2016 წლის აღდგომის დღეს....
აღდგომას გილოცავთ! გონების განათებას, სულიერ სიმშვიდეს, მეტ განათლებას, რეალობის აღქმის უნარს, სიმართლის თქმას, გუწრფელობას, სილაღეს, მეტ ღიმილს, მეტ თავაზიანობას, მეტ ზრდილობას, მეტ კულტურას, მეტ თავმდაბლობას, მეტ სიყვარულს და მეტ სულგრძელობას ვუსურვებ ყველას, მთელ საქართველოს.
კალენდარი ისე მოგვიწყეს "ერთმორწმუნე" ჩრდილოელმა "ძმებმა", რომ მოგვწყვიტეს დანარჩენ ქრისტიანული სამყაროს, რომლის ერთიანი სხეულის დაყოფა-დასახიჩრება
დღემდე გრძელდება და ჩვენი ეკლესიაც შუასაუკეებში ჩარჩენილი ჯიუტი ბავშვივით, უარს აცხადებს რუსულ ფსბ-კგბ-შ დაფრთიანებული მაგათი ვითომ ეკლესიის თანხმობაში, რომ ერთიანი კალენდრით ვიზეიმოთ შობაც და აღდგომაც ჩვენს ძმებ კათოლიკებთან, პროტესტანტებთან და არა მარტო მათთან, აღმოსავლეთის რიტუალის მქონე სხვა მრავალრიცხოვან ორთოდოქსებთანაც კი, რომელთაც უკვე იზეიმეს აღდგომა და ამით თვითონაც ხელს უწყობს ერთიანი ქრისტეს სხეულის დანაწევრებას, გახლეჩას და გაყოფას, უთანხმობას და მტრობას. შეცდენილს იმდენი არ მოეთხოვება, ვიდრე მის შემცდენელს, ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. თუ ეს ასეა, მაშინ მუდამ ვიკითხავ, რატომ არ ვერთიანდებით ქრისტიანები ერთი სიმბოლური თარიღის გარშემო, რა დაშავდება ამით? ვის რა მოაკლდება? ... ძალიან სასაცილეობი ვართ ზემოთ გადმოსახდიდან, წვრილმანი ჭიანჭველებივით ვფუსფუსებთ, კვერცხებს ვღებავთ, პასკებს ვაცხობთ, სანთლებს ვანთებთ, ეს ყველაფერი ავტომატიზირებულია, რეფლექსურია... ავტომაურ რეჟიმში ვყოფთ და ვანაწევრებთ ქრისტიანობას და მის ერთიან სხეულს, არ ვკითხულობთ თუ რატომ არის ასე, იმიტომ, რომ ჭამა და ჭამა , ჭამა და ჭამა, ორმოცდღიანი დიეტის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიქრი, რომელიც ადამიანს ცხოველისგან რაღაცით გამოარჩევს.
რამდენი აღდგომაა დედამიწაზე არსებულ სხვადასხვა საეკლესიო კალენდრებზე, არ ვიცი, არ ვითვლი, რადგან უფრო მნიშვნელოვანია სამარხვო საკვებ ინდუსტრიაზე, რომ მთელი ქრისტიანული სამყარო შეთანხმდეს ყოველი ქრისტიანისთვის ორი უმიშვნელოვანესი დღის, შობისა და აღდგომის ერთ სიმბოლურ დღეებში ზეიმზე. შობაც ხომ, ყველამ ვიცით, ისედაც 25 დეკემბერსაა ტრადიციულად, ჩვენ და რუსეთი (ისევ ეს რუსეთი ყველგან, იმპერიის ჟანგი ...) , და კიდევ რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია კი რატომღაც 13 დღით გვიან ზეიმობს ყველაფერს....
არადა, მოდით სიმართლე ვთქვათ, არავინ იცის ზუსტად, როდის მოხდა ჯვარცმა, როდის აღდგომა და როდის ამაღლება, ეს ყველაფერი ხომ სიმბოლურია და თვითშთაგონებითი განწყობაა, როცა შენი ქვეყნის რელიგიური მესვეურები მიგითითებენ კალენდარში, რომ აი 1-ელ მაისს იყოს აღდგომა და ხასიათიც ამ დღისთვის მოიმართება სადღესასწაულო განყწყობით. რომ ეთქვათ არა 1-ელ მაისს, არამედ 21 აპრილს, ეს განწყობაც ამ დღეს გადმოიწევდა...ისე გამოდის, რომ მოყოლებული ქრისტეს დაბადებიდან და ნიკეის I საეკლესიო კრებიდან დღემდე, გაზაფხულის სეზონის ყოველ დღეს ქრისტეს აღდგომა ჩატარებულა... ეს ხომ აბსურდია....
თუმცა რა, უფალმა ისიც თქვა, ჩემს შესამოსელზე წილს ყრიან და გაიყოფენო და ჩვენც ვვაჭრობთ ყოველ დღეს ქრისტეს შესამოსელით, სახელით, სხეულით, შიშებით და სიტყვებით ვაჭრობენ, ყიდიან ძალზედ ეფექტურად ადამიანის იმედებს და გადასახადებსაც არ უხდიან სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ მათივე მასწავლებელმა, იესომ ზუსტი დირექტივა დაუტოვა მის მმდევრებს: მიეცით კეისარსა კეისრისა და ღმერთისა ღმერთს.
ჩვენთან კი რა ხდება, ღმერთს და კეისარს ორივეს ჰპარავენ და მრევლზე ჰყიდიან, ერთს იმედს, რომელსაც თვითონ ღმერთი იმედის გამყიდველებს უფასოდ აძლევს, ხოლო მეორეს - გადასახადებს იქეთ ართმევენ, ნაცვლად იმისა, რომ მათი კოლოსალური ბიზნესიდან კანონით დაწესებული მოსაკრებელი უხადონ, რომელიც მერე იმ გაჭირვებულ და დაბეჩავებულ-დამონებულ მასსას აკლდება, ვისაც სათანადო განათლებაც არ აქვს სახელმწიფოსგან დაფინანსებული.... განათლებული კაცი კი ორივესთვის საშიშია დღეს საქართველოში, იმედის გამყიდველებისთვისაც და პოლიტიკური ელიტისთვისაც.
ხე ნაყოფით შეიცნობა და რწმენა საქმის გარეშე მკვდარიაო, უფალმა თქვა, რომელიც ცოტას ჭამდა და სვამდა, ბევრს პატიობდა და ამხელდა მაშინდელ დამყაყებულ საზოგადოებას, სამღვდელობას და არსებული მახინჯი ფასეულობათა სისტემის შეცვლა უნდოდა, რისთვისაც დაიჭირეს, სცემეს, აფურთხეს და ჯვარს გააკრეს უდანაშაულო ადამიანი, როგორც დამნაშავე. ის კურნავდა შაბათ დღეს, როცა იუდეველთა მორწმუნე მრევლი და მათი "მამაოები" (რაბინები) არაფერს აკეთებდნენ, გარდა ფიქრისა და ლოცვისა. ამიტომაც უთხრა მათ იესომ სამართლიანად, ადამიანი რომ კვდებოდეს, ხელს არ შეაშველებთ შაბათ დღეს, სამაგიეროდ თქვენს ცხვარს, ქონებას, კლდეზე რომ იჩეხებოდეს ამ დღეს, უფსკურლში გადაყვებოდით, ოღონდ გადაგერჩინათო.
მე პირადად ვისურვებდი, რომ ქრისტიანული სამყარო, კათოლიკების, პროტესტანტების და მართლმადიდებლების ჩათვლით, შეთანხმებულიყოს ერთიან სიმბოლურ დღეზე და აღარ ყოფილიყოს განყოფა ისეთ მეორეხარისხოვან დეტალებზე, როგორიცაა კალენდარი... რადგან კალენდარიც, დღეებიც, თვეებიც და კანონებიც ადამიანისთვის შეიქმნა და არა პირიქით.
რა ირონიაა, როცა მე ცოდვილი მეომბოხე, ამ გაგანია აღდგომა დღეს, არც ეკლესიაში ვყოფილვარ, არც სანთელი ამინთია, ვზივარ სიწყნარეში და ვწერ კანონს იმათი სოციალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ვინც დღეს და ხვალ სასაფლაოებზე გახსნილებულად იქეიფებს და ღვინოს ჩაიხეთქავს მუცელში იმის დაჯერებით, რომ იქ , სადღაც, ჯოჯოხეთსა თუ სამოთხეში, ვინმე გარდაცვილის სულიც მუცელს იყორავს მიწიერი ნათესავების გაშლილი სუფრიდან "მისაგებელ-მისასვლელი" პასკებით, კვერცხებით თუ ჩაქაფულ-ხაშლამებით :D ... იმედია არსაკიძესავით მარჯვენას არ მომაჭრის ეს დამშეულ "ნამარხულები" ხალხი ამ კანონისთვის, რომლის სამუშაო სათაურად კანონი "ადამიანის ღირსეული ცხოვრების სტანდარტების შესახებ" დავარქვი :))... და ამ აღდგომა დღეს, უფალს ვთხოვ, ის პრინციპები, რასაც კანონპროექტში ვდებ, ცხოვრებაში გატარდეს, რომ ხალხმა ცოტათი უკეთ სრულფასოვნად იკვებოს მაინც, რომ საკვებით მოსულიერებულს, სხვადასხვა სამოქალაქო და საზოგადოებრივ საკითხებზე კითხვების დასმის და განათლების მიღების სურვილი გაუჩნდეს.
01.05.2016
Comments
Post a Comment