''...ქვეყანა მშიერ მონების...''




''...გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, 
რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, 
რომ გლახები და მონები გახლავართ...''

დიმიტრი უზნაძე

ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, როცა 200 წლის წინ ამერიკის დამფუძნებელი მამები ახალი სახელმწიფოს დაფუძნებასა და ბრიტანეთისგან დამუკიდებლობას აცხადებდნენ, ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ 200 წლის შემდეგ, სადღაც რუსეთის სამხრეთით და ოსმალეთის ჩრდილოეთით, იარსებებდა სახელმწიფო ნაცნობი სახელწოდებით ''ჯორჯია'', სადაც დედაქალაქის ცენტრალურ პარკში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ძლიერ პრეზიდენტს ძეგლს დაუდგამდნენ და ამერიკის მეორე, საშუალო დონის პრეზიდენტის სახელს დაარქმევდნენ ერთ-ერთ ქუჩას, თუმცა კიდევ უფრო დაუჯერებელი იქნებოდა მათთვის, რომლებიც თავისუფალი ადამიანების ერთობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს აშენებდნენ, რომ ამ აღმოსავლეთის ჯორჯიის ე.წ. კულტურულ-სოციალური ელიტის ახალგაზრდა და შესაბამისად ე.წ. ''განათებულ-განათლებული'' (светский - свет - ნათელი) ნაწილი ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს საკუთარი დაბადების დღესავით აღნიშნავდნენ: ...ქართველი კაცის ე.წ. ''სულიერი'' ცხოვრება ისედაც გაჯერებულია ამდენი რელიგიური ''დღეობებით'' და ახლა ''ამერიკაობაც'' გვაკლდა, სრულყოფილი დემოკრატიული ბედნიერებისთვის...

...ასეთ ნოვატორულ, რელიგიურ კონტექსტს მიახლოებულ რიტუალს უთუოდ ახალი ტროპარი და ლოცვა სჭირდება, დაახლოებით ასეთი :

''- ეჰეიიი, ამერიკავ! მე ვარ მონა და მორჩილი მარადის შენი, რათა მსურს დაგიკოცნო მტვრიანი გზები კალიფორნიიდან ნიუ-ჯერსამდე და ალიასკიდან-ფლორიდამდე! ... ოღონდაც მიბრძანე, შენი კვნესამე! ოღონდაც შემიფარე და თავზე მიქენ ყველაფერი, რაც გაგიხარდება, რადგან მე არ გამაჩნია საკუთარი სამშობლო, რომელიც მოკვდა ჩემს სულში და უფრო მეტსაც გეტყვი, ძვირფასო ამერიკავ, მე სულიც აღარ გამაჩნია, შენ ხარ ჩემი სული! ... და მე ვარ მძორი ... მარად მლოკავი მძორი, რომელიც გაღმერთებს შენ, რადგან ჩემი ღმერთი მე თვითონ მოვკალი, ჯვრიდან ჩამოხსნილი, მერე აღდგომილი, ამაღლებული და ჩემთან კვლავ მოსული ღმერთი ისევ დავიჭირე, ისევ ვაწამე, ისევ ჯვარს ვაცვი და სულ ცალ ფეხზე მკიდია, ის მეორედ აღდგება თუ არა. შენ და მხოლოდ შენ ხარ ჩემი ღმერთიც და ჩემი აღდგომაც, ოოო, ნეონის შუქურებით გაბრწყინებულო ამერიკავ! ... განა შენ არ იყავი, რომ ჩამოხვედი და დემოკრატიის შუქურა მიწოდე, შენ, დიდო შუქურავ კაცობრიობის გენის და ძარღვის, თავისუფლების და დემოკრატიის! ...შენის დაბადებით ხომ ჩვენ, აღმოსავლელი ჯორჯიელი ''სვეტოშები'', ვსულმდგმულობთ, ვსუნთქავთ და ვარსებობთ, როგორც შენს კალთაზე გამობმული მტილები და მწერები მარად მოტრფიალე მდგომარეობაში, ოოო, ჩვენო სიამაყევ, ჩვენო ამერიკავ!''




აუცილებლად გაითვალისწინეთ, სასურველია ეს მანტრა წაღიღინებით წარმოთქვათ, უფრო ''შეიწირება'' და ''მისავლელი მიუვა'' ამერიკელებს ამქვეყნად და იმ ქვეყნადაც, ზეციურ ამერიკაში განსვენებულ ჯორჯ ვაშინგტონს და აბრაამ ლინკოლნს ... ეჰ, ღმერთმა აცხონოს მათი სულები! ეგენი რომ არა, მერე ხომ დარჩებოდა ზოგიერთი საქართველოს დამოუკიდებლობისღა ამარად და ასე ''სვეტსკურად'' ხომ ვერ იზეიმებდნენ, 4 ივლისიც ისევ ნაცრისფრად და უკვალოდ ჩაივლიდა მათ ცხოვრებაში ...

თუ ბაძავ, მაინცდამაინც ''ამერიკელობ'' თუ ''ევროპელობ'', ამერიკელივით იაზროვნე, შე დალოცვილო, იყავი თავისუფალი, იყავი ის ვინც ხარ რეალურად, მოიშორე ხელოვნური ნიღბები, ნუ მოითმენ და ნუ დახუჭავ თვალს შენს ქვეყანაში დამყარებულ აზიურ, ავტორიტარულ და ანტიჰუმანურის რეჟიმის დანაშაულებებზე, იბრძოლე ყველა კანონიერი საშუალებით, დაიცავი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თანასწორად აღიქვი ყველა, პატივი ეცი ყველას, მიუხედავად მისი სოციალურ-ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, საცხოვრებელი მისამართის მიუხედავად! ...წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ, ვიღაცა ხარ, ასე რომ გიხარია ''ამერიკის დღეობა'', ამერიკელი კი არა, მდაბალი მაიმუნი ხარ, რომელიც უხვად ჰყავთ ამერიკელებს ფეშენებელურ ზოოპარკებში მოთავსებული...

-----------------------------------

ახლა ავიღოთ თითქმის იგივე ტექსტი, ოდნავ შეცვლილი ვარიაცებით, ამოვიღოთ სიტყვა ''ამერიკა'' და ჩავსვათ ''რუსეთი''  და მივიღებთ იგივე აჯაფსანდალს, ნაგავს, ანტიპატრიოტიზმს, რომელიც ქიმიური მჟავასავით აქრობს ადამიანის სულს. შესაბამისად შედეგი სულის გაქრობისა არის მონობა, მისი ყველაზე უსაშინლესი ფორმებით და ადამიანის არსის დეგრადაციით.

მონობა კი სხვა არაფერია, თუ არა შიში და სიზარმაცე, მუქთად ცხოვრებისკენ ლტოლვა, სხვის ნაშრომ-ნასუფრალით დანაყრება, რომელიც ფსიქოლოგიურად იგივდება სიბნელესთან, სიკვდილთან და მარადიულ, პირქუშ სიცარიელესთან. სულიერი ვაკუუმი უკვე ფიზიკურ სიცოცხლეშივე წარმოიშობა, როდესაც ადამიანს აზროვნება ეზარება, ვერაფრით ავსებს საკუთარ სამყაროს სიცარიელეს და მუდმივად დამოკიდებულია სხვის აქტიურობაზე. ამიტომაც, თავისუფლება მამაცის ხვედრია და არა ლაჩრის, რომელიც საკუთარი უსუსური არსებობის დასაცავად ირგვლივ ყველაფერ თავისუფალს ებრძვის, ყველაზე მეტად კი საკუთარ თავში თავისუფალი სულის ჩაკვლა ხელეწიფება. თუმცა, ამ სულიერ დეგრადაციას, სხვისის მაიმუნურ მიმბაძველობას, რატომღაც მოწინავე კულტურად და სამაგალითო ეთიკურ ნორმად ასაღებენ ქართული ტელევიზიებით, რაც შემდეგ გადამდებ მენტალურ სენად იქცევა მომავალი თაობებისთვის და ქვეყანაც ამ მოჯადოებულ წრეზე იტრიალებს თაობიდან თაობამდე, მუდმივად სხვისი თავისუფლების, სხვისი წარმატების და სხვისი სილაღის მოტრფიალე, საკუთარი თავისუფლებისა და შემოქმედების მკვლელი.

საერთოდ, ვინმეს მიმართ ხოტბის აღვლენას, სხვისით ხარობას, როცა საკუთარი ნიფხავის გარეცხვის შნო არ გაქვს,  მონობის ერთ-ერთ ვერბალურ ფორმად ვთვლი. ე.წ. ''შემეტენე'' სტატუსით ცხოვრებაც მონობის ყველაზე დამამცირებელი ფორმაა ... მაგალითად, როდესაც დიდ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე შენი ქვეყნის ნაკრებს კი არა, უცხო ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფან-კლუბს ქმნი და გიხარია იმათი გამარჯვება, იმათი დაჯილდოება, იცვამ იმათ სპორტულ მაისურებს და აფრიალებ იმათ დროშებს, მაშინ როდესაც ''გიტყდება'' საკუთარი ეროვნული დროშის ფრიალი, საკუთარი დამარცხებული გუნდის გვერდით დგომა, ეროვნული სპორტული ნაკრების მაისურის ჩაცმა და მათთან ერთად მოგებისა და წაგების გაზიარება! ერთი სიტყვით, ეს იგივეა, საკუთარი შვილs წიხლი კრა, სხვისი შვილის სიკარგით ტკბებოდე და ტრფობაში იწვოდე ... არ ვიცი ამ საქციელს რა ჰქვია, კუდაბზიკობა, ტრიპაჩობა, შემეტენობა თუ სხვა რამ, მაგრამ ცხადია, რომ ესეც მონობაა, ესთეტიური მონობა ...

...მესმის, რომ საკუთარ სამშობლოზე (თუნდაც სხვა ქვეყანაზე) ლექსი დაწერო, გიხაროდეს, რომ ის არსებობს, გახარებს მისი ბუნება, მისი ისტორია, თუნდაც სხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობები მოგეწონოს, შეგიყვარდეს კიდეც, მაგრამ რა უბედურებაა ეს უცხო ქვეყნების ფან-კლუბების შექმნა, მათი დამოუკიდებლობის დღეების ზეიმი, უცხო ქვეყნის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებების გულშემატკივრობა ... ვის რაში სჭირდება და ვის ვაწონებთ თავს ამ უგერგილო პროვინციალური ტრიპაჩობით და ''შემეტენე'' ცხოვრების წესით?! ... მეც და უამრავ, მილიონობით ადამიანს დედამიწაზე უყვარს, მაგალითად საფრანგეთი, წმინდა მიწა (პალესტინა-ისრაელი), ვიღაცას უყვარს იტალია, ვიღაცას ესპანეთი, ვიღაც უცხოელს საქართველო უყვარს და ა.შ., თუმცა არასდროს აზრად არ მომსვლია 14 ივლისის, ბასტილიის დღის აღსანიშნავად მეგობრებთან ერთად სახლში ან რესტორანში შეკრება, ბუშტების გაშვება, ზარ-ზეიმით ''ა ლა ფურშეტების'' მოწყობა და მთელი ქვეყნისთვის საზეიმოდ გამოცხადება, რომ თურმე რა ''ბედნიერი'' ვარ, რომ საფრანგეთის არსებობს და მის ეროვნულ დღესასწაულს ავღნიშნავ აქ, თბილისში ...

არის ერთი პარადოქსალური ადგილი დედამიწაზე, სადაც სულიერი, მენტალური, მოქმედებითი მონობა ჩვეულებრივად უყვართ და სიამოვნებთ, როგორც მშობელი დედა, მამა, და-ძმა, შვილი და საკუთარი ცხოვრების წესის საფუძველთა-საფუძვლად გაუხდიათ. მსგავსი მენტალური თავისებურება ყოფილი წითელი კონცლაგერის ყოფილ ''მოძმე'' რესპუბლიკებს ახასიათებს და მათ შორის, მკვეთრი ინდივიდუალობით, საქართველოს. აქ, წლების მანძილზე დანერგილი იყო, ფსევდოტოლერანტობის მიღმა, ადამიანის სასტიკ, უგულო არსებად ქცევის მეთოდიკა და პრაქტიკა, დაწყებული ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან. ის, რაც სსრკ-ს სკოლებში ხდებოდა ყოველ ნორმალურ ქვეყანაში, ყოველი ნორმალური (ჯანსაღი) საზოგადოების ეთიკური, კულტურული, მორალური და იურიდიული კანონებით ჩვეულებრივ კრიმინალად ჩაითვლებოდა, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, მაგრამ ჩვენს თაობას და წინა თაობებს ხომ არ გვღირსებია არც ნორმალური, თავისუფალი სახელმწიფო, არც ნორმალური საზოგადოება. ჩვენი აზღდის სისტემა პირდაპირ ემსახურებოდა ბოროტებას, მონობასა და სიძულვილს, დაწყებულ საქართველოს გასაბჭოებიდან, ჩვენი დროის უკანასკნელი ათწლეულის ნეო-ბოლშევიკური სულისკვეთებით გამსჭვალული ერთპარტიული სატელევიზიო ''აღზრდა-განათლებით'' და ე.წ. ''შუშის ავტორიტარიზმით'' დამთავრებული.

ჩვენ მუდამ გავიძახით, რომ ტოლერანტული საზოგადოება ვართ, თუმცა კი დღემდე ვიცავთ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან გადმონაშთ წარმართულ წეს-ჩვეულებებს, სსრკ-ს დროინდელ ტოტალიტარულ, შეუწყნარებელ და არასოლიდარულ დამოკიდებულებას არა მარტო ზოგიერთ უცხოტომელთა, რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თვისტომთა მიმართ. ყველაზე მეტად ვისაც ვანადგურებთ, ესაა ჩვენივე მოქალაქენი, ჩვენივე თვისტომები, სხვასთან ლაჩრები ვართ, საკუთართან - ''გულადი გმირები''! ...ამ ბოლო წლებში, ასეთი ''გმირობებისთვის'' პრემიებიც გაიცა, ჯილდოებიც ... უფლებებს, დოვლათსა და პრივილეგიებს ვიყოფთ და ვანაწილებთ კუთხურობისა და სოციალური კუთვნილების მიხედვით, ან ე.წ. ''უბნელობის'' პროვინციალური, ღრმად ჩამორჩენილი და თანამედროვე მსოფლიოსთან შეუთავსებელ კრიტერიუმების მიხედვით, რაც საფუძველია ჩვენი ქვეყნის სიგლახაკისა და სიღარიბის.

სანამ ერი არ გაითავისებს იმას, რომ თავისუფალ პიროვნებათა უფლებრივად თანაწორი ერთობა, სიყვარულსა, სოლიდარობასა და კანონის უზენაესობაზე აგებული საზოგადოება, პროგრესულ მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებული ცივილიზაცია უნდა ააშენოს და მუდმივად არ ელოდოს ღვთის ''სასწაულებსა'' და ''ივერიის გაბრწყინების'' ნაციონალურ-მესიანისტური, შუასაუკუნეების ფეოდალურ სახელმწიფოებრიობას მორგებული თქმულების აღსრულებას, მანამდე მუდამ ვიქნებით სულიერ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიღატაკესა და მონობაში, როგორც საკუთარ თავთან და საკუთარი წიაღიდან გამოსული ვიგინდარა ავანტიურისტების, ასევე უცხო, ძლიერი თუ არც თუ ისე ძლიერი ქვეყნების მიმართ!

ჩვენ სამწუხაროდ, ცხოვრების ნაწილი გავატარეთ და ვიზრდებოდით ეპოქაში, სადაც შეუბრალებლობა და სისასტიკე ჩვეულ ცხოვრების წესად და სახელმწიფო იდეოლოგიად იყო ქცეული. ფასადური, ე.წ. ყოფითი ტოლერანტობის მიღმა იმალებოდა ადამიანის უფლებების, ინდივიდუალობისა და გამორჩეულობის, პიროვნების საყოველთაო დათრგუნვის ჯალათური მექანიზმი. შესაბამისად დეკლარილებული და რეალური ცხოვრების შეუთავსებლობამ წარმოშვა ტოტალური სიცრუის უზარმაზარი ველი, რომელიც ჯერ კიდევ დღემდე ასაზრდოებს ჩვენს თანამედროვე სოციუმსაც. შესაბამისად, ამ ველიდან საბოლოოდ გათავისუფლებას, თავისუფლებასა და სიმართლეში, ღია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ბოლომდე დამკვიდრებას სჭირდება მტკიცე მოთმინება და დრო, რომელიც შეიძლება გაიწელოს მომავალი თაობების ეპოქებშიც კი. ისტორიული ჟამთაღრიცხვისთვის ეს შეიძლება ერთი გაელვებაა, მხოლოდ ჩვენთვის შეიძლება იყოს შორეული მომავალი ან სულად ჩვენს სიცოცხლეშივე მიუღწეველი ოცნება ...

საბჭოთა პერიოდის სკოლებში მოსწავლეებს შორის დანერგილი და ჩვეულებრივ ყოფად იყო ქცეული დანაშაულებრივი ცხოვრების წესი, რაც ვლინდებოდა ადამიანის ღირსებისა და უფლებების შელახვასა და  ფეხქვეშ გათელვაში, ადამიანის დამცირებასა და დაცინვაში მისი წარმომავლობის, სოციალური მდგომარეობისა თუ ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. ხშირი იყო პიროვნებისადმი დამამცირებელი მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა, არა მარტო მოსწავლეებს შორის, არამედ თვით მასწავლებლების მხრიდან (რაც წახალისებულიც კი იყო იმდროინდელი ე.წ. საბჭოური მორალით, რომ რაც უფრო სახრეს ურტყამ ადამიანს, უფრო მორჩილი და დამჯერი გახდება, რაც ნაკლებ პრობლემას შეუქმნიდა არსებულ დანაშაულებრივ და ანტიჰუმანურ სისტემას).

გენდერულ თანასწორობაზე აღარაფერს ვამბობ, ქალის მოტაცება ლამის ეროვნულ ქართულ ტრადიციად აქციეს, რასაც რეალურად სრულიად არაქართული მოვლენაა და წარმოამვლობით მომთაბარე, წარმართული ტომების ტრადიცებს უკავშირდება. დღესაც უაღრესად მძიმე პრობლემად რჩება ოჯახური ძალადობა, რასაც ბევრი ჩვეულებრივ, ე.წ. ''კაცური'' ცხოვრების წესად თვლის, რასაც რეალურ კულტურასა და ''კაცობასთან'' არაფერი აქვს საერთო, ზნეობასა და სარწმუნოებაზე რომ არაფერი ვთქვათ. საბჭოთა სისტემისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო ასევე ადამიანის მაქსიმალური სულიერი დასახიჩრება, სკოლებში ადგილი ჰქონდა ხულიგნურ რეკეტს, დანაშაულებრივი მენტალიტეტის ჩამოყალიბების აქტიურ ხელშეწყობას, რიგ შემთხვევებში პედოფილიასაც კი (სქესობრივ კავშირებს მასწავლებელსა და მოსწავლეებს, ან  არასრულწლოვან მოსწავლეებს შორის) და ა.შ. ... რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამის გამო სკოლებში პრაქტიკულად არც არავინ ისჯებოდა, მაშინდელი სახლემწიფო სრულიად გულგრილად უყურებდა იმას, რომ კრიმინალი ჰყვაოდა საბჭოთა სკოლებში.

რაც მთავარია, განათლების ძველი, ტოტალიტარული სისტემა იღვწოდა იმისთვის, რომ ადამიანი ყოფილიყო მორჩილი და მდუმარე ნაცრისფერი არსება, რომელიც საკუთარ ბედს ანდობდა ერთ პარტიასა და მის ოდიზურ ლიდერებს, რაც პირდაპირ უზრუნველყოფდა ამ ადამიანის მონური მენტალიტეტის ჩამოყალიბებას. მაშინდელ ტოტალიტარულ სისტემაში გაზრდილი თაობა, ზოგი მჩაგვრელის (ანუ ე.წ. ''ვაჟკაცური'' გაგების) და ზოგიც ჩაგრულის (''დაჩმორებულის'') სტატუსით დადაღული, აშკარა და სერიოზული ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე თაობა დღეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების პოსტებს ფლობს უკვე 20 წელზე მეტია. ალბათ დამეთანხმებით, რომ სასწრაფოდ უნდა იყოს შემოღებული (თუ ასეთი რამ უკვე არ არსებობს) კანონის ნორმა, რომელიც დაავალდებულებს სახელმწიფო სამოხელეო და პოლიტიკურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რადგან ქვეყანა და მისი განვითარების პერსპექტივები პრაქტიკულ ცხოვრებაში აწყდება ისეთ პრობლემებს, რომ პოლიტიკურ სცენაზე აქტიურად ჩნდებიან და ძალაუფლების მიღების ამბიციებით გამოდიან ისეთი კანდიდატები, რომელთაც გარეგნულად, ვიზუალურადაც კი ეტყობათ ღრმა სულიერი, სავარადუდოდ დეპრესიულ-შიზოფრენიული პრობლემების არსებობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, ნაცმოძრაობის ზეობის ხანაში, საქართველოს სკოლებში დანერგილმა მანდატურების სამსახურმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბავშვების ფიზიკური დაცულობის ხარისხი, მაგრამ საკითხის უნიჭო და მახინჯურმა გადაწყვეტამ, სრულიად დაუცველი გახადა ბავშვი იმ მენტალური ბოროტებისგან, რომელიც უშუალოდ ავტორიტარული სახელმწიფოსგან მოდიოდა, როგორც უმთავრესი მოძალადე სუბიექტისგან, სახელმწიფო გადაიქცა იმ ბნელი ფუნქციების მატარებლად, რომელსაც სსრკ-ს დროს ასრულებდა იგივე ''ქურდული'' მენტალიტეტისა და ე.წ. კრიმინალური უნარ-ჩვევების წამხალისებელი საზოგადოებრივი სისტემა თავისი ქუჩის ავტორიტეტებითა და პარტიული, ჰალსტუხიანი ქურდების მეშვეობით. ბოლო ათწლეულში არაფერი ახალი და საოცარი არ მომხდარა ადამიანის თავისუფლებათა და უფლებების გაუმჯობესების კუთხით, პირიქით, ეს მარადიული სიკეთის ფუნდამენტური ფასეულობები, რასაც ყველასთვის გასაგებ ენაზე ''ადამიანის ფუნდამენტური უფლებები'' ჰქვია, უზარმაზარი პოლიციური აპარატის წნეხის ქვეშ მოჰყვა და ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მოხდა ერთი მოძალადის, ძველბოლშევიკური ელიტისა და კრიმინალური ავტორიტეტების ჩანაცვლება ახალი, მოდერნიზებული ''კანონიერი'' და ''დემოკრატიულად'' არჩეული იუნოკრატი მოძალადეებით და ადამიანთა თავისუფლების დათრგუნვის უფრო ეფექტური, უფრო სასტიკი და უფრო მყისიერი შედედებით. ამას ემატებოდა მასწავლებლების, როგორც დაქირავებული მშრომელის და როგორც კულტურული ფენომენის, სრულიად უუფლებო, მონურად დამამცირებელი სოციალური უზრუნველყოფა, რომელთა მექანიკური შრომა ფიზიკური გადარჩენისთვის, ბუნებრივია იგივე ნიჰილისტურ შედეგს გამოიღებდა მოსწავლეებშიც სახელმწიფოებრივი აზროვნების კუთხით, რასაც თავად მასწავლებელი განიცდიდა სახელმწიფოს მიმართ.

შესაბამისად, კითხვაზე თუ საიდან უნდა დავიწყოთ საქართველოს ევროპული მომავლის შენება, პასუხი ისაა, რომ თავისუფალი და წარმატებული საქართველოს შენება იწყება განათლების უმდაბლესი საფეხურებიდან, როდესაც სისტემა იმუშავებს იმისთვის, რომ ადამიანებში ჩამოაყლიბოს სიყვარული, ინდივიდუალობა, მტკიცე ნებელობა, თავისუფლების სული და მარადიული ფასეულობები, რაზედაც უნდა აშენდეს ცოდნის ცივილიზაცია, რადგან ყველაზე ძვირფასი რესურსი, რაც საქართველოს აქვს და რასაც უაღესად მოფრთხილება სჭირდება, არის ადამიანური ინტელექტის პოტენციალი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ სისტემის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს უმაღლესი სოციალური დაცვის სტანდარტებით უზრუნველყოფილი და უმკაცრესი მორალური და სამართლებრივი კრიტერიუმებით შერჩეული მასწავლებელთა და მეცნიერთა კონტიგენტი.

სტატიის დასაწყისში მოყვანილი ჩლუნგი ტექსტის (არა სიტყვა-სიტყვით, არამედ არსობრივად) მენტალური ფესვებიც იმ წითელი წარსულის შემორჩენილი ჩვეულებიდანაა. 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის და შემდგომ დღეებშიც, ქართველი ''სვეტოშების'' აურამ ისე ბარაქიანად დააფრქვია ქართულ ტელესივრცეს საკუთარი აჟიტირებული საზეიმო განწყობა, რომ მიკვირს, ამისთანა მდაბიორული მორჩილების შემხედვარე ამერიკელებმა, რამე დამამშვიდებელ წამლების პაკეტები არ გამოაგზავნეს სამხედრო გემებით, მათი დამოუკიდებლობის დღის თანამდევი ქართული ეიფორიის, ნირვანის და აღტკინებული ემოციების დასამშვიდებლად, ამდენი სიხარულისგან გული  რომ არ წასვლოდა ვინმეს ...

იგივე განმეორდა დღესაც, როდესაც საქართველოს გამოფეისბუკირებულმა საზოგადოების ნაწილმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახში პრინცის დაბადება პირად და საკუთარი ქვეყნის ბედნიერებად აღიქვა. არადა, ქართველებს მსოფლიოში უძველესი სამეფო დინასტია გყვავს, რომლის ოჯახშიც 2011 წელს დაიბადა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ორი შტოს გამაერთიანებელი და სავარაუდოდ (ჰიპოთეტურად) საქართველოს სამეფო ტახტის რეალური მემკვიდრე, უფლისწული გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ბავშვს ჯერ წესირად თვალი ახელილი არ ჰქონდა, რომ ზოგიერთმა (და არც თუ ცოტამ) ისეთი ბოღმა და სიძლვილი აღმოანთხია ამ უცოდველი ანგელოზის მიმართ, გეგონება უფლისწული ყოფილიყო მათი ყველა უბედურების, მათი სიგლახაკისა და სულიერი საცოდაოების სათავე და მთავარი დამნაშავე ... 

ასე და ამგვარად, ჩვენ აღმოვჩნდით შემეტენე ხალხი, არც თაგვობა გვინდა და არც ჩიტობა გამოგვდის. არ მგონია, რომ ჯერჯერობით კონსტიტუციური მონარქიის უმაღლესი დონის პოლიტიკური კულტურის ღირსები ვიყოთ, ბევრი მიზეზის გამო, რასაც განსახილველად ცალკე დიდი თემა სჭირდება, მაგრამ ადამიანი მაინც იმედით ცხოვრობს და მე მაინც ოტიმისტურად ვუყურებ მომავალს, რომ ოდესღაც ქართველი ხალხი, სანამ მეფობის ტრადიციისა და კულტურის დონემდე კვლავ ამაღლდება, მანამდე გადაეჩვევა საკუთარი ქვეყნის დანაგვიანებასა და მიეჩვევა საკუთარი სამშობლო მიწის სიყვარულით მოვლა-პატრონობას, დახვეწავს მოთმენის ხელოვნებასა და დაამთავრებს ინფანტილური უნარ-ჩვევებით ცხოვრებას, რომელიც კომიდან ახლადგამოღვიძებულს ახასიათებს, ბოლოს და ბოლოს ჯერ  სრულფასოვან, ჯანსაღ ადამიანად შედგება, ხოლო შემდეგ იფიქრებს, რა უმჯობესია, მეფობის ინსტიტუტისა და საკუთარი თვითმყოფადი, ბუნებრივი ინდივიდუალიზმის, შესაბამისად რეალური თავისუფლების აღდგენა თუ უცხო ქვეყნის სიხარულით სიხარული...

მახსოვს, როგორ დასცინოდნენ ოსებს (და მართლაც დასაცინი იყო) ქართული ''ნაციონალური'' ტელეარხები, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ანუ ჩვენს სამაჩაბლოში, ოსები, ჩვენივე მოქალაქეები, აღნიშნავდნენ ფერადი ბუშტების თანხლებით და იგივე აღტკინებით რუსეთის დამოუკიდებლობის დღეს ... ჰოდა, რა განსხვავებაა იმ ოსებსა და ჩვენს ე.წ. ''სვეტოშებს'' შორის? არც არაფერი, ჩვენებს უფრო ''ბრენდული'' ჭინჭები აცვიათ, ეგაა სულ. 

ბუნებრივია, კვამლი არ არსებობს უცეცხლოდ და საიდან მომდინარეობს ამ ინფანტილური ხასიათის მორჩილების ამაზრზენი მომენტები, ესაა საინტერესო. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ პარადოქსალურ ქვეყანაში, სადაც პრაქტიკულად ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ, საგნებისა და მოვლენების ბუნებრივი არსი უკუღმა, უფრო სწორად თავისებურად ესმით, უფრო მეტად ემორჩილებიან არა რომელიმე უცხოელ დამპყრობელს, არამედ საკუთარ სისუსტეებს, საკუთარ უსუსურობას, საკუთარ სიბინძურეს და მოყირჭებულ სიმახინჯეს, რომელთა გამოვლინება ხდება ყოველდღიური სოციალურ ურთიერთობებიდან დაწყებული და დამთავრებული პოლიტიკის პიედესტალზე ყოვლად უღირს, დისკრეტირებული, მრავალ კრიმინალში ეჭვმიტანილი და დადანაშაულებული პოლიტიკური ლიდერების, ოდიოზური ბელადების ხელში ატაცებით და მათთვის გუნდრუკის კმევით, ბუნებრივ აირზე მომუშავე ჯიპების კეკლუცობით და ანტიკური დროის წარმართულ ''დღეობებზე'' ცხვრების ხოცვის ვამპირული ორგიებით, პროვინციალური ფაშიზმით, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის სიკარგეს მისი ''უბნელობით'' გამოხატავს, ყვითელ პრესად ქცეული ადამიანთა სულიერი მდგომარეობით და ყოვლად უნიჭო ჟურნალისტიკით დამთავრებული. 

ძალიან ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, მივსდიოთ ფაქტებს, რომლებიც უტყუარია და ქუჩაში გასულ ადამიანს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ებლანდება.  აქ არამარტო მონობა ჰყვარებიათ, არამედ უყვართ მაგალითად:

ნაგავში ცხოვრება, რიგის დაცვის მაგივრად თავზე დახტომა, ერთმანეთისთვის არ დათმობა, ფეხზე დაბიჯება, მუჯლუგუნების კვრა, მოწამლული საჭმლის ჭამა, საკუთარი თანამოძმის წამება და გაუპატიურება (რომელიც ცხოვრების წესად იქცა ბევრისთვის) და შემდეგ ამაზე აღშფოთებული ფუთფუთი ათასგვარი არასამთავროების, სოკოებივით მომრავლებული პიონერული სულისკვეთების, ყოყლოჩინა და არაკვალიფიციური იურისტების ყოვლად უმეცარი ექსპერტობანას თამაში, სატელევიზიო ტაკიმასხრული შოუებით და უსახური სერიალებით ტვინების გამორეცხვა, არაადეკვატური შეფასება თითქმის ყველაფრის, თუნდაც იგივე სამომხმარებლო ფასებით ზოგიერთ უმდაბლესი ხარისხის მომსახურებასა და არაჰიგიენურ საკვებზე, უხარისხო ტანსაცმელზე და ა.შ. ...


ზოგიერთ ქალს (და ასეთი ბევრია) უყვარს, როდესაც ამაყად მიატოვებს სოფლის ბაღჩას, წამოვა ''გოროდში'', მერე სადმე ურბანული ზღვის, უფროს სწორად წურბელებით, ქლამიდიითა და ტრიხამონოზის ბაქტერიებით სავსე ხელოვნური ტბის პირას სახელდახელოდ მოწყობილ ბარში ამოჰყოფს თავს და ამაყად გააბოლებს სიგარეტს, მარად დაჩაგრულის ქვე-სნობური სიფათით (არსებობს ზე-სნობიზმიც), რომელიც სულაც არ გავს კოკო შანელის XX საუკუნის ქალის ნატიფ სახეს, რადგან სიგარეტი მათთვის სოციალურ საფეხურზე ამაღლების ერთ-ერთი ატრიბუტია, სოციალური უფსკრულიდან, იქ სადაც საკუთარ თავს თვითონვე მონად აღიქვამენ, უცებ სოციალურ აღმართზე დამკვიდრების და ''თავისუფლების'' საწინდრია, მათი აზრით ... იქნებ არც კი უნდა ნახშირად ქცეულ ფილტვებს ნიკოტინის შხამის მიღება, მაგრამ აბა ისე როგორ იქნება, თამბაქოს არგაბოლება ხომ ამ სუბიექტს ღირსებას ''დააკარგვინებს'' უფრო ''გასვეტებული'' ზე-სნობების თვალში ?! ... ჰო, კიდევ ლაპარაკისას ''ჟუაჩკის'' ღეჭვა, ესეც ერთგვარი ამაღლებისა და გაბრწყინების საწინდარია, ''სვეტსკობის'' ეკლიან გზაზე თავგადადებული განდეგილებისთვის :) ...

საქართველოში ''3T''-ს პრინციპი მოქმედებს:

ტოტალური სიცრუე, ტოტალური ჩლუნგი ნარცისიზმი და ტოტალური მოზაიკური შიზოფრენია. ...არა, სხვა უამრავი ''ტოტალურიც'' ბევრია, მაგრა, ეს სამი ''ტოტალი'' განსაკუთრებით თვალში გეჩხირება და ამათგან ყველაზე უდიდესი სენია ტოტალური სიცრუე!... ტოტალური სიცრუე გამეფებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ოჯახურ და სხვა სოციალურ კონტაქტებში, რომელიც პრაქტიკაში წარმოშობს უუფლებობასა და ძალადობას. მაშინ როდესაც ბევრი კდემამოსილი ''ქართვლის დედის'', ან ბუნჩულად მოფუსფუსე მეოჯახე კაცის როლს თამაშობს, სრულიად აღვირახსნილ გეტერად და ავხორც ოჩოპინტრებად გვევლინებიან სადღაც იქ, სხვაგან, საკურორტო ზონებსა და ე.წ. ''პაეზდკებში'', მოშორებულნი ცნობისმოყვარე თვალისგან, მერე სექსისგან და ფლირტისგან დაღლილები უბრუნდებიან საკუთარ კერას და აგრძელებენ ''ჩვეულებრივ'' ტოტალურ სპექტაკლში ცხოვრებას. ამ სპექტაკლში, ყალბ ემოციებსა და ფასეულობებზე ზრდიან შვილებს და ისევ ტრიალებს მოჯადოებულ წრეზე უკეთესი თაობის მომლოდინე ქვეყანაც.

...ამ ქაოტურ ტოტალურ სიცრუეში, სადღაა ადამიანური გულწრფელობისა და სიყვარულის, სილაღის, სულიერი პატიოსნების ადგილი?  მათ ადგილს იკავებს იგივე ცრუ ფასეულობების მონობა, როდესაც ადამიანებს ერთმანეთის მიმართ დაკარგული აქვთ მოთმინებისა და გულახდილობის უნარი, თუმცა ქალების  პირადი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ სპექტაკლსაც აქვს ობიექტური მიზეზები, ესაა მატერიალური დამოკიდებულება სხვის ფინანსებზე, დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყების უუნარობა, სოციალური დაუცველობა და საკუთარი ოჯახის წევრებისგან ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობრივი რეაქციების შიში.

... ძალიან ამაზრზენად ხელოვნურია ეს ყველაფერი, ხალხი არ ცხოვრობს ბუნებრივად, ცხოვრობენ უკიდეგანო შიშსა და სირცხვილში, რომელსაც მათ სკოლის მერხიდან უნერგავდნენ ჩვეული სისასტიკის და განსახვავებულისადმი სიძულვილის ჩანერგვის პარალელურად. თაობების ''დაჩმორების'' საბჭოთა პრაქტიკა წარმატებით გაგრძელდა ბოლო 20 წლის მანძილზე ყველა არსებული ხელისუფლების დროსაც. სსრკ-ს, ანუ წითელი კონცლაგარის პრინციპების მიხედვით გამორჩეულობა და ინდივიდუალიზმი დაგმობილი იყო, რადგან ასეთ ავტორიტარულ რეჟიმებს არ სჭირდებოდათ პიროვნებები, მათ სჭირდებოდათ მასსა, რომელიც უნდა გამხდარიყო HOMO SOVETICUS-ის საკვები მასალა. ამიტომაც, შიში, სირცხვილი და ინდივიდუალიზმის ყოველგვარი ხერხებით დათრგუნვა უზრუნველყოფდა წითელი კონცლაგერის ელიტარული, პრივილეგირებული ფენის ძალაუფლებასაც.

აღნიშნული პრილიგირებული ფენა, რომელიც საკუთარი კეთილდღეობისთვის სწირავდა ადამიანის პიროვნების და ინდივიდუალიზმის ყველაზე ძვირფას მასალას, ღვთისგან ბოძებულ თავისუფალ სულს, ინერციის ძალით, წითელი კონცლაგერის დაშლის შემდეგ, გადანაწილდა სხვადასხვა პოსტ-კონცლაგერულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, რამაც ხელი შეუწყო ნეო-ბოლშევიზმის, ველური კაპიტალიზმის ყველაზე ვულგარული და უკანონო ფორმების, ეკონომიკის მსგავსი, მეურნეობის მქონე ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებას, რომელთა კადრები შევსებული იყო დ არის ძველი, კომუნისტური ნომენკლატურით. სწორედ ასეთ ნეო-ბოლშევიკურ ეპოქებში დაგროვებული კაპიტალის 90% სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისების შედეგად იქნა მოპოვებული, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში წარმოიშვა უკანონოდ გამდიდრებული ხალხის მციხრერიცხოვანი ფენა, რომელთა ხელში, ეკონომიკურ სფეროში გავლენების გადანაწილების გზით, აღმოჩნდა ქვეყნის სიმდიდრეთა და ეკონომიკური აქტივობის თითქმის აბსოლუტურად უმეტესი ნაწილი. ისინი გემოვნების, განწყობისა და ცხოვრების ტონს აძლევდნენ და ახლაც ტონს აძლევენ ჩვეულებრივ,  რიგით, ღარიბ, მოკვდავ ადამიანებს. ამ მაღალი ფენის ფსიქო-ემოციური ფესვები, რომლებიც ბოლო 30-40 წელიწადი სრული ტოტალიტარიზმითა და ფეოდალური უნარ-ჩვევებით წარმართავდა და კვლავაც წარმართავს საქართველოს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრებას, წითელ კონცლაგერშია ჯერ კიდევ ჩაბუდებული, რადგან მათ ტვინებში და გულებში ცხოვრობს და სუნთქავს საბჭოთა კავშირი თავის ხუთქიმიანი (''ხუთიანის'' სიმბოლო შემთხვევით არ იბადება ადამიანების ტვინებში ...) ვარსკვლავით, მინი-გულაგების სისტემით, ადამიანთა სოციალური კლასების სასელექციო მეთოდებით, ტირანიით და სტალინურ-სტახანოვური შემართებით, როგორც მაგიურ ბოთლში ჩაკეტილი ბოროტი ჯინი. სსრკ-ს კოლაფსის შემდეგ, მხოლოდ მცირე ხნით, როგორც ბუჩქებში მიმალული მტაცებელი მსხვერპლის მოლოდინში, მიყუჩდნენ კომკავშირულ-კომუნისტური ძალები, თუმცა ერთხელაც ეს ჯინი გამოთავისუფლდა და ჩვენ ვნახეთ სრული სიმახინჯე ამ საბჭოთა მენტალურ-ემოციური ფესვების მქონე მოვლენისგან, დაწყებული ჯაბა-კიტოვან-სიგუა-შევარდნაძით და დამთავრებული ''ხუთოსანი'' მიშმადიდებლებით, რომელთაც ჯერ დაანგრიეს და გააშავეს თბილისი, ძმა ძმას მოაკვლევინეს, შემდეგ დანერგეს ლენინიზმის დოგმებით გაჯერებულ ნაციონალისტურ-ბოლშევიკურ ფაშიზმი, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ (უფრო სწორად უკულტურობის) სფეროში. ქვეყანაში შეიქმნა ახალი პოლიტიკურ-რელიგიური მიმდინარეობები, დაფუძნებული ფუნდამენტალიზმსა და რეაქციონისტულ ფანატიზმზე, ყოველთვის იყო მცდელობა მყარად დანერგილიყო ათასგვარი ''იზმებით'' გაჯერებული ექსტრემისტული აზროვნება, როგორებიცაა ''ზვიადიზმი'', ''ბაბუფილია'', ''მიშმადიდებლობა'', ''ილიამადიდებლობა'' და სხვა.

ნაციონალისტური ლოზუნგებით მოსული, თუმცა ნეო-ბოლშევიზმის სულით გამსჭვალული, ოკეანისგაღმა წრთვნა გავლილი იუნოკრატების ძალაუფლების ერთ-ერთი საფუძველი, როგორც ეს მიღებულია ტიპიური აზიელი სულთნის ჰარემში და პირად ამალაში, გახლდათ მათთან ფინანსურ მოტივებზე მიტმასნილი ''კარის'' მწერლუკანების, მხატვრების, ე.წ. მოჭორიკნო ''ჟურნალისტების'', ხუთოსანი მეგუნდრუკეების, ბეჯითი მეხოტბეების, მგოსნებისა და მუსიკოსების იდეოლოგიური და საინფორმაციო-პროპაგანდისტური ყოველდღიური ზრუნვა-ფუსფუსი არსებული, ლეგიტიმაციას გაცდენილი რეჟიმის მუდმივად მყოფობისთვის. 

სალიერები, რომელთათვის ერთად-ერთი მუსიკა არის მონეტების წკრიალი, მათთვის მხატვრობა  შუშით და ფერადი საღებავებით მითხაპნილ-მოპირკეთებული, ყოველგვარ სინატიფესა და აზრს მოკლებული პოლიციის შენობების ფასადები და ევრორემონტიანი ისტორიულ-კულტურული ძეგლებია, ფილოსოფია - შლეგი სატელევიზიო ''ექსპერტების'' ოპუსები, შუშისთვალება უსულობა, დაცლილი ყოველგვარი ადამიანური სიყვარულისგან და რაც მთავარია თვალშისაცემი უხეში არაკვალიფიცურობა თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებთან შესაბამისად, სასცენო არტისტიზმი - უგერგილო მიბაძვა, მკვახე თუთიყუშობა და მორცხვად ხელოვნური მანჭვა-გრეხვა რომელიმე უცხოური და ქართული უნიჭო პლაგეატიზმის შეჯვარებული ჰანგების ფონზე, პოეზია - სექტის ბელადის იდიოტური, მრისხანებითა და კაცთმოძულეობით აღსავსე გამონათქვამების კრებული, მორალი - ქაჯებისა და ''სვეტსკების'' მარადიული ჭიდილის ცხოვრებისეული საგა ... სადღა იყო აქ სიყვარულისა და სიმართლის ადგილი? არსად, რადგან ასეთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში სიყვარული და უფრო მეტად სიმართლე აღარავის სჭირდება, როგორც ტოტალური სიცრუის დამანგრეველი, მათთვის საშიში ძალა. 

აშკარა და თვალსაჩინო ფსიქოპათიური გადახრების მქონე პოლიტიკური ელიტის მენტალურად ძირმომპალი, თუმცა ტირანული და სადისტური უნარ-ჩვევები, სტალინურ-ჰიტლერული სოციალურ-რასისტული სელექციური ექსპერიმენტები, ადამიანთა საწამებელი ციხეების მინი-კონცლაგერული სისტემა (სადაც პატიმართა 20% თუ იყო ნამდვილი კრიმინალი, დანარჩენი კი უბრალოდ ფულის საჭრელ დაზგად განიხილებოდა), ფასადურ-კოსმეტიკური ე.წ. ''საბაზრო ეკონომიკა'', რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივ სოციალისტური კოლმეურნეობის სტილის ''ობშიაკში'' ''ნებაყოფლობით'' შემწირველების კლუბს უფრო წააგავდა, შეფუთული იყო  ე.წ. დემოკრატიის შუქურის დაუმსახურებელი იარლიყით, რომელიც ამ იუნოკრატი ხელისუფლების საგარეო სახედ იქცა და რომელიც ოსტატურად ფარავდა ბრჭყვიალა ტანსაცმლის შიგნით არსებულ ხორცისა და სულის სიმყრალეს.

ტოტალური სიცრუე, რომელშიც ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური და ამავდროულად გროტესკულად კომიკური ელიტა აცხოვრებდა მოსახლეობას დამყარებული იყო ისტორიული და ეროვნული ფასეულობების მანიპულაციებზე. როგორც ბავშვები თამაშობენ სახლობანას და ქვიშისგან აგებენ სასახლეებს, ისე თამაშობდა ჯერ შევარდნაძის და შემდედ მისი მოდერნიზებული განგრძობა - სააკაშვილის რეჟიმი, დემოკრატიული ფასეულობებით, ადამიანის უფლებებით, თავისუფლებით და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივებით, რომელსაც თვითონვე უთხრიდა ძირს საკუთარი ანტიჰუმანური ავტორიტარიზმით. ტოტალურ სიცრუეზე და ამოტრიალებულ რეალობაზე იყო და დღემდე არის დაფუძნებული ადამიანთა შემოქმედებითი მიმართულებები ჟურნალისტიკაში, რომელიც ერთი კაცისა და მისი სექტის მადიდებელ ფუნქციას ასრულებდა, ასევე უგერგილო ქართულ ტელესერიალებში ასახული პროპაგანდა, სადაც ყველაფრით კმაყოფილი, სოციალურად და ეკონომიკურად უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, რეჟიმთან მიმართებაში ''სწორი აზროვნების'' ხალხის ცხოვრება იყო ასახული, რომელიც რეალურად საზოგადოების სულ რაღაც  10-15%-ს თუ შეადგენდა დანარჩენი მოსახლეობის უფლებრივი და ეკონომიკური სიბეჩავისა და სიღატაკის გვერდით. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის ყველაზე დიდი მტერი იყო დასამარცხებელი: სიმართლე, სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე! ... მაგრამ მაინც ვერა, ვერ დათრგუნეს, ერთ დღესაც ამ სიმართლემ იფეთქა (ბუნების კანონების შესაბამისად) და დღესაც მომსწრე ვართ, თუ როგორ სკდება და სკდება საპნის ბუშტივით გაბერილი ის ტოტალიტარული რეალობა, რომელიც დაწყებული 1921 წლიდან გრძელდებოდა ლამის 2012 წლის შემოდგომამდე ...

ყოველივე ამასთან ერთად, ყველაზე შოკისმომგვრელი კითხვა, რომელიც თავისუფალ ადმიანს შეიძლება აწუხებდეს, არის ის, რომ თუ რეჟიმები იყო ასეთი გახრწნილი, სადისტური და ა.შ., ქართველმა ხალხმა რატომ დაუჭირა მხარი და რატომ მიიყვანა პოლიტიკურ პიედესტალზე ამგვარი არარაობები, რატომ ჩააბარა მათ ქვეყნის თანამედროვე ისტორია, მისი მომავალი და ბოლოს და ბოლოს საკუთარი შვილების, ოჯახისა და ქვეყნის მომავალი? ... პასუხი მარტივიც შეიძლება იყოს და რთულიც. იმიტომ, რომ ეს ქვეყანაა მშიერ მონების! ...

ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-30-იან წლებში, როდესაც სსრკ-ს სისხლითა და მახვილით აშენებდა პირსისხლიანი ყაჩაღი სტალინი, ბერიას და სხვა ჯალათების აქტიური თანადგომითა და მონაწილეობით, რომლის სინდისზე ათეულ მილიონობით ადამიანის მოსპობაა, რომლისთვისაც ადამიანის ფიზიკური და სულიერი შიმშილი მასების დამორჩილების ხერხი იყო, ჯერ კიდევ მაშინ პირნათლად სრულდებოდა  სატანისადმი მიძღვნილი ცნობილი ჰიმნის, ''ინტერნაციონალის'' დოგმები და თეზისები, რომელსაც ჩვენს და ჩემზე უფროს თაობას სკოლებშიც კი ასწავლიდნენ და ამღერებდნენ, რითაც ფაქტიურად სატანისადმი ასრულებდნენ ერთ-ერთ მათთვის ჩვეულ რიტუალს, ეს იყო შავ მესაში საჯარო-სახალხო მონაწილეობის უზრუნველყოფა. ...და როგორი სიტყვებია ამ ჰიმნში, ხომ გახსოვთ?  -

''აღსდექ კრულვითა დაღდასმულო, 
ქვეყანავ, მშიერ მონების ! '' 

(*''კრულვით დაღდასმული'' - სატანა, ლუციფერი)

ამ ჰიმნის სტროფები არის თეზისები, თუ რაზე უნდა დამყარდეს პროლეტარიატის დიქტატურა. მაგალითად: 

''გაუმარჯოს მშიერ მუშას,


მის მკლავსა და მის მარჯვენას!'' 


''მშიერი'' მუშა გამარჯვებულია თუ დამარცხებული, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ წითელი ელიტისთვის ''მშიერი მუშა'' მათი გამარჯვებაა, ისევე როგორც ტიპიური მონათმფლობელური და ფეოდალური მმართველებისთვის, იმიტომაც მოარგეს ლამის მთელი შრომის და სხვა მასთან შეხებაში მყოფი კანონმდებლობა ქართველმა იუნოკრატებმა სწორედ ''მშიერი მუშის'' სატანურ თეზისს. ... მათი აზრით, რაც უფრო დიდი ხნით მშიერია მუშა, რაც უფრო არ სცალია მას წიგნისთვის, კულტურისთვის და შესაბამისად კრიტიკული აზროვნებისთვის, მით მეტი ხნით იქნება ეს ელიტა ძალაუფლებაში. საშუალო შეძლებული ფენის შექმნა და ეკონომიკის რეალური ამუშევება ამ ლუციფერული ილუზიის პროვაიდერი ელიტის კატასტროფის და აპოკალიფსის ნიშანია, ამიტომაც ტოტალიტარული რეჟიმები უპირველეს ყოვლისა ებრძოდნენ თავისუფალ განათლებასა და საშუალო ფენის წარმოქმნას, ამას საქართველოში კიდევ დაემატა მესამე მიზანი მათი ბრძოლისა, ეს იყო მიწიდან და შესაბამისად ჯანსაღი გარემოდან ადამიანის მოწყვეტა, უფრო სწორად უხეშად მოგლეჯა, როგოც სხეულის ხორცის და სულის ნაწილის, მითუმეტეს ქართველის, რომლის ისტორიული ფსიქოლოგიური პორტრეტიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა მიწასთან დამოკიდებულებაში. 

რეალური საშუალო ფენა მყარადაა დაკავშირებული ქვეყნის თავისუფალ ეკონიმიკასთან, ჩვენთან შექმნილი მცირერიცხოვანი ე.წ. საშუალო ფენის ილუზიისგან განსხვავებით, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფა დაკავშრებული იყო არა ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ დოვლათთან, არამედ მეტწილად იმ პარტიულ სტრუქტურებთან, რომლის კადრებითაც გაჯერებული იყო საჯარო და პოლიტიკური მმართველობის დაწესებულებები, სახელმწიფოს (ერთი მმართველი პოლიტიკური სექტა-პარტიის) მონაწილეობით შექმნილი კერძო სტრუქტურები და ა.შ. ...ეს იყო სწორედ მონობის კიდევ ერთი მარწუხი, რომელიც კლავდა ქვეყნის ეკონომიკას, მის დარგებსა და ადამიანის თავისუფალი, თანასწორი განვითარების პერსპექტივებს, რამაც მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან თავქუდმოგლეჯილი გააქცია.

ფსევდო ფასეულობებით მცხოვრები ე.წ. ''ელიტის'' წამხედურობით, ზოგმა ქალაქელობა მოინდომა (რა ყრია ამ იდიოტურ ''ქალაქელობის'' სოციალურ სტატუსში, ამაზე არავინ დაფიქრებულა), საკუთარი მამული, მადლიანი მიწა გაყიდა, სატაქსაოდ ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანა იყიდა და ქალაქში მიგრაცია გადაწყვიტა. ზოგმა კი ისევ ბანალური ეკონომიკური მიზეზებით მიატოვა საკუთარი კარ-მიდამო და ლუკმა პურის საშოვრად უცხოეთში წავიდა, ბევრი მართლაც სამუშაოდ, ბევრს კი ყური ჰქონდა მოკრული, იქ ''კარგად იპარებაო'' და იოლი ცხოვრების იმედად მიაშურა ევროპას. ფაქტიც სახეზეა, კვირა არ გავა, რომ ევროპაში ქართველების ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები არ დაიჭირონ.

ბევრჯერ მითქვამს, რომ თუკი ვინმეს რეალური სასწაულის ხილვა სურს ახლა და ამ ეპოქაში, შეხედეთ XX საუკუნის სასწაულს - ისრაელის სახელმწიფოს და ნათლად დაინახავთ თუ რა შეუძლია თავდაუზოგავ პატრიოტიზმს, ერთმანეთის სიყვარულს, ცოდნის პატივისცემასა და უბრალო ადამიანურ გმირობებს, რადგან გმირობაა, როცა ორიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის წყვეტის მქონე ხალხი მშოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მასიურად ჩავა საკუთარ ისტორიულ სამშობლოში და მზით გავარვარებულ უდაბნოში საკუთარი სამოთხე-სამშობლოს ასაშენებლად ხელებს დაიკოჟრებს. ...შეძლებს იგივეს  მსოფლიოში გაფანტული და ჯერ კიდევ სამშობლოდან გაუფანტავი ქართველობა? მეეჭვება, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ასე მოხდეს ... უმეცარი და უწრმუნო მოდგმა მოელის ღვთის სასწაულსო, წერია ბიბლიაში და მე დავამატებდი, რომ მონები ელოდებიან ღვთის სასწაულს, მონები, რომელთაც საკუთარი თავის რწმენა და ღირსება არ გააჩნიათ, საკუთარი თავისთვის ორი აგური წესისამებრ ვერ დაუდიათ ერთმანეთზე და მუდამ მათხოვარის მდგომარეობაში შეჰყურებენ უფალს, რომელიც, თუკი ჩვენ მისი ხატება ვართ, უპირველესი მეხოტბეა თავისუფლების, რომელსაც სძაგს მონობა, რომელმაც ეგვიპტური მონობისგან გასათავისუფლებლად წააქეზა მოსე, რომელიც მოუწოდებდა ისრაელელებს და ასწავლიდა მათ მთელი 40 წელი, თუ როგორ უნდა დაეთმოთ მონური სული და ესწავლათ თავისუფლებაში ცხოვრება!

ლამის ერთ დიდ კოლექტიურ ''ელიოზად'' არის ქცეული ე.წ. საქართველოს მორწმუნე სამრევლოს მნიშვნელოვანი ნაწილი. ნატვრისთვალის ძიებაში ხეზე შემოსკუპებული იყინება მთელი ქვეყანა. მეორე ნაწილი კოლექტიურ ''ციციკორეებად'' არის ქცეული, იქექებიან, სხვის პირად ცხოვრებაში საკუთარი ვულგარული ამბიციების საკბილოს ეძებენ, რომ მერე ვიღაცის საბნის ქვეშ შეიხედონ, გაჰკიცხონ, გაათახსირონ, ათასი ჭორით ცილი დასწამონ და ამით მიიღონ ''მადლი სასუფევლისა'' და ''ნათელი'' კვალი დატოვონ ცხოვრებაში, თუმცა ვშიშობ მათ დანატოვარ კვალს ნეხვის სუნი უფრო აუვა, ვიდრე ია-ვარდის. 

გამძაფრებული ''ციციკორიზმი'' დაემართა ჩვენს ინტერნეტ-საინფორმაციო ე.წ. ''მეოთხე ხელისუფლებას'', ჯერ ისედაც გაყვითლებულია სატელევიზიო არხები და მათი ფანტაზია გულახდილი საუბრებისა და შაჰის კარის ჯამბაზურ შოუებს ვერ გასცდა, ახლა ამ ინტერენტში ტვინი წაიღეს ვიღაც, მსოფლიოსთვის აბსოლუტურად უცნობი, გაურკვეველი პროფესიის მქონე ადამიანის მეან-გინეკოლოგიური პროცესებით. ესეც ერთგვარი მონობაა, როგორც ავღნიშნე, ''ციციკორეს სინდრომით'' დაავადებული სხვისი პირადი ცხოვრებისადმი ვულგარული ცნობისმოყვარეობისადმი მონობა.

საინფორმაციო ველი სავსეა ე.წ. ''მირონმდინარე'' ხატების იმედად მყოფი და ცაში ბუნებრივი ლუმინაციის ილუზორული აღქმით სასაწაულის მოტრფიალე-მომლოდინე, ხალხის მოთქმა-ქადაგებით დამაშვრალი, ე.წ. რწმენაში შთავარდნილები (ალბათ უფრო ამპარტავნულ ხიბლში და არა რწმენაში ...).

ვირტუალური ლოცვა-კურთხევაც მოდაში შემოვიდა, ინტერნეტის სოც.ქსელში თუ ერთი წმინდანის ფოტოს გააზიარებ და თან მიაწერ - ''რა თბილი ფოტოა'', ე.ი. სულის მადლის რაღაც დოზა მიღებული გაქვს ... ესეც ერთგვარი მონობაა უმეცრებისა და ცხოველური ინსტიქტების. ხატებისა და წმინდანების ფოტოებში აღბეჭდილი სასწაულების მჭვრეტელ-მჩხიბავი საზოგადოება, ინტერნეტში აქტიურად ''მოღვაწე'' ე.წ. მამაოებით საერთოდ ქართული რელიგიურობის სავიზიტო ბარათად იქცა XXI საუკუნეში.

გაჩნდა ფანატიკური და ფუნდამენტალიზმით გამსჭვალული ლოზუნგები: ''მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი!'' ... გამოდის, რომ საწყალი ჩინელები ან კათოლიკები, მთელი კაცობრიობა, გარდა სულიერი ოხროხინიზმით შეპყრობილი ქართველებისა, უკვე მკვდრები არიან და უბრალოდ ჩვენ ჯერ არავინ გვიმხელს ... 

მთელს ამ პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ აჯაფსანდალში, სამარცხვინოდ ფული ვერ გამონახულა ვერსად, ვერც სახელმწიფოში და ვერც ამხელა რელიგიურ ორგანიზაციაში, უპატრონოებისა და ღატაკების ერთი ნორმალური თავშესაფრ(ებ)ის ასაშენებლად, რომ ადამიანს თავზე არ აწვიმდეს და ტყუილ სუპს მაინც სჭამდეს, ელემენტარულ სამედიცინო სერვისზე მიუწვდებოდეს ხელი. მართალია ეს პრობლემა მარტო ეკლესიის გადასაწყვეტი არ არის, სახელმწიფოს უფრო აქტიურობა მართებს ამ კუთხით, მაგრამ ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია და სამართლიანადაც, როდესაც ჯიპებზე ამხედრებული და ანტიქრისტიანული მორალით გამორჩეული ანაფორიანი ოხროხინეები, რომელთა ცხოვრების წესის შემხედვარე მაცხოვარი ალბათ კიდევ ერთხელ ავიდოდა ჯვარზე კაცობრიობის გადასარჩენად, ყოვლად უსირცხვილოდ ქადაგებენ პირდაპირ სიძულვილსა და შეუწყნარებლობას კონკრეტული ადამიანების მიმართ, ერევიან პოლიტიკურ ცხოვრებაში, ითხოვენ დაფინანსებას საკუთარი ფულის საჭრელ დაზგებად ქცეულ, ლამის ''უბნის'' და ''სადაბრაზოს'' ეკლესიების ასაშენებლად და რატომღაც ქრისტიანობის უშუალო პრაქტიკული ღონისძიებებისთვის, რითაც მრავალი სოციალური პროგრამა შეიძლება განხორციელებულიყო, არავის არ სცხელა და არც აინტერსებთ. 

...კი, მაგრამ რათ უნდათ ეს ადამიანობისგან დაცლილი ეკლესია, ეს ორგანიზაცია, სადაც არ იქნება მოყვასის, თვისტომისა და ზოგადად ადამიანის სიყვარული, სოლიდარობა, რეალური დახმარება, თუნდაც ადამიანების დასაქმების კუთხით?! ...რა არის ეს, თუ არა ისევ და ისევ მონობა!... მონობა ანგარებისა და მამონასადმი! ... მოვა დრო და ესენიც ისე გამოიყრებიან ეკლესიებიდან, როგორც ქრისტემ გამოყარა ტაძრიდან მოვაჭრენი და თავდაყირა დააყენა ფარისევლებისა და სადუკევლების მიერ აწყობილი ფინანსური უზრუნველყოფის სისტემა, რომელთაც მითვისებული ჰქონდათ ადამიანის სულიერი საკვების საწყისები, რომელთაც ''უფლის სახელით'' აწამეს თავად უფალი ... 



რამდენიმე ''მძიმეწონიანი'' ანაფორიანის ქადაგება მომისმენია, რომლის მიხედვით კათოლიკები და რომის პაპი ლამის ეშმაკის მოციქულებად არის გამოცხადებული, სხვა წვრილ სექტებზე აღარაფერს ვამბობ. ამ დროს, კათოლიკურ ეკლესიას ორგანიზებული აქვს უამრავი, ეკლესიასთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, იგივე Caritas International-ი ან Secours Catholique, რომლებიც პირდაპირ დაკავებულნი არიან ცოცხალი, პრაქტიკული ქრისტიანობით, სოციალური და ჰუმანიტარული პროგრამებით, ადამიანის განვითარების ხელშეწყობით, რითაც ცხოვრებაში ხორციელდება ისეთი ფუნდამენტური ქრისტიანული პრინციპები, როგორიცაა მოყვასისადმი თანადგომა, სოლიდარობა და დახმარება. აღნიშნული დახმარება ვრცელდება ყველა შეჭირვებულზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა და არავინ არავის არ სთხოვს რწმენის შეცვლას დახმარების სანაცვლოდ, აგრესიული პროზელიტიზმი დაცულია, როგორც საეკლესიო ეთიკით, ასევე სამოქალაქო-საერო კანონმდებლობითაც. 

თუმცა მეც და ალბათ ბევრს უნახავს ე.წ. ქართული, ''პირუკუ'' აგრესიული პროზელიტიზმიც, რომელიც სწორედ დახმარების სანაცვლოდ აიძულებს ადამიანს რწმენის შეცვლას (იგივე, რასაც იეღოველებს ედავებიან მაგალითად), მოტყუებით, ხათრით თუ პირადი კავშირების გამოყენებით ადამიანზე ზეწოლა და ფსიქოლოგიური ზეწოლით მონათვლა-გადანათვლას და ა.შ., რაც მათი (ჩლუნგი მღვდლების) აზრით, მადლია. ... სწორედ სამოციქულო და ღვთიური ''მადლის'' ყიდვა-გაყიდვის, ე.წ. ''პატივისცემების'' სისტემით ფინანსური უზრუნველყოფის და შესაბამისად უზრუნველი ცხოვრების მიღების გამო, სამწუხაროდ ბევრი არჩევს სულიერ ცხოვრებაზე შედგომის გადაწყვეტილებას, რაც ძირს უთხრის მთლიანად ეკლესიას და უფლის რწმენის პრინციპებს. 

უკვირთ, როდესაც ვინმე იეღოველი ვიღაც გლახაკს საკვებისა და მატერიალური დახმარების სანაცვლოდ გადაიბირებს. დალოცვილო, სოკოებივით რომ აშენებ და აშენებ დაშტამპული არქიტექტურის ბაზილიკებს და მინი-ეკლესიებს, მიდი და შენ დაასაქმე ის გლახაკები, შენ გამოუძებნე ''პური არსობისა'', შენ თუ გშია და ჭამ უხვად მორთმეულ-შეწირულ ხორაგს, ადმიანებს კი ღვთის სიტყვის ამარად დანაყრებისკენ მოუწოდებ, მოდი და ჯერ შენ დანაყრდი ღვთის სიტყვით და შენს ირგვლივ ადმაიანებს ნუ გასწირავ ფიზიკური შიმშილისთვის და შიმშილის აღმოფხვრის სანაცვლოდ, ნუ გასწირავ ''მამონას'' მონობისთვის! ...ძნელია?...

ნაცვლად იმისა, რომ მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური პროექტები ხორციელდებოდეს საქართველოშიც, აქ მხოლოდ იმაში ჰყოფნით გამბედაობა, რომ რამდენიმე ათასი ე.წ. ''მრევლი'' აამხედრონ რამდენიმე ათეული ვიწრო სუბ-კულტურული ჯგუფის მიმართ, მაშინ როდესაც იგივე ''მამაცი'' და ე.წ. ''ტრადიციების'' მცველი მრევლი ლაჩრულად სდუმს და ერთი საპროტესტო პლაკატის გაშლა ეზარება, როდესაც ოკუპანტი ქვეყანა პრაქტიკულად აწიოკებს საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას და მავთულხლართების გავლებით უსპობს მათ სასიცოცხლო მოძრაობის არეალს. არის თუ არა ეს მონობა? დიახ, ესაა მონობა საკუთარი ლაჩრობისა და სიბეცის მიმართ, როდესაც ღონე გერჩის კურდღლებთან და თავად კურდღლდები უფრო ძლიერთან!... 

აფხებისა და ოსების შემორიგების თემა მუდამ აქტუალური იყო და რა მიზეზით უნდა შემოგვირიგდნენ, არ მესმის. თვენ შეურიგდებოდით ადამიანს, რომელსაც ლამის ცხოვრების წესად აქვს ქცეული მონობა, წამება და გაუპატიურება? ვინ ისურვებდა ისეთ ნათესავთან ერთ ეზოში ცხოვრებას, რომელიც გიყურებს როგორც მეორეხარიხოვან არსებას, რომელიც გროშებზე ამათხოვრებს საკუთარ მშრომელ თვისტომს, საკუთარ მშობლებს და საკუთარ შვილებს?!

ერთი სიტყვით, ხომ არ ჯობია, რომ შევეშვათ უცხო ქვეყნებისადმი, ხან ერთისადმი და ხან მეორისადმი, ინფანტილურად ''ძმობის'' მტკიცებას, მათი სიხარულისადმი მონურ-მორჩილად აღტკინებას, მოვეშვათ ამ ნეკროფილურ, ფეოდალურ, პატრონ-ყმურ ანაქრონიზმებს, ჯერ კულტურულ ადამიანებად შევდგეთ, მერე ადამიანების ცივილიზებულ, თანამედროვე სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებულ ეროვნულ ერთობად და მერე ვეცადოთ აფხაზისა თუ ოსის შემორიგება?! ...  მითუმეტეს, ეს ხელოვნურად შექმნილი სტერეოტიპი პოლიტიკური ''ძმობისა'', ძალიან მაგონებს ''დიად'' საბჭოეთს, რომლის ჰიმნის მიხედვით, ისეთი ''მძლე კავშირი'' და თანაც ''ძმური'', წესით არ უნდა დანგრეულიყო, მაგრამ, როგორც მიშას უყვარს და საკუთარ საცოცხეთზე აუხდა, ჩამოიშალა მარტივ-მამრავლებად. 

დროზე უნდა გავთავისუფლდეთ ამ ფსევდო-ძმური ინსტიქტებისგან პოლიტიკაში, რომელიც ''ავნებს სულსა, მერმე ხორცსა'' და ვიყოთ ის, ვინც ვართ, მივხედოთ საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებას, გავთავისუფლდეთ ყოველგვარი წარსულის ისტორიული პათეტიკის მონობისგან, ჩვეული უკუდო ამპარტავნებისგან და ტრაბახისგან იმით, რასაც რეალურად არ წარმოვადგენთ, რადგან არავის დედამიწის ზურგზე, შენი წარსული და შენი ქართველობა არ აინტერესებს და არ სჭირდება, თავისი აქვს ყველას ''მეობაც'' და ისტორიაც, მდიდარი წარსულიც ყველას თავისი ეყოფა სატრაბახოდ. რაც უკვე იყო, ეს გასაგებია და ვიცით, დასკვნების გამოსატანად და ჭკუის სასწავლებლად გვეყოფა წარსული, მაგრამ ახლა რა ვართ და ვინ ვართ, ეგაა საკითხავი! ...სირცხვილია, როცა კაცობრიობის მეცნიერული ცოდნა ლამის პლანეტების საყოფაცხოვრებო ათვისებაზე მუშაობს უკვე, ამ დროს გჯეროდეს და ელოდებოდე ზეციურ ნიშნებსა და სასწაულებს! ... დამთავრდა გამოქვაბულის დრო, დამთავრდა, რით ვეღარ გავიგეთ?! 



...როცა მეცნიერება ღმერთის ნაწილაკის აღმოჩენით არის დაკავებული და ცდილობს მეცნიერულადაც დაამტკიცოს სამყაროს შემქნელი მარადიული ძალის, ღმერთის არსებობა, ამ დროს შენ იყო მონა-მხევალი  რაღაც ყოვლადუკულტურო, ცხოველური ინსტიქტებისა და ფსევდო-ქრისტიანული, წარმართული ბილწი მუცელღმერთობისა, რომელიც ყასბების კორპორატიულ ბანკეტს უფრო წააგავს, ვიდრე სულიერი საკვების მისაღებად მორწმუნეთა მიმოწვლილობას მრავალი სახის ე.წ. ''დღეობებზე'', უბრალოდ სამარცხვინოდ კატასტროფულია.




ხორციელი მონობა სულიერი მონობისგან იწყება. ფაქტია, რომ მიუხედავად ეკლესიებში მრევლის სიჭარბისა, ღრმა რელიგიურ და სულიერ კრიზისთან გვაქვს საქმე, რაც გამოიხატება ისევ და ისევ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში, რომელთა მაგალითების ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. 

კოლონიალურ და საბჭოთა პერიოდში საქართველოში მოდად იქცა ამოტრიალებული, უკუღმართული ფასეულობა, რომელიც აქტიურად შთააგონებდა ახალგაზრდობას, რომ შრომა სირცხვილია და სამაგიეროდ ქურდობაა საპატიო საქმიანობა, ამ ფსიქოლოგიურ ფენომენის ფესვები ისევ რუსეთის ფსიქო-ეთნოლოგიურ თავისებურებაშია, რომელიც არა სლავიანური, არამედ მონღოლური მოვლენაა და რომელმაც რუსული სიტყვა ''труд''-ის გვერდით გააჩინა მისი სინონიმი სიტყვა ''работа'' (რუსული სიტყვა -''раб'', ''მონა''), რაც თავისი მნიშვნელობით დამამცირებელ საქმიანობას ნიშნავს, რომელსაც ასრულებენ მონები. ...ერთ დროს, რუსები, საუბედუროდ მონებად ჰყავდათ მონღოლებს, რამაც გამოიწვია ნორდიკულ-სლავიანურ საფუძველზე მონღოლური სიხარბისა და სხვისის მიტაცების, მოპარვის უნარ-ჩვევების შეჯვარება-ჩამოყალიბება თაობებსა და საუკუნეებს მიღმა, თავისი მონური აზროვნებისა და ქცევების უხვი ბუკეტით, რომელმაც შემდეგ, კოლონიალური კავშირების წყალობით, საქართველოშიც შემოაღწია.

ქართულ პატრონ-ყმურ ფსიქოლოგიას ზედ დაემყნო რუსულ-მონღოლური ბატონ-ყმური, შემდეგ კი  ბოლშევიკურ წიაღში აღმოცენებული და ებრაული ლექსიკით გაჯერებული ე.წ. ქუჩური ''გაგება'', ე.წ. ''კაი ბიჭებისა'' და ''გოიმების'', ''ფრაერების'' დონის ანტიკულტურა, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისოციალური სტერეოტიპული აზროვნება, რაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს 200 წლოვანი სახელმწიფოებრივი წყვეტის მქონე ხალხში მონური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ახლა სწორედ ამ უსახელმწიფოებრიობის კომიდან გამოღვიძებულ ინფანტილურ სტადიაზე ვართ, კოორდინაცია დაკარგულ, სასიცოცხლო ძალების აღდგენის პროცესში მყოფ ორგანიზმს ვგავართ, რომელიც ცდილობს მოიშოროს ყოველგვარი მავნე ჩვევა და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, მოაზროვნე, ჯანსაღ ადამიანად, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს სიარულსა და ცხოვრებას, ახალი ისტორიის შენებას, მხოლოდ ამას ახალი, თავისუფლებაში გაზრდილი მოაზროვნე თაობები სჭირდება, რომელთა ჩამოყალიბება ჩვენივე ოჯახებში და შემდეგ განათლების სისტემაში უნდა მოხდეს.

ბევრს ავიწყდება, რომ შემოქმედის ხატად შექმნილი ადამიანი თავად უნდა გახდეს შემოქმედი და საკუთარი შრომით უნდა შექმნას საკუთარი სამყარო, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მგონია, ღმერთს მონური მორჩილება, სხვისი შემყურე და მოიმედე ზარმაცობა, მუქთახორობა მოსწონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დალოცვილი ღმერთი თავისუფალ ნებას ასე უხვად ხომ არ დაარიგებდა ანგელოზებსა და ადამიანებში?!...

ასე, რომ არაფერი დაკარგულა, თავისუფლებასა და პროგრესს ვერასოდეს წინ ვერაფერი აღუდგება, ესაა ბუნების ისეთი კანონი, რომელსაც ვერავითარი მიშამადიდებლობა, ვერავითარი ჯიპიანი ოხროხინეები ვერ შეაჩერებენ და რაც ყველაზე მთავარია, სიმართლე ათავისუფლებს ყველას და ყოველთვის.



კ.კოლხი
23.07.2013წ.











Comments

Post a Comment