კაენის ლაბორატორია




,, ...და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით.
და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა.
რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა.
და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა.
და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე.
და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.’’
დაბადება, 10-15



ადამიანო, ყოვლად ''უწყინარო'' ზაზუნავ, როგორ ხარ?


ალბათ კარგად უნდა იყო, რატომ უნდა იყო ცუდად, როცა ზიხარ სადმე მყუდრო ოფისში, იღებ ხელფასს, შოულობ ფულს, ქეიფობ რესტორანში, მიირთმევ გემრიელ საკვებს, ჩაიხეთქავ მუცელს, მერე მიდიხარ სახლში, ჭამ საჭმელს, წამოწვები ტახტზე, დაკავდები მხურვალე სექსით, ფიქრობ უკეთეს მატერიალურ მომავალზე, მერე გაიგებ რამე ახალ ამბავს, მაგალითად იმას, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს და იწყებ მსჯელობას, თვლას, რა სიკეთეს მოუტანს აბორტის, მკვლელობის აკრძალვა ან რა ხარჯები მოიმატებს, ან რამდენით მოიმატებს ადამიანების ნამრავლი აბორტის აკრძალვით ან დაშვებით და ბოლოს და ბოლოს მიდიხარ დასკვნამდე, რომ თურმე აბორტი არ უნდა აიკრძალოს, რადგან ეს მაინც არაფერს შეცვლის ...

თითქოს ყველაფერი გაქვს, ადამიანო, ინტელექტი, ფული, სახლი, საჭმელი, ტანსაცმელი, შეიძლება ოჯახიც, შვილიც, მაგრამ არ გაქვს ყველაზე მთავარი რამ, სიყვარული.

თუმცა მაინც კარგად ხარ !

შენი ნებაა ...


გაოგნებული ვარ ადამიანთა სისასტიკით, ე.წ. ინტელექტუალთა ცივი ანგარიშით, თუ რას გამოიწვევს აბორტის აკრძალვა და რა სასურველ შედეგს არ ან ვერ მივიღებთ ... ის, რომ კიდევ ერთ ბოროტებას ეტყვიან უარს, ამის გარდა მეტი პოზიტიური შედეგი რა უნდა იყოს?!

...

სულ გაგიჟდა კაცობრიობა, თუმცა უკვე დიდი ხანია გაგიჟებულია, მოყოლებული კაენის მიერ აბელის სისხლის დანთხევიდან. ჯერ ხომ ისედაც მკვლელობის სხვადასხვა სახეობები სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი და ყოველი სახელმწიფო, სხვა ყველაფერთან ერთად, კაცთა მკვლელობის აქტიური წამხალისებელი სუბიექტიცაა.

მკვლელების პლანეტაზე ვცხოვრობთ, სადაც იმდენად მახინჯური, ორსახოვანი და გროტესკული სისტემაა გაბატონებული, რომ ერთ შემთხვევაში მკვლელობა ისჯება მკვლელის ოფიციალური მკვლელობით, რასაც დამნაშავის ლიკვიდაციას ან სიკვდილით დასჯას ეძახიან და მეორე შემთხვევაში ნებადართულია და ზოგჯერ კაცთა მკვლელობისთვის ჩინ-მედლებსაც უხვად არიგებენ, მკვლელობას აკურთხებენ რელიგიური იერარქები, ე.წ. ექსპერტები, მთელი სამეცნიერო ინსტიტუტები და ბოლოს და ბოლოს მთელი მსოფლიოს სამართლებრივი სისტემა, მსოფლიო ეკონომიკა კაცის მიერ კაცის კვლის წყალობით მუშაობს და ვითარდება, თან ამავდროულად ცინიკურად ვაღიარებთ ყველა მსოფლიო რელიგიის ოქროს წესებს, რომლებიც კრძალავენ კაცის კვლას!



სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ისეთ ინტელექტუალებს, ვინც აქტიურად მხარს უჭერს მკვლელობას, აბორტებს, ერთმევათ ცხოვრებაში ის სიხარული, რასაც შვილით ბედნიერება ჰქვია, ეს არ არის მისტიკა, ეს ჩვეულებრივი კოსმოგენიაა, გნებავთ კოსმოსოფია, სამყაროს კანონები, გინდათ ფიზიკა დაარქვით, გინდაც მეტაფიზიკა, ზოგს შვილი არც ეძლევა, მიუხედავად დიდი სურვილისა, თითქოს რაღაც ან ვიღაც შეგნებულად უშლის ხელს ან  კიდევ მნიშვნელოვანი გართულებები წარმოეშვებათ  უკვე დაბადებულ შვილებთან ურთიერთობაში, იმ შვილებთან, რომლებიც ცოცხლები არიან მხოლოდ იმის გამო, რომ მათმა მშობლებმა მისი სქესი ან ზოგადად მისი არსებობა დასაშვებად ცნეს ... რა სასტიკი ირონიაა, სატანას შეშურდება მსგავსი დახვეწილი მეთოდები ადამიანთა წამებისა და ხორცთა გლეჯის.

ხშირად შეიძლება იმ დასკვნამდეც მიხვიდეთ, რომ არავითარი სატანა არ არსებობს, არავითარი ჯოჯოხეთი და რქიანი ალქაჯები, ეს ყველაფერი თავად ჩვენშია, თავად ვართ სატანაც, თავად ვქმნით ჯოჯოხეთს და თავად ვართ რქიანი ალქაჯებიც, აყოლილნი საკუთარ სიმახინჯეს, რომელსაც ხან რაციონალიზმს ვუწოდებთ, ხან საღ აზრს, ხან ინტელექტის ნაჟურს ... თავად ვართ ღმერთებიც, ვწყვეტთ ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ არა, საკუთარ შვილებს ვხოცავთ და ვჭამთ პირქუში კრონოსივით.

ბოროტებას მრავალი ხილული თუ უხილავი საცეცი აქვს, დაწყებული საჭირო აუდიტორიაზე გათვლილი ვითომ შემთხვევით წამოსროლილი სიტყვიდან, დამთავრებული დახვეწილი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არმიებით, რომლებიც ემსახურებიან ერთ მიზანს, უკვე ჩასახული და დაბადებული ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ნებისმიერი ფორმით და მეთოდებით. აქ ადგილი აღარ აქვს მათთვის სასაცილოდ ქცეულ ცნებებს, როგორიცაა სინდისი, სირცხვილი, ბოროტება და ა.შ., რადგან მათ ცნობიერებაში უკუღმაა ყველაფერი, გადაბრუნებულია სამყაროს არსი, მორჩა და გათავდა, აქ კამათიც კი აზრს კარგავს, რადგან მიმდინარეობს დაუნდობელი ომი სიკეთესა და ბოროტებას შორის, დაცლილი ყოველგვარი სენტიმენტებისგან ... მიხველ, ნახე, წააცალე თავი ! ესაა და ეს, მშრალი პროზაა, სხვა არაფერი.

მთელი ეს ე.წ. აბორტის ინდუსტრია, ფსიქო-კულტურულ დონეზე, დაემსგავსა კაენის  ერთ დიდ ლაბორატორიას თავის პატარ-პატარა კეთლმოწყობილი ოფისებით, სადაც ცალკე იურისტი, ცალკე ექიმი, ცალკე უბრალოდ წვიმის შემდეგ ახლადაღმოცენებული ექსპერტი თუ ნიუ-არისტოტელე, დიასახლისი, თუ უმუშევარი, ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, ყველანი ერთად, პატარა კაცუნასავით დაფუსფუსებს, შრომობს და ოფლს ღვრის, დროს ხარჯავს და ტვინს ძაბავს იმაზე, რომ თურმე აბორტი დასაშვებია, რომ თურმე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია აბორტი აიკრძალება თუ არა, რადგან მათივე ე.წ. ინტელექტის ჭინთვით მიღებული ტვინის წინასწარ დაობებული ნაყოფით, რასაც თვითონ ''არგუმენტებს'' ეძახიან, აბორტის აკრძალვა მაინც ვერ გამოასწორებს დემოგრაფიულ სიტუაციას, ასევე ის, რომ შვილის მკვლელობის მსურველები მაინც არაჰიგიენურ პირობებში, იატაკქვეშ აბორტებს ჩაიტარებს და ამიტომაც, მათი აზრით აბორტი უნდა იყოს დაშვებული !

არავითარი არგუმენტი და შედეგების გათვლა არ სჭირდება აბორტის აკრძალვას თუ დაშვებას. ვინც ამის შესახებ უბრალოდ მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებს შობადობის მომატების ან დაკლების შესახებ, ვინც აბორტით არჩენს ოჯახს, პირდაპირ არის მკვლელობის თანამონაწილე, ანუ მკვლელობის თანამონაწილე, თავად არის მკვლელი და მკვლელობის წამხალისებელი იდეოლოგი.

საკითხი დგას ძალიან მარტივად:

ან დაკანონდება ბოროტება, როგორც ადამიანისთვის ნორმალური ქცევის წესი, ან უარს ვეუბნებით ბოროტებას, როგორც ადამიანისთვის არანორმალურ და არაბუნებრივ ქცევის წესად დაკანონებას. 

სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მორწმუნეთათვის, ვინც მარჯვენა თუ მარცხენა ხელით პირჯვარს იწერს და იმავე ხელით ხელს აწერს ბოროტების ამ უსასტიკეს აქტის დასაშვებობას, რასაც ჰქვია აბორტი, შევახსენებ:

ბატონებო, აირჩიეთ: ან ემსახურებით ღმერთს, ან ემსახურებით ეშმაკს ! ამ ომში შუალედური არჩევანი არ არსებობს, ან კლავთ, ან არ კლავთ. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის შუალედური ყოფა ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს. მკვლელობაში არ არსებობს იმპრესიონისტული პალიტრა და გარდამავალი ფერები, მხოლოდ ორი ფერია, თეთრი და შავი.

დედამიწაზე არსებობს ორი ძალა, სიკეთე და ბოროტება, სინათლე და სიბნელე, ეს აქსიომაა და რაღა საჭიროა ყალბი ტერმინების დამკვიდრება, პირდაპირ გეკითხებით, არის თუ არა ბოროტება კაცის კვლა  ... კაცის, ადამიანის, იქნება ის 1 კვირის ჩანასახი თუ 100 წლის მოხუცი?

იმავე ლოგიკით, რომელიც ე.წ. ინტელექტუალთა, სახარებისეული იმ მწიგნობრების, რომლებმაც ქრისტე აცვეს ჯვარს, ენით რომ ვთქვათ, თუკი აბორტი დასაშვებია, ისევე როგორც ქრისტეს ჯვარცმა იყო დასაშვები, მაშინ რატომღა კრძალავთ კაცის მიერ კაცის მკვლელობას ?

თქვენივე ლოგიკით, კაენის ლაბორანტებო, რასაც აქამდე ბოროტებას ვეძახდით, გამოვაცხადოთ სიკეთედ, დავუშვათ და ნება დავრთოთ ყველა ბოროტებას, რაც კი არსებობს ადამიანის ტვინში, გადავატრიალოთ სამყარო, დედამიწა და დავამყაროთ ზოგიერთისთვის ასე ნანატრი - NOVUS ORDO SECLORUM ! ... ახალი მსოფლიო წესრიგი !

რადგან:

თუ ვკრძალავთ და ვსჯით მკვლელობისთვის, ამით იცვლება რამე ? ადამიანები მაინც კლავენ ერთმანეთს !

დავუშვათ ქურდობა ოფიციალურად, რადგან აკრძალვას მაინც ვერ გამოაქვს სასურველი შედეგი და ადამიანები მაინც ქურდობენ !

დავუშავთ წამება, რადგან აკრძალვით მაინც ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს, ადამიანები მაინც აწამებენ ერთმანეთს !

დავუშვათ თაღლითობა, რადგან ადამიანები მაინც ატყუებენ ერთმანეთს და რაღა აზრი აქვს აკრძალვას !

დავუშვათ ნარკოტიკები, რადგან ადამიანები მაინც ეტანებიან !

აღარ დავსაჯოთ პედოფილები, რა აზრი აქვს, მაინც გამოჩნდება ვინმე, ვინც გარყვნის და გააუპატიურებს ბავშვებს !

ოფიციალურად დავუშვათ ადამიანებით ვაჭრობა და მონობა, რადგან აკრძალვას რაღა აზრი აქვს თურმე, მაინც ხომ ამონავებს ადამიანებს შრომის კოდექსი, ტრეფიკინგი ხომ მაინც არსებობს !

თავი დავანებოთ სიკეთის პროპაგანდას, შემწყნარებლობას, სიყვარულს, პატიებას, თავი დავანებოთ ამ ეფემერულ სიკეთეს, მაინც რა აზრი აქვს,  ბოროტება ხომ მაინც ჯეჯილობს და ''გულაობს'' , რაღა აზრი აქვს წინააღმდეგობას ბოროტების მიმართ, ერთბაშად დავჩმორდეთ, დავნებდეთ, დავჩიავდეთ და ჩვენი ფეხით ჩავხტეთ მარადიულ გეენაში, რაღა საჭიროა ადამიანთა დაბადება, ბარემ ყველამ ერთად დავიხოცოთ თავები, რადგან სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონია, მწიგნობრებო ! ამოიჭერით გულები, რადგან დაგიობდათ უკვე, ქვის ლოდად იქცა, ამოიცალეთ და უმალ თავში იხალეთ, ტვინი დაანთხიეთ თქვენს საწერ მაგისთან, რაღა აზრი აქვს, რომ დაიბადეთ, რაღა აზრი აქვს თქვენს სიცოცხლესაც კი ... ! 
...
კიდევ, რამდენი ერთი ჩამოვთვალო ?

აბა ახლა კარგად დათვალეთ ''რკინისებური'' ლოგიკით, რა რაციონალური სიკეთე მოაქვს ადამიანის მოკვლას, რა სარგებლობა მოაქვს აბორტს, ან იმ სახის მკვლელობას, რასაც შენ მკვლელობას ეძახი. რა სარგებელი მოაქვს ქურდობის აკრძალვას და ა.შ., ყოველ იმ ბოროტებას, რისთვისაც შენ სჯი დამნაშავეებს ? ... მაშინ  ნუღარ დასჯი მკვლელს, ყაჩაღს, ქურდს, პედოფილს, მოძალადეს, თაღლითს, ბარიგებს, ტრეფიკიორებს, რადგან შენც იგივეს აკეთებ, როცა აბორტს აკანონებ.

...

ნატურალური ბოროტება ან სიკეთე დათვლას არ ექვემდებარება, ის ან არის, ან არ არის, რაციონალიზმი არ მუშაობს, აქ მუშაობს მხოლოდ ერთი რამ, რომელიც აცოცხლებს ნებისმიერ ცივილიზაციას და დამიანთა სოციალურ გაერთიანებას, ესაა სიყვარული და არაფერი სიყვარულის გარდა ! ... დაიბადე? ცოცხლობ? გაგიმართლდა? მაშინს ხვას რაღას კლავ, შე დალოცვილო, თანაც უდღეურ ჩვილს, რომელიც ქვეყანას უნდა მოევლინოს, კიდევ ერთი სიცოცხლე აჩუქოს დედამიწას, განვითარდეს და გაიხაროს !



მე არ მესმის, როგორ შეიძლება იმსჯელო საერთოდ იმაზე, რომ ბოროტება უნდა აიკრძალოს, იქნება ეს ქურდობა, მკვლელობა, ყაჩაღობა ან სხვა? ან რა მსჯელობა ამას სჭორდება? ვკრძალავთ მკვლელობას და ქურდობას, ვსჯით ამისთვის იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ცუდი, არაბუნებრივი საქციელია ადამიანისთვი და არა იმიტომ, რომ მისი აკრძალვა რამე რაციონალურ შედეგს გამოიღებს თუ არა. ჰოდა, ახლა ფართოდ გავახილოთ თვალები ქართულმა საზოგადოებამ და ვთქვათ ცალსახად, აბორტი სიკეთეა? მკვლლეობა 1 კვირის ჩანსახისა და მკვლლეობა, ვთქვათ ზრდასრული ადამიანისა, კარგია? ... ცხოვრებაში არსებობს ორი გზა, მკვლელობისა და აბორტის გზა და სიცოცხლისა და სიყვარულის გზა, თუ მაინც არ დაიშლით და მაინც იტყვით, რომ აბორტის დაკანონება რაციონალური და სულიერი სიკეთის ელემენტებს შეიცავს, მაშინ მე ვემიჯნები ამ ბოროტების მასკარადს, არ მსურს ვიყო ჩვილთა მკვლელობის დამკანონებელთა იდეური მხარდამჭრი!

ნამდვილად არ მესმის ამ მკვლელობის იმ ე.წ. გამართლებების, რომ რომ დაბადებულიყო ბავშვი, თურმე უწამლობით მოკვდებოდა, ან შიმშილით. მაშინ თქვენ რატომ დაიბადეთ, რა გარანტია ჰქონდა თქვენს მშობლებს, რომ მეორე დღეს მედდა არ დაგახჩობდათ ინკუბატორში, ან სამშობიაროდან გამოსულ დედათქვენს აგური დაეცემოდა და ორივე მოკვდებოდით? მაგ ლოგიკით, ახლავე დაიხოცეთ თავები, დახოცეთ ერთმანეთი, ვაითუ ხვალ ვინმე გაგიჟდეს და მკვლელი გახდეს (ჯერ ისედაც ზოგი უკვე მკვლელია), იქურდოს ან გააუპატიუროს, ბარემ თავი დავიზღვიოთ და ერთმანეთი დავხოცოთ! ...

აბსურდია ეს სიგიჟე, აბორტის დაკანონება და მისი გამართლება რაღაც წინასწარი ეჭვებით, ვარაუდებით, წარმოუდგენელი საძაგელი სარკაზმია, სიცოხლის წინააღმდეგ  მოწყობილი შეთქმულებაა, სიცოხლის და სიხარულის წინააღმდეგ ამბოხებაა, პირდაპირი მსახურებაა ბოროტების, მავნე აპათიაა, რომელიც იდეაშიც კი ანადგურებს ყოველივე პოზიტიური აზრის დასაშვებობას და ადამიანის სიცოცხლის გამართლებას.



არავითარი ლაპარაკი, არავითარი მსჯელობა, არავითარი ''თუ'' ან ''ხო, მაგრამ..." , ბოროტებას ან ვკრძალავთ და ვხდებით ადამიანები, ვინარჩუნებთ ადამიანურ სახეს, ან ბოროტებას დავაკანონებთ და საკუთარ თავს ჩვენვე გავანადგურებთ, ვიქცევით რა კაენის ლაბორატორიის მარადიულად ჩამოლაბორანტებულ და დაქვეითებულ ნაცრისფერ, უსახო მასსად, კანიბალებად, რომელსაც კოსმიურ კანონთა ჟამთა ცვლა უახლოეს მომავალში მოინელებს და გააქრობს, როგორც არასაჭირო ელემენტს სამყაროში.
....
უსიყვარულოდ მართლაც არათუ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, არამედ ბუნების კანონებიდან გამომდინარე, ყოველი ხალხი უცილობლად განადგურდება, რომლებიც იკვებება საკუთარი შვილების ლეშით. ისტორიას ასეთი მაგალითები უხვად ახსოვს. როგორც კი ხალხი საკუთარი შვილების ჭამას იწყებს, საკუთარი შვილები ან სხვა ხალხის შვილები დაამხობენ მას, ისევე როგორც ზევსი და ძმანი მისი ამხობენ კრონოსს, დროის ღმერთს, მათივე საზარელ მამას.



კ.კოლხი
07.05.2013წ.








Comments