მკვლელი ჰაერი




მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საიტზე არსებული მონაცემებით, ყოველდღიურად 18 000, ხოლო ყოველწლიურად 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიში ჰაერის დაბიძნურებით. ჰაერის დაბინძურებით დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე შიდსის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი. 

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველო ჰაერის დაბინძურებით ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე 300 ადამიანის სიკვდილით 2012 წელს 1-ელ ადგილზე აღმოჩნდა და გაუსწორ ჩინეთსაც კი. რა თქმა უნდა, 2016 წელს აღნიშნული მონაცემების შემცირების ან ვითარების გამოსწორების არანაირი ტენდენცია არ აღინიშნება, რაც ისედაც თვალნათელია ყოველი ჩვენგანისთვის. ჰაერს რომ გახედავ თბილისში, მომწამვლელი ჯანღითაა გაჯერებული, იმდენად გაუმჭვირვალეა და არ მგონია, რომელიმე კვლევამ ან საზომმა ხელსაწყომ ამ ჯანღში ადამიანისთვის რაიმე სასარგებლო ნივთიერებები აღმოაჩინოს. 



3.7 მილიონიანი მოსახლეობით, საქართველოში არსებული სიმსივნური დაავადებების გამრავლება, რომელთა გამომწვევი მიზეზი სწორედ არაჯანსაღი გარემო და ეკოლოგიაა, ამ რაოდენობით, რაც აქ არის, კატასტროფაა. ამაზე არ ფიქრობს არც თვითკმაყოფილი  პარლამენტი, მთავრობას მუდმივად არ სცალია ეკოლოგიისთვის, რომელიც უკვე ფიზიკური გადარჩენის საფრთხეს ქმნის, პრეზიდენტი უბრალოდ ირაციონალურ ტრანსშია და ე.წ. "ზეწოლა-ქვეწოლის" ქვეშაა, ალბათ დაკავებულია "მდიდრული" სექსუალური ცხოვრებით, თბილისის მერიას სძინავს, ხოლო ქალაქის მერი უბრალოდ ტელე-რობოტია, რომელიც შორსაა რეალობის ადექვატური აღქმისგან და ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, რომ ხე რომ არ გახმეს, მას მორწყვა სჭირდება ხოლმე... აი, ხალხი კი ყველაზე მეტად ტრაგიკულ მდგომარეობაშია, მეც და თქვენც მათ შორის, ვსუნთქავთ შხამს და თან ვეძებთ კმაყოფილების პოზიტივს ამ უპატრონო ქვეყანაში...

ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება გარესამყაროსთან და საზოგადოებასთან, როგორც ყველასთვის, სოციალურ ქსელია და რამდენჯერაც სოციალური ქსელის მეშვეობით ჟურნალისტებს მივუთითე, აღნიშნული სასიცოცხლო პრობლემის მასმედიით ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გაშუქების აუცილებლობისკენ, რადგან ეს ფიზიკურად გვეხება ყველას, ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჟურნალისტებმა აქეთ საყვედური გამოთქვეს საზოგადოებაზე, რომ თვითონ საზოგადოება უნდა აყენებდეს ეკოლოგიის საკითხებსო. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ინტერნეტ მედიაში დაიბეჭდა 1-2 სტატია ეკოლოგიის პრობლემებზე. ეკოლოგიის საკითხები ყველაზე მაღალი ინტერესის და განხილვის თემა უნდა იყოს არა მხოლოდ რამდენიმე მცირე აუდიტორიის მქონე ინტერნეტ გამოცემებში, არამედ ფართო საზოგადოებაში, ტელევიზიებში, დისკუსიებში, პოლიტიკოსთან გამოსვლებში, მაგრამ ეს საკითხი, როგორც ბევრი სხვა პირველხარისხოვანი, სადღაც ბოლო მეასეხარისხოვან რიგში დგას და ამიტომაც არაფერი იცვლება. სამწუხაროდ, ტელევიზიებს ამისთვის არ სცხელათ, იქ სრული კრეტინიზმის მწვერვალზე მყოფი ტელეშოუებია მოსაწყობი, "შემეცნებითი" ინდურ-თურქული სერიალებია გასაშვები და სხვა "საჭირბოროტო" თემებია გასაშუქებელი, მაგალითად ვის რა ფერის ტრუსი აცვია და ა.შ. 

ქართული ჟურნალისტიკა რომ საერთოდ პრეზიდენტზე მეტად ირაციონალურ, სრულად უკუნეთ, მოჩვენებების და ფსიქიური აშლილობის სამყაროში ბინადრობს, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ თვითონ, როგორც ადამიანები (და არა, როგორც ოლიმპიელი ღმერთები, რომელთა ძარღვებში უკვდავების  იქორი ჩქეფს), ამ საზოგადოების ნაწილი არ არიან? თვითონ რომ სუნთქავენ ამ სიბინძურეს, არ აწუხებთ? შვილები რომ სუნთქავენ, ეს მაინც არ აწუხებთ ? ... პრობლემა ამ ხალხის გულგრილობისა, ხშირ შემთხვევაში ის არის, რომ ისინი, თვითონ ტელეეკრანებიდან ასეთი გულმხურვალე ე.წ. "პატრიოტები", მათი შვილების მომავალს საქართველოს კი არა, იმ ქვეყნებს უკავშირებენ, სადაც უკეთესი ეკოლოგიაა და გარემოს პირობების საკითხები უკვე მოგვარებულია. ამიტომაც, არ ანაღვლებთ აქ, მათგან განსხვავებით მოსიარულე ჭიები, რას უსუნთქებენ, მათ არაფერი არ აწუხებთ, რაც რეალურად ადამიანს და ქვეყანას, სახელმწიფოს აწუხებს, არ არიან ისინი ერთგვარ ემპათირებულ მდგომარეობაში ქვეყნის რეალურ სატკივართან, საქართველოს სამშობლოდ არ აღიქვამენ და ამიტომაც ყველა სდუმს ასეთ სასიცოცხლო საკითხებზე, სამაგიეროდ უსარგებლო თემების კაკაფონიით ყრუვდება სცენა, რომლის ერთად-ერთი დანიშნულებაა ადამიანთა ერთი უმცირესი ჯგუფის კეთილდღეობა, პირადი შემოსავლები და სამსახური. ეს ხეხება, როგორც ჟურნალისტებს, ისევე პოლიტ-ჯგუფებს, რომელთა სასარგებლო აქტივობა ქვეყნის მიმართ 4 წელიწადში ერთხელ ვლინდება ხოლმე, როცა საკუთარი დასაქმების საკითხებს წყვეტენ რეალურად და არა ქვეყნის განვითარების პოზიტიურ ვექტორებს. 

გამოდის, რომ პრობლემა გარემოს დაბინძურებაშიც არის და კიდევ უფრო რეალური პრობლემა ამ ქვეყნის აღქმაშია. ბევრს უყვარს ხოლმე პატრიოტულ თემებზე ლექციების კითხვა, ზოგს უცხოეთიდან, ზოგს ძალაუფლების მაღალი ტრიბუნებიდან, მაგრამ რეალურად არავინ ამ ქვეყნის მომავლისთვის თავს არ იწუხებს. მარტო კაცი კი, როგორც ერთი ეული მერცხალი, გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ეს ყველაფერი კი, აჩენს საქართველოს სახელმწიფოსადმი უნდობლობის გრძნობას, უსუსურობის შეგრძნებას, რომ შენ, როგორც ცალკე მოქალაქეს არ შეგიძლია პოზიტიური ცვლილება მოახდინო ქვეყანაში და სხვა ეკონომიკურ მიზეზებთან ერთად, სასიკვდილო ეკოლოგიისგან თავის გარიდება ხდება ერთ-ერთი მიზეზიც შრომისუნარიანი მოქალაქეების ქვეყნიდან იმიგრაციის. 

ამჟამად კი, რადგან თემის გაშუქების პრობლემაზეც წამოვიწყე საუბარი, ვიღებ "უკვდავი ღმერთების", ჟურნალისტების შენიშვნას. ინებეთ, ჩემს ბლოგზე ვდებ განსახილველად აღნიშნულ საკითხს, ზოგი სოციალურ ქსელებში წერს ეკოლოგიაზე, ზოგი სამარშრუტო ტაქსებში ლაპარაკობს, ზოგიც მეზობლებში, ვისაც რა ტრიბუნაზე მიუწვდება ხმა, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ჩვენ უბრალო მოკვდავები მრავალრიცხოვან აუდიტორიაზე გავლენას ვერ ვახდენთ. 

აჰა, ვწერ ჩემს ბლოგზე, რომ ვიხოცებით ჰაერში არსებული შხამით, რომ ხმა არის ამოსაღები და არა მარტო ხმა, საქმეა გასაკეთებელი!...მეტი ჩვენ რა შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ თემა წამოვწიოთ და ვიყვიროთ იმ ხალხთა გასაგონად, ვისაც მოვლენებზე რეალური ზემოქმედების განხორციელება ხელეწიფებათ და ვისი პირდაპირი ვალდებულებაა იზრუნოს ჩვენს ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე, ვისაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლება ჩვენვე გადავეცით: "გვიშველეთ, გამოიღვიძეთ!" ...

გარემოს დაბინძურებაზე უმკაცრესი რეგულაციებია შემოსაღები, რომელიც, ვისაც ეს ხელეწიფება, ვის ხელშიცაა საჭირო ძალაუფლება რეალობის შესაცვლელად, პოლიტიკური ნების შემთხვევაში 2-3 თვეში დაარეგულირებდა სულ მცირე საკითხებსაც კი. მაგალითად გაამკაცრებდა ჯარიმებს გარემოს დაბინძურებაზე და კანონის აღმასრულებელ ორგანოებს მისცემდა დავალებას მათ აღსრულებაზე. ჩვენთან მეტწილად კანონის აღსრულებაა პრობლემა და არა იმდენად კანონის არარსებობა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ამჯერად გარკვეული რეგულაციები არ არსებობს. სამშობლოზე გულამოსკვნილი მმართველი ცხოვრებას დაიწყებდა სუფთა ფურცლიდან და დღეიდან მაინც (წარსულს რომ თავი დავანებოთ....) კატალიზატორების ამოღებისთვის ახლადშემოყვანილი ავტომობილებიდან 500-1000 -2000 ლარიან ჯარიმას დააწესებდა და ასეთი მანქანით გადაადგილებას აკრძალავდა ქუჩებში, ხოლო ვისაც უკვე ამოღებული აქვს, დაავალდებულებდა მის ჩადგმას. სამწუხაროდ, ეროვნული მენტალობის თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში სიმკაცრეს უფრო იგებენ, ვიდრე სირბილეს და რაც ყველაზე მთავარია, კანონის აღსრუოლების დისციპლინის პრობლემა დგას! თუ საჭირო გახდა, მომხრე ვარ, ძალის გამოყენების მუქარით მიეჩვიოს მოქალაქეები წესიერად ცხოვრებას და გადაეჩვიოს ცხოველურ, პირველყოფილურ მავნე ჩვევებს, სხვანაირად შეუძლებელია  საციცოხლოდ მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიო განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, რომელთან ღირსეულ თანაარსებობასაც საქართველო მიისწრაფვის. 

ასევე, ასაკრძალია 10 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანა ქვეყანაში, დარეგულირებელია საწვავის სტანდარტები, სასწრაფოდ შემოსაღებია ტექ. დათვალიერების სავალდებულო წესი, რომელზეც გაუთავებელი საუბარი მიმდინარეობს უკვე 4 წელია და ვერა და ვერ დაადგა საშველი. 

რაც შეეხება ურაბნულ საკითხებს, ამ მხრივაც სრული უპასუხისმგებლობა და აპოკალიფსური სურათი იშლება იგივე დედაქალაქში, სადაც ყველაფერი ქაოსურად თავმოყრილია, უფრო სწორად უწესრიგოდ მიმოყრილია და ვერსად ვერ ნახავთ ადამიანის გონიერების, სინდისისა და სუფთა ეკოლოგიის კვალს. ეს საკითხი გაცილებით კომპლექსურიცაა, იგივე რეგიონალური ინფრასტრუქტურების და რეგიონებში ეკონომიკური ცენტრების განუვითარებლობასთან და ასევე, ქალაქების გენერალური არქიტექტურული გეგმების არ ქონასთან ერთად, მაგრამ სულ მცირე ამ ეტაპზე, რაც შეიძლება თბილისში გაკეთდეს, ეს არის ის, რომ კანონისმიერი სანქციებით აიძულონ მშენებლები, დეველოპერები და მშენებლობებში ჩართული ყველა პირი, მინიმუმ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში არ ჩააკვეხონ ჰაერის მკვლელი ბეტონის სიმახინჯეები (საცხოვრებელი კორპუსები) და ასევე, უნდა დაწესდეს 1 კვ. მეტრ ბეტონის კონსტრუქციაზე მწვანე საფარიანი რეკრეაციული ზონის ორჯერ მეტი მაინც ფართობის მოწყობა, ასევე შესაბამისი პარკინგის ფართობის მოწყობაც. 

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ უნდა განახორციელოს აღნიშნული ელემენტარული ცვლილებები, რასაც XXI საუკუნის ქვის ხანასთან შედარებით განვითარებული გონების ადამიანის ყოფა ითხოვს? ვინ? ... ვინ და ახალგაზრდა, განათლებულმა, შესაბამისი მოტივაციით, ახალი სახელმწიფოს, ახალი სამოქალაქო ცივილიზაციის (ცივილიზაციის!) შენებისთვის საჭირო მენტალობით, ცოდნითა და უნარებით აღჭურვილმა ტექნოკრატებმა და არა ძველ, საბჭოთა დროში მენტალურად ჩარჩენილმა დაჟანგულმა პოლიტ-ნიანგებმა, რომელთაც უხვად შეხვდებით დღეს პოლიტიკურ სცენაზე მოქმედ მმართველ თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებში. საერთოდ, ამ სასიცოცხლო საკითხებს არანაირი პოლიტიკა არ სჭირდება, საკმარისია მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები პირის სურვილი, საკუთარი სახელი ჩაწეროს ქვეყნის გადამრჩენელთა რიგებში და დაუყოვნებლივ დაიწყოს ცვლილებები, რომელიც მის საკუთარ ფილტვებსაც შეეხება... ვიცი, პათეტიურად ჟღერს, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 


თავის დროზე, ახლა ერთი პარტიული მრევლის წრეებში დიდ "გენიოსად" შერაცხული ცხონებული კახა ბენდუქიძის მიერ ინიცირებული ტექ. დათვალიერების სავალდებულო წესის გაუქმების შედეგია ის ადამიანის სიცოცხლისთვის დამანგრეველი ეკოლოგია, რასაც ქმნის ქალაქში მოსიარულე რკინის ჯართების ნაკადი, თავის სასიკვდილო გამონაბოლქვებით... ხე ნაყოფით შეიცნობა და აჰა, შევიცანით ბენდუქიძის ე.წ. რეფორმა საკუთარი ფილტვებით! 

ასეა, ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ თუ გვინდა სიცოცხლე, თუ ამ ქვეყანას უნდა სიცოცხლე და თუ შვილებს უნდა სიცოცხლე და სუნთქვა თავისივე სამშობლოში, მაშინ ეს მცირედი ე.წ. "მსხვერპლი", რასაც ქვია თუნდაც კატალიზატორის საკითხის მოგვარება (ყველაზე სწრაფად და გადაუდებლად რაც შეიძლება მოხდეს, სხვა საჭირო რეგულაციების გარდა), ყველამ უნდა გაიღოს და აღნიშნული წესების უსწრაფესად შემოღების ინიციატორი, რა თქმა უნდა მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს, თორემ პრეზიდენტს და ჟურნალისტებს ამისთვის სად სცალიათ, ჯერ "ზეწოლა-ქვეწოლის" საკითხები აქვთ განსახილველი. 

P.S. თუ მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას სასწრაფოდ არ დაიწყებს, მაშინ ის მაინც ინებოს, რომ ხალხს აირწინაღები დაურიგოს. წარმოიდგინეთ, ახალი ტურუსტული მიმართულებაც შეიძლება გაჩნდეს განსაკუთრებული ექსტრემალებისთვის, მოინახულონ მსოფლიოში პირველი, აირწინაღიანი მოსიარულე "ზომბებით" დასახლებული ქვეყანა, სადაც საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი: კომფორტული სამთავრობო და რელიგიური დანიშნულების ჯიპების შუშებს მიღმა უვნებლად მყოფ "უკვდავებად" და ჩვეულებრივ, შუშებს გადმოღმა მოხეტიალე "მოკვდავებად". 







 კ. კოლხი
27.07.2016წ.

Comments