France dans mon coeur ... საფრანგეთი ჩემს გულში




ბევრი მიფიქრია და დამიწერია საფრანგეთზე. ამოუწურავი თემაა. დაწყებული პოლიტიკური, სოციალური საკითხებით, თავის ისტორიით, სიმდიდრით და რა თქმა უნდა სინატიფით, თავისი განუმეორებელი ესთეტიური მაგნეტიზმით ... თუმცა, ფრანგული სიმდიდრე და ფუფუნება, ეს არაა რაღაც მშრალი ბიუჯეტის ციფრები, პენსნეიანი ბუჰღალტერი, რომელიც საანგარიშო დაფაზე სახელმწიფოს მომდევნო ტრილიონს ითვლის ... არა, ბატონებო და ქალბატონებო ! ფრანგული სიმდიდრე, ჩემეული ხედვით, ესაა ნიჭი ლამაზი ცხოვრების, ბედნიერებით ყოფნა, სილამაზის ჭვრეტა და სილამაზით ტკბობა, მაშინ როდესაც საშინლად გტკივა სული ! ... ასე მგონია, თითქოს საფრანგეთის სილამაზე ადამიანის ტკივილმა შექმნა, სიკვდილის გარდაუვალობის განცდის ან საყვარელი ადამიანის ოდესღაც დაკარგვის საფრთხის შეგრძნების ტკივილმა და იმ სინანულმა, რომელიც გაფიქრებინებს: ეს ოხერი სიცოცხლე, ასეთ აღფრთოვანებას რომ გვანიჭებს, რატომ არ გრძელდება მარადიულად ?! ...

საფრანგეთში, თუმცა რატომ მარტო საფრანგეთში, საქართველოშიც, ვისაც ნიჭი აქვს, ცხოვრობს ისე, თითქოს ეს იყოს ბოლო დღე მის ცხოვრებაში და უნდა, რომ მოასწროს ბევრი სიხარულის გაცემა და მიღებაც. საფრანგეთში პატივს სცემენ ყოველგვარ ლამაზს, ცნობისმოყვარეები არიან, ცოტა შურიანებიც კი, ამავდროულად უყვართ ფილოსოფია, ეს მათ ენასაც ეტყობა, რომელიც უფრო ბოჰემურად თავაშვებულია და ზოგჯერ არ ემორჩილება მკაცრ ლოგიკას. ფრანგული ენა ქალია, ქალივით ნატიფი და ჟღურტულა, ქართულს კი სქესი არ გააჩნია და უფრო ანგელოზების გალობას გავს, თუმცა ეს უკვე სხვა, უფრო დიდი თემის საგანია. ამიტომაც, კლასიკური ფრანგი, რომელიც საკმაოდ ღრმა ფილოსოფიით გამოირჩევა, ეშურება სიყვარულს და თუ იპოვის, ხელის გულზე დასთათანებს და ეფერება მას. ისინი მუდამ ებრძვიან დეპრესიას, ხან ანტიდეპრესანტებით, ხან კი უფრო უებარი საშუალებით, ღვინის ზომიერებით, ორანჟერეებით, ლამაზი ქუჩებით, სიძველის მოვლით, არქიტექტურით, არაჩვეულებრივი ხელოვნებით, ჩვეული თავაზიანობით, აკორდეონით, შანსონებით, იმპრესიონიზმით, ექსპრესიონიზმით, ქვაში გაცოცხლებული ვნებიანი ქანდაკებებით, უბრალო ადამიანური ღიმილით და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სიყვარულით ....

მუდამ მიკვირს დღემდე, ამ პატარა, დალოცვილ წალკოტში, რომელსაც საქართველო ჰქვია, რა უშლის ადამიანებს ხელს, რომ ყოველი დღე სიყვარულს მოუძღვნან და  იცხოვრონ სიცოცხლის უკანასკნელი დღით ? ... ჩავლენ ქართველები ევროპაში, ჩემი არ იყოს, მოსწონთ და შეუყვარდებათ იქაური წესრიგი, სილამაზე, სიკოხტავე, ჩამოვლენ და აქ ეგუებიან ამ ნაცრისფერ და ზოგჯერ შავ ანტურაჟს. მხოლოდ გაზაფხულის შემოსვლაღა თუ ანატიფებს ადამიანთა გულებს, ან გულები შერჩათ კი ? ... ეგეც აღარ ვიცი.  

უკვირთ ისრაელის უდაბნოში გაშენებული ხილის ბაღები, უკვირთ ელზასის კოპწიად დავარცხნილი გორაკები, თავისი ნასიყვარულები ვენახებით, ჩაწიკწიკებული სოფლები, უკვირთ პარიზის რომანტიზმის შხამი და მაგნიტური მშვენიერება ... ნეტა რა უკვირთ ?! ... საკვირველი ისაა, რომ 22 წელია ''დამოუკიდებლები'' ვართ და ჯერ ერთმანეთის სიყვარული ვერ გვისწავლია, ჯერ ღვინის უზომოდ მუცლად ჩასხმა კაცობა გვგონია, სუფრაზე ლექსებისა თუ ზღაპრების თქმა ჩვენი ეროვნულობის აპოგეად იქცა, ნაგვის ბუნკერებად ქცეული ქუჩები კოლორიტობა გვგონია და ამას აღარ ვკმარობთ, ერთმანეთის გულები გვგონია სანაგვეები, რომელშიც შეიძლება საჭმლის ნარჩენები უხვად ჩაყარო და ჩარეცხო ... ეს უმსგავსოებაა საკვირველი, რაც ახლა ჩამოვთვალე და კიდევ რამდენია ჩამოსათვლელი, თორემ სილამაზეა გასაკვირი ? ...

განა იმ ხალხს, ფრანგებს თუ ესპანელებს, იტალიელებს თუ ებრაელებს, გერმანელებს თუ ინგლისელებს, მთავრობა ულაგებს სახლის წინკარს, განა მთვარობა აიძულებს ერთმანეთის სოლიდარობასა და სიყვარულს, ურთიერთგატანას ? განა იმათ იდეალური ხელისუფლება ყავთ, განა იმათ არ აქვთ ტკივილი, მაგრამ სწორედ ტკივილის უებარი წამალია გინდოდეს და ეცადო სილამაზეში იცხოვრო.

ირგვლივ სილამაზეში მცხოვრები ადამიანის აზრებიც ლამაზი ხდება, ესთეტიური და ნატიფი, შესაბამისად შვილები, მომავალი თაობებიც ლამაზი სულიერებით და ადამიანური აზროვნებით იზრდებიან და ესაა საწინდარი იმისა, რომ დოსტოევსკისა არ იყოს, სილამაზე იხსნის მსოფლიოს და მათ შორის საქართველოსაც ...

სილამაზეა, როდესაც ქუჩაში მოძრაობა ჩერდება და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე მიმავალ მგზავრს, მოხუცებულს თუ ბავშვს გზას დაუთმობენ.

სილამაზეა, როდესაც ქუჩებში მოძრავი ავტომობილები მწყობრად მიდიან საკუთარ სავალ ზოლებში და არ ავლენენ ღრმა პროვინციალურ ჟინს, სიგნალებით გაარღვიონ მანქანებით ჩახერგილი კორიდორი და პირველები გაიჭრან ჰორიზონტისკენ ... სად ეჩქარებათ არ მესმის, სიკვდილი ხომ ყველას დაეწევა ადრე თუ გვიან, განა ვინმე გაქცეულა მისგან ?! ...

სილამაზეა, როდესაც უბრალო ადამიანები, ეკლესიის მსახურნი თუ სახელმწიფო მოხელენი, შეკავშირდებიან და ორგანიზებულ ხასიათს მისცემენ საქველმოქმედო  და სოციალურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იქნება უსახლკაროთა და მშიერთა, ინვალიდთა და ავადმყოფთა რეალურად დასახმარებლად. სილამაზეა, როდესაც ქუჩაში მყოფს ჭერს მისცემ, დააპურებ, წამალს მიაწვდი და გადაარჩენ ...

სილამაზეა, როდესაც საკუთარ მიწას შეეჭიდები და ბაღნარად აქცევ გავერანებულ სოფელს, როდესაც ახალ-ახალ სოფლებს, დაბებსა და ქალაქებს ააშენებ სხვებთან ერთად, როდესაც ერთ ლამაზ სამყაროში ერთად იცხოვრებს ამდენი კეთილი ადამიანი ...

სილამაზეს რა გამოლევს ამ სამყაროში, სიმახინჯეებს კი აღარ ჩამოვთვლი, ყველა კარგად არჩევს მათ შორის სხვაობას.

ჩვენი ემიგრანტები, ყველა არა, მაგრამ ბევრი, ელის, როცა მთავრობა ეყოლება იდეალური და მინიმუმ კარგი, როცა მთავრობა ხელს დაუქნევს, არიქა, თქვენ შემოგევლეთ, აგერ დაგილაგეთ ქვეყანა და ჩამობრძანდით, აგერ თქვენ სახლები, აგერ თქვენ სამსახურები, აგერ მაღალ-მაღალი ხელფასებიო, მაშინ ჩამოვალთო ...

საქმე იმაშია, რომ ეს სილამაზე, სიმდიდრე ციდან არ ცვივა ციური მანანასავით. იმ ხალხმა (ევროპამ), ჯერ მთვარობის არჩევა ისწავლა, მერე იგივე მთვრობის გადარჩევა, მერე იმ მთავრობის მუდმივი კონტროლი და ჩვენ ჯერ ახლა ვისწავლეთ მთავრობის არჩევა, ახლა გავიგეთ, რომ ჩვენი საარჩევნო ბიულეტენი ძალაა და მის დაცვას აზრი აქვს  და  ამის პარალელურად, არჩეული მთავრობის კონტროლის სწავლის პროცესშიც ვართ, ასე, რომ უიმედო სიტუაცია სულაც არ გვაქვს, პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ოპტიმისტურიც, რადგან ძნელია, როცა 200 წელი ხარ კომაში, უცებ იღვიძებ და ერთბაშად ფეხბურთის თამაშს ცდილობ, მაშინ, როცა ჯერ მწყობრად სამი ნაბიჯი არ გადაგიდგია .... არა უშავს, სიარულსაც ვისწავლით და სირბილსაც, მთავარია ეს სიშავე მოვიშოროთ, ხშირად გავიღიმოთ, სიყვარულით ვიცხოვროთ. ძლიერი და სამაგალითო ქვეყნები შორიდან დარდითა და კვნესით არ აშენებულა, ადგილზე ბრძოლით, მოთმენით, შრომით, ზრდილობით, თავაზიანობით, სიყვარულით და პატიოსნებით შენდება ... 

ჯერ არ არსებულა ქვეყანა, რომელსაც უპატიოსნო ავაზაკები არ ჰყოლოდეს, ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ჩრდილი და ნათელი, მაგრამ რა ვქნათ, რა უფრო უკეთესია: ზოგიერთი ავაზაკის გამო ქვეყნიდან გავიქცეთ, სახლი და ფუძე მივატოვოთ, მიწა მივატოვოთ, თუ ვისწავლოთ და ამ ავაზაკების სათანადო ადგილი მივუჩინოთ, როგორც ამას კანონი, წესიერება, ისტორია და ცივილიზაცია მოითხოვს ? ... ზოგი ამბობს, რომ უცხოეთში დავატარებთ ჩვენს საქართველოსო ... ნეტა ვის რაში სჭირდება უცხოეთში თან წაღებული საქართველო, როდესაც საქართველოში კაცი აღარ დარჩება, რომელიც აქ და ამ წუთას, ამ საოცნებო საქართველოსთვის შრომას და ლოცვას არ დაიზარებს ?! ... ვის რად უნდა უცხოეთში წაღებული და პატარა ტომსიკაში გამოკერილი, ნოსტალგიის ცრემლებით დალბობილი ''ქართული მიწა'', როდესაც საქართველოში, უფლის მიერ ბოძებულ წალკოტში იგივე ქართველი იგივე მიწას ჰყიდის უცხოტომელზე, რომლის წინაპარს აქ სისხლი არ დაუღვრია, აქ ისტორია არ შეუქმნია, როდესაც ქართველი აღარ მრავლდება საკუთარ ფუძეზე და ეს სალოცავი სამშობლოც თვალსა და ხელს შუა ქრება, როგორც ხელის ჭუჭყის მოსაშორებელი საპონი ...

მოსწონთ ევროპა ? მაშინ რატომ არ ცდილობს ბევრი, რომ ეს სანუკვარი ''ევროპა'' , წარმატებული და დოვლათიანი სახელმწიფოებრიობის ეტალონი საქართველოშივე ააშენოს ? რა უშლის ხელს ? ქალაქების ქუჩებში ნაგავს უცხო ქვეყნის აგენტები ყრიან ? მთავრობის ჩინოვნიკი მოდის და გეუბნება შენი კორპუსის ეზო არ გაალამაზოო ? ვინმე გიკრძალავს ქვეყნისთვის ზრუნვას, მის შენებას, მისთვის ბრძოლას ? ... ახლა ხომ მაინც, ამდენი საუკუნის კომის შემდეგ, ვისწავლეთ სამი თუ არა, ორი მწყობრი ნაბიჯის გადადგმა ? ახლა ხომ მაინც გავიგეთ და ვისწავლეთ, რომ არჩევნებზე ტყუილად არ მივალთ ? ახლა ხომ მაინც ვიცით, რომ იმედების მფლანგველ მთავრობას 4-5 წლის მერე გადავირჩევთ ? ... ახლა ხომ მაინც დავიწყეთ ცივილიზაციის ანა-ბანას სწავლა ? ... მაშ, რაღა გიშლით ხელს, რომ ეს ქვეყანაც ისეთ ნატიფი მშვენიერების ზმანებად ვაქციოთ, როგორც საფრანგეთია თუნდაც ? ... რწმენა გაკლიათ ? მაშინ შეეშვით ამ მარხვით ''მარიაჟობას'' და გვერდით მყოფს ადამიანურად, თავაზიანად დაელაპარაკეთ, არავინ გეხვეწებათ, რომ შეიყვაროთ და უცხო ადამიანს პოეტური ოდები უძღვნათ, მაგრამ სულ ცოტა გულს მაინც ნუ ატკენთ, მოუსმინეთ და იგივეს მიიღებთ მისგანაც ... რათ გინდათ ამდენი ქვის ეკლესია, თუ თქვენივე გულები ლოდებად იქცევა და თქვენს გვერდით ამდენი ადამიანი შიმშილისგან, უიმედობისგან, უუფლებობისგან, ღონემიხდილობისგან უბრალოდ მოკვდება, ღამით ქუჩაში გაგდებული ტილიანი ძაღლივით ?! ... გულში თუ არ დაისადგურა ქრისტემ, გაქვავებული გულებით აშენებულ ქვის ტაძრებში დაივანებს ?! ... არ მჯერა მე მაგ სიყალბის.

სოლიდარობაა ეს ყველაფერი, სოლიდარობა ... თანაგრძნობა და ხელის გაწვდენა ... ხელის გაწვდენა აშენებს იმ სილამაზეს, რომელზეც ბევრს უოცნებია !

ჰო, კიდევ, რომ არ დამავიწყდეს: უფლებებს არც ღმერთი და არც რომელიმე მთავრობა არ არიგებს, მას ადამიანები ბრძოლით და შრომით მოიპოვებენ. თუმცა, აქვე მინდა ზოგიერთი რადიკალი და მხურვალე კუნთოსანისთვის განვმარტო, რომ ყოვლადსამოქალაქო და ყოვლადადამიანური ტერმინი ''ბრძოლა'' მაინცდამაინც მუშტი-კრივს არ ნიშნავს ... ეს ისე, ლირიული გადახვევისთვის. 

მოკლედ .... ძალიან შორს წაგვიყვანს ეს საუბარი. ახლა კი ძალზედ გვიანია ... დღეს შაბათია და მინდა ეს მშვენიერი გაზაფხულის დღე, თბილისის მზიანეთი ისევ მზიანეთად დარჩეს.

... ხანდახან, სიხარულისთვის მხოლოდ მზე და გაზაფხულიც კმარა და თუკი ეშმაკი იმალება დეტალებში, ასევეა ბედნიერებაც, რომელსაც იპოვი სულ პატარა წვრილმანშიც კი, სულ გვერდით, სულ ახლოს, სადაც აქამდე ვერც კი ამჩნევდი ... 



კ.კოლხი

30.03.2013 წ.

Comments