თბილისის სარკე
რა სასტიკია ადამიანი და თან ფლიდი, თან რაღაცნაირი ბრიყვიც. რა თქმა უნდა ჩემის ჩათვლით და არ ვიცი ამ სიფლიდეს რა მოვუხერხო, ვეგეტარიანელი ბოლომდე ვერ გავხდები... ჯერჯერობით მაინც :)
თბილისის სტიქიაზე და წყალდიდობაზე ის უნდა მეთქვა, რომ ლომისობას, იმისობას, ამისობას და ათასგვარ შიგასობის დროს სისხლის შადრევნებში ნაბანავები ასობით გაჟლეტილი ცხოველი, თანაც შინაური (შინაურებს დანდობა არ აქვთ, როგორც ყოველთვის :( ), ვითომ არაფერია, ვითომ ისინი, უმწეო სახეებით, წყლიანი, საწყალი თვალებით ცხოველები არ არიან! ...მაგრამ, როგორც კი თბილისის ზოოპარკიდან, უფრო სწორად ცხოველთა სატუსაღოდან, რომელსაც "ზოოლოგიური პარკი" ძნელია უწოდო, მტაცებელთა ჯგუფები ქალაქში გაიქცნენ, იმ წამსვე, ეს დიდად "რელიგიური", "კაცთმოყვარე", თუმცა მაინც ხან შინაურ ქალთა, შინაურ ცხვართა და ზოგადად შინაურთა ხორცთა მგლეჯი ხალხი უმწიკვლო კოლექტიურად ანგელოზად გადაიქცა სახეზე მიხატული ბუნჩულა ღიმილით და ჰუმანიზმის ლოზუნგები ააფრილა: "არ მოკლათ შუმბა!".... "არ შეგარჩენთ!" - ემუქრებოდნენ სპეც.რაზმელებს, რომელთაც უსაფრთხოების მიზნით ზოგიერთი მტაცებლის ლიკვიდაცია მოახდინეს... არადა, აქაც ფლიდობს ხალხი, როდესაც ფეისბუკში შემძვრალი ზის და როგორც ყოველთვის დემოგაგოგიურად ვირტუალურ მუშტებს იქნევს. ვინ ვისი არშემრჩენია, საინტერესოა, როცა თბილისი არქიტექტურულად უშნოვდება, სიბინძურეს მიაქვს და მის ქუჩებში ელემენტარულად ფეხით თუ ავტომობილით გადაადგილებაც კი ყოველდღიურ საშიშროებაა, ამის შემრჩენი ხალხის არც ჰუმანიზმის მჯერა და არც ფსევდო-მორალის და ვირტუალური "პატრიოტობის".
არ მჯერა ორმაგი სტანდარტის ლოზუნგების. დარწმუნებული ვარ, იგივე ხალხი, რომელმაც მგლის და ნიანგის დაცვის ლოზუნგები ააფრიალა, მის შვილს რომ დამუქრებოდა მტაცებელი, მაშინვე უარეს მტაცებლად იქცევაოდა და სახელმწიფოსაც ამჯერად საპირისპირო ლოზუნგით მიმართავდა.
ზოოპარკს რაც შეეხება, მე საერთოდ ზოოლოგიური პარკების ასეთი ფორმით არსებობის წინააღმდეგი ვარ, რადგან ცხოველი არ უნდა იქცეს ადამიანის ტყვედ. საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში აღნიშნული დაწესებულება. არ მიკვირს, რომ თბილისის ზოოპარკი ციხის სტილში უფრო იყო აგებული, ვიდრე დასასვენებელ-შემეცნებითი პარკის, რაც არც უნდა იყოს გასაკვირი საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის კვალობაზე. რა დამოკიდებულებაც იყო ადამიანის მიმართ ზოგადად სახელმწიფოში, ის დამოკიდებულებაა ცხოველების მიმართ.
სასტიკი და არაჰუმანური საზოგადოების (შესაბამისად ასეთი საზოგადოების სახელმწიფოსიც) იდეოლოგიურ სახედ შეიძლება ჩავთვალოთ თბილისის ზოოპარკიც, თავისი ფსევდო-ნატურალიზმის ანტი-ჰუმანური გარემოთი. ასევე ბნელი რელიგიური შინაარსის "დღეობების" და ცხოველთა "შეწირვის" მასობრივი რელიგიურ-ოკულტური აქციების ჯერ კიდევ არსებობა საზოგადოების შიგნით მიუთითებს სწორედ ამ საზოგადოების ტოტალურად ყალბ მორალზე, ყალბ ფასეულობებზე და ძალადობრივი უნარ-ჩვევების ჯერ კიდევ არსებობაზე მის შიგნით.
მე ვფიქრობ, სწორი იქნებოდა საერთოდ ხალხს უარი ეთქვა რელიგიური მოტივებით ცხოველთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე და ეს გაეპროტესტებინა, ამავდროულად ეცლიათ სახელმწიფოსთვის ისევ მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით მტაცებელ ცხოველთა გაუვნებელყოფა, თუნდაც უკიდურესი აუცილებელი ზომების გათალისწინებით, რაც ზოგიერთი მათგანის ლიკვიდაციასაც გულისხმობს.
ზოოპარკი კი ამ სახით, რა სახითაც ის არსებობდა, საერთოდ გასაუქმებელია. უპრიანი იქნება მისი გაშენება ქალაქშივე, ან გარეუბნებში ათმაგად დიდ ფართობზე, გაშლილ სივრცეზე, რათა ცხოველებს მიეცეს საშუალება თავისუფლად მოძრაობის და მის ბუნებრივ პირობებში რეალურად ცხოვრების. ცხოველთა განთავსების ტერიტორია უნდა ატარებდეს შემეცნებით დანიშნულებას მნახველთათვის და ეს უნდა იყოს მართლაც გიგანტური დასასვენებელი პარკი მთელი თავისი მოცულობით.
ამ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთად-ერთი პოზიტიური ის მოხდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ გაიღვიძა და პირველად, 2008 წლის ომის შემდეგ, მოინდომა აპოლიტიკური ნიშნით გაერთიანება საერთო ტკივილის გარშემო. ხალხი ქუჩაში გამოვიდა მშობლიური ქალაქის დასალაგებლად და იმედი მაქვს, ამის შემდეგ, ეს გამოღვიძებული ხალხი თბილისში არსებულ სხვა გრანდიოზულ პრობლემებსაც (როგორიცაა სატრანსპორტო და გადაადგილების უსაფრთხოების, ქუჩების სისუფთავის, წესრიგის, მუნიციპალური სამსახურების დროული რეაგირების) მიაქცევს ყურადღებას და მათ მოგვარებას მოსთხოვს თბილისის მთავრობას და ზოგადად ხელისუფლებას. თბილისის არქიტექტურა-დაგეგმარებაში და ერთი პარტიის ერთი კონკრეტული კაცის პიარ-კამპანიისთვის განხორციელებულ ფუტურო ინფრასტრუქტურული პროექტებში დაშვებული დანაშაულებრივი შეცდომებიც იმედია აღარ განმეორდება და ახლა მაინც დაფიქრდება ხალხი, მთავრობა და ყველა ერთად, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეილება, დროა შეიცვალოს მიდგომები, აზროვნება, ხედვები და 200 წლიანი სახელმწიფოებრივი კომიდან გამოღვიძებულმა ქვეყანამ და მისმა მოქალაქეებმა ინფანტილური ასაკიდან დასერიოზულების ასაკში გადადგან ნაბიჯები, რისი ნიშნებიც სწორედ დღეს გამოჩნდა თბილისის ქუჩებში ნიჩბებით შეიარაღებული ახალგაზრდების სახით.
სამწუხაროდ და როგორც მოსალოდნელი იყო, რელიგიურმა ინსტიტუტებმა, როგორც ყოველთვის და მათ შორის ყველაზე მთავარმა ჩვენს ქვეყანაში, სრული მორალური კრახი განიცადა ამ მოვლენის ნიადაგზე, რაც არაერთხელ მომხდარა აქამდე და კიდევ უფრო დიდ კრახს განიცდის დრომოჭმული და უზნეიბის ჭაობში ჩაფლული, ხალხის უბედურებებზე საკუთარი პირადი კეთილდღეობის მომხვეჭელი ეს ორგანიზაცია, რომელიც ყველა უბედურებას შურისმაძიებელ "პროკურორ" ღმერთს აბრალებს... იმდენად უმნიშვნელო ეს ზებუნებრივი ფანტასტიკა მთელ ამ გამოღვიძებული სამოქალაქო აქტივობის ფონზე, რომ მათ ბოდვებზე მეტი დროის და სიტყვის დახარჯვა არ მიმაჩნია საჭიროდ.
მაგრამ მაინც, საკვირველია, როგორ შეიძლება "გიყვარდეს" ღმერთი, გიყვარდეს ცხოველი, მაგრამ არ გყოფნიდეს ადამიანის სიყვარულის ძალა ... მე ალბათ, ძალიან სოციოპათ-ანარქისტ-გლობალისტურად გამომდის ეს ნათქვამი, მაგრამ როგორც ბულგაკოვის ვოლანდი იტყოდა თეატრალური სცენიდან პუბლიკაზე მიშტერებული, მისი პერიფრაზირება რომ გავაკეთოთ, ჩემი თვალით დანახული რეალობა ასეთი გამოვა:
- ადამიანები ხან ტირიან, ხან იცინიან, ხან ერთმანეთს კლავენ, ხან გული შეეკუმშებათ ვირტუალურ სივრცეებში აღტკინებული პატრიოტობით, მაგრამ მაინც ერთმანეთს ჟლეტენ, ომებს ამართლებენ, სხვის ტკივილს თავისას ადარებენ, ხან ცოლს ჰგვემენ, ხან ქმარს წამლავენ, ხან ცხვრებს ერევიან, შინაურ საქონელს წყვეტენ, გარეული ლომი და მგელი ეცოდებათ, ცოცხალ ადამიანს ჭამენ და მკვდრის დამპალ ძვლებს კოცნიან, ქელეხებში თევზის და ფხალეულის ხარისხს ამოწმებენ, ხან მათხოვარზე ცრემლს იწმენდენ მისი მათხოვრობის გამო, მაგრამ მათზე მდიდარი რობოტი ჰგონიათ და მზად არიან გაგლიჯონ, საკუთარი თანამემამულე ლტოლვილს ამრეზით უყურებენ და თვითონ სხვა ქვეყნებში ლტოლვილობას ითხოვენ, სამშობლოს მისტირიან უცხოეთში და უცხოური მოქალაქეობა ურჩევნიათ, თავისი სახლი დასალაგებელი აქვთ და მთელი ცხოვრება ცდილობენ უცხოეთში სხვის დალაგებულ სახლს მოერგონ, საკუთარი თანამოქალაქის შვილებს ლაფში ამოსვრიან და სხვა ქვეყნის პრინცებს ეთაყვანებიან, თავისი შვილის სიცოცხლე ფასეულია, მაგრამ სხვისი შვილის საკუთარი შვილის ბრალეულობით გამოწვეულ სიკვდილზე მხოლოდ ბოდიშს იმეტებენ (ან ამასაც ვერა, გააჩნია ე.წ. "სიტუიაციას"), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები არ შეცვლილან, ადამიანებს ჰგვანან და ადამიანობენ, როგორც ყოველთვის. პირუტყვებსა და ადამიანებს შორის ნამდვილი როლები კი დიდი ხანია გაცვლილია.
ეს ხვარცოფი, ტალახი, მოწყვეტილი მდინარე კი უბრალოდ გარეგნული გამოხატულებაა, სარკსიებული ანარეკლია თბილისში ათეულობით წლებით დაგროვილი მენტალური ტალახის. ასე რომ, ბუნებამ სარკეში ჩაგვახედა, მეგობრებო და დროა საკუთარი თავის შეცვლის.
კ.კოლხი
15.06.2015წ.
ეს ხვარცოფი, ტალახი, მოწყვეტილი მდინარე კი უბრალოდ გარეგნული გამოხატულებაა, სარკსიებული ანარეკლია თბილისში ათეულობით წლებით დაგროვილი მენტალური ტალახის. ასე რომ, ბუნებამ სარკეში ჩაგვახედა, მეგობრებო და დროა საკუთარი თავის შეცვლის.
კ.კოლხი
15.06.2015წ.
Comments
Post a Comment