თავი V. თბილისის მეტროს აჩრდილი
იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი
სურეალისტური საუბრების კრებული
ნაწილი I. რწმენა და რელიგია
------------------------------------------------------------------------------------------------------------
თავი V. თბილისის მეტროს აჩრდილი
სასარგებლოა ხანდახან ფეხით სიარული და აუცილებელიც კი.
თბილისი, თავისი ქუჩებით და განსაკუთრებით კი, ადამიანებით, ერთი ეკლექტიკური მინიატურაა, ყდაგახუნებული, ანტიკვარული წიგნივით, რომელიც უნდა გადაფურცლო და თითოეული ადამიანის და ქუჩის ნაკვალევზე მთელ ისტორიებს წაიკითხავ, დრამებს გაეცნობი, ეპიკურს და კომედიურს, ტრაგიკულს და ბანალურს.
17 წელია დაახლოებით, მეტროთი არ მიმგზავრია სისტემატიურად. ჩემი სტუდენტობის დროს, 1993-98 წლებში ერთი ახალგაზრდა, გაძვალტყავებული, ცოტათი ჭკუიდან შემცდარი კაცი დადიოდა ვაგონებს შორის. აშკარად ეტყობოდა, რომ მისი ჭკუიდან შეცდენა დიდი ოჯახური თუ პირადი ტრაგედიის შედეგი იყო. წვრილმანებს ყიდდა, ფეხსაცმლის საწმენდ "გუბკებს", კალმისტრებს, კბილის ჯაგრისებს.
1992-93 წელი იყო, მაშინ 17-18 წლის ვიქნებოდი, როცა სტუდენტი გავხდი. მეტრო ჩემი გადამყვანი გახდა A პუნქტიდან B პუნქტამდე, სახლიდან უნივერსიტეტამდე. მაშინ შევამჩნიე ეს ბიჭი პირველად. ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს და ასეთ ტიპაჟებს, განსაკუთრებულად, სკურპულიოზურად ვიმახსოვრებ, ჩემდაუნებურად.
წლების მერე, დღეს, მეტროთი მომიწია მგზავრობა და ნაცნობი სახე დავინახე, 25 წლის წინანდელი, ფერებით შეცვლილი, მაგრამ იმავე ნაკვთებით, იმავე სიმძიმით. გათეთრებულა ეს კაცი, მხრებში უფრო მოხრილა, ქვედა ტუჩი ლაშად ქცეულა, სახე დაგრძელებია, თავის ქალა, თხემი უფრო გაბრტყელებოდა, მყარ "ბალიშზე", ხეზე ან მეტალზე წოლისგან. ისევ ის, ძველი სათვალე ეკეთა, უფრო დაბზარული, მაგრამ თვითონ თვალები უფრო მეტად შეშლილი ჰქონდა და უარაფრობისგან კიდევ მეტად გამოფიტული. ... სახეზე ეწერა მრუმე ჯოჯოხეთი, მუდმივი უმყოფლობა, უკიდეგანო, მდუმარე, ცივი და სუსხიანი არარსებობა! ... ჯოჯოხეთი ესაა სწორედ, ადგილი, სადაც არ არსებობს იმედი, არ არსებობს მოძრაობა, არ არსებობს ფერები, არ არსებობს სინათლე და ასე შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფრისგან გამოიძერწოს ყველაფრის "არა" და ბოლოს, როცა არაც ორთქლდება, რჩება არარა, არას არა... აი, ეს იყო იმ კაცის სახეზე, არარაობის არაფერი.
ამ კაცის ყოფის "არაფრობას" ვერ დაარქმევდი სიმშვიდეს ამქვეყნიური ფუსფუსისგან. ეს იყო უფრო ნაწამები სხეულისგან გამოკვეთილი ხორციელი სამარე, გამოკეტილი სახელმწიფოს უტიფარ გალიაში! ... მას უბრალოდ სხეული ტკიოდა, რადგან სული უკვე ამოცლილი ჰქონდა მადლიერი ყანწებით დამშვენებული სამშობლოსაგან და ბუნებრივია, ვერ იგრძნობდა სულის ტკივილს. ეს იყო რაღაც (არა "ვიღაც") მოსიარულე მექანიზმი, სისხლის და ქიმიური ნივთიერებების ნაერთი მატერია, გამომშრალი ნაწლავებითა და მუხლის მყესებში გაცვეთილი ძვლებით. ორი-სამი სიტყვა იყო მისი ლექსიკონის ერთად თავმოყრილი სიმდიდრე: "აბა, გუბკები!" ... "პასტებიიი!" .... "ჯაგრისებიი!" ...
ბოლო 25 წლის მანძილზე რა აღარ მოხდა საქართველოში, რამდენი მესაჭე გამოიცვალა ძალაუფლების სადავეებმა, რამდენი გამდიდრდა, რამდენი გაღარიბდა, რამდენი აღზევდა, რამდენი დაეცა, რამდენი მოკვდა, რამდენმა დიდი პატივი მოიპოვა, რამდენმა პირჯვრის წერა დაიწყო და ცხოვრება უშრომელ ფუფუნებას დაუკავშირა, რამდენმა "ფეის სელებრითიმ" გრძელი სანთლით ხელში გადაღებული ფოტოს ძალა ისწავლა წინასაარჩევნოდ, რამდენი მიტინგი ჩატარდა, რამდენი ომი მოხდა და რამდენჯერ შეწყდა ერთმანეთისკენ ქვისა და ტყვიის სროლა... მაგრამ ამ უსახელო, მოსიარულე, დაკონკილ-დაძონძილი და მშიერი ჯოჯოხეთის უტყვი და უძრავი სახე კვლავ არ შეცვლილა, მისთვის დრო გაჩერებულია და ეს არის რეალური სახე, საქართველოს ხელთუქმნელი ხატი, უსიამოვნო, მაგრამ საოცრად გულწრფელი! ... ქვეყანა ქუდებს იცვლის, მხოლოდ ბიუსტს უცვლის პერანგებს, მაგრამ ფეხები ისევ იმ წუმპეში და ჭაობში აქვს, რაც იყო 25 წლის წინ.
ამ ადამიანს ქვეყანა და სული მოპარეს. ეს ადამიანი უბრალოდ მსხვერპლია რამდენიმე ათეული თუ ასეული კაცისგან შეკრული კლანის დანაშაულებრივი მოღვაწეობისა ქვეყანაში, რომელსაც ძალიან გროტესკურად ეძახიან "ღვთისმშობლის წილხვედრს". ღვთისმშობლის ნაშობი ქრისტე კი, შესაძლოა თბილისის მეტროს გვირაბებში აჩრდილივით დაბორიალობდეს "გუბკებითა" და "ჯაგრისებით" ხელში, შეიძლება თავის უხილავ უბის წიგნაკში რაღაც ჩანაწერებსაც აკეთებდეს, რომელსაც ჩვენ შესაძლოა ვერ ვხედავდეთ. ეს ის, ავაზაკთაგან ჯვარცმული ქრისტეა ალბათ, რომელიც მიწის ზემოთ, მედიდურად, ათასგვარი ნუგბარისგან დამძიმებული, გაქონილი სხეულით, ძვირადღირებულ პირად ტრანსპორტში უკანალგაცომებული, ჯოჯოხეთის პროკურორივით მკაცრი გამომეტყველების "ქრისტეს" მსახურებმა, ოქროცურვილ ქვის შენობებებიდან, რომელთაც ტაძრებს ეძახიან, კინწისკვრით გააძევეს და ამით, 2000 წლის წინადელი წყენის გამო, პირადი ვენდეტა აღუსრულეს, როდესაც ისინი თავად ქრისტემ გამოყარა ღმერთის სახლად წოდებული იერუსალიმის ტაძრიდან.
რა საინტერესო სანახაობა იქნებოდა, დღეს ღაფუა ხბოსა და უწყინარი ბეღურის სიფათიანი პრეზიდენტები, პრემიერები, პატრიარქები, მეუფეები, მიტროპოლიტები, ქალაქების მერები, ჟურნალისტიკის "გენერლები", ერის "ტვინები" და თავით-ფეხებამდე აშმორებული პოლიტ-რელიგიური ე.წ. "ელიტა" ხვალ უკვე მეტროს გვირაბში გადმოსახლდეს, ვაგონ-ვაგონ იარონ დღე-ღამე, თოვლსა და სუსხში, სიცხეში, ქარსა და წვიმაში, ფეხით, ნაკერებში გარღვეული ფეხსაცმლით, მაზუთის, ოფლის, მტვრისა და ზუნგლის სუნად ფრქვევად დაკონკილი ტანსაცმლით, ებრძოლონ უიმედობას, წართმეულ სამართალს, წართმეულ სიმშვიდეს, წართმეულ ადამიანობას, წართმეულ ჯანმრთელობას, წართმეულ ბედნიერებას და წართმეულ შესაძლებლობებს, ებრძოლონ შიმშილს, იმყოფინონ 1,18₾ ყოველდღიური კვების რაციონისთვის... საინტერესო იქნებოდა, მაგრამ არავის უნდა ქვეყანაში ასეთი ჯოჯოხეთი, თვით ჯოჯოხეთის მომწყობების მონაწილეობითაც კი.
ამასობაში კი, წლები გადის და თბილისის მეტროს აჩრდილის დილა უწინდებურად ხის ფიცარზე დაგებულ, ჭუჭყიან და სუნიან ქვეშაგებში გაღვიძებით იწყება, შემდეგ, დღისით ომი აქვს საკვებისთვის, მერე ისევ ღამდება და ასეა მუდმივად, სანამ ერთ დღესაც, სადმე მეტროს ვაგონში მისი გამოღრნილი გული სამუდამოდ არ გაჩერდება! ამ კაცისთვის არაფერი იცვლება, არც კალენდარი არსებობს დასვენების დღეებით, წითელი პარასკევითა თუ აღდგომით, შობითა თუ ახალი წლის მყუდროებით და საქართველოს თუ რამე და ვინმე გააქრობს, სწორედ ეს ხალხი გააქრობს, სოციალური ცხოვრების ყველაზე ღრმა უფსკრულზე მყოფი მოლასლასე აჩრდილები, გაძვალტყავებული , სულისგან გაძარცვული, არარსებობით გათანგული, უტყვი თვალებით.
კ. კოლხი
14.04.2017წ.
Comments
Post a Comment