დაღლილი ღმერთის ფიქრები

იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი
სურეალისტური საუბრების კრებული

ნაწილი I.  რწმენა და რელიგია

------------------------------------------------------------------------------------------------------------

თავი VI.  დაღლილი  "ღმერთი" 



                              მექსიკელი მოქანდაკის,  ხორხე მარინის ქანდაკება                      

                                  
რატომ უნდა ვიყო ან არ ვიყო "მართლმადიდებელი" ან "კათოლიკე", "მართლმორწმუნე მუსლიმი"?


საერთოდ ტერმინი "მართლმადიდებელი" ამპარტავნულად, იზოლაციონისტურად და ძალიან არასწორ ტერმინად მიმაჩნია. ე.ი. საკუთარ თავს და სხვას ვაჯერებ იმაში, რომ მე ყველაზე სწორი, მე - ყველაზე კარგი, მე - ყველაზე მართალი ვარ. ყველაფერი "მე"-ს ირგვლივ ტრიალებს, რაც ეგოიზმია, სხვა არაფერი.

ადამიანი ძიებისთვისაა, საკუთარ თავში და იმის ძიების, რაც ჩვენს ირგვლივაა. კოსმოსის კვალობაზე ძალიან უმცირესი მასშტაბების ცოდნა გვაქვს და რაღაცის მტკიცება, თან რაღაც/ვიღაც აბსოლუტურ არსებაზე და მისი ე.წ. "თაყვანისცემის" წესებზე,  უბრალოდ ძალიან ბავშვურ სიბრიყვედ მიმაჩნია.

მითუმეტეს განდიდებას თუ ითხოვს ის ღმერთი, ვისაც გულისხმობენ, სულაც არ ყოფილა ღმერთი და რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ ის, ვისაც  ეთაყვანებიან, გამოგონილი პერსონაჟი, დაკომპლექსებული პატარა ადამიანია, პოროვნული წინააღმდეგობებით სავსე ეგოცენტრული  მწერალივით, რომელმაც საკუთარი თავის ფსიქოპორტრეტი და ნერვული პრობლემები აღწერა ე.წ. წმინდა წერილში. ... ბიბლიაში არის ასეთი  ფრაზა: 

"2. და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა. 
3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა."   - ძველი აღქმა, დაბადება 2:2.

არ გეჩვენებათ, რომ ისვენებს ის, ვინც იღლება? და იღლება ის, ვისაც ფიზიკური რესურსი ამოწურვადი აქვს? არ გეჩვენებათ, რომ ვისაც ფიზიკური რესურსი ამოწურვადი აქვს, ის მოკვდავია? ხოლო, ვინც მოკვდავია, ის არ შეიძლება იყოს მარადიული აბსოლუტი. 

და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, "ღმერთი", მოკვდავი იქნება ის, თუ უკვდავი, როგორია, რა ბუნებისაა? კეთილია თუ ბოროტი? სიყვარულია თუ სიძულვილი? და ამ ყოველივეს ჩვენ აღვიქვამთ წმინდა ადამიანური თვალსაწიერიდან, ალგორიულად, რომ უფრო წარმოდგენადი გავხადოთ წარმოდგენა მასზე. 

თუ ღმერთი ნამდვილად არსებობს, აბსოლუტურ სრულყოფილებას რაში უნდა აინტერესებდეს ვიღაც მოკვდავი და ფიზიკურ  ავადმყოფობასთან მუდმივად მებრძოლი წვრილმანი არსებისგან მარადიული ქება და შემკობა? აი, თქვენ კომპიუტერული პროგრამა რომ დაწეროთ, ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც  თქვენივე შექმნილ პაწაწინა ბიო-რობოტის სხეულში (მატერიაში) ჩაამონტაჟებდით, გაგიჩნდებოდათ მისგან მადიდებლობის სურვილი?  ან ოდესმე თუ გაგჩენიათ სურვილი თაყვანი გცეთ ძროხამ, რომლის ხორციც შეიძლება შეჭამოთ? ... ან უფრო უკეთესი, გდომებიათ შვილისგან თაყვანისცემის მიღება? აი, ეს კი სდომებია ადამიანს, სუსტ არსებას, რომელსაც რაღაც აკლია ფსიქიკაში, ვაკუუმი აქვს და სურს შვილმა მაინც განადიდოს, აღიაროს, როგორც მისი შემქნელი და მბრძანებელი. აღიარება არის თვისება, რომელიც ადამიანის წარმოდგენით, რომელი წარმოდგენაც ადამიანმა რელიგიური კულტების წერილებშიც ჩაწერა, თვით ღმერთსაც კი ახასიათებს. 

მაგრამ აქ ცდება ადამიანი სოწრედ. ერთის მხრივ სხვა ადამიანებს უჩიჩინებს მარადიული აბსოლუტის არსებობას და მოითხოვს სხვებმაც თაყვანი სცენ მას, ხოლო მეორე მხრივ ამ აბსოლუტს ახასიათებს, როგორც ფსიქიურად აშლილს, რომელსაც სადღაც ტვინის რომელიღაც განყოფილებაში აშკარად ვაკუუმი აქვს და ითხოვს სხვებისგან აღიარებას, რათა ეს მტკივნეული დისჰარმონია და სიცარიელე შეივსოს. 

ქებას სუსტი ითხოვს, ვისაც რაღაც სიცარიელე აქვს ... "ღმერთს" ააქვს სიცარიელე? ღირს დაფიქრება...

მე მაქვს თერია, რომ ადამიანი, მაღალტექნოლოგიური ბიო-რობოტია, ხელოვნური ინტელექტით და შეზღუდული "თავისუფალი არჩევანით",  ხოლო მისი შემქმნელი მასზე უფრო ჭკვიანი უცხოპლანეტური რასის წარმომადგენელი ინჟინერია, გარეგნულად ადამიანის მსგავსი (ვისი "ხატადაც'' შევიქმენით , თეორიულად...)... ხოლო სამოთხე - მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიაა, სადაც შექმნილი ადამიანი გამოვიდა ინჟინერის კონტროლიდან და გარეთ გაიქცა, რეალურ დედამიწაზე. ... მოკლედ ეს თეორია ცალკე თემის საკითხია და იმის თქმა მინდა, რომ ასე სწორხაზოვად არაა საქმე სამყაროში, რომ ადამიანები დაიყონ ''მართლმადიდებლებად", "მართლმორწმუნე მუსლიმებად", "კათოლიკეებად" და დანარჩენ კაცობრიობად. ეს ძალიან პრიმიტიული ხედვაა სამყაროს მოვლენების და სერიოზულად ვერ განვიხილავ. ბუნებრივია, რომ უცხოპლანეტელი ჰუმანოიდი პროფესორი და გენური ინჟინერიც, ახალი რასის გამოსაყვანად შრომაში გართული, შეიძლება დაიღალოს თავის ლაბორატორიაში და დასვენებაც მოუნდეს. 

აი, კიდევ, თვენივე მრწამსის მიხედვით, თქვენ კათოლიკე ხართ. გახსოვთ მრწამსის სიტყვები: "მწამს .......ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. "
თუ ისინი ვინც თავს მართლმადიდებლებს ეძახიან, უარყოფენ მწრამს, მაშინ საერთოდ ქრისტეს და მის რელიგიას უარყოფენ და შეუძლიათ თამამად ჩაეწერონ ათეისტების რიგებში, ხოლო თუ აღიარებენ და ბუნებრივია, რომ აღიარებენ, მაშინ ეს კეთილი კათოლიკე ქრისტიანები რატომ გამოყოფენ თავს სხვა დანარჩენი მსოფლიო კათოლიკებისგან? სად, რომელ აბზაცში, რომელ წინადადებაში, ქრისტიანული რელიგიის რომელ სჯულის კანონში წერია, რომ ქრისტიანმა, გარდა იმისა, რომ ვალდებულია თავი "კათოლიკე ეკლესიას" მიაკუთვნოს, ამავდროულად გაკადნიერდეს და თავს "მართლმადიდებელიც" უწოდოს და ამით თითქოს დანარჩენი ქრისტიანები, კათოლიკე ეკლესიის წევრები, სულიერ ასპექტში და თითქოსდა ღვთის თვალში მასზე ქვემოთ მდგარ მეორეხარისხოვან ქრისტიანებად მოიაზროს? ...ან, ვინ მისცა ამ ხალხს, რომლებიც თავის თავს უკვე "ქრისტიანადაც" კი არა (თითქოს ქრისტე არც არსებობდეს და ქრისტეს დაარსებული არ იყოს მათივე ეკლესია), არამედ "მართლმადიდებლებად" იდენტიფიცირებენ და ღმერთს ჰკითხეს, რა აზრისაა ის გადაღლილი კაცი ზეცაში, რა აზრისაა ამათ კადნიერებაზე? ...ანუ, ღმერთს ჰკითეს და ღმერთმაც, კარგი, ჯანდაბას, მრწამსი გადახაზეთ და შეგიძლიათ "კათოლიკე" კი არა, "მართლმადიდებელი" უწოდოო? ... არ ვიცი, შეიძლება მართალიცაა, რადგან თუ მათივე რელიგიაში ღმერთი აშკარად იღლება და ისვენებს, არაა გამორიცხული სკაიპითაც გასაუბრებოდნენ მას. 

და პარადოქსი ისაა, რომ კათოლიკენიც (რომის ეკლესიის მრევლიც) თავის თავს მართლმადიდებლებად თვლიან, ანუ სწამთ, რომ სწორად ადიდებენ თავის ღმერთს. ... ან თუ ამიხსნით, რას ე.წ. "სულით ხორცამდე" მართლმადიდებლობა, თვითონ ტერმინი?  ან ისეთი აბსურდული სიტყვათ კომპოზიცია - "მართლმადიებელი ადამიანი", ან იგივე "მუსლიმი ადამიანი", ან "კათოლიკე ადამიანი"? ეს რა, რამე ახალი ადამიანის ახალი ბიოლოგიური სახეობებია, რომლებსაც განსხვავებული ძვლოვანი სისტემა, განსხვავებული სისხლის ფერი და საჭმლის მონელების განსხვავებული სისტემა აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავებს? რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის მოდგმის შვილი, რომელსაც კუდუსუნზე იგივე კუდის ნარჩენი აქვს შემორჩენილი, როგორც ევოლუციამდე არსებულ მის წინამორბედ სახეობებს, რომ მას უწოდო "მართლმადიდებელი", "კათოლიკე" და ა.შ.? ... ვერ ხვდებით, ეს ყველაფერი გონებრივი ხაფანგი და თვითიზოლაციაა? ... თქვენი ნებაა რას იზავთ, მაგრამ სამყაროს ცოტა ფართოდ რომ შეხედოთ, დააკვირდეთ მოძრაობებს, მოუსმინეთ ჰაერს, მიწას, საკუთარ თავს,  ცას, კოსმოსს და თქვენს ე.წ. მადიდებლობაზე თავად გაგეცინებათ იმიტომ, რომ ადამიანი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე ეს პრიმიტიული რელიგიური გალიაა, რომელშიც მისი გონებაა გამომწყვდეული და არა მარტო ეს, არამედ მისი ცხოვრება, ფული, ძალაუფლება, მატერიალური სახსრებიც, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ მათ, ვინც ადამიანების გონება მაგ გალიაში გამოკეტა... 

რაც შეეხება თავისუფალ ნებას. მინდა სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ გაუწყოთ, რომ ადამიანის სურვილების და შესაძლებლობების შეუთავსებლობის გამო, ადამიანს თავისუფალი ნება ფიზიკურად შეზღუდული აქვს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიბლიაც და ყურანიც მკითხველს ატყუებს ამის შესახებ და ასევე, ადასტურებს იმას, რომ ადამიანი ბიო-რობოტია, კონკრეტული ფარგლებით  განსაზღვრული ტექნიკური შესაძლებლობებით. ადამიანი თავისუფალია მხოლოდ გონებრივ და სულიერ სფეროში, სურვილებში და ფიქრებში, მაგრამ ფიზიკურ არჩევანში ნაწილობრივ ან სრულებით არ აქვს თავისუფლება და მტკიცება იმის, რომ ერთ დაღლილ ვითომდა ზებუნებრივ არსებას შენ უყვარხარ, სრული დემაგოგიაა. თქვენ ხომ გიყვართ თქვენი შვილი? ბუნებრივია გიყვართ და თუ თქვენ ყოვლისშემძლე მოსიყვარულე მამა ხართ, ნუთუ თქვენს შვილს უარს ეტყვით პატარა ფრთებზე? რატომ ფრთებზე? ...რა მოხდა, დაშავდებოდა რომ ადამიანს ფრთებიც ჰქონდეს? ... წარმოისახეთ ასეთი სურათი:

დგეხართ კლდის პირას, უკან მშიერი ლომების გუნდი მოგდევთ, ხოლო წინ, ორმოცდაათი მეტრის იქეთ, მეორე ნაპირამდე უშველებელი უფსკრულია. რა უნდა ქნათ? უნდა გადალახოთ უფსკრული, მხოლოდ შიგ არ ჩავარდეთ. ბუნებრივია, რომ რომ ამ სიტუაციაში უფსკრულის გადალახვის ყველაზე ოპტიმალური გზა იქნებოდა ჰარზე "გავლა", ან გადაფრენა, ხომ? ადამიანს, უნდა თუ არა, უნებლიედ ეს სურვილი უჩნდება,  რადგან ტვინი სწორად მუშაობს, კარგადაა დაპროექტებული, მაგრამ ადამიანს რეალური არჩევანი შეზღუდული აქვს! იფრენთ? ვერა, რა თქმა უნდა, რადგან თქვენ ეს არ შეგიძლიათ, ფრთები დაავიწყდა პროფესორ ინჟინერს, რომელიც იღლება ხოლმე და კვირაში მხოლოდ ერთი დღე ისვენებს ხოლმე. ამიტომ, რეალურ არჩევანს ვერ აკეთებთ, რა აზრი აქვს არჩევანს, რომელიც ვერასოდეს ვერ განხორციელდება და იძულებული (მიაქციეთ ყურადღება "იძულებას"!) ხდებით იმოქმედოთ შეზღუდული არჩევანით, გადახტეთ, ან არა, მაგრამ ვერასოდეს ვერ იფრენთ, სანამ იმ სხეულით ხართ შემოსილი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს გონებას ეს სურვილი აქვს!...ბოლოს კი ძალიან ბანალურად, ლომების ლუკმა ხდებით და რატომღაც არსად არ ჩანს ის მოსიყვარულე ყოვლისშემძლე, რომელიც შეიძლება საკუთარი შვილების დაგლეჯას ზემოდან აკვირდებოდეს, შუშის კედლიდან. როცა ლომები გიუახლოვდებიან და ის ისაა უნდა დასრულდეს თქვენი ამ განზომილებაში არსებობა, თქვენი ტვინი ყველაზე სწორ დასკვნას დებს: ეს სხეულიც ისეთივე ცვეთადი გამოდგა, როგორც მუშაობისგან დაღლილი "ღმერთის", უფრო სწორად პროფესორ-ინჟინერის შრომისგან დაკოჟრილი ხელები და რევმატული სახსრები, რითაც სრულებით ვამართლებთ თეზისს, რომ გამომგონებლის ალი-კვალი ვართ.  

P.S. გაგრძელება იქნება... 


Comments