თავი I. ჩ ი ნ ო ზ ი
იქ, სადაც ახლოსაა ღმერთი
სურეალისტური საუბრების კრებული
ნაწილი I. რწმენა და რელიგია
------------------------------------------------------------------------------------------------------------
თავი I. ჩ ი ნ ო ზ ი
ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში, როგორც რუსულ ჟარგონზე იტყვიან ''ჩერეზ-ჩერეზ...'' სტატიას წავაწყდი, რელიგიური ფსიქოზისთვის დამახასიათებელი საკმაოდ სენტიმენტალური სათაურით - მომაკვდავი მასონის აღსარება .
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ინტერნეტში ბევრი სრულიად უაზრო და გადაუმოწმებელი ისტორიები ვრცელდება, რომელიც ასე ძალუმად კვებავს ვიწრო თვალსაწიერის მქონე, ტვინის და სულის უჯრედებში დიდი ვაკუუმით და შინაგანი დეპრესიით გატანჯულთა უსაზღვრო რელიგიურ-პარანოიკულ შიშებს.
მსოფლიო ისტორიაში აპოკალიფსის თემით მუდმივი სპეკულირება ადამიანების მიერ ადამიანებზე ძალაუფლების მოხვეჭისა და კიდევ უფრო განმტკიცების ერთ-ერთი მეთოდი იყო და არის დღესაც, რადგან ჯერ კიდევ არ შეცვლილა ადამიანის ბუნება და მასში არსებული შიშები, ამბიციები და სურვილები, ბოლოს და ბოლოს არ შეცვლილა ადამიანის ბიოლოგიური სხეულის განუყრელი თვისება - სიკვდილი. ადამიანები კვდებიან და ეშინიათ ისევე, როგორც კვდებოდნენ და ეშინოდათ წინარე საუკუნეებში. ცხოველური, ინსტიქტური შიში შეუცნობლის, წყვდიადის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია ადამიანების დასამონებლად. ის, ვინც ამ იარაღს ფლობს, სრულიად ჩვეულებრივი, მოკვდავი, ადამიანური ინსტიქტებით გაჯერებულ ქვეგამხედვარ პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირში მყოფი რელიგიური იერარქები, ქურუმები და უბრალოდ ღმერთისა და მარადისობის თემით მოვაჭრე ანაფორიანი შარლატანები, მოყოლებული ჯერ კიდევ ფარაონების დროიდან ცდილობენ არ მისცენ მორჩილ მასსას სინათლის და სიმართლის დანახვის შესაძლებლობა, რადგან ამით თავიანთ სოციალურ პრივილეგიებს, მატერიალურ კეთილდღეობას და ძალაუფლებას დაკარგავენ.
განსხვავებით უცოდინრობისგან და წყვდიადისგან, სიმართლე ის იარაღია, რომლითაც, მეტაფორულად რომ ვთქვათ, იფანტება სიბნელეც და მისგან გამოწვეული შიშებიც, შესაბამისად სიმართლე ათავისუფლებს ადამიანებს საკუთარი უსაფუძვლო რელიგიური მონობისგანაც.
ერთ მცირე ლირიულ გადახვევას გავაკეთებ. ამას წინათ სოციალურ ქსელებში აღტკინებული ეროვნული სიამაყით ვრცელდებოდა ლამის ეპიკური თქმულება უნგრეთის 1956 წლის აჯანყებასა და მასში ოთხი ქართველი ტანკისტის მიერ ჩადენილი ''გმირობის'' შესახებ. თითქოსდა, ჩაგრულ უნგრელებს საბჭოთა სატანკო ჯარებში მომსახურე ქართველები გამოესარჩლენ და ამის გამო რუსებმა დახვრიტეს. მათი, ანუ გამოგონილი ქართველი ე.წ. ,,ჰიროუსების,, რიცხვი მაინცდამაინც ოთხი იყო, აშკარად ეტყობოდა ამ მართლაცდა ეპიკური ტყუილის ავტორს, რომ ბავშვობის დროინდელ სატელევიზიო კინოდარბაზ ,,ცისკარაში,, ნანახი - ,,ოთხი ტანკისტი და ერთი ძაღლი,, ჯერ კიდევ აწვალებდა მის შინაგან ურა-პატრიოტული ფანატიზმის იმპულსებს.
ერთი კითხვა ისმის უბრალოდ, გასაგებია, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მტერია ჩვენი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ''ვეფხი და მოყმის'' ერის შვილს, რატომ უნდა უხაროდეს ისეთივე რიგითი რუსის დემონიზირება, როგორც არარსებული ნაციონალისტური ჰეროიზმის პერსონაჟების გამოგონება და ამით კიდევ ერთხელ თვითტკბობის ჭაობში უსასრულოდ ყოფნა?... მტრის დამარცხება არა საკუთარი თავის მოტყუებით, არამედ საკუთარი თავის დამარცხებით იწყება. თვითტკობაში გართული ჩუკენი კბილებამდე ატომური არსენალით შეიარაღებულ რეალურ მტერს ვერასოდეს დაამარცხებს და პირიქით, საკუთარ აწმყოსა და მიმავალს კი ნამდვილად ძირს გამოუთხრის ჰალუცინაციური ჰეროიზმით (რომელიც ბუნებაში უბრალოდ არ არსებობს), ანაქრონისტული ნეკროფილიით და წარსულის მუდმივი ქება-დიდებით!... რეალობას და სიმართლეს მოწყვეტილი იდეა-ფიქსი, რომ შენ სხვაზე აღმატებული ხარ, შენ სხვაზე უკეთესი ხარ, შენ ღმერთის რჩეული ხარ, სხვა არაფერია თუ არა ეროვნული ხარაკირი, რომლითაც ბევრი ერი აღიგავა დედამიწის პირიდან და მათი სახსენებელი მხოლოდ მუზეუმებში თუ ისტორიის წიგნებში შემორჩა.
მოკლედ, აღარ მინდა სხვა თემებისკენ გადავუხვიო და დღეს მხოლოდ ამ სახალისო სტატიის ანალიზით შემოვიფარგლები. ზემოხსენებულ სტატიაში გვხდება ყურთასმენის ე.წ. ქართული გარემოსთვის მეტად ნაცნობი სიტყვაწყობა - ''გლობალური მასონობა'' ... ძალზედ საინტერსო, ტიპიურად ქართულ-ორთოდოქსალური ტერმინია ნაციონალისტურ შიშებთან შეთავსებული, ისეთივე, როგორიცაა - სომხობა, თურქობა, რუსობა და ა.შ.... ვითომ არაფერი, მაგრამ გლობალური პარანოიის ნიშნები უკვე აქედანაც ჩანს.
ავტორი გვიყვება, რომ რუმინეთში, ვიღაც მომაკვდავმა მასონმა აღსარება ჩააბარა 2011 წელს, სადაც მოჰყვა თუ რა ელოდება მსოფლიოს უახლოეს მომავალში მასონების და ილუმინატების წყალობით:
პუნქტი 1. ომი ირანის წინააღმდეგ დაიწყება უახლოეს ორ წელიწადში და მთელს მსოფლიოს მოედება. ეს იქნება უეცარი დარყმა, რომელიც ძალიან მალე მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება. ამ სამხედრო-პოლიტიკურ პროვოკაციას მილიონობით ადამიანი შეეწირება.
გამოდის რომ ახლა, 2013 წლის შუაგული შემოდგომა დგას გარეთ და ჩვენ უკვე მსოფლიო ომის ქარცეცხლში უნდა ვიყოთ გახვეული... არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები, გადაიხედეთ ფანჯრებიდან, იქნებ თქვენი სახლის გვერდით ბლინდაჟებს თხრიან და თქვენ კი მშვიდად თავჩარგული ინტერნეტში იქექებით !
პუნქტი 2. ამერიკულს დოლარს "სული ამოხდება". ვალუტები გაუფასურდება, რადგან მსოფლიო საიდუმლო მთავრობა დააკანონებს ახალ მსოფლიო ვალუტას (იხ. ახალი მსოფლიო ვალუტის პრეზენტაცია. ფოტორეპორტაჟი). ძალიან მალე მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის დღეს არის. გამოიტანე შენი ფული ბანკიდან და გამოიყენე სწრაფად და გონივრულად! ახალი გლობალური მსოფლიო ვალუტა მალე გამოჩნდება და ევროც დაეცემა. ოქროსა და ვერცხლის ღირებულება დღემდე არნახულ ასტრონომიულ ფასს მიაღწევს. ჩინეთი მსოფლიო მთავრობის ყურმოჭრილი მონა იქნება და დედამიწაზე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გეიტნერი და ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი თავისუფლად ლაპარაკობენ ჩინურად. მოვლენები დედამიწის მოსახლეობის კონტროლის შესაბამისად განვითარდება. ამისთვის შემოიტანენ სავალდებულო RFID ჩიპებს *(Radio Frequency IDentification, რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია. უფრო დაწვრ. იხ. ვიკიპედია: http://ru.wikipedia.org/wiki/RFID ან საიტზე: http://www.datakrat.ru/tehnologii_3.html). ადამიანთა მასები ისეთ სიღარიბემდე მივლენ, რომ აჯანყების თავიც არ ექნებათ. გარდა ამისა გამოიყენებენ HAARP-ის საიდუმლო, ფსიქოტრონულ იარაღს, რომელსაც ჰპინოზის ეფექტი გააჩნია. ადამიანები უცნაურ, მოდუნებულ მდგომარეობაში ჩაიძირებიან. ეს იარაღი შეასუსტებს მათ ნებისყოფას, რომლის შედეგად ადამიანთა უმეტესობას ინერტული განწობა დაეუფლება.
ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ასეთ უგონო აბლაბუდაზე რაღა უნდა ვთქვა?!... თუმცა მაინც, ვიღაცის აშკარად ავადმყოფურ ენთუზიაზმსა და ფანტაზიას ჩემზე სასამართლოში უნაყოფო საჩივრების შეტანის მადა რომ არ აღვუძრა ჩემი მკვეთრი პასუხების გამო, ვიტყვი, რომ ჩინურ ენაზე არა მარტო ავსტრალის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არამედ 1,5 მილიარდი ჩინელი უკვე ლაპარაკობს, მოყოლებული მრავალი და მრავალი საუკუნის მანძილზე და დარწმუნებული ვარ ვიღაც სხვა, ბევრი არაჩინელიც საუბრობს ჩინურად, უბრალოდ ამით რისი თქმა უნდა ავტორს, ვერ ვხვდები. ალბათ ის, რომ ჩინური მსოფლიო ბატონობა უკვე სახეზეა? მე მინახია ჩინელი ვაჭარი, რომელიც ასევე თავისუფლად საუბრობს ქართულად, ე.ი. აპოკალიპტური უკუ-ლოგიკით, გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენ, ქართველები, ღვთის ''რჩეული ერი'' და კონკრეტულად ქართველი ორთოდოქსები (მართლმადიდებლები) გადავრჩებით?... არ შეიძლება კაცს არ გაეღიმოს ამ ინფანტილურ აბსურდზე, მაგრამ მე პირადად ასეთი დოგმების მოსმენისას მეტირება და თქვენი არ ვიცი...
შემდეგ კი, ისევ ფული და ისევ ''პური ჩვენი არსობისა''!... მუდმივი ციებ-ცხელება მოკვდავი ადამიანის!... ბანკებიდან მასობრივად ფულის გამოტანით რომ მართლაც საბანკო აპოკალიფსისკენ და ეკონომიკური კოლაფსისკენ მოუწოდებს ავტორი მკითხველს, ამას თუ ხვდება საერთოდ?!... ან კიდევ, თუ უკითხავს ავტორს და მის ერთგულ მკითხველს, ამდენი ''ქეში'' ფული სად უნდა გამოიყენონ კარსმომდგარი, გაგანია აპოკალიფსის დროს? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მათ, ანუ ხალხს, ვისაც ამის სჯერა და ზედმიწევნით აპირებს შეასრულოს ე.წ. ''ანტიაპოკალიფსური'' ინტრუქცია, განზრახვა ჰქონდეთ, რომ რომელიმე ''ნაფიცი მსაჯული'' მოისყიდონ ღვთის დიდ სამსჯავროზე და ამისთვის სჭირდებოდეს ბანკებიდან გამოტანილი ფული. როცა დედამიწა ინგრევა და იშლება, როცა ოკეანის უზარმაზარი ტალღები თუ ვულკანივით აფეთქებული კავკასიონიდან ამოვარდნილი გიგანტური ცეცხლოვანი ლავა შენს სახლს წალეკვით ემუქრება, რა შავ ქვად უნდა მოიხმარო ბანკიდან გამოტანილ კუპიურები, სამწუხაროდ ანტიაპოკალიფსურ ქცევის წესებში არ წერია...
მე, მოკვდავმა და ცოდვილმა, ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ქრისტეს ათასწლოვან სამეფოში აღარავის დასჭირდება ვაჭრობა, მაღაზიები, ბანკები, მითუმეტეს ე.წ. ''მამაოების'' შავი ჯიპები და არც ბიზნესცენტრებად ქცეული გაყინული ქვის შენობები, რომლებსაც ეკლესიებს ეძახიან!
პუნქტი 3. ჩინეთი საოცრად გაძლიერდება! ის წარმოადგენს ახალ მსოფლიო მთავრობასა და პოლიციურ სახელმწიფოს. ამერიკული ლიდერობა მესამე ქვეყნების დონეზე ჩამოქვეითდება. ოქრო და ვერცხლი - ის საშუალებაა, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. შეისყიდეთ ოქრო და ვერცხლი. ილუმინატები ძალიან მალე დაიწყებენ ბანკების გაკოტრებას. ჩვენ მივისწრაფვით ისეთი კრიზისისკენ, სადაც ყველანი უკიდურესად გაღარიბდებიან. გვინდა თუ არა, მრავალ ჩვენგანს მოუწევს მიუბრუნდეს გლეხურ ყოფას, რადგან სიღარიბის გამო ქალაქებში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ინვესტიციებისა და უძრავი ქონების იმედი ნუ გექნებათ, რადგან ადამიანებს სახლების შესყიდვის შესაძლებლობა არ ექნებათ, რის გამოც, ფასები უძრავ ქონებაზე მკვეთრად დაეცემა. მდიდრულად ცხოვრების იმედი ნურავის ექნება, ან კიდევ მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა და ინვესტიციებისა, რადგან ეს ყველაფერი იმ დღეს გაქრება, რა დღესაც ყველა ბანკი ერთი მეორის მიყოლებით გაკოტრდება.
ეს კაცი, ანუ ავტორი (შეიძლება ქალიც), აშკარად პრო-ჩინური ორიენტაციის წინასწარმეტყველია. თუმცა იმ უიმედო ყოფაში, როცა ყველაფერი უნდა გაქრეს, ოქრო-ვერცხლი რა ჯანდაბაში უნდა მოიხმაროს ადამიანმა, ამაზე ავტორი დუმს!... შეიძლება საიდუმლოდ ინახავს, ილუმინატებმა რომ არ გაუგონ და არ გამოსტაცონ გამქრალ მდგომარეობაში ოქრო-ვერცხლის ეფექტური გამოყენების დიდი საიდუმლო.
მეგობრებო! არ შეშინდეთ! იდენტობას და ''გრაალს'' გვართმევენ ბოროტი პრო-ჩინური ილუმინატები, მაგრამ ბანკებიდან გაზიდული ოქრო-ვერცხლი დაგვიცავს, იდექით მყარად და ფხიზლად!...
პუნქტი 4. ნავთობი გაძვირდება. ერთი ბარელის ფასი 150-200 დოლარამდე აიწევს. ამაზე დიდ გავლენას ახდენს ჯანყი და რევოლუცია არაბულ ქვეყნებში, რომლის გამოც გაძვირდება გადაზიდვები, პროდუქტები და ა. შ.
პუნქტი 5. აშშ-ში თუ კრედიტი გადახდილი არ გაქვთ, ბანკს შეუძლია სახლი ჩამოგართვათ. ბანკის ვალი თუ გაქვთ სასწრაფოდ გადაიხადეთ! თუ გადახდა არ შეგიძლიათ - გაყიდეთ სახლი და იყიდეთ უფრო პატარა, რომლის შესყიდვასაც მოერევით, თუნდაც ეს ქოხი იყოს. მილიონობით ადამიანი დაკარგავს თავის სახლს.
გაიგეთ ახალი ამბავი? თურმე ვალს თუ არ გადაიხდი, ბანკი სახლს ჩამოგართმევთო!... მიკვირს, რომ აქამდე ეს არავინ იცოდა. ასე, რომ თუკი ჯერ კიდევ ვალი გაქვთ და სახლი შეგრჩენიათ, მადლობა უთხარით რუმინეთში სიკვდილისწინ გულაჩუყებულ მასონს და მის ქართველ თარჯიმანს, რომელმაც ეს უდიდესი ჭეშმარიტება ასეთუ ჭაპანწყვეტით მოიტანა ყოვლადრელიგიური ქართველი მკითხველისთვის.
პუნქტი 6. ობამასეული ჯანდაცვის სისტემა ეს არის მაკონტროლებელი საშუალება, რომლებსაც ბანკირები აკონტროლებენ და სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ. ეს არის ძალაუფლება, რომელიც კრძალავს იარაღის გამოყენების უფლებას, ევთანაზიას და ა. შ.
გამოდის, რომ 2011 წელს ვინმე მომაკვდავმა მასონმა უკვე იცოდა ობამას 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ. ხედავთ, ხალხნო? ამერიკელი რესპუბლიკელები, რომლებმაც დაბლოკეს ობამას ბიუჯეტი, ჯანდაცვის დაფინანსების გამო, რა კეთილი ხალხი ყოფილა, არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში ''ღვთის'' განგებით და მამაოს ''კურთხევით'' დამტკიცდეს კიდეც ამ სათნო რესპუბლიკელების ქართული წარმომავლობაც და მათი მართლმადიდებლურად საიდუმლოდ მონათვლის ფაქტიც...
ჰალელუია, უფალო, ბარაქალა შენს ნერვებს და გამძლეობას ჩვენს ხელში!
პუნქტი 7. აშს-ს მთავრობამ პანამის არხი ჩინეთს დიდი ხნის წინათ გადასცა. ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსა (CFR) და სამმხრივი კომისიის (TriLats) (გლობალისტების ცნობილი ორგანიზაციები) სტრატეგია.
პუნქტი 8. ყველა ბერძნული პორტი ჩინეთის მფლობელობაშია.
პუნქტი 9. მთელი ბუნებრივი რესურსების 90%, მინერალები, ტექნოლოგიები, იარაღი და ა. შ. ასევე ჩინეთის მფლობელობაშია. აშშ-ს არმიისთვის იარაღის დეტალების 80% ჩინეთი ამზადებს. ამერიკა ჩინეთის კმაყოფაზეა.
პუნქტი 10. ჩინეთის მფლობელობაშია ავსტრალიის მაღაროების ნახევარი. ის აწარმოებს წიაღისეულის მოპოვებას აფრიკაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და კანადაში. ჩინეთი ფლობს მინერალების მსოფლიო მარაგის 90%. ის მონოპოლისტია.
ისევ ეს ''ბუა'' ჩინეთი ... ადრე დევებით და ფხაჭანის მოსვლით აშინებდნენ პატარებს ძილის წინ, ახლა ეს ყოვლად უწყინარი ზღაპრული არსებები საკმაოდ რეალისტურმა ჩინელებმა შეცვალეს. მახსოვს, ბავშვობაში, აღდგომის წინა დღეებში ვიღაც იდიოტი Homo Sovieticus-ები ავრცელებდნენ პარანოიკულ ლეგენდებს ბავშვების სისხლისმსმელ ებრაელ ვამპირებზე...
პუნქტი 11. ჩინეთი ყიდულობს და ყიდის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ვალუტას.
ფრიად საყურადღებო ცნობაა! ოქროს უბნელი თუ ვაგზლის მოედნელი ვალუტით მოვაჭრეებიც იგივე საქმით არიან დაკავებულები. ნუთუ საქართველოშიც შმოაღწია ჩინეთის სავალუტო ოპერაციებმა?... ო, არა, არა! ჩვენ, უფლის რჩეულებს, ჩინეთი და მისი ''ვალუტჩიკები'' რას დაგვაკლებენ!...
პუნქტი 12. რუსეთი არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებელი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩინეთსა და რუსეთს. აშშ ვერასოდეს მოიგებს ომს მათ წინააღმდეგ, რადგან ამერიკამ მთელი წარმოება ჩინეთში გადაიტანა, სადაც აწარმოებენ ყველაფერს, რას აშშ-ს სჭირდება.
ჩინეთსაც რომ სჭირდება ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო საკუთარი ნაწარმის გასასაღებლად, ამაზეც ნაფიქრი ექნება ავტორს, მაგრამ არ გვიმხელს, ისევ რაღაც საიდუმლოს აქვს ადგილი და არ გამიკვირდება, რომ ''ყველაზე დიდი თაგვი, თვითონ მოურავი'' იყოს, აკაკის მოგონებებისა არ იყოს... ''დიდი თაგვი'', იგივე ილუმინატები, სრულიად შესაძლებელია ისევ სტატიის ავტორიც იყოს და თავგზას გვიბნევდეს ფსევდოპატიოსნებით.
არ ველოდი, მაგრამ ამ ბოლო დასკვნის მერე, კიდევ დავასკვენი, რომ პარანოია გადამდებიც ყოფილა! ასე, რომ წაიკითხეთ სტატია თქვენს რისკზე, მე არაფერ შუაში ვარ ...
პუნქტი 13. ახალი მსოფლიო წესრიგის მომხრეებს, ელიტას და გლობალისტებს სურთ კრიზისის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში. ბანკები Goldman Sachs Bank, IMF и City Bank უკვე არსებობენ ირანში და ე. წ. "შავი გასასვლელიდან" ძირს უთხრიან ფინანსურ სიტუაციას, ვიდრე ომს დაიწყებდნენ ირანის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამერიკა და ევროპა ირანში ჰყიდიდნენ კომპიუტერებს, რომლებიც შეიცავენ ვირუსებს და კომპიუტერულ "ჭიებს". ეს წინასწარგანზრახული დარყტმა იყო ირანის წინააღმდეგ. სამხედროები მზადყოფნაში არიან. ომი ირანთან შესაძლოა ძალიან მალე დაიწყოს.
გადაიხედეთ ფანჯრებში? ბლინდაჟებს ისევ თხრიან? არა ჯერ? ... კიდევ კარგი, მშვიდად ჩავამთავრებ სათქმელს.
პუნქტი 14. პროექტი "ეშმაკის მისია". მომაკვდავმა მაგნატმა თქვა: "ახალი მსოფლიო წესრიგის სრულ ძალაუფლებაში შესასვლელად საჭიროა ღმრთის უარყოფა". სატანის მისია ნიშნავს გარყვნილებას, ყოველივე ბუნების საწინააღმდეგო ქმედებას, რადგან მათ, ანუ ილუმინატებს, ქრისტეანულ სამყაროში არ ძალუძთ ეშმაკის მისიის დამკვიდრება. ახლა ჩვენ ვხვდებით რაში სჭირდებათ მათ ჰომოსექსუალიზმი, აბორტები, ევთანაზია, პორნოგრაფია, გარყვნილი და თითქმის განშიშვლებული ჩაცმულობა, ოკულტიზმი და მაგია. ეს ყველაფერი კაცობრიობას საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით მოახვიეს, რათა მოამზადონ ანტიქრისტეს მოსვლა.
ხედავ შენ?... მერე რა უნდა დაუპირისპირო ამ ყველაფერს? ისევ ''წმინდა თაგვის'' სინდრომი?... მსგავსი ლოზუნგები ბოლოს კარვის ქალების მიტინგზე მახსოვს, ისმოდა და ქუხდა, როგორც ჩანს დღესაც ქუხს, მხოლოდ ჯერ ოქრო-ვერცხლისგან უნდა დავცალოთ ბანკები, თუკი ვინმეს მსგავსი რამ გააჩნია საერთოდ ამ გაძვალტყავებული ლუმპენპროლეტარების ქვეყანაში.
ათასეული საუკუნეები გრძელდება ყველა ჩამოთვლილი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, ასევე ათასწლეულებია დედამიწა ჯერ კიდევ დგას და არც კაცობრიობა გამქრალა რატომღაც, თუმცა დასაფიქრებელია
ათასეული საუკუნეები გრძელდება ყველა ჩამოთვლილი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, ასევე ათასწლეულებია დედამიწა ჯერ კიდევ დგას და არც კაცობრიობა გამქრალა რატომღაც, თუმცა დასაფიქრებელია
პუნქტი 15. ილუმინატები, წარმოადგენენ სისტემას, სადაც იქნება მხოლოდ ერთი მსოფლიო რელიგია. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მასონები აფინანსებენ. მასონები უღმრთო ხალხია. მასონი ორგანიზატორები არიან როკფელერი, კარნეგი და Fond Foundation. მიაქციეთ ყურადღება, რომ რელიგიური ორგანიზაციები - ეს არის გასაღები, რომლის მეშვეობითაც შემოდის დამახინჯებული ოიკუმენა.
ტიპიური ლოზუნგია ჰორორის ჟანრში, არ ღირს გაჩერება....
შემდეგი:
შემდეგი:
პუნქტი 16. აშშ-ს ზოგიერთ ოლქში ძალაში შევიდა კანონები, რომლებიც ადგილობრივ პოლიციელს უფლებას აძლევენ, მაგალითად, პასუხისგებაში მისცენ პასტორი, თუ ის ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ იქადაგებს. მას ეს ადამიანის უფლებების დარღვევად და სქესობრივ უმცირესობათა დისკრიმინაციად ჩაეთვლება. ეს კანონები და პოლიციის ჩარევა რელიგიის საქმეებში იმისთვის ხორციელდება, რათა შესაძლებლობა მიეცეთ დახურონ ეკლესიები, როგორც ეს ჩინეთში მოხდა.
როგორც ჩანს, ახალი ფსიქოტრონული ვირუსი - ''ჩინოზი'' უკვე ფართოდ გავრცელებულა და რითი უნდა ვუმკურნალოთ, ჯერ არ ვიცით აშკარად. მალე ალბათ ვინმე წვეროსან-ჯიპოსანი ''ეპისკოპოსი'' მთელს ჩინეთს უკვე დაბადებული და შაოლინის სკოლის კურსდამთავრებული ჩინელი ანტიქრისტეს ნაშიერებადაც გამოაცხადებს და მათი გადაგვარების მიზეზებსაც სიტყვასხარტულად აგვიხსნის, იაპონიის ტრაგედიისა არ იყოს... თუმცა, მთლად უიმედოდ არ უნდა იყოს საქმე. როგორც ცნობილია, მსგავსი კურნავს მსგავსს და იქნებ ამ ახალი ვირუსის წამალიც თვითონ ჩინელებში უნდა ვეძიოთ?!... აი, რაში გამოადგება ავტორსა და მის მრევლს დროულად გამოტანილი ოქრო-ვერცხლი ბანკებიდან, მსოფლიოს მპყრობელი ჩინელებისგან ისევ დანასისხლად რომ შეიძინოთ დეფიციტური ვაქცინა - ''ანტიჩინოზი''!
ერთი რამ მაოცებს მხოლოდ, ჩინეთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და ეკლესიებით მიმოფენილი ადგილი თუ იყო, არ ვიცოდი, პარდონ, ჩემო ბატონო...
პუნქტი 17. მომაკვდავმა ნავთობბარონმა თქვა: "მასონებს ექნებათ საკუთარი სახალხო მედია არხი, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის მებაირახტრე იქნება!" და ეს უკვე ხორციელდება. ელიტა აკონტროლებს ჩინეთისა და რუსეთის ყველა მედია არხს, ასევე აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს.
კარგია! ჩვენ სამაგიროდ გადავრჩებით, ჩვენ ვერავინ გაგვაკონტროლებს დედამიწაზე, რუმინეთში გარდაცვლილი მასონისა და ამ ანტიაპოკალიფსური სახელმძღვანელოს უცნობი ავტორის წყალობით... დაჰკარით დაფდაფებს, ვაშა, მეგობრებო, ვაშა!
...და ბოლოს დასკვნიდან ერთ ამონარიდს მიგაწვდით:
მსოფლიო კავშირი, ერთიანი მსოფლიო ვალუტა და მსოფლიო მთავრობაზე სრული დამოკიდებულება - ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ანტიქრისტეს მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ევრო კავშირი - ეს არის ყალბი გზა, რომელსაც მონობამდე მივყავართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის მსოფლიო ბატონობის საცდელი ეტაპი.
ევროკავშირი ქიხიააო, გვამცნობს ავტორი. ირიბად კი უგულისხმება, რომ რუსეთის წმინდა და ნაკურთხი ბომბები რომ არა, აქამდე სატანის ''საკონცენტრაციო'' ბანაკში ვიქნებოდითო...
ავტორს და მის მრევლს მინდა ვკითხო, საინტერესოა ამ ბოროტ ევროკავშირში რატომ მიდიან საქართველოს ეკლესიის მაღალ-მაღალი იერარქები სამკურნალოდ, ის იერარქები, რომელთაც უფრო ემორჩილებით, ვიდრე თვით ქრისტეს?!... სამკურნალოდ რომ დაფრინავენ ხან გერმანიაში და ხან საფრანგეთში, იქნებ რას უკეთებენ ვენებში, რა ''ჩიპებს'' უდგამენ, არ გიფიქრიათ?... თუკი სატანის საუფლო ყოფილა ეს დაწყევლილი ევროკავშირი, მაშინ ამიხსნას ვინმემ, ვითომდა ''სასულიერო მოღვაწეობის'' მიზეზით, რატომ ცხოვრობენ და სარგებლობენ ქართველი, შავ ანაფორას ამოფარებული მოძველბიჭო ელემენტები ევროპული კეთილდღეობით, მედიცინით, იქაური ვალუტით, იქაური საკვებით, იქაური ავტომანქანებით და ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირის დროშის ქვეშ იწარმოება?
რა უნდათ ამ ე.წ. ''საკონცენტრაციო'' ბანაკში ქართველ ''მოგულავე'' მღვდლებს, რომლებიც ანაფორას ლამის თავზე იხევენ უცხოეთში გაშლილ ქართულ სუფრაზე , ფრანგული ღვინით გალეშილები?... აჰ, ჩვენ ბოდიში, მაგათ კურთხევა ექნებათ და მაშინ ჰოო, მაშინ გასაგებია, უნდა დაიხიონ თავზე ანაფორაც და ქრისტეს ეკლესიაც, აბა ისე როგორ იქნება!... ევროებს რატომ ახურდავებენ და რატომ ეხებიან ამ ''უწმინდურებას'' ასე გულმხურვალედ იგივე საეკლესიო ჩინები, როდესაც გაფუფუნებული ცხოვრებისთვის განკუთვნილ და იგივე, ამერიკა-ევროპა-ჩინეთში დამზადებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას ყიდულობენ, როგორებიცაა ძვირადღირებული ავტომანქანები თუ თანამედროვე კომპიუტერები, ''ძერსკი'' მობილურები და სხვა, პრესტიჟულობის მაჩვენებელი აქსესუარები?...
მოკლედ, როგორც ვატყობ, ღრმა დისკუსიაში ჩართვა ასეთი გონებრივი და სულიერი გაქანების ავტორებთან და მის მრევლთან ჩემს ძალებსა და ნერვებს აღემატება, ამიტომ დანარჩენი დასკვნების გამოტანა მკითხველისთვის მიმინდვია. ერთს დავამატებდი მხოლოდ:
რა უნდათ ამ ე.წ. ''საკონცენტრაციო'' ბანაკში ქართველ ''მოგულავე'' მღვდლებს, რომლებიც ანაფორას ლამის თავზე იხევენ უცხოეთში გაშლილ ქართულ სუფრაზე , ფრანგული ღვინით გალეშილები?... აჰ, ჩვენ ბოდიში, მაგათ კურთხევა ექნებათ და მაშინ ჰოო, მაშინ გასაგებია, უნდა დაიხიონ თავზე ანაფორაც და ქრისტეს ეკლესიაც, აბა ისე როგორ იქნება!... ევროებს რატომ ახურდავებენ და რატომ ეხებიან ამ ''უწმინდურებას'' ასე გულმხურვალედ იგივე საეკლესიო ჩინები, როდესაც გაფუფუნებული ცხოვრებისთვის განკუთვნილ და იგივე, ამერიკა-ევროპა-ჩინეთში დამზადებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას ყიდულობენ, როგორებიცაა ძვირადღირებული ავტომანქანები თუ თანამედროვე კომპიუტერები, ''ძერსკი'' მობილურები და სხვა, პრესტიჟულობის მაჩვენებელი აქსესუარები?...
მოკლედ, როგორც ვატყობ, ღრმა დისკუსიაში ჩართვა ასეთი გონებრივი და სულიერი გაქანების ავტორებთან და მის მრევლთან ჩემს ძალებსა და ნერვებს აღემატება, ამიტომ დანარჩენი დასკვნების გამოტანა მკითხველისთვის მიმინდვია. ერთს დავამატებდი მხოლოდ:
თუკი სიყვარულისთვის სულში ადგილი აღარ დარჩენილა და რწმენა გკარნახობთ სიძულვილს, მაშინ აპოკალიფსური ნიაღვრის სათავე სადმე შორეულ ჩინეთში, კალიფორნიაში და ლაპლანდიაში კი არა, თქვენივე თავში ეძებეთ და მუდამ გახსოვდეთ ქრისტეს შეგონება - სიმართლე გაგათავისუფლებთ!
კ,კოლხი
25.10.2013წ.
Comments
Post a Comment