სახელმწიფო როგორც მუხრუჭი

სახელმწიფო როგორც მუხრუჭი

ხედვა ბიუროკრატიული საფრანგეთიდან



ბევრს საფრანგეთი ვარდისფერი პეპლებისა და ბუშტების ქვეყნად წარმოუდგენია. 

მე მათი მესმის, რადგან ტურისტული საფრანგეთი მართლაც ასეთია. ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი გავატარე საფრანგეთში, სადაც გავიარე თითქმის ყველა ეტაპი, რაც ემიგრანტმა შეიძლება გაიაროს (სწავლა, მუშაობა, ცხოვრება)  და რომ მკითხონ, მე, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში დაბადებულს, რას ვიტყოდი სპონტანურად საფრანგეთზე, ვიტყოდი შემდეგს: საფრანგეთი არის ვითომ კაპიტალისტური ელფერის, მაგრამ სინამდვილეში სოციალისტური, მდიდარი საბჭოთა კავშირია, პიტორესკული "ცისფერი მთები", სადაც ბიუროკრატიული "გრენლადია" ყველას შეიძლება თავში დაეცეს მოულოდნელად არათუ მხოლოდ ემიგრანტებს, არამედ თავად ფრანგებსაც. 

დავიწყოთ პარადოქსული შეფასებით, რომ საფრანგეთში კერძო საკუთრება ფაქტიურად არარსებობს. 

უფრო სწორად, კერძო საკუთრების ჩემეული და საფრანგეთის ბიუროკრატიის გაგება სხვდასხვაა. არარსებობს ასევე ცალსახად გამოკვეთილი უფლებრივი სიკეთეები, რათა ადამიანმა იცოდეს, რომ "შავი არის შავი, თეთრი თეთრია, წითელი არის წითელი და ა.შ.

ბევრი ფრანგი მემკვიდრეობას ვერ და არ იფორმებს, რადგან, როგორც მეგობარი ფრანგებისგან ვიცი, სამემკვიდრეო გადასახადი (მემკვიდრეობა სიმდიდრის მიღებად ითვლება) 60%-ს შეადგენს მიღებული ქონების საბაზრო ღირებულების. მაგალითად, ჩემი მეგობრის მამისეული სახლი, 1000კვ.მ. ეზოთი, 500 000€ ღირს. შესაბამისად ჩემი მეგობარი მემკვიდრეობად თუ მიიღებს სახლს მამის გარდაცვალების შემდეგ, მან უნდა გადაიხადოს 300 000€ გადასახადის სახით. ამ ციფრების სიზუსტეს ნუ მომთხოვთ, უბრალოდ პრინციპზე ვსაუბრობ. 



ამიტომ, ჩემს მეგობარს სიცოცხლეშივე აჩუქა მამამ სახლი, ახლა ის მის საკუთრებაშია, მაგრამ თავად მამა უზუფრუქტუარის უფლებებით სარგებლოს ამავე სახლში მთელი სიცოცხლის მანძილზე. როგორც ჩანს, ამგვარი მექანიზმი, გაცილებით უზოგავთ გადასახადებს. სულ ეს არის. 

საფრანგეთში ყველაფერი პასტელის ფერებშია, რაც გარეგნულად რომანტიკის მირაჟს ქმნის, მაგრამ შიგნიდან, რეალურად არის ყელზე მიბჯენილი ყულფი ან დანა, რომელიც ამუხრუჭებს ადამიანის ინდივიდუალურ განვითარებას, ამუხრუჭებს ბიზნესის კეთებასაც... ბევრი ახალგაზრდა ფრანგი ოცნებობს წავიდეს ქვეყნიდან და ფული გამოიმუშაოს სხვა, უფრო თავისუფალ და უფრო მდიდარ ქვეყნებში, სადაც ნაკლები შეხება ექნება ბიუროკრატიასთან და დრაკონულ გადასახადებთან. მდიდარი ფრანგების შემოსავლის 70% მიაქვს გადასახადებს და მათაც მობეზრდათ გაუთავებელი საგადასახადო სადიზმი. მე-6 რესპუბლიკაზე მიდის სერიოზული საზოგადოებრივი მსჯელობა, რადგან ხვდებიან რომ მე-5 რესპუბლიკის სისტემა დაბერდა, გამოლპა და ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან ესაა პოსტ-WW2-ის მსოფლიო წესრიგზე მორგებული ეკონომიკა, სოციალური სისტემები და ეკონომიკური ურთიერთიბები.

დღეს თვისობრივად სხვა დროა, სხვა ეპოქაა... საბეჭდი მანქანის ეპოქა ჩაანაცვლა ნანოტექნოლოგიებმა, დრო უფრო აჩქარდა და სივრცე დაპატარავდა, სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს გაუმეზობლდნენ ტექნოლოგიების საშუალებით.

იცით როგორაა საფრანგეთში? უფლებრივად "გეკუთვნის, მაგრამა არ გეკუთვნის", როგორც ერთ ძველ ქართულ ფილმშია... 

გაქვს კერძო სახლი, მხოლოდ ვითომ გეკუთვნის (ბავშვობაში "ვითომ-ვითომ"-ებით რომ თამაშობდნენ ხან ექიმობანას, ხან ომობანას და ა.შ., ყველაფერი ილუზორული იყო, წარმოსახვითი) და სახელმწიფოს მაინც უხდი ყოველწლიურად Tax foncier - უძრავი ქონების საკუთრების გადასახადს  და  Tax habitation  - ცხოვრების გადასახადს. ამ უკანასკნელს მესაკუთრეც იხდის და ყველა, ვისაც ფიქსირებული მისამართი აქვს, ბინის დამქირავებელი იქნება (მეც მათ შორის) თუ ბინის მესაკუთრე, მნიშვნელობა არ აქვს.

არის ასევე გადასახადი ტელევიზიით სარგებლობისაც, იმისთვის, რომ ინფორმაციას იღებ ტელევიზიით, ყოველწლიურად, როცა საგადასახადო დეკლარაციას ავსებ (ყველა ავსებს და აგზავნის... უზარმაზარ ანკეტებს😀), იქ უნდა მიუთითო გაქვს 
თუ არა ტელევიზორი და თუ სარგებლობ სატელევიზიო არხებით თუ არა, 200€ შეადგენს წლიურ გადასახადს, როგორც მახსოვს... რომ ჰკითხო, დემოკრატიაა და საჯარო ინფორმაცია თავისუფალია... თუმცა მე არ გადამიხდია, არ მჭირდება ტელევიზია, ჩემი სმარტფონიც მყოფნის 😏

და კიდევ უამრავი, უაზრო გადასახადია და ამით მართლა რა სიგიჟეები ფინანსდება, ამის ჩამოთვლა შორს წამიყვანს...

ევროპა ჩამორჩა ადამიანების რეალურ მისწრაფებებს. სახელმწიფოს კონცეფცია დაძველდა მთელ მსოფლიოში.

ევროპის (+აშშ-კანადა , ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ა.შ.) ქვეყნები უბრალოდ იმდენად მდიდრები არიან, რომ არ იგრძნობა ასე თუ ისე მძაფრად მათივე ბიუროკრატიების დამანგრეველი ძალა.

საფრანგეთში ათჯერ და ასჯერ მეტი ფუნქციონერი და ჩინოვნიკია, ვიდრე საქართველოში ... ძალიან ბევრს ჭამენ ფრანგები, ბუკვალურად და ალეგორიულად, ბიუჯეტთან მიმართებაში, საქართველოსთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ ეს ქვეყანა მდიდრდებოდა საუკუნეების მანძილზე და მე-20 საუკუნეში, 1962 წელს 
ფორმალურად დასრულდა  მათი კოლონიალური იმპერია ალჟირში 7 წლიანი ომის დამთავრებით... მანამდე ჰქონდათ ასევე კოლონიალური ომი ინდოჩინეთში, ვიეტნამში, სადაც ალენ დელონიც მონაწილეობდა... აფრიკის კოლონიები საფრანგეთმა ფორმალურად გაუშვა, მაგრამ ურანს და კიდევ სხვა მისთვის სასარგებლო ნივთიერებებს ისევ იქ მოიპოვებს და ახლაც უდიდესი გავლენა აქვს აფრიკაზე, ლიბანზე, ახლო აღმოსავლეთსა და მის ყოფილ კოლონიებზე. აქვთ ატომური ბომბი, ყავთ ძლიერი არმია, მთლიანად საკონტრაქტო ჯარი და სხვათაშორის ფრანგული იარაღით აღჭურვილი სრულად, დაწყებული ტყვია-წამლით, მისტრალებით დამთავრებული.  საკუთარ, დამოუკიდებელ გლობალურ პოლიტიკას ატარებენ, უნდათ პუტინს შეეკვრებიან, უნდათ მუამარ კადაფის, რომელიც სარკოზის საარჩევნო კამპანიასაც აფინანსებდა, როგორც გაირკვა და თუ უნდათ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმთან, ასევე ირანის აიათოლასთანაც მშვენივრად ითანამშრომლებენ, მთავარია აკეთონ ფული💰 ... ასეთია საფრანგეთი.


რაც შეეხება ბიზნესს, სრული სიშლეგეა საფრანგეთში. თუ გინდა რომ სახელმწიფო ნაკლებად ჩაერიოს და არ დაგახრჩოს, მცირე საწარმო უნდა გააკეთო, იმის იქეთ არ ღირს წასვლა, არც გეგმების დაწყობა, არც განვითარება, თუ მართლა დიდი კაპიტალი არ გაქვს საწყისიდანვე. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩემმა ფრანგმა მეგობრებმა ამიხსნეს, როგორც კი ვინმეს იყვან კონტრაქტით სამუშაოდ, მაშინვე სახელმწიფოს სპეციალური მაკონტროლებელი ორგანოების (DIRRECTE - შრომის ინსპექცია და ა.შ.) მეთვალყურეობის ქვეშ ექცევი. რაც უფრო მეტი პირი აგყავს სამსახურში, სახელმწიფოს მეთვალყურეობა გადაიზრდება უხამს, უცერემინიო კონტროლში... რაში გამოიხატება ეს? მაგალითად, 10 თანამშრომელი თუ გყავს, რომელიმეს გათავისუფლება მთელ რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული და 50 თანამშრომლის ყოლის შემთხვევაში, რესპუბლიკის პრეზიდენტის (პირადად არა, მაგრამ დელეგირებული უფლებით) თანხმობაა საჭირო!  ყოფილა შემთხვევა, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი პირადად ჩარეულა (ოფიცილაური განცხადებით) დამსაქმებლის ბიზნეს საქმიანობაში ერთ-ერთი დიდი უცხოური ინვესტიციებით შექმნილი საწარმოს თანამშრომლების გათავისუფლების საკითხში.

შესაბამისად, საფრანგეში პირის აყვანას სამსახურში საფრთხილო საქმეა ხშირად, რადგან შეიძლება მისი გათავისუფლების პროცესი, ვთქვათ ნებისმიერი მიზეზების გამო, როგორიცაა დაგვიანებები, უპასუხისმგებლობა, უხარისხო სამუშაო და ა.შ., შეიძლება დამსაქმებელს დაუჯდეს ნერვები+ფული (ბევრად მეტი, ვიდრე ხელფასი)+ბევრი დრო!  ეს ამუხრუჭებს ბიზნესსაც და კონკრეტულ ადამიანსაც.

საფრანგეთში მაინცდამაინც არ უყვართ მდიდრები, თუ გინდა არავინ შეგეხოს და ნაკლები მტერი გყავდეს და უფრო დაცული იყო, უნდა იყო საშუალო, "როგორც ყველა"... ეს უყვართ და ასე არიან მშვიდად ფრანგები, არაფრით გამორჩეული რომ არ ხარ 😀, ნეტარებისგან ღიღინებენ...მაგრამ საკმარისია, რამეთი გამორჩეული გახდე, რომ უნდა იცოდე, ზოგიერთის ღიმილის უკან შენი საფლავი ითხრებოდეს შეიძლება. 

ამის გარდა, საფრანგეში ბიზნესის გადასახადები არის ფაქტიურად  მეწარმის ყელზე მჭიდროდ მოჭერილი გაროტა, თან ისე, რომ ისუნთქოს, მაგრამ თავი ვერ გაამოძრაოს. რობოტებივით შრომობენ თავად ფირმების მეპატრონეებიც და ბოლოს, მდიდრების გამომუშავებული ყოველი 100 ევროდან 60-70 სახელმწიფოს მიაქვს. ყოველ თვე დასაქმებულს ეძლევა ე.წ. ხელფასის ფურცელი - Bulletin de Salaire. შიგ რომ  ჩახედოთ, სადაც დეტალურად არის აღწერილი 1 თვეში რა გადასახადების გადახდა უწევს ფირმის მეპატრონეს, უბრალოდ შეგეცოდებათ... უამრავ გადასახადებს იხდის თავად დასაქმებულიც. შესაბამისად ბიზნესის მეპატრონეს საკმაოდ დიდი ხარჯები აქვს მხოლოდ თანამშრომლების შენახვაზე გამოყოფილი.

მეპატრონე რეალურად იხდის ხელფასს+ხელფასის 50-60-70%-ს, ათასგვარ სახელმწიფო სოციალურ ფონდებში. მაგალითად პირი ხელზე იღებს 1200€-ს, სინამდვილეში მეპატრონე იხდის 1600€-ს უშუალოდ დასაქმებულის ანგარიშზე (რომ იმასაც ჩამოაჭრას სახელმწიფომ სოციალური გადასახადები) და + დაახ. 400€-ს თავის მხრივ დამატებით, რომ დასაქმებულსაც ჩამოეჭრას სოციალური შენატანები.... ამის გარდა კიდევ ყოველწლიურად სხვა გადასახადებია სახდელი (საშემოსავლო და ა.შ.) 

ძალიან მოკლედ ესაა ის მახინჯი ბიუროკრატია და გადასახადების სისტემა, რაც არსებობს საფრანგეში.

მაგრამ საფრანგეთს იმდენი სიმდიდრე აქვს დაგროვილი სახრავად, რომ აგერ უკვე 50 წელია ხრავს მათი ბიუროკრატია და ახლა უკვე ხვდებიან ნელ-ნელა, რომ თურმე ეს სისტემა გამოლპა და ვეღარ უძლებს ამდენ ხარჯს. ვეღარ ხდება სიმდიდრის რეპროდუქტიულობა. 

რაც შეეხება საქართველოს. საქართველო გავს ნედლ, დაუმუშავებელ ალმასს. ჩვენ გვაქვს შანსი რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეიქმნას მომავლის სახელმწიფო, სადაც ბიუროკრატია იქნება არა ადამიანის ინდივიდუალური პოტენციალის შემაფერხებელი, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თავისუფლების მიმცემი. ამ შანსს კი გამოყენება უნდა! 

ჟაკ ფრესკოს (Jacques Fresco) მომავლის პროექტებს თუ იცნობთ, იქ მაგალითად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩინოვნიკთა დიდი ნაწილის ყოველდღიურ ტექნიკურ სამუშაოს აკეთებენ კომპიუტერული პროგრამები  და AI - ხელოვნური ინტელექტი, რომელთაც არ სჭირდებათ არც ხელფასი, არც შვებულება, არც დასვენება, არც ქაღალდები და ცნობები. შესაბამისად აღარაა საჭირო მუნიციპალიტეტებში ათასობით შტატით დაკომპლექტებული არაეფექტური  ბიუროკრატიული აპარატის შენახვის საჭიროება. 

ამას წინათ მოვისმინე, რომ ქალაქ ფოთს ჰყოლია 3000 მუნიციპალური თანამშრომელი. თუმცა რამე ეტყობა ფოთს  3000 ტვინის რაციონალური მუშაობის სასარგებლო პროდუქტი? არაფერი! მხოლოდ სახელმწიფო სახსრები იფლანგება უაზროდ! ან რად უნდა პატარა ფოთს მუნიციპალური თანამშრომლების ამხელა კონტიგენტი, როდესაც იგივე ნიუ-იორკს ამაზე ორჯერ ნაკლები ჰქოლია?! 

თბილისის მერიაში და მის სხვადასხვა სტრუქტურებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო შპს-ებში დაახლოებით 10 ათასამდე (შეიძლება მეტიც) საჯარო მოხელე და სხვადსხვა კატეგორიის პირია "დასაქმებული"... და ასეა მთელ საქართველოში.

მომავლის საზოგადოების მოწყობის კონცეფციაში ადამიანის როლი მინიმალისტური სახელმწიფოს პირობებში, რომელიც ყველასთვის პოზიტიური გლობალური პროექტების განმახორციელებელი ფუნქციებით უნდა შემოიფარგლოს,   იქნება შემოქმედებითი ყოფა  და მუშაობა კერძო ინდივიდუალურ ცხოვრებისეულ პროექტებზე.

XXI საუკუნეში სახელმწიფო აღარ უნდა იყოს ძირითადად ლეგიტიმური ბოროტების ფუნქციის განმახორციელებელი, მტანჯველი და ადამიანის პირადი პოტენციალის განვითარების შემაფერხებელი, მუქთამჭამელთა ბიუროკარტიული ორგანიზაცია. აუცილებლად უნდა გადაიხედოს სახელმწიფოს ფუნქცია, მოდელი, მიზნები და ამოცანები საქართველოში. ამ კონცეფციის რეალიზებას სჭირდება პოლიტიკური ნება და კანონმდებლობის ძირფესვიანად შეცვლა კონსტიტუციით დაწყებული უმცირეს ნორმატიულ აქტებამდე, რაც ეტაპობრივად მოხდება, მთავარია დაიწყოს ეს პროცესი. 

ერთი სიტყვით, პირველ რიგში საქართველომ უნდა დაიბრუნოს საქართველოს სახელმწიფო რუსებისგან და რუსული ბინძური ჭაობისგან, ხოლო შემდეგ, როდესაც თანამედროვე სახელმწიფოს შენება გაგრძელდება, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ საფრანგეთის ბიუროკრატიას, მაგრამ საფრანგეთს დავემსგავსოთ სხვა უფრო სასარგებლო ნიშან-თვისებებში, როგორიცაა პატრიოტიზმი, სილამაზის აღქმა, მისი შექმნა ყველგან და სილამაზის მოფრთხილება, ადამიანთა შორის დიალოგის წარმოების კულტურა თუნდაც. 

Comments