფინანსებელი ფარაონებით, ბელადებით,
ფიურერებით, მესიებით, ცოცხალი ღმერთებით, იმპერატორებითა და ტიტულებით დახუნძლული
სხვადასხვა პოლიტიკოსებით, იყო და არის ის ძალა, რომელთაც ერთი მისწრაფება აქვთ მხოლოდ:
მართოს რაც შეიძლება ღრმა სიბნელეში ჩაძირული ხალხის მასსა, შიშითა და ძრწოლით, სასჯელებისა
და ტანჯვა-წამების მუქარით. დღევანდელი საქართველოც არაა გამონაკლისი.
არაპროფესიონალი
და არაკვალიფიციური, უპასუხისმგებლო, ,,ყოლფერჩიკი ექსპერტების’’, უვიცი ჟურნალისტებისა
და უსუსურად საცოდავი ე.წ. სამოქალაქო სექტორის, მძაღე განათლების სისტემის მიერ გაპარტახებულ
ადამიანთა გონებისა და სულის ,,მალამოდ’’, ქრისტიანობის ქურქში გახვეული ანგარებიანი
ტურების, მელიებისა და მგლების საჯიჯგნად ქცეულა სულიწმინდის სასუფეველიც, ქრისტეს
წმინდა ეკლესიაც და რაც მთავარია თავად ადამიანის მთავარი საზრუნავი - ადამიანობა და
ღვთის ხატებაზე სწორება ადამიანის ფიქრისა და ცხოვრების. საქართველოში არსებულ ყველა
ხელისუფლებასაც ეს აწყობდა, ჰყოლოდა უწიგნური, ,,ყოლფერჩიკი’’ ღარიბების მასსა, რომელთა
რეალური პროფესიონალური ცოდნის დონეც ,,ყოლფერჩიკობის’’ მაგივრად, საბოლოოდ არაფრისმცოდნეობა
და სამაგიეროდ ყველაფრისმკითხაობა იყო, მათ შორის სხვისი პირადი ცხოვრებისა და სარეცლის
ზეწრის ფერზე ბჭობა-გარჩევის დონემდე დასული ,,საზოგადოებრივი დისკუსიებით’’ მიღებული
,,განათლება’’. ამ განუკითხავმა სულიერმა წყვდიადმა წარმოშვა ზუსტად ის ათეულ ათასობით
პირადი ცხოვრებისა და ძალადობის, ხელისუფლების კრიმინალური მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოფირებიც.
გამოდის, რომ მენტალურ და სულიერ ვაკუუმს ეს მარად თვითკმაყოფილი, საკუთარი ე.წ. მსოფლიო
მესიანიზმის მრწმენი, თავის თავს მიწერილი ყოვლადგანათლებულის ტიტულითა და ამხელა,
,,ბაბასილი’’ ისტორიის მქონე, ე.წ. ,,ღვთის რჩეული’’, ღვთისმშობლის ხვედრობადაბრალებული
ერი, ივსებდა ერთმანეთის თვალთვალითა და სხვისი სექსუალური ცხოვრების ყურებით. ერი
მეთქი, ვთქვი იმიტომ, რომ ამ ერისა და ამ ეპოქის შვილებია ყველა ის, ვინც მსგავსი საქმიანობით
იყო დაკავებული წარსულშიც და ახლაც. განსხვავება აღმოსავლურ-დეპოტურ და დასავლურ-დემოკრატიულ
საზოგადოებებს შორის ერთ პატარა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან რამეშია, ესაა ზოგადად
ჰუმანისტური პასუხისმგებლობის უნარი და გრძნობა. დასავლელი ცივილიზაციის, დემოკრატი,
ჰუმანისტი მოქალაქე, რომელსაც მოესმება ქვეყნის ერთ ნაწილში აშკარა ბოროტებისა და სხვა
თანამოქალაქეების უბედურების ამბავი, ის იგრძნობს პასუხისმგებლობას ამ ბოროტების წინაშე
საერთო სამოქალაქო უმოქმედების ან მოქმედების გამო, ხოლო აღმოსავლელი, დესპოტური მენტალიტეტის
ადამიანი, რომელსაც ჯერ ვერ გაუცნობიერებია, რომ ის მოქალაქეა და საერთოდ ამ ტერმინის
არსიც არ იცის, გარდა იმისა, რომ სხვამ მის მაგივრად უნდა იმუშაოს და მას აჭამოს, იტყვის:
კიდევ კარგი, რომ ჩემს ზოში, ჩემს სახლში არ ხდება ის, რაც სხვებს, ჩემგან მოშორებით,
ემართებათ!...
უბრალო,თავისუფალი
მოქალაქეობის ჭეშმარიტი არსი რომ იცოდეს ქართველმა, ამაზე უფრო საპატიო თანამდებობას
და სამსახურს ვერ იშოვნის თავის ქვეყანაში და ბოლოს და ბოლოს შეეშვებოდა ასე გამალებულად
ავადმყოფურ ლტოლვას პირველკაცობისკენ, პრეზიდენტისა თუ მინისტრის, პარლამენტარისა თუ
პრემიერის სკამის დასაკავებლად!... მაგრამ ეს არაჯანსაღი ლტოლვაც ხომ ნაკურთხია და
რაც ,,მოძღვრისგან’’ ნაკურთხია, ის მარად ,,საპატიო’’ და ,,წმინდაა’’. თანამედროვე
ქართველი ცინცინატის და მაშასადამე უბრალო, თავისუფალი მოქალაქის როლს ჯერ-ჯერობით
მხოლოდ ერთი ადამიანი თამაშობს საქართველოში და საკმაოდ წარმატებითაც.
არც
ერთი მთავრობა, არც ერთი ეკლესიური იერარქი, რომლებიც არ მოგვწონს, მარსიდან არ ჩამოფრენილა
და ეშმაკის ბუდედან არ ამოფრენილა ჩვენს თავზე. ისინი ჩვენს, ე.წ. ,,ღვთის რჩეულ’’
საზოგადოებაში იშვნენ და დაფრთიანდნენ. ღვთის რჩეულობაზე კი რა მოგახსენოთ, ერთი ვიცი,
რომ ასეთი ,,რჩეულობა’’ საბოლოოდ ცუდად უმთავრდებათ ხოლმე ამა თუ იმ ხალხს. იესოს ჯვარცმის
მისტერიაც ჯერ საკუთარი თანამოძმეების დასჯით იწყება, რომლებიც, როგორც ,,ხმა მღაღადებლისა
უდაბნოსა შიგან’’, ბედავენ და სიმართლეს აუწყებენ უზნეობის ჭაობში ჩაფლულ ,,ღვთის რჩეულ’’
საერო თუ სასულიერო იერარქებს.
ზემოხსენებული
ამბავი მეტად საჭირო გაკვეთილია იმის გასაგებად, თუ ვინ რითი სუნთქავს, ხალხის რომელი
ფენა რითი აზროვნებს და რა პოსტულატებით ხელმძღვანელობს, როცა ყოველდღიურ ყოფაში ყოფით
გადაწყვეტილებებს იღებს, რაც შემდგომ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ყოველდღიურობაში საერთო-ეროვნული
გადაწყვეტილებების სახესაც იღებს ხოლმე, ვინაიდან ერთი მთლიანი ცნება - ,,ერი’’ და
,,ხალხი’’ ესაა კოლექტიური ,,ეგო’’, რომელიც შედგება პატარ-პატარა, ინდივიდუალური
,,ეგოებისგან’’, რომელნიც თავის მხრივ, ხშირად ტვინის სასუნთქ მასალად იღებენ არა ნათელ
და კრიალა ჟანგბადს, არამედ პოლიტიკურ-რელიგიურ მახრჩობელა კვამლში გახვეულ მავნე ნივთიერებებს,
გაცილებით საშიშს, ვიდრე იგივე ნიკოტინისა და კუპრის შემცველობაა სიგარეტის კოლოფებში
ჩალაგებულ შხამში.
დღეს,
ადამიანების უმეტესობას ორი ,,განათლების წყარო’’ აქვთ გონებისა და სულის სავარჯიშოდ:
მდარე და უპასუხისმგებლო მასმედია, მდარე სატელევიზიო ხარისხის ტელევიზიები, თავის
ყოვლადსულელური სერიალებით, მოდაში შემოსული სოციალური ქსელები და ე.წ. ,,ეკლესიის
სწავლებანი’’. ეს ყოველივე, ერთმანეთზე უარესი ინსტრუმენტია ადამიანთა ტვინების დასამონებლად
და სამართავად. მარტო ის რად ღირს, სოციალურ ქსელში რომ ვინმე გამოგიგზავნის ,,ცოცხალი
წმინდანის’’ ფოტოს მოწოდებით: ,,თუ გიყვარს, გააზიარე’’ და ა.შ.
ზემოხსენებული
ადამიანების ე.წ. ქართული ცხოვრება კი ყველაზე უფრო უხილავი სოციალურ უფსკრულია, რომელიც
,,ხილული’’ ხდება მაშინ, როცა რომელიმე გადამთიელი დეპუტატობის კანდიდატი, რომელსაც
თბილისის ე.წ. მუშურ-გლეხური რაიონები და მისი სოციალური ფსკერი თვალითაც არ უნახავს
და მას, საკუთარი პიროვნული სამყაროს მიღმა არსებულ, ლამის კეთროვანების დასახლებად
მიიჩნევს, წინასაარჩევნოდ საგანგებოდ სახეზე მიკერებული ყალბი ღიმილით რომ ჩამოურბენს
ხოლმე სავაჭრო დახლებს, ტაქსის მძღოლებს, ათეული წლების მანძილზე გამათხოვრებულ, უუფლებოდ
მყოფ ხალხს და მორიგი პათეტიზმით დაჰპირდება ოქროს მთა-გორებს საარჩევნო ხმის სანაცვლოდ,
არჩევის შემდეგ კი საკუთარი ამომრჩევლის მიღება, მოსმენა და პასუხის გაცემა უბრალოდ
ეზარება, ზოგჯერ უტყდება და თავ-ბედსაც იწყევლის ასეთი ,,მძიმე ხვედრისთვის’’. სამაგიეროდ,
ბოგანოდ ქცეულ ადამიანებს, დაჩიავებული სულის ,,საოხად’’ და ,,მხსნელად’’ ყავთ სხვა,
უფრო მძლავრი, ადამიანების მსახურების ნაცვლად, საკუთარი სიმდიდრის მოპოვებისთვის პროპაგანდის
ინსტიტუტად გადაქცეული ორგანიზაცია, რომლის სავიზიტო ბარათად დიდი ხანია იქცა უწიგნური,
ზედმეტი ჭამა-სმისგან ქონებჩამოკიდებული, ღიპიანი, მოუვლელი წვერგაბურძგვნილობით გამორჩეული
ბნელეთის ,,მოციქულები’’, ხშირად წარსული კრიმინალური ე.წ. ,,ბექგრაუნდის’’ მისაჩქმალად
ქრისტეს წმინდა ეკლესიას ამოფარებულნი და მისი სახელით სულიწმინდის მადლის გამყიდველ-გამნიავებელნი,
სიყვარულის ნაცვლად სიძულვილის მხვნელ-მთესველნი, რომლებიც კიდევ უფრო გაღატაკებულ
და ღრმა სულიერ კრიზისში ჩავარდნილ ხალხს მონური მორჩილებისა და ,,ეკლესიის მამებისგან
დადგენილი’’ დოგმატური ცოდნის ბრმად მიღებას უქადაგებენ. რამეთუ, ვინმე ღიპოსან-ჯიპოსან-წვეროსანმა
უფრო იცის თუ რა, როდის და როგორ უნდა აკეთოს საწოლში ქალმა და კაცმა, უკეთესად იცის
რა ,,სძაგს უფალსა’’, ვიდრე თვით უფალმა ღმერთმა, რადგან მათივე გაწარმართებული დოგმების
მიხედვით: ,,არრა არს ღმერთი, გარდა ქართველი მართლმადიდებელი მამაოსი ქუეყანასა ზედა,
ქუესკნელსა ქუეშა-ქუე და ზეცასა შიგან-ზე!’’ ... ე.ი. თუ ხარ ქრისტიანი, მაშინ აუცილებლად
უნდა იყო მხოლოდ ქართველი და პირიქით, თუ ხარ ქართველი, მაშინ აუცილებლად უნდა იყო
ქრისტიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მადლმოსილი ,,მუშტი’’, ან საუკეთესო შემთხვევაში
დედის გინება არ აგცდება, ესეც ალბათ შენივე სულის გადარჩენისთვის.
საინტერესოა,
ზანგმა ან ინდოელმა, ჩინელმა რომ მოინდომოს საკუთარი ნებით გაქრისტიანება და სასულიერო
ცხოვრებაში წარმატებებსაც მიაღწიოს, თუ აკურთხებენ მღვდლად ან უფრო მაღალ იერარქად
აქ, საქართველოში?... სადღაც მოვისმინე, საკმაოდ ავტორიტეტული სასულიერო მოღვაწისგან,
რომ ზანგი იმიტომ ყოფილა შავი, რომ უფალს დაუსჯია ცოდვებისგანო... იაპონია იმიტომ იძირება,
რომ ცოდვებშია იქაური ხალხი ჩაფლულიო და ა.შ. ... მაგ ლოგიკით, გამოდის, რომ ჩვენ მრავალგზის
წარღვნილ-წალეკილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სულ მავიწყდება ჩვენი ალოგიკური არსებობის კრედო:
ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და გასაბრწყინებლადაც ვემზადებით, ბლომად საკლავით,
ბლომად და ხშირად გაყალბებული ღვინით, შესაბამისად გაყალბებული ზიარების მადლით, ქელეხებსა
და მრავალრიცხოვან წარმართულ დღეობებში თუთიის ჭურჭელზე ათანთალებული მოხარშული ხაშლამით,
ხოლო აგერ უკვე ,,წმინდა თაგვიც’’ შეგვეწევა თავის მადლით და რაღა გვიჭირს, მთავარია
ID ბარათები არ ავიღოთ და ეგაა, უკვე გაბრწყინებულები ვართ!...
ერთია,
რომ არ მესმის, ეს ამოდენა სულგაბრწყინებული ხალხი, როცა ასეთ ღრმად ეროვნულ და წმინდა
თემებზე ელაპარაკები, რატომ იბღვირება და იჭინთება ხოლმე?... ალბათ ესეც რაღაც ეროვნულ
რიტუალად გადაიქცა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ,,წმინა კვერცხის’’ დადების ცერემონიაც
J J J.
ამ
უმაღლესი ხარისხის ,,თეოლოგიურ ჭეშმარიტებაში’’ არავის ებადება კითხვა, ნეტა რა მოუვა
მილიარდნახევარი ჩინელისგან თუნდაც ერთ-ერთს, რომელიც თურმე მარადიული ტანჯვისთვისაა
დაბადებითგან გაწირული, რადგან ჩინელად დაიბადა და სადმე მიყრუებულ ჩინურ სოფელს არ
გასცილებია?... ჯანდაბას ჩინელების თავი და კიდევ უფრო საინტერესოა, რა მოუვა მოუნათლავ
ყრმას, რომელსაც აბორტის შედეგად სიცოცხლეს უსპობენ ან ახლადდაბადებული მოულოდნელად
კვდება?... არ ვიცი, ღმერთი უშვებს თუ არა, რომ მოუნათლავი ყრმა, აბორტის შედეგად თუ
უკვე დაბადებით გარდაცვლილი, სამუდამოდ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯოს, მაგრამ ქართველს
და თანაც აუცილებლად მართლმადიდებელ ღიპოსან-ჯიპოსან მამაოს მათი, ანუ მილიარდნახევარი
ჩინელის და მოუნათლავი ყრმების ბედი გადაწყვყვეტილი აქვთ და რა თქმა უნდა არა სამოთხის
ბედნიერი ბილეთის სასარგებლოდ!... ალბათ, მათივე აზრით, ქრისტე უთუოდ ცდებოდა, როცა
ასევე წვეროსანი ფარისევლების მიერ ჯვარზე გაკრული თავის გვერდით, ასევე ჯვარზე გაკრულ
ყაჩაღს, რომელიც ასევე მოუნათლავი იყო, სამოთხეში აღუთქვამდა ყოფნას იმავე დღეს...
იმედია, ამ სახარებისეულ ისტორიაში არავინ ჩააკვეხებს ე.წ. ,,წმინდა მამათა’’ გადმოცემას,
რომ ის ყაჩაღი სინამდვილეში მონათლული ყოფილა...
რა
არის ეს, თუ არა, რეტროგრადი კლერიკალების მიერ ღმერთის ფუნქციების შეთავსება, ამპარტავნების
ხიბლში ჩავარდნა, სულიწმინდის შეგინება და წარმართული, პირდაპირ ვიტყოდი, სატანისტური
უნარ-ჩვევები ქრისტეს წმინდა ეკლესიის სახელით შენიღბული, შავ ანაფორას ამოფარებული,
მართლაც შავი და მეტად წვეტიანი აზრების კარნავალი, სიძულვილის ზეიმი, სადაც ღმერთს
სიყვარულის უფლებასაც კი ართმევენ და ითვისებენ,
რათა შემდეგ უხვად გასცენ ე.წ. ,,კურთხევები’’, ასევე უხვად გაცემული შესაწირის ხარჯზე.
ყველაფერი დასაშვებია, თუკი გაქვს კურთხევა მამაოსი!.. მათ შორის ჯვრის თავში ბრახუნით
დაწყებული და ,,სამარხვო სექსით’’ დამთავრებული.
ეკლესიამ
დაკარგა ქრისტეს სიწმინდე და სიყვარული, ხოლო ხალხმა დაკარგა ქრისტეს ეკლესია!... რადგან
ანგარებაში ჩაფლული წვეროსანი კაცუნების ხელში, ოდენ ერთნაირი არქიტექტურული შტამპით,
კონტეინერული სისტემით აღმართულ უტყვ ქვებად იქცა რწმენაცა და სიყვარულიც. ქრისტეს
ეძიებენ საამშენებლო მასალით ,,მოტეხილ მაყუთში’’, ნაირფერ ძვირად ღირებულ კეთილმოწყობილ
და ხშირად გაფუფუნებულ ცხოვრებაში, სადაც ვერსად ვერასდროს ვერ იპოვნიან მას!... სამაგიეროდ
ქრისტეს არ ეძებენ არც საკუთარ გულში, არც საკუთარ ღვთის ხატებაში და არც მოყვასის
სულში, ამიტომაცაა დღევანდელი ეკლესია და მისი მრევლიც ზოგადევროვნული სულის კრიზისის
ჭაობში, რომლიდანაც ამოსვლის სურვილი არც გააჩნია, რამეთუ ანგარებისა და სიმდიდრის
ჭაობი, უწიგნურობისგან და ამპარტავნებისგან თვალთდაბნელებულს, ღვთის სასუფევლის ღრუბლები
ჰგონია, ან თუ აქვს კიდეც ასეთი სურვილი, სწორედ ის ოქროს ჯინჯილები და გამათხოვრებული
ხალხის ხარჯზე შერგებული სიმდიდრე უშლის ხელს, რომელიც აქლემს ნემსის ყუნწში ვერასოდეს
გააძვრენს და რომელი სიმდიდრეც ღარიბ-ღატაკი ხალხის საშველად, მათი გმინვისა და ვაების
ჭრილობათა მოსაშუშებლად არ გამოიყენება!...
სიმართლე
ათავისუფლებს, როგორც სახარება გვასწავლის და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ე.წ. ,,წმინდა
თაგვის’’ ისტორიაც ყველაზე საუკეთესო მაგალითია, თუ რა ,,სულიერი’’ ღირებულებებით საზრდოობს
დღეს ადამიანების ე.წ. ,,ნაკურთხი’’ ცხოვრება. ეს და მისი მსგავსი სხვა, ათასგვარი
შიზოფრენიული და ფსიქიური გადახრის ნიშნების შემცველი ისტორიებიც იმისთვისაა აფუებული
და მრევლში ,,შეშვებული’’ ნარკოტიკის შხამივით, რომ ამ მართლაც ტვინგამორეცხილ, უუფლებო,
მონობას შეჩვეულმა ხალხმა ზედმეტი კითხვები არ დასვას, ადამიანი კრიტიკულს კი არა,
ზოგადად ფიქრსა და აზროვნებას გადაეჩვიოს და კიდევ უფრო ეყმოს მმართველ საერო და სასულიერო
ელიტას, ერთმანეთთან მარადიული ბიზნეს-პოლიტიკური ინტერესებით შეკრულსა და დაძმობილებულს.
აშკარაა,
რომ ეკლესია და ბიზნესი განუყრელად დაამეგობრეს ჯიპოსან-ღიპოსნების ნაციონალურმა პარტიამ,
ქართველობაც ამიტომ გადააქციეს ,,საპატიო ხვედრად’’, რომ სულ რომ ქვეყანა ამოწყდეს,
სულ რომ ბოლო უწიგნურმა ჯალათმა ქვეყანა თავზე დაიმხოს, აგერ არაა ეკლესია? ეკლესია
გიშველის, შეგმოსავს შავით, წვერს მოგაშვებინებს და მერე შენს მარიფათზეა ჯიპების და
,,საგულაო’’ მაყუთის შოვნაც!... მხოლოდ მთავარია შენ, ადამიანო, არ იაზროვნო ისე, როგორც
თავისუფალი პიროვნება, დასავლეთის ,,მავნე’’ დემოკრატიის ზემოქმედების ქვეშ მყოფი და
პასუხისმგებლიანი მოქალაქე აზროვნებს, არ იკითხო
რა ხდება შენი ეზოს გაღმა, არ იკითხო რა ხდება იქ, სადღაც ბნელ ჯურღმულებში, სადაც
წლების მაძილზე, სულიერი და გონებრივი ცხრაკლიტულით მზის სინათლისთვის ჩაკეტილა სულისშემძვრელი
სიმართლე ადამიანთა ადამიანის ხელით წამებისა და დაჩიავება-დაჩმორებისა!... მოუშვი
წვერი, ჭამე ბევრი (მეტი რა შეგრჩება ამ წუთისოფელში), თავი მოუქონე ელიტურ კრიმინალში
ჩაფლულ ,,შემომწირველებს’’, იარე ქალებში (მხოლოდ კურთხევით) და თუ გინდა, კიდეც იყავი
აღმოსავლელი დესპოტი, მსგავსი ნაბუქოდონოსორისა!... ,,ზატო’’, ძმაო, ჭეშმარიტ ,,ქართველ
მართლმადიდებლად’’ დარჩები და არც არავინ წაგართმევს მაგ გამოგონილ ანტიქართულ და ანტიქრისტიანულ
,,ქართველობას’’ (ან ვის რად უნდა?!)...
ასეთ
დღეშია ჩვენი ხალხის არც თუ ისე პატარა ნაწილი და შესაბამისად ჩვენი ქვეყანაც, მალე
ალბათ ,,წმინდა თაგვს’’ და მის უკვე სათაყვანოდ ქცეულ მოკვდავ ადამიანს, ვინც თაყვანს
არ სცემს, ის არც ქართველი იქნება და არც ქრისტიანი, შესაბამისად მარადიული ტანჯვაც
არ ასცდება.
ყოველივე
ამის შემდეგაც არცაა გასაკვირი, რომ მსოფლიო პროვინცია ვართ, ერთ-ერთი უჩამორჩენილესი.
ზოგს სჯერა, რომ ,,ივერია გაბრწყინდება’’, სჯეროდეს, ნეტარ არიან მორწმუნენი, მაგრამ
ვერავინ ვერ ასცდება იმ რეალობას, რომ საქართველოში დღეს უდიდესი კრიზისია განათლების,
ადამიანობისა და სულიერების, ყველა დანარჩენი კრიზისები უკვე ,,მომყოლია’’, ანუ ზედნაშენია.
სამწუხაროდ მართლა აღარ გვყავს ავგიას თავლის განსაწმენდად შობილი ჰერკულესები, ხოლო
მეცნიერებაში ვისაც რამე ნიჭი აღმოაჩნდა, იმდენი ქნეს, უცხოეთში გადახვეწეს ყველა,
ხალხს შეაძულეს ცოდნა და მასთან ერთად სინათლეც!... და ასე სრულ სიბნელეში ჩაძირულ
ხალხს დრო-და-დრო გამოუჩნდება ხოლმე დეპუტატობის კანდიდატები, რომლებსაც ქვეცნობიერად
,,სწამთ’’ კიდეც წმინდა თაგვის, ოღონდ ჯერ არც იციან რომ თვითონაც სწამთ, დრო მოვა
და აუცილებლად ,,იწამებენ’’...
საშველი?...
სადღაა საშველი?... ჩვენი საშველი ქართული სულის ჭეშმარიტი სულის დაბრუნებაში, პრომეთეობა-ამირანობაშია!...
საკუთარი თავის რწმენაში, მოყვასის და საკუთარ გულებში სიყვარულის, ე.ი. ღვთის სულის
აღმოჩენაში, ცოცხალ და არა მარილის ლოდივით გაქვავებულ რწმენაში, განათლებაში, მეცნიერებაში,
ცოდნაში, წიგნის კითხვაში, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ადგილობრივ წარმოებაში,
კანონის უზენაესობაში, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების უმკაცრეს დისციპლინაში და რა
თქმა უნდა თაობების ევოლუციურ ცვლაში, მსოფლიოსთან, განსაკუთრებით ევროპასთან, ჩვენს
ბუნებრივ ეროვნულ ოჯახთან გახსნილ საზღვრებშია ჩვენი საშველი!... თუმცა ეს თეორიაა,
პრაქტიკაში კი საქმე გაცილებით რთულადაა. ჩვენ ახლა, ამ ეპოქაში, ახლა მიმდინარე საზოგადოებრივ
შეხლა-შემოხლაში, ცოცხალ პროცესებში ან საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, როგორც სრულყოფილი,
თანამედროვე, დემოკრატიული სამოქალაქო-საერო სახელმწიფო და გავაგრძელებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან
ისტორიას მსოფლიო ცივილიზაციისა და თანამეგობრობის ღირსეულ წევრად, ან საბოლოოდ გავქრებით,
როგორც მსოფლიოს გარდაუვალი პროგრესისთვის ნეგატიური და რეტროგრადულ-რეაქციული მუხტის
მატარებელი ხალხი, რომლის საბოლოო მიღწევების აპოგეოსად იქცა ,,დილას ხაში, ზედ ლავაში’’,
ბნელ, მაგრამ ,,ნაკურთხ’’ ე.წ. ,,ბიზნესებში’’ ოჯახის, კერის, საკუთარი თავის, საკუთარი
მრწამსის, ღვთის ხატების, ღვთისმშობლის წილხვდომილობის, საკუთარი მიწის, სახლისა და
ყველაფრის წაგება, რაც ასე ძვირფასია უბრალო ადამიანური ბედნიერებისთვის!... ასე დამთავრდება
კიდეც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაც, ,,წმინდა თაგვის’’ ნეტარებასა და ტვინპარალიზებულ
ყოფაში განაბული, თუ დროზე, ჩვენივე ხელებით არ ავწყვიტეთ ტიტან პრომეთეს სულიერი და
გონებრივი წყვდიადის ჯაჭვი და არ გავწმინდეთ
ჩვენი განსაწმენდელი ავგიას თავლაცა და გულის ტაძარიც.
არჩევანი
სამკვდრო-სასიცოცხლოა ჩვენი ხალხისთვის, ზოგისთვის რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,
ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხისთვის ომი მოგვიწევს არა ხმალამოღებულ მტერთან, ფინანსურ
მაგნატებთან, რუსეთთან ან სპარსეთ-ოსმალოსთან, არამედ ჩვენივე ხელით დაყრილ ნაგავთან,
,,წმინდა თაგვის’’ გაფანტულ, კოლექტიურ შიზოფრენიასთან და ქართულ ტაშ-ფანდურად ქცეულ,
უდარდელა ,,ბედნიერებასთან’’, რამეთუ არც რუსი, არც სპარსი, არც ოსმალო, არც ვინმე
ჰუმანოიდი უცხო გალაქტიკიდან არ მოდის და არ ანაგვიანებს, არ ანადგურებს, არ ლეწავს
ჩვენს ქვეყანასა და ხალხს, მის ისტორიასა და მომავალი განვითარების შანსს, როგორც ტოტალური
სიცრუე და ცხოველური ინსტიქტები, რომლებსაც ,,ღვთის ხატებასთან’’ და ქრისტესთან არაფერი
აქვთ საერთო...
სიტყვა
გამიგრძელდა და მართლაც ასეთი ,,ძერსკი’’ სიტყვებისთვის, ბევრმა შეიძლება ჩემთვისაც
გაიმეტოს გეენის ცეცხლი და შეჩვენება, მაგრამ სანამ ქვას მესროდეს ვინმე, ქრისტეს სიტყვებს
დავესესხები, იმან მესროლოს პირველმა, ვინც უცოდველია... მაგრამ რა ვიცი, ქვას კი არა,
მგონი ,,ნაკურთხ’’ სეტყვას უნდა ველოდო.
კ.კოლხი
07.09.2013
წ.
Comments
Post a Comment