არნოს დეჟა'ვუ (ნოველის დასაწყისის შავი ვერსია)

ოდესღაც, შეიძლება იმ დროს, როცა დრო საერთოდ არ არსებობდა, 
დაეცა სინათლის ბრწყინვალე ანგელოზი საკუთარ ამპარტავნებაში და ამაყი სული დაანაცხა გრატინის კლდეებს. 
დაივიწყა რა სიკეთის უკიდეგანო მადლი, აღდგა სიყვარულის წინააღმდეგ და უკუაგდო სიცოცხლის არსი, სამყაროში სიკვდილი შემოიტანა და იქცა მარად დევნილ, მოარულ აჩრდილად. თუმცა, ბედშავი სიკვდილმაც მიატოვა და დარჩა ასე, მარადიულ მარტოობაში, დასჯილი მარადიული სიყვარულით, სამყაროში, სადაც არ არსებობს შეყვარებულის აჩრდილიც კი ...






თავი I. მონ სან-მიშელი

მსუბუქად წვიმდა სექტემბრის მოჟამულ დღეს.
ადრიანი შემოდგომის სიგრილე შეჰპარვოდა ნორმანდიის დაბლობს.
საღამო ხანს, ოკეანიდან მონავარდე სიო ლაღი თავაწყვეტით მიერეკებოდა მზეზე ნაწყენ და მოქუფრულ ღრუბელთა ჯგუფს. მზეც უკვე ჰორიზონტს ემშვიდობებოდა, როდესაც დაბა ავრანშის მიდამოების ტალახიან გზაზე ორი მხედრის სილუეტი გამოჩნდა. ეტყობოდა რომ ცხენები დაღლილები იყვნენ, მსუბუქი პასაჟით მოდიოდნენ.

შავ ფაშატზე თეთრი, წითელჯვრიანი მოსასხამით, კავალერისტის მანერებით, ზურგზე ფარითა და უნაგირზე მიმაგრებულ შუბზე წამოცმული ჰერალდიკური მცირე ალმით, თავზე ჯაჭვის ჩაფხუტით და ნორმანული ხმლით აღჭურვილი მამაკაცი დრო-და-დრო დინჯად გადახედავდა თანამგზავრს, ყურადღებით უსმენდა მის საუბარს. თვითონ ეტყობოდა, რომ სიტყვაძუნწობდა. მუდმივად წინ იყურებოდა და ცდილობდა ღრუბლებსა და ჰორიზონტს მიღმა შენობების კონტურები დაენახა.

მეორე მხედარი, შესახედაობით სრული ანტიპოდი იყო პირველის. შავი, კაპიუშონიანი მოსასხამითა და ზურგზე გადაკიდებული აბგით, ცდილობდა მკვეთრი მოძრაობებით დაეოკებინა ნაცრისფერი ულაყის ნერვიული ტოკვა და თან გაცხარებით რაღაცას უყვებოდა მსმენელს. კაპიუშონი საკმაოდ უჩრდილავდა შუბლს და მის მიღმა, ჯერ კიდევ მოკიაფე, ჩამავალი მზის ღრუბლებს შორის ნაგლეჯ სინათლეზე გაიელვებდნენ მკაცრი გამომეტყველების, მომწვანო-მუქ თაფლისფერში გარდამავალი ჭაობისფერი თვალები. თვალების გამომეტყველბას კიდევ უფრო ამკაცრებდა შეჭმუხნილ შუბლზე გავლებული ოდნავ ხშირი წარბები. მარცხენა წარბს ზემოთ, შუბლზე მსუბუქი ნაიარევი ეტყობოდა, წვერი მოკლედ შეკრეჭილი ჰქონდა, ერთი შეხედვით მოხეტიალე ალქიმიკოსს თუ როგორც რომანტიკოსები იტყვიან, Steppenwolf-ს, სტეპის მგელს, წააგავდა, თუმცა შავი მოსასხამის ქვეშ ტყავის სამოსი ეცვა, ტყავისვე ქამრით.
ქამარზე რომაული პუგიოს მსგავსი ფორმის ხანჯალი ეკიდა, ოდნავ უფრო გრძელი. ხანჯლის გარდა, მხედარს მახვილიც ერტყა წელზე. მახვილის სახელურის თავზე, წრიულ მეტალზე დამაგრებული ლალისფერი ქვის წრეწირის ირგვლივ მეტალისვე ბარელიეფით, დრაკონი იყო გამოსახული, რომლის ფრთები გარშემოფარგლავდა წრიულ ლალის ქვას. იშვიათი ნაკკეთობა იყო, ნამდვილი ოსტატის ნახელავი, რომელსაც ათას ფოლადის მახვილთა შორის ადვილად გამოარჩევდა თვალი. სინათლის სხივის დაცემაზე, ლალისფერი ქვა, ჩვეულებრივი რუბინი იყო, სიბნელეში შენივთებულ ბინდში კი უცნაურად ალიცლიცდებოდა ხოლმე, ალისფრად მოელვარე წვრილმანი კაპილარებით დაქსელილი, თითქოს ქვა, რომელიც სულ არ გავდა ქვას, შიგნიდან ღვიოდა დრაკონის მდუღარე სუნთქვისგან.

შავმოსასხამიანმა ზეცას ახედა. გაალმასებით ეცემოდა წვიმის წვეთების კორიანტელი. ცოტაც და მსუბუქი, შემოდგომის შხაპუნა წვიმა, კოკისპირულ ნიაღვრად იქცეოდა. ნერვულად მტოკავი ფაშატიც კიდევ უფრო ცდილობდა თავი დაეღწია ტალახიან გზას, აშკარად ეტყობოდა, რომ ნელი პასაჟით სიარული ამ ენერგიულ ცხოველს კიდევ უფრო ღლიდა, ვიდრე გალოპით რბოლა.

-----------------------

- სირ ანდონი, თუ არ ავჩქარდით, შეიძლება წარღვნამ წაგვიღოს. - გამოსცრა შავკაპიუშნიანმა და ცხენს სადავე მიუშვა, ულაყმაც არ დააყოვნა და მსუბუქი ნახტომით ადგილიდან დაიძრა, ტალახიან შარა-გზიდან მოკირწკულ ქვიან გზაზე გადასვლისას ფლოქვების თქარათქურის ექო პირქუშ ნოტებად გაისმა ავრანშის მიდამო ველებზე.

ანდონი დე ლოიოლას შავი ფაშატიც თეთრ ულაყს გამოუდგა, ცოტაც და ორივე მხედარი მონ-სან-მიშელის სააბატოსკენ მიმავალ გზაზე ჩამოწოლილმა ნისლმა შთანთქა.

***
ატლანტის ოკეანის ნაპირას, მიწაზე, სადაც ლეგენდის თანახმად, მთავარანგელოზმა მიქაელმა ზეციურ დუელში ციდან მოწყვეტილი დრაკონი დაანარცხა, რომანული და გოთიკური სულის შერწყმამ, ადამიანთა საოცარმა ნიჭმა კლდიდან ზეცისკენ, ჰორიზონტიდან მომზირალი მძლავრი რაინდივით, ამოზიდა მონ-სან-მიშელი!...ბნელი ევროპის საოცარი სინათლე, მკაცრი ასკეტიზმისა და მისტიური ვნების შეერთება, სადაც მარადიულ სიყვარულთან დაშვების უფლება მხოლოდ რჩეულებს აქვთ, განდობილებს, რომლებიც დროის მიღმა მოგზაურობენ, ვისთვისაც არ არსებობს გეოგრაფიული საზღვრები და სამყაროთა გადაკვეთის წერტილები. არნო დ'ეტერნელიც ერთ-ერთი ასეთი განდობილია, თუმცა მან ავრანშში სულ სხვა რეპუტაცია მოიპოვა, ვიდრე ყოვლისმჭვრეტელმა განდობილმა.

***
სიდრით და ელით გაჟღენთილ ავრანშის დუქანში მოქოთქოთე ადგილობრივებს, რომელთაც საკუთარი ტალახიანი შარაგზა დედამიწის ჭიპი ჰგონიათ, ჰენრი II-ის ინგლისელი შერიფი  რალფ ფიც-გილბერის სიტყვა - უზენაესი ჭეშმარიტებაა, ხოლო მონ-სან-მიშელის ბენედიქტელთა სააბატო, მისივე ''სასწაულმოქმედი'' საგნებით - დედამიწაზე დამკვიდრებული ღვთის სასუფეველი. ამ ნახევრადმშიერ, მაგრამ მაინც სულიწმინდით ''გამოკვებილ'' ბედნიერ ხალხს, რამდენიმე თვე, წელიწადი, ან იქნებ ზოგისთვის მთელი ცხოვრება ეყოფათ მოსაყოლად, საჩურჩულოდ და საჭორაოდ ის ფაქტი, რომ ავრანშში ვინმე ლანგედოკელი მოხეტიალის გამოჩენის მეორე დღეს, უცაბედად, მეუღლის სარეცელზე მოკლული აღმოჩნდა შერიფის ახლადშერთული ცოლი, თვრამეტიოდე წლის იოლანდა, რომელთანაც უკვე ორმოცს გადაცილებულმა შერიფმა სულ ერთი თვის წინ ჯვარი დაიწერა მონ-სან-მიშელის წმ. მიქაელის სახელობის სამლოცველოში.

მკვლელობას კიდევ უფრო უცნაურს და იდუმალს ხდიდა ის, რომ იოლანდას არსად ჭრილობა ან ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. მისი უსულო სხეული საკუთარმა ქმარმა აღმოაჩინა, როდესაც ჩესტერიდან, ვიკონტ რანულფ ბლონდევილის რეზიდენციიდან დაბრუნებულმა, დილით, წვიმით გაწუწულმა და მგზავრობით გადაღლილმა საკუთარი საძინებლის კარი ხმაურით შეაღო, გაბრაზებულმა იმით, რომ მისი ახალგაზრდა ცოლი წინკარში არ გამოეგება, როგორც მორჩილი მხევალი.

პირობითი პერსონაჟები, იდიომები და ნაწყვეტები ნოველისთვის:


ანდონი ლოიოლა დე სონდიკა - ბასკი აზნაური, ტამპლიერი რაინდი.
არნო 'ეტერნელი - მოხეტიალე სული ადამიანის სახით, საიდუმლო რაინდი, ესთეტი და ოკულტისტი, მხატვარი და არქიტექტორი, მეტსახელად Steppenwolf, სტეპის მგელი.

რალფ ფიც-გილბერი - ავრანშის შერიფი
რანულფ ბლონდევილი - ჩესტერის გრაფი, ავრანშის და ბაიოს ვიკონტი
ეპისკოპოსი გიიომი - ავრანშის ეპისკოპოსი 1182 წლიდან
ეპისკოპოსი რიშარი - ავრანშის ეპისკოპოსი 1171-1182 წლებში, რომელიც ისევე საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვლება, როგორც იოლანდა.
გასტონი - შერიფის მეჯინიბე, 15 წლის
ოდრე ბუშერი - შერიფის მეურნის, ერიკის ქალიშვილი, 17 წლის
ერიკ ბუშერი - შერიფის მეურნე და მსახური
ფრიდა - შერიფის მეურნის, ერიკის ცოლი

------------
ყოველივე ეს, ამხელა მნიშვნელობის მემორანდუმი და შეთანხმება ევროპის ორ უძლიერეს სუზერენს, რომის პაპსა და ინგლისი მეფეს შორის ავრანშელმა ეპისკოპოსმა რიშარმა მოახერხა. ახლა კი, სწორედ ავრანშში, სადაც ეკლესიას ამდენი გარჯა და დიპლომატიური წიაღსვლების კეთება მოუხდა, რათა მორჩილ ეყო ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი’’ და კლერიკალთა ძლაუფლება კიდევ უფრო განევრცო იმპერატორებზე, მეფეებზე, ჰერცოგებზე, გრაფებსა და თუნდაც სასტიკ შერიფ რალფ ფიც-გილბერზე, იოლანდას იდუმალი სიკვდილით შემოაღწია ძალამ, რომელთა წინააღმდეგ თვით წმინდა პეტრეს ტახტიც კი უძლური იყო და ეს ძალა არავისთან აპირებდა ურთიერთხელსაყრელი კომპრომისების გაფორმებას, არც თვით მეფესთან და არც მის მომთვინიერებელ რომის პაპთან.
---------
შერიფის ცოლის მოულოდნელი და უცნაური სიკვდილის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელს ავრანშსა და შემოგარენ სოფლებს. იმავე დღეს გამოკითხულ იქნენ შერიფის მსახურნი, ღვინის კასრივით გასიებული, მეურნე ერიკ ბუშერი და მისი არანაკლებ ფაშ-ფაშა ცოლი ფრიდა, მათი ქალიშვილი ოდრე და უპატრონო, ობოლი, თხუტმეტიოდე წლის მეჯინიბე გასტონ მორუ. არც ერთ მათგანს რამე საეჭვო არ შეუნიშნავს, ან რა უნდა შეენიშნათ, როცა მთვრალი ერიკი საკუთარი ცოლის ფართო ძუძუებზე გადაწოლილი მთელი ღამე ხვრინავდა, ოდრე კი მთელი ღამე საჯინიბოში ჭაბუკი გასტონის ფეხებშუა ნაწილების ალერსით იყო დაკავებული. მართალია, გახურებული ხვევნა-ალერსის მიუხედავად, გასტონის მახვილ სმენას არ გამოჰპარვია ცხენების უცნაური ფშინვა და ნერვული ხტუნაობა, თუმცა ეს ღამით ამოვარდნილ ჭექა-ქუხილისადმი ცხოველთა შიშს უფრო დაბრალდა, ვიდრე რამე საეჭვო პირის სახლში შეღწევის მცდელობას.
-------------- 
სირ ანდონი და არნო დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ასეთი ერეტიკული მსჯელობისას ვერ ხედავდნენ რაიმე წინაღობას ერთმანეთს შორის. მსგავსი ფიქრებიც კი მკაცრად ისჯებოდა ოფიციალური საეკლესიო ხელისუფლების მიერ და სატანის მსახურთა იარლიყები არ ასცდებოდა ორივეს, მათი საუბარი ავრანშის ახალ ეპისკოპოს გიიომს რომ გაეგო, რასაც ვერ ვიტყვით ახლახანს მიცვალებულ წინა ეპისკოპოს რიშარზე, რომელიც მეტად ფართო განათლებით გამოირჩეოდა, სქოლასტიკური ფილოსოფიას მისდევდა და არისტოტელიზმის გავრცელებითაც კი იყო დაკავებული. სწორედ ეპისკოპოს რიშარის დროს მოხდა ფაქტი, რომელიც ისტორიაში ,,ავრანშის კომპრომისის’’ სახელითაა ცნობილი, როდესაც ინგლისის მეფემ, ჰენრი  II პლანტაგენეტი საჯაროდ შეურიგდა რომის კათოლიკურ ეკლესიას, რომლის თვალსაჩინო წარმოამდგენელთან, ანგლო-ნორმანული წარმოშობის საეკლესიო მოღვაწესთან და შემდგომში წმინდანად შერაცხულ ტომას ბეკეტთან გაცხარებული წინააღმდეგობა და კამათი ჰქონდა სახელმწიფოს საქმეებში საერო და სასულიერო ხელისუფლების უპირატესობის გამო.
----------- 
ადამიანის სამყაროშია ჩატეული სამოთხეც და ჯოჯოხეთიც, რომელიც არც ერთ ცნობილ რუქაზე არ ჩანს.
---------
აი, ის შენობა, კარი რომ აქვს, რომელიც თითქოს არ იღება, მის წინაშე რომ დადგე, დრო გაჩერდება, ირგვლივ ყველაფერი გაჩერდება და მეხსიერებიდან ძველი ხავსი რომ გადაიფხიკება, მერე დაინახავ, რომ პორტალი ღიაა, რომლის იქეთ არის სამოთხე ...
-------
სადაც ღმერთმა დაუშვა ის, რომ საზარელი დანაშაულებები ხდებოდეს დედამიწაზე, იქ ადამიანის ცოდვილობაზე საუბარი უბადრუკი საცოდაობაა ...
------

ანდონი ლოიოლა დე სონდიკა - ბასკი აზნაური, ტამპლიერი რაინდი.

არნო დ'ეტერნელი - მოხეტიალე სული ადამიანის სახით, საიდუმლო რაინდი, ესთეტი და ოკულტისტი, მხატვარი და არქიტექტორი, იცნობენ Steppenwolf-ად, სტეპის მგლად.

რალფ ფიც-გილბერი - ავრანშის შერიფი.

რანულფ ბლონდევილი - ჩესტერის გრაფი, ავრანშის და ბაიოს ვიკონტი.

მერი ტოდი - გრაფინია, რანულფ ბლონდევილის მეუღლე.

სიმონ ორენჟი - ბერად შემდგარი შევალიე (აზნაური). ამბობდნენ, მერი ტოდის მიმართ ვერრეალიზებული სიყვარულის გამო შედგა ბერად.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------


"მონ-სან-მიშელის სააბატოში ცხოვრობდა ერთი განდეგილი, ბერი, მარკუს ნორთუმბრიელი, ორმოცდაათიოდე წლის, საკმაოდ მობერებული, გამხდარი, ბეჭებში მშვილდივით სიმეტრიულად მოღუნული, მაღალი, გამოკვეთილი ღაწვებით, ოდნავ მოჭუტული, ეჭვიანი თვალებით, გრძელი და გაბურძგნული ჭაღარანარევი წვერით. ყოველ სისხამ დილით, როცა მზის სხივები ჰორიზონტიდან ამოიწვერებოდნენ და ბნელში ისე იჭრებოდნენ, როგორც დანა კარაქის რბილ ქსოვილებში, ჩამოივლიდა მარკუსი ბერების სენაკებს და გარედან შესძახებდა ყველას: ''იჩქარეთ, ძმებო, იჩქარეთ, თევზი ირხევა, თევზი ტორტმანებს, იქცევა, იქცევა დედამიწა, ტალღებზე იქცევა!" ... ყოველ დილით ერთი და იგივე რიტუალად გასდევდა ბერების ცხოვრებას მარკუსის ხრინწიანი ხმა. ბევრს ბერთაგან, სწამდა, რომ კუნძული, სადაც მათი სააბატო, მონ-სან-მიშელის მონასტერი და ციხესიმაგრე იდგა, უზარმაზარი თევზის ზურგზე იყო ღვთაებრივი განგებით მიმაგრებული. "

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------




















Popular posts from this blog

ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი

მარიტა / Marita