სამი თაობის მონობა




სამი თაობის მონობა
(მოთხრობა)
ავტორი: შორენა ტალიკიშვილი


ებგურ, ებგურ _დავუძახე და არც დავლოდებულვარ მის რექციას, ისე ჩავაფრინდი კისერში ორივე ხელით...
მეგონა , სიხარულით აავსებდა ჩემი მონაბერი ღიმილი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა ...უხეშად მომაშორებინა კისრიდან ხელი და ის ტალღა, რომელიც სუნთქვას მიხშიებდა, უცებ დაეშვა მიწაზე.....
პირველად რამაც გამაოცა მისი სახელი გახლდათ. რამოდენიმე დღე ვერ ვიმახსოვრებდი და ვეცადე რამე მინიშნებით გავმკლავებოდი ამ საინტერესო სახელს.ხოდა ასე დავიმახსოვრე: „ებ“ _ებრაელიდან პირველი მარცვლით და „გური“ _გურულის ორი მარცვლით, სინამდვილეში კი ებგური თურმე დარაჯს ნიშნავს და სახელიც, როგორც ჩანს აქედან იშვა...
ებგური პირველ კურსელი გახლდათ, მე კი მასზე ორი წლით წლით უფროსი...თუმცა აზრი იმის შესახებ, რომ დიდს დიდი ჭკუა აქვს, ამ შემთხვევაში არ ამართლებდა...მასში იდუმალება მომწონდა, დაბალი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა, ზედმეტად მოახლოება იცოდა საუბრის დროს და თითქმის ჩურჩულით ამბობდა გამარჯობას....
პირველი ტალღაც ისე მოულოდნელად მოვიდა, რომ ცოტა დავიბენი კიდეც, თანაც გაზაფხული იყო, გაზაფხული კი ოცი წლის გოგონასთვის გვირილების ერთბაშად აყვავებას ჰგავს, ტუჩსაცხამდე და ყოველგვარ კეკლუცობამდე შემდგარი ბუნებრივი სილაღით და მოუთვინიერებელი მოძრაობით...
„ნუ დაფრინავ, ნუ დაფრინავ პეპელავ“_ როშავდნენ „გვერდულა ბიჭები“( ასე ვეძახოდი მათ, რომლებიც ახლოს მოსვლის ნაცვლად შორიდან სიტყვიერ წკეპლებს ესროდნენ სტუდენტ გოგოებს)...
დღეები მძიმე იყო და თანაც მსუბუქი....მძიმე გაურკვევლობით, გაორებული ოცნებით და ბედნიერი წლებით....
სადღაც ჯარისკაცს დაინახავდი ავტომატით და ნერვიც არ აგიტოკდებოდა, სადღაც აფეთქების ხმას გაიგონებდი და გაქცევას არ იფიქრებდი, ვიღაც ქუჩაში აგედევნებოდა და ამ დროს, ჩნდებოდა ებგური, რომელსაც გადაადგილება მოძრავი მთასავით ს შეეძლო....და ვითომ , დილიდანვე მისი გამოჩენის სურვილს პატარა ლოცვის ბუტბუტებით არ ვიწყებდი,დავინახავდი და კეკლუცად ვტრიალდებოდი, ნიავის მიმართულებით და მივიჩქაროდი...
ან კი სად მიმეჩქრებოდა, ნახევრაზე მეტი ლექცია გარეთ ჟღურტულში გადიოდა, ან სიცივეში ხელების ფშვნეტაში, ხანაც ახალი ამბებში_ დღეს კიდევ ერთ გოგონა მოიტაცეს, ან იშვიათად თავისი ნებით გათხოვდა ....
მოტაცების ეს სენი სწრაფად და მტკივნეულად შეესია ქვეყანას, თითქმის ათი წლის მანძილზე ჩვეულ ტრადიციად იქცა და ლამის დამკვიდრდა ერთ-ერთ პუნქტად ქვეყნის წაურთმევლობის ნუსხაში...ეს ზიზღს იწვევდა ჩემში იმ შეუმდგარი კაცების მიმართ, ვისაც საკმაოდ კარგი გემოვნება აღმოაჩნდათ, ძალად დასმულ კრუხად ლამაზი გოგო წაეცუნცულებინად სახლში, ტირილის და მოთქმის თანხლებით....
სადღაც დაჰკრავდა გოდების ზარი და ხალხლიც იქით გარბოდა, იწყებოდა მოთქმა და საძებნელად გარბოდნენ მშობლები.ეს რიტუალი დროდადრო სახეცვლილი გახლდათ, გააჩნია მოწინააღმდეგე, ბიჭის მხარე რა სტატუსს წარმოადგენდა... დავუშვათ, თუ „მაღალ იერარქიულ ხარისხს“ მიეკუთვნებოდა, შაჰინშაჰის განწყობით თავკაცი მამრი დაიტრაბახებდა, რომ მისი საქონელი უკვე მისი ნება იყო და მაშინდელი, ვითომ პოლიცია უკვე მოსყიდული ჰყავდა....აქ კი იწყებოდა გოგოს დათანხმების რიტუალი, რომ უკეთესი აღარ წაიყვანდა, ბიჭს უკიდეგანოდ უყვარდა და ყველაზე მთავარი, ხალხი რას იტყოდა.....
ებგურს უკვირდა, როცა ამ ამბებს იგებდა, მიკვირდა მეც , მაგრამ ვერაფერს ვაწყობდით...
აი, მის ბებოს კი გათხოვების ისეთი საინტერესო ამბები ჰქონდა მოსაყოლი, რომ სიყვარულის ტალანტით ერთი-ორად აღემატებოდა არსებულ მდგომარეობას....
(გაგრძელება იქნება ) 



Comments